”ლურჯი ოდა, რომელიც ბაბუასგან დამრჩა” - მანანა მანჯგალაძის ემოციური მოგონება

ბაბუა
ბაბუაჩემი 84 წელს 84 წლისა გარდაიცვალა… 12 წლის ვიყავი… მისგან სახსოვრად მაჯის საათი, ძველი სახლი გურიაში და ბევრი წიგნი დამრჩა…
შემოდგომა-ზამთარს თბილისში ატარებდა. გაზაფხულზე, როგორც კი მოთბებოდა გურიაში უწევდა გული… კარ-მიდამოს მიუახლოვდებოდა თუ არა, გორაკთან, საიდანაც ლურჯი ოდა სახლი ჩანდა, მანქანას გააჩერებინებდა, გადმოდიოდა და გადასძახებდა: ჩემო სახლოოოო.. თითქოს სახლი იქიდან გაცემდა პასუხს…

გურიაში ბოლოს, წლების შემდეგ, სექტემბერში ვიყავი და როცა გორაკიდან ჩვენი ლურჯი ოდა (უკვე სხვისი სახლი – რამდენიმე წლის წინ გაიყიდა) გამოჩნდა, გამახსენდა მისი გადაძახილი. მეც მომინდა დამეძახა:
ჩემო სახლოოოო… და მხოლოდ ახლა, წლების შემდეგ ვხვდები, რას გრძნობდა ბაბუ მაშინ.
ბაბუა – გრიგოლ ოსეფაიშვილი – სკოლის დირექტორი იყო, მათემატიკოსი; ბებია, გოგოლა ცინცაძე – ფილოლოგი. ქუთაისში ქალთა გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული და მერე უნივერსიტეტის, ლამის, პირველი გამოშვება იყო… ბებია იმავე სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა… მაშინ სოფლები სავსე იყო ხალხით და არა ასე გამოცარიელებული, ახლა რომაა. თითო-ოროლა კაცი თუა დარჩენილი და ისიც მოხუცები… სოფელი უბნებად იყო დაყოფილი – ცინცაძეების, ჯაშების, ჯაყელების, შარაშიძეების უბნებად. ეს ძლიერი და წარჩინებული გვარები იყო და სოფელიც ასე ყოფდა…
მაშინ რამდენიმე სოფელს ერთი სკოლა ჰქონდა. მაგალითად, იანეულის, დაბლაციხის, ბუკისციხისა და საჭამიასერის ბავშვები დაბლაციხის სკოლაში სწავლობდნენ. იქაურობა ბავშვებით იყო სავსე. მერე ყველა აქეთ წამოვიდა ქალაქისკენ, ბოლოს კი სულ დაცარიელდა. ახლა სოფელი, ძირითადად, ბოქლომდადებული და ჭერჩამოშლილი სახლებისა და სარაველამოკიდებული ეზოების ამარაა დარჩენილი.

გზაც პირობითია… მაგრამ რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ახალმა თაობამაც კარგად იცის თავის დროზე ვინ გამოიყვანა სოფელში გზა, ვინ რა გაუკეთა სოფელს, კუთხეს. ქრონოლოგიურად მოგიყვებიან, თანმიმდევრობით: ვინმე ჟღენტი იყო რევოლუციონერი, გზაც იმან შემოყვანა და სკოლაც მისი აშენებულიაო (ბოლშევიკისთვის შესაშური პროგრესულობაა ალბათ ამიტომაც სტალინმა მალევე დახვრიტა). მისი სახელი მაინც დარჩა.
გზა მერე რამდენჯერმე შეაკეთეს… ბოლოს აუცილებლად იტყვიან იმასაც, მიშამ სოფლამდე მოსასვლელი გზები დააგო, მაგრამ სოფლებში არ შემოსულაო…
ბაბუას სახელიც შემორჩა იმ კუთხეს. სკოლის დირექტორი ის დიდხანს იყო და თაობები გაზარდა და გაღზარდა… ბევრჯერ ყოფილა, სადღაც მივსულვარ, უფროსი თაობა დამხვედრია, რომელიც ყველაზე მეტად ინტერესდება რა გვარის ხარ, სადაური, ვისი შვილი, იმის ხომ არა??? და აი, ამ დროს ხშირად უთქვამთ, ჩემი მასწავლებლის შვილიშვილი ხარო; ჩემი დირექტორი იყოო; მათემატიკა, თვლა, ანგარიში, ფიქრი მასწავლა, ლოგიკა… და კიდევ წესიერებაო – თურმე ესეც შეიძლება ისწავლო…
ამბობდნენ, ხმის აწევა არ იცოდაო, გამოგხედავდა და ხვდებოდი, რომ რაღაც შეგეშალა…მკაცრი იყო, მაგრამ მისი ყვირილი და შეურაცხყოფა არავის ახსოვს. სიმკაცრის მიუხედავად, მის მოსწავლეებს ბაბუას სიყვარული და პატივისცემა ქონდათ…

ჰოდა რამ გამახსენა ახლა ბაბუაჩემი. 63 წლის რომ გახდა, საკუთარი ნებით დაწერა განცხადება და თანამდებობა დატოვა – ასე, მოულოდნელად, ხელის ერთი მოსმით, თუმცა, ალბათ, ამაზე ბევრი ექნებოდა ნაფიქრი.
ამბობდა კიდეც, მოსწავლემ არ უნდა დაგინახოს რომ რაღაცას ჩამორჩი, რომ სიარული გიჭირს, წაკითხვა, დანახვა და გაგება (არადა 84 წლამდე შეინარჩუნა სრული მეხსიერება, არც ფეხი შეშლია და არც აზროვნება არევია). მასწავლებელს გაკვეთილზე ჩაძინებოდა, მისთვის კრიმინალი იქნებოდა! ჰოდა თქვა, სანამ თვალიც მიჭრის, ყურიც და მუხლიც, მანამდე უნდა წავიდე სკოლიდან, ასე უნდა დარჩე შენი მოსწავლეების მეხსიერებაშიო…
მიმაჩნია, რომ ეს იყო მისი პატივისცემა მოსწავლეებისა და საკუთარი თავის მიმართ.
…ბევრი უთხოვიათ, გადაწყვეტილება შეეცვალა, ჯერ დაუძახეს, შემდეგ დაიბარეს, უბრძანეს, მაგრამ თავის ნათქვმს არ გადავიდა და პრინციპი არ დათმო…
ალბათ როგორ გაუჭირდა, რამდენს ფიქრობდა… როგორი ძნელი იქნებოდა მისთვის დილით სახლის აივნიდან სკოლის შენობის დანახვა, ზარის ხმა, რომელიც ისე ისმოდა,თითქოს იქვე, ყურის ძირში რეკავდნენო… გაუჭირდებოდა იმ გზაზე ყოველდღიურად სიარულიც, მაგრამ მაგარია, როცა ხვდები როდის უნდა ჩამოშორდე თუნდაც იმ საქმეს, რომელიც ყველაფერზე მეტად გიყვარს…უნდა წახვიდე მაშინ, როდესაც წელგამართული ხარ – ზენიტში…
მივიხედ-მოვიხედე და დავრწმუნდი, ეს ბევრს არ შეუძლია, უფრო სწორად, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ…

არც ისე დიდი ხნის წინათ, დედამ ამბავი გაიგო, ბაბუას გულის დაავადება საიდან წამოვიდა, ახალაგზარდა, 49 წლის ასაკში. ამაზე სახლში არ ლაპარაკობდნენ. დედა დაკრძალვაზე წავიდა და იქ შემთხვევით გაიგო, როგორ დაიბარეს ბაბუა ადგილობრივ უშიშროებაში და ვიღაცის დასმენა მოსთხოვეს. ასე ატარეს კარგა ხანს. ვერაფერს ვერ გახდნენ თურმე და ერთხელაც, სახლში მოაკითხეს. სოფლის თავზე ერთი უცნაურად გადმოამდგარი მთა არის – კუდუნეთს ეძახიან, იქ წაუყვანიათ და ხეზე მიუბიათ. რომ არაფერი გამოსვლიათ, ასე დაბმული დაუტოვებიათ ტყეში. რამდენიმე დღე ეძებდნენ თურმე და ვერსად იპოვეს… ტყეში, შემთხვევით, გზააბნეული ნახირის საძებნელად წასულმა მწყემსებმა მომაკვდავი იპოვეს. მისმა პრინციპულობამ ლამის იმსხვერპლა მაშინ… ბაბუა სიკვდილს მისმა მოსწავლემ გადაარჩინა…
აი, გამახსენდა ბაბუაჩემი და მივხვდი – არა, მისგან მარტო მაჯის საათი, ძველი სახლი და წიგნები კი არა, ძალიან მაგარი სახელიც დამრჩა…
მანანა მანჯგალაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები