გია ჯაფარიძე: “ვერ ვიცხოვრებ ისეთ სახლში, სადაც ფერწერა, გრაფიკა და ქანდაკება არ იქნება”

რთულია, მრავალწლიანი მუშაობის შედეგიდან რომელიმე ერთი, ავტორისთვის ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი გამოყო, ან თუნდაც ის ათქმევინო, თუ რას შეალია ყველაზე მეტი დრო და ენერგია. როგორც წესი, სანამ იდეა გონებაში რეალიზებამდე განკუთვნილ გზას გადის, ფიქრისა და ძიების დრო ყველაზე შრომატევადია. ამის შემდეგ მუშაობა ესკიზით იწყება, ჩანახატს კი ძერწვა მოსდევს. თუ ქანდაკება ქალაქში, ექსტერიერში იდგმება, შეიქმნება მოდელი, ფიგურა ნატურალურ ფორმაში, რბილ მასალაში, თიხაში, პლასტილინში, ან ხშირ შემთხვევაში თაბაშირში გაკეთდება და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ბრინჯაოში ჩამოსხმა ან ქვაში გამოთლა. გააჩნია, რა “მიზანი აქვს”
შემოქმედს და მისი ქმნილება რას ემსახურება.

2016 წლის შემოდგომაზე თბილისს გია ჯაფარიძის გალერეა შეემატა. მოქანდაკის ნამუშევრების მთავარი ექსპოზიცია ახლა ეს სივრცეა, თუმცა ბუნებრივია, ყველაფერი ერთად ვერ დაეტევა, ამიტომ ნამუშევრები გადანაწილებულია გალერეის ქვეშ, ნულ სართულზე: სახელოსნოში, სათავსოში, ეზოში და ასევე წიწამურში, სადაც მოქანდაკე ისევე აქტიურად მუშაობს, როგორც დედაქალაქში.



- ჩემი ნამუშევრებისთვის გალერეის გახსნის იდეა დიდი ხანია მქონდა და ახლა უკვე ყველა მსურველს, ნაცნობს თუ სრულიად უცნობ ადამიანს, საშუალება აქვს, ექსპოზიცია დაათვალიეროს. საგალერეო საქმიანობაში მთელი ჩემი ოჯახი: მეუღლე, შვილები, შვილიშვილები არიან ჩართული, ყველა ტექნიკურ საკითხს ისინი აგვარებენ. ჩემი საქმე მხოლოდ ნამუშევრების შექმნაა. მე და ჩემს მეუღლეს 4 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი გვყავს.

- “შორს” ვერც წახვიდოდით, რადგან ვიცი თქვენი დამოკიდებულება ოჯახისადმი და ისიც, რომ მუშაობის დროს არ გეშლებათ ხელი, როცა ირგვლივ ხალხმრავლობაა...

- დიახ, მთელი ცხოვრება ასე ვარ, მაგრამ უწინ უფრო იოლი იყო, ახლა ცოტა მიჭირს, რადგან აღარ ვარ პატარა (იღიმის). ასაკი თავისას შვრება, მეტი დასვენება და რელაქსაცია გჭირდება.

მის ოჯახში, ოთხი დედმამიშვილიდან მხოლოდ ის გახდა მხატვარი. რაც თავი ახსოვს, ხატავს და ამიტომ ზუსტად არ იცის, როდის მოვიდა ეს ინტერესი. მშობლებიც ხელს უწყობდნენ, ბაბუამ პიონერთა სასახლეში ქანდაკების წრეზე შეიყვანა, სადაც ზაქრო კრაწაშვილის წყალობით, ამ პროფესიის ანბანს ეზიარა. ჭიდაობა, ნიჩბოსნობა, კრივი, რაგბი - სპორტის ამ სახეობებშიც სცადა ბედი, წარმატებებიც იყო, მაგრამ 55-ე სკოლა (მაშინ “იპოლიტეს გიმნაზიად” ცნობილი) დაამთავრა თუ არა, მაშინვე საბუთები თბილისის სამხატვრო აკადემიაში შეიტანა და ჩააბარა კიდეც.



დღეს მისი ქანდაკებები დგას საქართველოში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ჰოლანდიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, მოლდავეთში... მისი ნამუშევრები ინახება მსოფლიოს არაერთი ქალაქის კერძო კოლექციებში. ძალიან აქტიური მოქანდაკეა, ბევრს მუშაობს. გია ჯაფარიძის შემოქმედება ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ის მასალა, რომელსაც მხატვარი ერთმანეთის მონაცვლეობით, დროდადრო მიმართავს ხოლმე.

- ბატონო გია, მინანქარი, ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება - რის მიხედვით ნაწილდება დრო ამ თვალსაზრისით?

- ზუსტად რთულია თქმა, რას რამდენი დრო ეთმობა. ნებისმიერი რამ შეიძლება მაპროვოცირებელი იყოს იმისათვის, რომ ქანდაკებაზე ვიმუშაო, ვხატო, ან პირიქით. დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება: დამოკიდებულებები, შეხედულებები, სურვილები. რა თქმა უნდა, ახალგაზრდობისას მეტი ემოცია და ენერგიაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ძალა ისე გამომეცალა, რომ ვერ ვმუშაობ. თუმცა, ასაკსა და დროს თავისი მოაქვს, ეს ყველასთვის აქსიომაა. ამ წლების განმავლობაში მაქვს ისეთი ნამუშევრები, რომლებსაც წლებია ვერ ვთმობ, მაგრამ მაქვს ბრინჯაოს ისეთი ქანდაკებები, რომლის ფორმა შენახული მაქვს და შემიძლია ჩამოვასხა. სხვათა შორის, საზღვარგარეთ 20-ჯერ ჩამოსხმული ერთი და იმავე ფასად შეიძლება გაიყიდოს, ანუ ეს რაოდენობა პირველად ნამუშევრად ითვლება. მაქვს ნახატებიც, რომლებსაც ვერ გავყიდი.



- ბოლო წლებში, ჩვენს ქალაქებში ქანდაკება “ჩამოვიდა” პიედესტალებიდან და “ხელშესახები” გახდა. ევროპისთვის ეს არ იყო უცხო, მაგრამ ჩვენში მონუმენტური ძეგლები უფრო ხშირად იდგმებოდა. დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ნახავთ მცირე ზომის ქანდაკებებს...

- ჩვენში მოისმენთ მოსაზრებას, თითქოს დიდი რაოდენობით ქანდაკება არ არის საჭირო. ბევრი არც არასდროს ყოფილა. ეს არასწორი მიდგომაა. მოქანდაკე სივრცით მანიპულირებს, სამ განზომილებაში და თუ მას საშუალება არ აქვს, ნამუშევარი სივრცეში განათავსოს, ეს მოქანდაკის უფლებების შეზღუდვაა, რაც სამწუხაროდ ჩვენთან ხდება.

თუ გადავხედავთ საზღვარგარეთის ქვეყნებს, იქ ყოველთვის იყო და არის აქტუალური ქანდაკება. ძალიან ბევრი იდგმება. თავისი ადგილი აქვს მონუმენტურ ქანდაკებას, საპარკოს, დაზგურ ხელოვნებას და ა.შ. მართალია ჩვენში, საბჭოთა დროს უფრო მეტი აქცენტი კეთდებოდა მონუმენტურ ქანდაკებაზე, მაგრამ ამასაც ჰქონდა თავის ახსნა, არც ერთი მონუმენტი, გარდა ბელადებისა, არ ეხმიანება სოც. რეალიზმს, პირიქით, პატრიოტული სულისკვეთებითაა გამსჭვალული. საოცარია, რომ ქართველი კაცი იმ ცუდ დროში ამის კეთებას ახერხებდა.



- დიახ, ძირითადად ეს იყო ქართველი მეფეების, მწერლების, ისტორიული პერსონაჟების ქანდაკებები. ბატონო გია, თქვენ ერთ-ერთმა პირველმა შექმენით ბარათაშვილის ხიდზე კომპოზიცია “ახალგაზრდობა”. ყველა გამვლელისთვის ხელშესახებ ფიგურებთან დღეს ბევრი იღებს ფოტოს. ელგუჯა ამაშუკელის ქართლის დედა, გორგასალი და თქვენი კომპოზიცია “ახალგაზრდობა” ჩვენი დედაქალაქის სახედ იქცა ტურისტულ რუკაზე.

- მე ვერაფერს ვიტყვი ამაზე (იღიმის).

- თქვენ ნუ იტყვით, მე ვამბობ...

- კომპოზიცია “ახალგაზრდობა” ჯერ ბარათაშვილის ხიდის ერთ მხარეს დაიდგა, ერთი წლის შემდეგ - მეორეზე. შემდეგ გალაკტიონის ხიდზე 4 ლომი დავდგით. საერთოდ, ყველა ნორმალური მხატვრის აუცილებელ თვისებად მიმაჩნია საკუთარი ნამუშევრების მიმართ პრეტენზიულობა. სულ ფიქრობ, რომ რაღაც ბოლომდე ვერ თქვი, გინდა მეტი და მეტი აკეთო, ეს უწყვეტი ჯაჭვია.



- ქანდაკებას ბინებისა და სახლების ინტერიერში იშვიათად თუ ნახავდით, თუ მფლობელი თავად არ იყო მოქანდაკე ან ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენელი. დღეს ქანდაკება კერძო ინტერიერში ხშირად გვხვდება. პირადად თქვენ სახლში რა ნივთები გიქმნით კომფორტს?

- ეს დადებითი მოვლენაა. საზღვარგარეთ ქანდაკების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ერთ-ერთი წამყვანი როლი უჭირავს სახლებში, ვილებზე, ეზოებში. საზოგადოების ჩამოყალიბება და ცნობიერება დაკავშირებულია სახვით ხელოვნებასთან. ადამიანს ჯერ სახლი არ ჰქონდა, ანუ არქიტექტურული ნაგებობა, როცა გამოქვაბულში ცხოვრებისას კედლებზე ხატავდა. იმავე პერიოდისაა ქანდაკებაც. 25-20 ათასი წლის წინანდელი ნიმუშები გვაქვს და ეს იმიტომ, რომ ადამიანებს მოთხოვნილება ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, ეს აუცილებელია ადამიანისთვის. პირადად მე, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვერ ვიცხოვრებ ისეთ სახლში, სადაც ფერწერა, გრაფიკა და ქანდაკება არ იქნება, რადგან ეს ქმნის განწყობას. ყველაფერს თავისი აურა აქვს, რომელიც მოქმედებს ჩვენზე.

ალბათ ყველაზე ხშირად მაინც ცხენების ქანდაკებას ქმნის და ხატავს. ბავშვობიდან ასეა. ცხენს ფანტასტიკურ, ულამაზეს არსებად მიიჩნევს და ეს ცხოველი მოქანდაკის უშრეტი შთაგონების წყაროა. ფუნჯთან მეგობრობს, ეს თავისთავად, მაგრამ ორი უკვდავი მასალა: ქვა და ბრინჯაო მაინც შეუცვლელია. დროდადრო მუდმივმოქმედი გამოფენის სივრცეში ცვლილებებია, გალერეას ზოგჯერ ახალი “ბინადარი” ემატება, ძველი აკლდება. ეს ბუნებრივი პროცესია და თვლის, რომ ექსპოზიცია ხშირად მოითხოვს ცვლილებას და საბედნიეროდ, სახელოსნოდან გალერეაში ახალ-ახალი ფიგურების გამოფენა სულაც არ უჭირს.

ანა კალანდაძე

კომენტარები

მარინე 2020-11-16 12:07
საოცარი ნამუშევრები გაქვს გია, გვიმრავლოს ქალაქში შენი კომპოზიციები!
!!!!!!!!! 2019-02-08 17:50
ფანტასტიურია ბარათაშვილის ხიდის კომპოზიცია. საოცარ ემოციებს აღძრავს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები