80 წლის ქართველი ქალბატონის უნიკალური კოლექცია, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

ქართველი მწერალი, ჟურნალისტი და დამსახურებული პედაგოგი – ჟუჟუნა ნიჟარაძე-მაჭავარიანი საკმაოდ უცნაური კოლექციის მფლობელია. მის მფლობელობაში 300-ზე მეტი ქანდაკებაა, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აგროვებდა. რით არის გამორჩეული ეს პატარა ქანდაკებები და რატომ დაიწყო მათი შეგროვება - ამ ცნაურ კოლექციაზე გვიამბობს მისი მფლობელი თავად გვიამბობს.

- 1966 წელს, მე და ჩემი მეუღლე ერთი წელი ჩინეთში ვცხოვრობდით. ჩემი მეუღლე იქ  მოღვაწეობდა, მე კი თავისუფალი დრო მქონდა, დავდიოდი და ვუყურებდი, როგორ

მუშაობდნენ ჩინელები სპილოს ძვალზე, ნეფრიტზე და სხვადასხვა ქვებზე... ჩინეთში ყველას ძალიან უყვარს მოხუცი,

დიდ პატივს სცემენ და მოხუცი კაცის პატარა ქანდაკებები ძალიან

პოპულარულია. მეც ბავშვობიდან მიყვარდა მოხუცები და ამიტომ არც იყო გასაკვირი, ყურადღება რომ მიმექცია ამ ქანდაკებებისთვის. ერთხელ სტუმრად ვიყავი კოლექციონერთან,

რომელმაც მკითხა, რისი ნახვა გაინტერესებსო. ვუთხარი, მოხუცი კაცების-მეთქი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მითხრა რამდენიმე ცალი მაქვსო... მაჩვენა ყუთები,

სადაც ყველა ნამუშევარი ბამბაში იყო გახვეული. ნამუშევრები რძის ფაიფურისგან იყო შექმნილი და ამიტომაც ძალიან უფრთხილდებოდა.

 

 



- თქვენ როდის დაიწყეთ კოლექციონერობა?

- პეკინის მაღაზიაში ვიყიდე გობელენი, რომელზეც სტალინი იყო ამოქარგული. იყო მაო ძედუნთან ერთადაც ამოქარგული, მაგრამ ის არ შემიძენია... (პეკინში ვიდრე ჩავიდოდით,

მანამდე მანჯურიაში ვცხოვრობდით და გაოცებული დავრჩი, რომ ვნახე უზარმაზარი პანოები, სადაც სტალინი და მაო ძედუნი დიდი სიყვარულით იყვნენ აღბეჭდილი). პეკინში, სადაც გობელენი

შევიძინე, იქვე იყიდებოდა მოხუცი ბუდების პატარა ქანდაკებები და რამდენიმე მათგანი შევიძინე. რადგან ასე დაინტერესებული ვიყავი ბუდებით, ერთმა ჩინელმა მითხრა წაგიყვან

და უამრავი ბუდას ქანდაკებას გაჩვენებო... ავედით სადღაც მთაზე, შევედით დიდ დარბაზში, სადაც 500 ბუდას ქანდაკება იყო. თვალებს არ ვუჯერებდი, ისეთი სანახაობა იყო...

სხვათა შორის წელს შევხვდი თბილისში ჩინეთის ელჩს და მითხრა, ჩინეთში უნდა მიგიწვიოო... ვუთხარი, უკვე ვიყავი და 500 ბუდას ქანდაკებებიც ნანახი მაქვს-მეთქი, გაეცინა ეგ

ქანდაკებები მე არ მინახავსო...

 

 



პეკინიდან მოსკოვში ჩამოვედით და ჩემი ბუდებიც ჩამოვიყვანე. მოსკოვში გორკის ქუჩაზე, საკომისიო მაღაზიაში შევედი და იქ აღმოვაჩინე მოხუცების ქანდაკებები. გახარებულმა 8 მოხუცი შევიძინე... საქართველოში რომ ჩამოვედით, ჩემი მეუღლის მეგობრები მეწვივნენ და დათიკო გამრეკელმა მკითხა, ამდენი მოხუცების ქანდაკებები რად გინდაო? ვუპასუხე, ახალგაზრდებზე ქმარმა რომ არ იეჭვიანოს-მეთქი... ბევრი იცინეს.

 

 


ასე დავიწყე მოგროვება და დღეს უკვე 330 მოხუცი მყავს. სადაც არ მივდიოდი, ყველგან ვყიდულობდი. ოთხ კონტინენტზე ვარ ნამყოფი. უმეტესობა ქალაქებში და მიყრუებულ სოფლებშიც

კი ვყოფილვარ. ამერიკიდან ჩამოვიტანე მოხუცის ქანდაკება, რომელიც მოქანდაკეა და ნაპოლეონის თავს კვეთს... ჩამოვიტანე ინდოეთიდან, ეგვიპტიდან და სხვა ქვეყნებიდან...

მოხუცები კოლექციაში მაქვს - ნაპოლეონი, შოპენი, ჩარლი ჩაპლინი, პუშკინი, ტოლსტოი, ფიროსმანი მეეზოვე, ედუარდ შევარდნაძე და ასე შემდეგ... ფული არასოდეს მენანებოდა

ქანდაკებების შესაძენად... ახლახან ჩვენს ქუჩაზე გაიხსნა იტალიური მაღაზია, სადაც სხვადასხვა სუვენირებთან მოხუცებიც იყიდება. ძალიან გამეხარდა და ერთ მოხუცში, 80

ლარიც კი გადავიხადე... ბევრჯერ შემხვედრია ძალიან ძვირადღირებული ქანდაკება და სამწუხაროდ, ვერ მიყიდია. ერთხელ ავად ვიყავი, ფილტვების ანთება მქონდა და რომ ავდექი,

ვთქვი გავალ, რამეს ვიყიდი, იმის ნიშნად, ისევ ცოცხალი რომ ვარ-მეთქი... გავედი ისევ ორი მოხუცი ვიყიდე და შინ ბედნიერი დავბრუნდი.

 

 

 



- არავინ გჩუქნიდათ ქანდაკებებს?

- მაჩუქა გურამ ჭოღოშვილმა, რომელმაც საზღვარგარეთიდან ჩამომიტანა. ჩემმა ახლობელმა, მსახიობმა - ლევან უჩანეიშვილმა ჩამომიტანა ფრანგი კარატისტი მოხუცის

ქანდაკება. ლევან უჩანეიშვილი და ჩემი შვილი ერთად გაიზარდნენ... ჩემი ქალიშვილი იყო გერმანიაში და იქ საგანგებოდ წასულა ქუჩის ბაზრობაზე, სადაც

მსუქანი მოხუცი კაცის ქანდაკება შეიძინა და ჩამომიტანა... ხელოვნების მუზეუმის დირექტორი იყო –მურმან ურუშაძე, რომელმაც 6 მოხუცი მომიტანა, როდესაც ჩემი ერთერთი

წიგნი გამოვეცი. ჯემალ ბაღაშვილმა ჩამომიტანა მოხუცი კაცის ქანდაკება, რომელსაც თავი ეხსნება და შეგიძლია ღვინო ჩაასხა. თბილისის ოპერის ამჟამინდელმა სამხატვრო

ხელმძღვანელმა – ბადრი მაისურაძემ დაბადების დღეზე მაჩუქა მოხუცი კაცი... ვინც მოდიოდა, ან სტუმრად სადაც მივდიოდი უმეტესობა ამ საჩუქრით მახარებდა... ახლახან 80

წელი შემისულდა და ნარდის მაგიდაზე დავსვი ყველა გამოჩენილი მოხუცის ქანდაკება, რომლებიც თითქოს დაბადების დღეს მილოცავდნენ. სხვათა შორის მხოლოდ ერთი ახალგაზრდა

კაცის ქანდაკება მაქვს, ქართული ჩოხით გამოწყობილი.

 

 



- გინახავთ მსოფლიოში ვინმეს მსგავსი კოლექცია ჰქონდეს?

- არსად მსგავსი რამ არ მინახავს. მსოფლიოს თითქმის ყველა მუზეუმში ვარ ნამყოფი და მუზეუმებშიც არ მინახავს. თითო-ოროლა მოხუცის ქანდაკება თუ მინახავს სადმე, ისიც

იშვიათად.

 

 

 

მანანა გაბრიჭიძე

წაიკითხეთ ასევე:

ძველი ნივთებისა და ძვირფასი ქვების კოლექცია გია ჯაჯანიძის სახლში და რატომ ოცნებობს სირაქლემაზე ცნობილი წამყვანი?

კომენტარები

ტოტო 2017-03-09 13:40
ქალბატონი ჟუჟუნა არის საოცარი ადამიანი.გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას.დიდი სიყვარულით.
lia 2017-03-08 22:19
ufalma mravali weli aChuqos Tavisi qandakebebis samzerad
ნინო 2017-02-28 01:34
სასიამოვნო სტატიაა.გმადლობთ))ნამუშევრები ძალიან მომეწონა.ჩაპლინი და ფიროსმანის ,,მეეზოვე,,
ani 2017-02-28 00:15
Zalian momecona madlobt egeti saintereso saubristvis. Gansakutrebit chaplini momecona.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები