შემოქმედი ცოლ-ქმრის მიერ საკუთარი ხელით შექმნილი სივრცე, რომელსაც უანგაროდ უთმობენ ხელოვანებს

თავდაპირველად ეს იდეა უფრო საოჯახო ბიზნესიდეა იყო, თუმცა თანდათანობით თავადაც ხელოვანმა ადამიანებმა ისე შეიყვარეს საკუთარი ხელით შექმნილი გარემო და ისე სურთ, დაეხმარონ მათსავით შემოქმედ ხალხს, რომ გადაწყვიტეს, უანგაროდ დაუთმონ პოეტებსა თუ მწერლებს, რომლებიც აქ თავიანთი ახალი წიგნის პრეზენტაციას თუ უბრალოდ სასიამოვნო, სალონურ საღამოს დაგეგმავენ. გარდა ამისა, ამ სივრცეში საკუთარი ნაშრომის პრეზენტაციის საშუალება ეძლევათ ჩვეულებრივ მეღვინეებს, რომლებსაც არ აქვთ დიდი წარმოება... სწორედ ამ მიზეზების გამო დაიმსახურა ამ წყვილმა ჩვენი ყურადღება, და კიდევ ორი მიზეზის გამო - იდეის ავტორი და შემსრულებელი მსახიობი
ვასილ ამურველაშვილია
მეუღლესთან, ლალი ხოსიტაშვილთან ერთად, და მათი სივრცის ორიგინალური დიზაინიც მათვე სრულყვეს. 

ლალი ხოსიტაშვილი:
- ამ პატარა ღვინის ბუფეტის გახსნის იდეა გაუჩნდა ჩემს მეუღლეს. ამ სახლშუ ვცხოვრობდით, მეიდანზე და შემდეგ, რომ გავფართოვდით, დაგვენანა მისი გაქირავება. ვასკას გაუჩნდა იდეა, აქ რაღაც კომფორტული და ლამაზი გარემო შეექმნა. თან ძალიან უყვარს ღვინის თემა. შემდგომში მეღვინეობაზეც ფიქრობს, რომ თავადაც აწარმოოს ვენახი და იმედია, ეს ოცნებაც აუხდება.

გვინდოდა, გამორჩეულები ვყოფილიყავით რაღაცით. ეს დიდი ფულის მომტანი და რაღაც გრანდიოზული ბიზნესიდეა არაა, 20 ადამიანი თუ დაეტევა საბოლოო ჯამში, ეს უფრო ჩვენი ოცნებების განხორციელებაა და ასევე სურვილი, ჩვენი სითბო და ეს სიმყუდროვის განცდა სხვებსაც გავუნაწილოთ. თანაც, ჩვენთან არ არის ასე ვთქვათ, მამაპაპური სმა-ჭამა, გვაქვს მხოლოდ ღვინო და ყველი, ისიც, საოჯახო - პატარ-პატარა ადგილობრივი ფერმერების და არა ქარხნული. ერთგვარად პიპულარიზაციას ვუწევთ მათ და მათ საქმიანობას.

ორი თვეა, რაც  გავხსენით. ძირითადად ტურისტებზეა გათვლილი, ამ ადგილებში ისინი უფრო აქტიურად დადიან. 

ორიგინალურ დიზაინს რაც შეეხება. ზოგადი კონცეფცია ჩემს ბიძაშვილ გიორგი ხოსიტაშვილს ეკუთვნის, მანვე მოგვიხატა კედლები - მათზე ჩემი წინაპრების ფოტოებია გადატანილი ნახატების სახით. მის მიერ შედგენილ დიზაინის პროექტს კი შემდეგ ჩვენ შევასხით ხორცი, მაქსიმალურად საკუთარი ძალებით და მინიმალური ხარჯებით. არ გვყოლია ხელოსანი და ყველაფერი ჩემმა მეუღლემ გააკეთა საკუთარი ხელით. ამიტომაც გაიწელა რემონტი, რომ ეს მსახიობი კაცი თავისი ხელით აკეთებდა ყველაფერს - ხან ინტერნეტში ნახავდა რაღაცას, ხან თავად მოუვიდოდა იდეა... ძველი კარადა ღვინის ბუფეტად გადააკეთა, რესტავრაცია გაუკეთა მეზობლის გადაგდებულ მაგიდას, ზოგიერთი ძველი ნივთი მეგობრებმა, ნათესავებმა გვაჩუქეს - ძველი რადიოლა, ფირსაკრავი, სასწორი და ა.შ. მე აღმოვაჩინე, რომ ძალიან სასიამოვნო ყოფილა ყვავილების მოვლა და მოვაშენე, ხელით გავაკეთე ქოთნები, ზოგი რაღაც მეც მოვხატე და ასე შემდეგ. თანდათან შეიქმნა ჩვენი ოჯახური შემოქმედებითი გარემო.

გადავწყვიტეთ, რომ ერთგვარ სალონად ვაქციოთ და რაღაც პერიოდულობით დავუთმოთ ეს სივრცე უფასოდ პოეტებს, მწერლებს, წიგნების პრეზენტაციებისთვის, შემოქმედებითი საღამოებისთვის. ცოტა ხნის წინ გვქონდა ნიკა ფაიქრიძის პოეზიის საღამო, იგეგმება ნინო სადღობელაშვილის საღამო.

რაც ჩაფიქრებულია, ის ჯერ არ არის. ჯერ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს წინ და მომავალს დიდი იმედით ვუყურებთ.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები