დავით ხიდაშელის თბილი ნახატები და დახვეწილი ხატები

მიუხედავად იმისა, რომ დავით ხიდაშელი, უპირველეს ყოვლისა, განთქმულია, როგორც ხატმწერი, რესტავრატორი, თვითონ აღიარებს, რომ სულით ნამდვილი მხატვარია. 1986 წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემია, გრაფიკის ფაკულტეტი ილუსტრაციის განხრით. ყოველთვის ოცნებობდა, რესტავრაციაზე ემუშავა და ეს ოცნება აიხდინა კიდეც. მისი ნამუშევრები იმდენად თბილი და ფაქიზია, პირველივე შეხედვიდან იპყრობს მნახველს.

- დავამთავრე სამხატვრო აკადემია ილუსტრაციის განხრით. საერთოდ მინდოდა, რომ რესტავრაციაში მემუშავა, მაგრამ იმ წელს როცა ვაბარებდი, რესტავრაციაზე არ იყო მიღება, ამიტომ მომიწია გრაფიკაზე ჩაწერა. შემდეგ ჩემი ოცნება მაინც ავიხდინე
და ბეთანიაში რესტავრატორების ჯგუფთან ერთად ვმუშაობდი და იქ შევისწავლე ხატწერა. მაშინ საქართველოში ჩამოსული იყო ძალიან ცნობილი რესტავრატორიადოლფ ავჩინნიკოვი. რადგან მოქმედი მონასტერი იყო ყველამ გამოთქვა სურვილი, რომ შემდგარიყო ჯგუფი და შეგვესწავლა ხატწერა. შეიქმნა პატარა ჯგუფი. მაშინ მამა ლაზარე აბაშიძე იყო მონასტრის წინამძღვარი. მასთან ერთად ერთი სატრაპეზო და პატარა ეკლესია მოვხატეთ. ამის მერე დაიწყო ჩემი სერიოზული დაინტერესება ხატწერით. თუმცა მხატვრობისთვის თავი არასოდეს დამინებებია. ხან ილუსტრაციებს ვაკეთებდი წიგნებისთვის, ხან ისე ვხატავდი. მიმაჩნია, რომ ეს აუცილებელია ნებისმიერი მხატვრისთვის, რითაც არ უნდა იყოს დაკავებული.

რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ. ორი წლის, რომ ვიყავი იმ დროინდელი ნახატები ქონდა დედას შენახული. ძალიან სასაცილო და საყვარელი ნახატები იყო. სამწუხაროდ, მერე დაიკარგა ის საქაღალდე. დედაჩემი მასწავლებელი იყო, ძირითადად მარტო ვიყავი ხოლმე სახლში და ხატვით ვირთობდი თავს. ეს ინტერესი შემდეგ სერიოზულ გატაცებაში გადაიზარდა. დღეს მხატვრობას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. ჩემთვის უამისოდ ცხოვრება წარმოუდგენელია. შეიძლება მოხდეს ისე, რომ სხვა საქმითაც დავკავდე, მაგალითად სოფლის მეურნეობით, ვიმუშაო მიწაზე, მეცხოველეობას მივყო ხელი, მაგრამ არასოდეს ვიტყვი უარს მხატვრობაზე.

- სად იქმნება თქვენი ნამუშევრები?
ძირითადად სახლში, რომელიც არის ჩემი სახელოსნო. ძალიან პატარა ადგილი მჭირდება, დაახლოებით 5-6 კვ.მ, სადაც დგას ერთი საწოლი, მაგიდა და ბევრი დაფა, ტილო და ა.შ.

- მუზას ელოდებით?
- რა თქმა უნდა, რამემ უნდა გიბიძგოს, რომ მოგინდეს რაღაცის გაკეთება. ამას მუზას დაარქმევ თუ სხვა რამეს, მნიშვნელობა არ აქვს. მე ამას მუზას ვერ დავარქმევდი. არ ვიცი, ეს რა არის. 

- ხშირად მოდის ეს „რაღაც“?
- კი, საკმაოდ. შეიძლება არც არაფერი, უბრალოდ ფანქარი გეჭიროს ხელში და რაღაცა „ჯღაბნო“ შენთვის და ამ გართობაში საოცარი რამ მოგაფიქრდეს და რაღაც კარგის ჩანასახი გაჩნდეს, რომელსაც მერე ფრთებს შეასხამ.

- ფერები რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის?
- ეს ძალიან საინტერესო ამბავია. როგორც გითხარით, გრაფიკოსი ვარ. გრაფიკა არ მოითოვს ფერებს, ამ დროს შავ-თეთრ ნამუშევრებს ქმნი. რაც რესტავრატორებთან ერთად დავიწყე მუშაობა აღმოვაჩინე ისეთი რამ, რაც არასდროს არავის არ უსწავლებია. ის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი ხელით დაამზადოს საღებავი. მოიპოვოს პიგმენტი მიწისგან, მინერალური ქვისგან და ა.შ. შემდეგ ეს დაამუშაოს და გახადოს ხატვისთვის გამოსადეგი. სამწუხაროდ ეს ცოდნა დაკარგული გვაქვს მხატვრებს, რადგან ყველაფერი იყიდება გამზადებული. შეხვალ მაღაზიაში და შეგიძლია იყიდო ნებისმიერი ფერი, გუაში, საღებავი, აკრილი, აკვარელი. თანამედროვე მხატვარი არ იწუხებს თავსიმისთვის, რომ თვითონ შექმნას საღებავი. იმდენად მომეწონა ეს პროცესი, რომ დღესაც კი როცა ვხატავ ყოველთვის ბუნებრივი პიგმენტებით ვმუშაობ, რომლითაც ხატებსაც ვაკეთებთ. შეიძლება ითქვას, რომ ამით განსხვავდება ჩემი ნამუშევრები სხვებისგან. ბევრი ხატავს პიგმენტებით ხატებს, მაგრამ ნახატებს იშვიათად ვინმე აკეთებდეს.

- ავტოპორტრეტი თუ დაგიხატავთ როდისმე?
- უფრო ახალგაზრდობაში, ახლა ნაკლებად.

- ალბათ თქვენი შექმნილი ხატები საქართველოს უამრავ ტაძარში ინახება?
- დაახლოებით ოცამდე ტაძარში მაქვს ნამუშევარი ფრესკებზე. რაც შეეხება ხატებს ვერც კი დავითვლი რამდენი მაქვს შექმნილი. წარმოუდგენელია ამის აღრიცხვა. ეს არის მორწმუნეთათვის გაკეთებული და არ შეიძლება რაც გინდა ის გააკეთო. ძალიან შეზღუდული ხარ. ხატს აქვს თავისი წესები, კანონები, რომელიც თუ დაარღვიე უკვე ხატი აღარ არის. შესაბამისად ფრთხილად უნდა იყო. ბათუმში მიწევს მუშაობა და იქ საკმაოდ საინტერესოა მუშაობა იმ მხრივ, რომ აქ მომიწია თითქმის მთელი ტაძრისთვის საჭირო პროცესებში მონაწილეობის მიღება, მათ შორის ხეზე ჭრა, ჭედურობა, რა თქმა უნდა მხატვრობა, ხატები, მოზაიკა და ა.შ. მოზაიკა ძალიან საინტერესოა ამ მხრივ, რადგან საქართველოში მოხდა ამ ტექნიკის აღდგენა. პრაქტიკულად მე-12 საუკუნის შემდეგ არც გაკეთებულა საქართველოში მოზაიკა. ამრიგად ძალიან საინტერესო პროცესებში მიწევს მონაწილეობის მიღება. ეს სიახლე იყო ჩემთვის, რადგან ჭედურობა, მოზაიკა, ხეზე ჭრა ჩემი სპეციალობა არ არის. როგორც ესკიზის ავტორი აქამდე ისე ვმონაწილეობდი.

- რას გრძნობთ ფრესკებზე მუშაობის დროს?
- ეგ ძალიან ინტიმური რაღაცაა, ვერ გეტყვით ზუსტად.

- როგორ ხედავთ მომავალში თქვენს თავს?
- სანამ შემეძლება და ჯანმრთელობა მომცემს საშუალებას ხარაჩოებზე „ვიფორთხო“ და რაღაცა ვაკეთო მანამდე ალბათ ამ სფეროში ვიქნები. მერე მეც გავჩერდები და სხვა რამეს მოვკიდებ ხელს. თუმცა ხატვას არასოდეს დავანებებ თავს.
\

\




მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები