რაჭაში უნიკალური მღვიმე აღმოაჩინეს

სულ ახლახან რაჭაში უნიკალური მღვიმე აღმოაჩინეს, რომელიც თავისი საინტერესო მდებარეობით მალე ბევრი ადამიანის და ტურისტების ყურადღებას მიიპყრობს... ამ აღმოჩენაზე ირაკლი ჯულაყიძე და გიორგი ენუქიძე გვესაუბრნენ...

ირაკლი ჯულაყიძე:
- წელს, 2-3 დეკემბერს მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის მიერ მოეწყო სადაზვერვო ექსპედიცია რაჭაში, რომლის ფარგლებშიც უნდა მომხდარიყო მღვიმის დათვალიერება და შემდგომი კვლევების დაგეგმვა. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, 2 დიდი დარბაზი, რომლებშიც უხვადაა ნაღვენთი ფორმები, სტალაგმიტები, სტალაქტიდები, სტალაგნატები და ექსცენტრული ნაღვენთები, მღვიმეს აქვს 4-5მ. სიგანის და 1მ. სიმაღლის შესასვლელი და ასევე 2-3მ. დიამეტრის გამოსასვლელიც. დარბაზიდან
დარბაზში გადასასვლელი წარმოდგენილია ვიწრო, მილისებრი გასასვლელი, ჭერის მაქსიმალური სიმაღლე 10-15მ., ხოლო საერთო სიგრძე დაახლოებით 150მ. პირველ დარბაზს ვუწოდეთ ჩვენი ტრაგიკულად დაღუპული მეგობრის და თანაგუნდელის სახელი - რამაზ ცნობილაძის დარბაზი, რომელშიც არის მცირე 2მ.-4მ. წყლის აუზი, მეორე დარბაზში ნაღვენთები შედარებით მცირედაა წარმოდგენილი, მაგრამ იქ არის ორი ჭა, რომელთა სავარაუდო სიღრმე 6მ. და 20მ.-ია, მღვიმეს ცხოველები - დათვები) იყენებდნენ თავშესაფარად, ვნახეთ თავის ქალის ჩონჩხები, რომლებზეც იყო ნაღვენთები და ბევრი ძვლები, რომლებიც უკვე ჩაქვავებულია იატაკზე, ასევე მღვიმეში ვნახეთ ნახევრად ტროგლოტიტები, ღამურები და ლოკოკინა, არიან ტროგლოტიტებიც, სავარაუდოდ კიბოსნაირები (ვნახეთ, მაგრამ აყვანა და ფოტოგრაფირება ვერ შევძელით, შესაბამისი სამარჯვები არ გვქონდა).

გიორგი ენუქიძე:
- რაჭაში ახალი მღვიმის დასაზვერად, ორ დეკემბერს დილით, ქუთაისიდან გავემგზავრეთ. ექსპედიცია ოთხი `თეთნულდელისა~ და ორი ადგილობრივისაგან - მამა-შვილი მერაბ და ნიკა შარვაძეებისგან შედგებოდა, რომლებმაც მღვიმის შესასვლელის მდებარეობა იცოდნენ. როგორც გვითხრეს მღვიმეში ნამყოფები არ იყვნენ, ერთხელ დააპირეს და დათვის ნაკვალევს გადააწყდნენ, მაშინვე უკან გამობრულებულან. მღვიმესთან მისასვლელი, ყველაზე ახლო გზა შაორის ტბიდან იწყება და ფეზით სასიარულო 4,5 კილომეტრია, რომლის გასავლელადაც დიდი თოვლის გამო 2:30 დაგვჭირდა. თოვლი სიარულის გარდა მღვიმის შეშასვლელის მოძევნასაც ართულებდა.

მანანა გაბრიჭიძე

კომენტარის დამატება