ყველა დროში, ქალის სილამაზე განსაკუთრებული ყურადღების არეში იყო მოქცეული. იცვლება მხოლოდ სილამაზის შეფასების კრიტერიუმები და მისი დემონსტრირების მასშტაბები. დღეს, ლამაზ ქალს მთელი მსოფლიოს დასანახავად შეუძლია, მოიპოვოს ”მის სამყაროს” ტიტული და ამით საკუთარი სახელი პლანეტის ლამაზმანთა სიაში ჩაწეროს. მაგრამ ამჯერად, ერთი, გაცილებით მოკრძალებული სილამაზის კონკურსის შესახებ გიამბობთ, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში, პარიზში მოეწყო და რომლის გამარჯვებულიც, ქართველი თავადის ქალი - ეკატერინე თარხან-მოურავი გახდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეკატერინესთან ერთად, ამ კონკურსში ავსტრიის მეფის ასული და იტალიელი მილიონერის ქალიშვილიც მონაწილეობდნენ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ
ელერ თარხნიშვილი, ეკატერინე თარხნიშვილის შვილიშვილი:
- გიორგი სააკაძის პირდაპირი შთამომავლები ვართ. ბებია, სააკაძის მეათე თაობას ეკუთვნოდა, მე შესაბამისად, მეთორმეტე თაობის წარმომადგენელი გახლავართ. ჩვენი შორეული წინაპრები დაღესტნიდან არიან წამოსული, შემდეგ ისინი სომხეთში ცხოვრობდნენ, მოგვიანებით კი - ქართლში, ფრონეს ხეობაში დასახლდნენ. გიორგი სააკაძე კასპის რაიონში, სოფელ ნოსტეში ცხოვრობდა, ბებიაჩემი კი, მის მახლობლად, სოფელ ახალქალაქში გაიზარდა. მამამისი, გრიგოლ თარხან-მოურავი სამხედრო სამსახურში გახლდათ და პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა. ეკატერინეს დედა, ეფემია კი, ცნობილი კრიტიკოსის, იაკობ მანსვეტაშვილის და იყო. იაკობ მანსვეტაშვილი ილია ჭავჭავაძესთან ერთად ”ივერიაში” მუშაობდა. მშობლები ბებიას ისე ზრდიდნენ, როგორც ნამდვილ თავადიშვილს და განსაკუთრებით ანებივრებდნენ იმის გამო, რომ რამდენიმე დედმამიშვილს შორის, ცოცხალი მხოლოდ ის დარჩა. ეკატერინეს და-ძმები, სხვადასხვა ავადმყოფობის გამო, სხვადასხვა ასაკში გარდაიცვალნენ. როდესაც ეკატერინე წამოიზარდა, მშობლებმა ის კულტურის, კარგი მანერების ასათვისებლად და ფრანგული ენის შესასწავლად, პარიზში წაიყვანეს. თარხან-მოურავების ოჯახი საფრანგეთში 1903-1907 წლებში ცხოვრობდა. ქართველი თავადები უმეტეს დროს, პარიზში ატარებდნენ, ზაფხულობით კი იქვე ახლოს, პა-დე-კალეს სრუტესთან მიემგზავრებოდნენ დასასვენებლად.
ეკატერინეს ძალიან ჰყვარებია წყალში ყოფნა. ამის გამო, ფრანგმა მეგობრებმა მას გედი შეარქვეს. იმ დროს, პარიზში თურმე, ყოველ წელს, ყვავილების დღსასწაულს აღნიშნავდნენ, სადაც სილამაზის კონკურსის მსგავსი ღონისძიება იმართებოდა. ერთხელ, ამ კონკურსში ბებიასაც მიუღია მონაწილეობა. მონაწილეთათვის ყვავილებით ირთვებოდა ეტლები, გოგონები სათითაოდ სხდებოდნენ ამ ეტლებში, თავად ეჭირათ სადავეები და ასე უნდა ჩაევლოთ ქუჩაზე, რომლის ორივე მხარეს მაყურებელი შეგროვილიყო. კონკურსანტებს უკან მიჰყვებოდნენ ახალგაზრდა გოგონები ჩანთებით, სადაც მაყურებელი აგდებდა ბიულეტენს, რომელზეც საკუთარი რჩეულის სახელი ეწერა. შესაბამისად, ვინც ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებდა, კონკურსის გამარჯვებულიც ის ხდებოდა. ბებიის ეტლი ცისფერი ყვავილებით ყოფილა მორთული, თავადაც ცისფერი კაბა სცმია ეკატერინეს, რომელიც ცისფერთვალება, ქერათმიან ქალბატონს განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა. ან კი, რა ქალბატონს? ეკატერინე ამ დროს, 15 წლისაც არ იქნებოდა!.. მასთან ერთად, ამ კონკურსში ავსტრიის მეფის ასული და იტალიელი მილიონერის ქალიშვილიც მონაწილეობდნენ. მაგრამ მაყურებელმა გამარჯვება კავკასიელი სამხედრო პირის ქალიშვილს მიანიჭა. ამის გამო, ეკატერინესთვის საჩუქრად, ბრილიანტის თვლებით მოოჭვილი გულსაბნევი მიურთმევიათ. ბებიამ ის თბილისში ჩამოსვლისთანავე დაკარგა. ევროპულ მანერებს მიჩვეულმა ქალბატონმა, თბილისის რკინიგზის სადგურზე ბარგი და სავიზიტო ბარათი მუშებს დაუტოვა: ამ მისამართზე მომიტანეთო. ამ ბარგთან ერთად გაქრა კონკურსში მიღებული გულსაბნევი და ვინ იცის, რა ბედი ეწია. განაგრძეთ კითხვა