გაზეთებისგან მოზელილი ცომით შექმნილი ნაკეთობები - უნიკალური ტექნიკა, რომელიც აქამდე არ იცოდით

"სახლში ყოფნა როგორც კი მომიხდა, მაშინვე ამ საქმით დავკავდი. პირველად პატარა ჭიქა მოვქსოვე გაზეთით. შემდეგ ყვავილებიც შევიძინე... ახლა უკვე გაზეთებისგან ქოთნებს ვქმნი და შიგნით ყვავილებს ვრგავ. ფოტოებზე რაც ჩანს, ყველაფერი გაზეთისგანაა შექმნილი, პატარა სახლებიც"... ამბობს - თამარ ბორცვაძე, რომელმაც 33 კვადრატულ მეტრიან "ხრუშჩოვკაში" ოაზისი შექმნა...

- პროფესიით ბუღალტერი გახლავართ, 44 წლის... ბავშვობიდან მიყვარს ხელსაქმე - ვქსოვდი, ვკერავდი... დაახლოებით ორი წლის წინ ჩემი ორგანიზაცია დაიხურა და სახლში მომიხდა ყოფნა. ადრე ნანახი მქონდა ინტერნეტით გაზეთებისგან როგორ იქმნება სხვადასხვა რამ, ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ
დრო არ მქონდა თავად მეცადა. ამ ტექნიკას – პაპიე მაშე ჰქვია... როგორც კი სახლში დავჯექი, მაშინვე ამ საქმით დავკავდი.

- თუ გყავთ მოწაფეები?
- ჯერჯერობით არა... ვინც გამოთქვა სურვილი, მოვიდა და ნახა რა შრომატევადი საქმეა, მერე აღარ მოუნდათ თავადაც დაკავებულიყვნენ... ხშირად ღამეების თენება მიწევს. პაპიე მაშე განსხვავებული ტექნიკაა. ძირითადად გაზეთისგანაც კეთდება და გაზეთი სხვადასხვა ინგრედიენტებთან ერთად ცომივით იზილება...

- ცომივით მოზელილი გაზეთი მართლაც უცნაურად ჟღერს... იქნებ მეტი გვიამბოთ ამ ტექნიკის შესახებ...
- ორნაირად კეთდება და ორივე მათგანს აგიხსნით: გაზეთი დაახლოებით ათ სანტიმეტრზე ზოლებად იჭრება. შემდეგ უნდა დაიხვეს და გაკეთდეს მრგვლად, ჩხირების მსგავსი. ბოლოებში უნდა დავამაგროთ წებო "პევიათი", რომ არ დაიშალოს. ასეთი ჩხირების დიდი რაოდენობაა საჭირო თვითეული ხელნაკეთის შესაქმნელად. ამ ჩხირებით მოვქსოვთ ისე, ვთქვათ ხის და სხვა მასალებისგან რომ იქსოვება კალათები თუ სხვა რამ... მე აკრილის საღებავებით ვრებავ და დასრულებულ ხელნაკეთობებს ბოლოს ისევ წებოს ვუსვამ სიმყარისთვის...








მეორე ვარიანტია, გაზეთს რაც შეიძლება წვრილად დავაქუცმაცებთ, დავასხამთ მდუღარე წყალს და ერთი ღამით გავაჩერებთ. მეორე დღეს ვაბლენდერებთ და მარლაში უნდა გადაიწუროს. დარჩენილ მასას ისევ წებო "პევეას" ვასხამთ, შემდეგ ვაყრით სიმინდის სახამებელს, ცოტა პურის ფქვილს, ცოტა ზეთს და ძმარს... ვზელთ მანამდე, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ, რომელიც პლასტილინის მსგავსი იქნება... ამ მასალით ვამზადებ ლამბაქებს, ქოთნებს, ყვავილებს და ყველა დეტალს... ჯერ ვღებავ ყველა დეტალს რა ფერზეც მინდა, შემდეგ ერთი დღე გასაშრობად ჭირდება. ბოლო შტრიხი არის აკრილის ლაქი დაახლოებით სამი ფენა... ყველაზე კარგი ისაა, რომ ეს ხელნაკეთობები ირეცხება. ჭურჭლის სარეცხი საშუალებით და rრრუბლით უნდა გავრეცხოთ, ოღონდ ცივ წყალში...
მინდა რომ ჩემი ნამუშევრები შემოსავლის წყაროც გახდეს, მაგრამ რომ იგებენ გაზეთისგან კეთდებაო, გაოცებას ვერ მალავენ. არადა მე ვამაყობ არაფრისგან, გადასაყრელი მასალისგან რომ ვქმნი ყველაფერს... სიამოვნებით გადავერთვებოდი მხოლოდ ამ საქმეზე, ამის საშუალება რომ მქონდეს. საქართველოში ხელნაკეთ ნივთებს ჯერჯერობით არ აფასებენ... ძირითადად უცხოელებმა იყიდეს ჩემი ნამუშევრები. ახლობლები იძენენ, როდესაც ვინმესთვის საჩუქრად წაღება სურთ.
დღეს 33 კვადრატულ მეტრიან ოთახში ვცხოვრობთ მე და ჩემი შვილი. გვყავს ძაღლი, უამრავი ყვავილები და ეს ხელნაკეთობები... ლამის თავზე გვაწყვია ყველაფერი მაგრამ მიუხედავად სივიწროვისა, სიამტკბილობაში ვცხოვრობთ და სრული იდილია გვაქვს!


















მანანა გაბრიჭიძე



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები