უდაბნო, ბედუინები, უძველესი და ულამაზესი პეტრა... - ქართველი მოგზაურის იორდანული შთაბეჭდილებები ულამაზესი ფოტოების თანხლობით

მოგზაურობა? ასე იწყება...

‌ალაგებ ჩემოდანს, აწყობ ერთმანეთზე დაუვიწყარი დღეების მოლოდინებს და მიდიხარ... ტოვებ შენი ქვეყნის საზღვრებს და შენს თავსაც. მიდიხარ, არა მარტო სხვა ქვეყნების სანახავად, შენი თავის გასაცნობადაც. შენი ახალი თვისებების აღმოსაჩენად, იმიტომ, რომ მოგზაურობას საკუთარი თავიდან იწყებ.
‌პირველი,რაც ყველაზე მეტად გსიამოვნებს, გაოცების შეგრძნებაა რაიმე ახლის და საინტერესოს დანახვისას. მე მეცოდება ისეთი ადამიანი, რომელიც ამბობს, დიდი ხანია აღარაფერი მაოცებსო, რადგან გაოცება ყველაზე მაგარი შეგრძნებაა და ყველაზე მეტად საჭიროებს მოფრთხილებას. გაოცება არ უნდა მოგვიკვდეს...
‌ტრაპიდან ჩამოსვლისთანავე რაღაც უცნაური შეგრძნება გეუფლება.
‌შენ წინ
იშლება ახალი სამყარო.
მერე საოცარი სისწრაფით იცვლება ნანახი სურათები. არც ერთი წუთი, არც ერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავს. დადიხარ და გინდა, ყველაფერს ჩაუფიქრდე,ყოველივე დაანაწევრო, წესრიგში მოიყვანო და თვალით ნანახი გონებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდო... დადიხარ ხალხით სავსე ქუჩებში და ხვდები... ხვდები, რომ ცხოვრება იმაზე უფრო ფართო და ყოვლისმომცველი სიტყვაა, ვიდრე წარმოგიდგენია.
ამჟამად იორდანია ავირჩიეთ.

ყოველთვის უფრო მეტად მხიბლავს უძველესი აღმოსავლეთი, ისტორიით მდიდარი ქვეყნები და წმინდა ადგილები. თუმცა ამჟამად ჩვენი გამგზავრების მთავარი მიზეზი მამაოს თხოვნა იყო, მასთან ერთად გვემოგზაურა...
აეროპორტში გაირკვა,რომ ჩემი ბარგი იმაზე მეტი წონის აღმოჩნდა, ვიდრე საჭირო იყო, ჰოდა ამისთვის დამატებით მომიწია (მომიწია რა, მოუწია ჩემს ქმარს) თანხის გადახდა. დამთავრდა რეგისტრაცია და შევუდექით ეგზომ სასიამოვნო გზას თვითმფრინავის ტრაპამდე. როგორც ყოველთვის, დაველოდე აფრენისგან მიღებული სიამოვნების განცდას და შემდეგ წიგნის კითხვით გადავწყვიტე დროის მოკვლა. წიგნი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა (თეა ინასარიძის " მეცხრე ფლიგელი"), რომ ვერც ტურბულენტურ ზონაში მოხვედრამ და ვერც უკანა სავარძლიდან პატარა ბავშვის გაუთავებელმა ტირილმა ყურადღება ვერ გამიფანტა. და აი, ყველაზე საშინელი წუთიც მოახლოვდა - სტიუარდესამ გვამცნო დაფრენის შესახებ და ღვედების შეკვრა მოგვიწოდა. ყველაზე მეტად მეშინია ამ მომენტის, როცა თვითმფრინავი ძირს იწყებს დაშვებას და დაჯდომას. ასე მგონია, დაეცემა და აფეთქდება. ამიტომ ამ დროს თვალებს ვხუჭავ და ყურებზე ხელებს მაგრად ვიჭერ....

ლარნაკა-პაფოსი, პაფოსი-ამანი

საკმარისი დრო არ აღმოჩნდა იორდანიის დედაქალაქის კარგად დასათვალიერებლად, ამიტომ ჩქარი ტემპით დავადექით გზას ციტადელამდე. თუმცა, 25-კაციან ჯგუფთან ერთად ცოტა გაგვიჭირდა ტემპში სიარული, არადა უკვე საღამოვდებოდა. ამიტომ, მე და ჩემმა ქმარმა გადავწყვიტეთ, ჯგუფს გამოვყოფოდით და ცალკე გაგვეგრძელებინა გზა. რუკაზე უმოკლესი გზის ძებნა დავიწყეთ და ფეხით გავუყევით. კარგა დიდი მანძილის გავლა მოგვიწია მაინც.


ქუჩებში აშკარად იგრძნობოდა არაბული სული. ამანის ციტადელი, იგივე ციხის მთაა, როგორც ადგილობრივები უწოდებენ. აქ უამრავი ძველი ნანგრევებია და მეექვსე საუკუნის ბიზანტიური ეკლესია, ტაძრის ლეგენდარული კოლონა, ჰერკულესის ალ-კასრის სასახლე, არქეოლოგიური მუზეუმი, რომელშიც ათასობით უნიკალური ექსპონატია.
ციხის მთის ძირში არის ამანის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო - ანტიკური ამფითეატრი, რომელიც დღემდე მშვენივრადაა შემონახული.

ლარნაკა

ამანი მრავალი ათასი წლის ისტორიული და შთამბეჭდავი ქალაქია.

ციტადელიდან მას შემდეგ გამოვედით, რაც დაკეტვის შესახებ გვამცნეს.

დღე მეორე - პეტრა

ხომ არის ისეთი ადგილები, რომლებიც მხოლოდ ფოტოებში გაქვს ნანახი და გგონია, ვერასოდეს მოხვდები იქ... ასეთი იყო ჩემთვის პეტრა. ამიტომ მხოლოდ ეს სიტყვა მიტრიალებდა თავში და გარშემო ვეღარაფერს ვამჩნევდი.

ულამაზესი ფერის კლდეებს შუა მიმავალ გრძელ ბილიკს ისე სწრაფად მივუყვებოდი, დაღლას ვერ ვგრძნობდი... მივდიოდი და ვგრძნობდი, ნელ-ნელა როგორ ვიძირებოდი უშორეს წარსულში. გზის დასასრულს გამოჩნდა "საგანძური" - კლდეში გამოკვეთილი უზარმაზარი შენობა, პეტრას სიმბოლო. ნანახმა კიდევ უფრო დაადასტურა ის ფაქტი,რომ პეტრა იმსახურებს მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს. ძალიან ბევრი შემიძლია გადმოვცე იქ ნანახის და განცდილის შესახებ, თუმცა ერთი აშკარაა - პეტრა არის იდუმალი ქალაქი აწმყოსა და მომავლის გზაგასაყარზე, რომელიც აუცილებლად ყველა ადამიანმა უნდა ნახოს.

აქვე ვნახე ეშხიანი ბედუინები შავად შეღებილი თვალებით, რაც მათ მზერას საკმაოდ უცნაურსა და საინტერესოს ხდიდა.
გადაადგილების საშუალებად ვირებსა და აქლემებს იყენებენ, სპეციალურად მორთულ-მოკაზმულებს. ბედუინებს ვირებით აჰყავთ ტურისტები პეტრას ყველაზე მაღალ წერტილში, სადაც ასევე ერთ-ერთი ულამაზესი მონასტერია. თუმცა ისე მეცოდებოდნენ ეს სახედრები, უარი ვთქვი და ფეხით ავიარეთ კიბის ათასი საფეხური. საკმაოდ საინტერესოა ეს გზაც, კლდეებზე მიმავალი, ულამაზესი ხედებითა და ბილიკებით, სავსე ჭრელი ხალიჩებით, ფერადი ქვებითა და სუვენირებით... და გზად შემხვედრი ბედუინების უცნაური მზერით.



მამა გრიგოლი

ჩვენი ტურის მთავარი და ღირსეული წინამძღოლი, რომლის გარეშეც არ იქნებოდა ეს მოგზაურობა ისეთი შთამბეჭდავი, როგორიც იყო. ვუყურებდი და ვუსმენდი ამ უძვირფასეს ადამიანს და ვცდილობდი, მისი არც ერთი სიტყვა არ გამოჰპარვოდა ჩემს სმენას. ასე მეგონა თვით უფალი იყო ჩემთან და მის ყველა ნაბიჯს აუცდენლად მივყვებოდი. ეს არის მოძღვარი და ამავე დროს ადამიანი, რომელსაც ერთი ნახვით შეიყვარებს ყველა და არასოდეს დაავიწყდება მისი ქადაგება და იუმორით სავსე სიტყვები.

მოგეხსენებათ, ტურის განმავლობაში არსებული ექსცესები, გაუთვალისწინებელი გარემოებები და ცვლილებები, რაზეც ადამიანები უდიდეს უკმაყოფილებას გამოთქვამენ და გაუთავებლად აკრიტიკებენ ხოლმე გიდს... მამაო მოგვიწოდებდა, რომ ყოველი ცვლილება თუ გზიდან გადახვევა, ეს მხოლოდ უფლის ნებაა და უნდა მივიღოთ, როგორც სერიოზული განსაცდელის არიდებად დათქმული გზიდან. მართლაც ისეთ დროს გაგვიფუჭდა ავტობუსი, როცა ჯედასკენ მივდიოდით. სამი საათი ველოდებოდით ახალი ავტობუსის მოსვლას. და ზუსტად ამ დროს ჯედაში ერთ-ერთ ობიექტზე ტერორისტებმა აფეთქება მოაწყვეს. ეს სასწაული იყო... სწორედ ის სასწაული, რაზეც მამო გვესაუბრებოდა მთელი ტურის მანძილზე. ის გაუთავებლად მოგვიწოდებდა ერთმანეთის სიყვარულს, მიტევებასა და დაფასებაზე. რომ არ არსებობენ ცუდი ადამიანები და თუ ერთმანეთს სიყვარულით და სითბოთი დავუწყებთ ყურებას, მხოლოდ კარგს აღმოვაჩენთ. რომ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს კარგი თვისებების აღმოჩენაში, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენივე თავებს სხვის გულებსა და წარმოდგენებში. ადამიანი მაშინაა სრულყოფილი, ლამაზი და ბედნიერი, როცა გული სიყვარულით აქვს სასვსე, ქრისტესა და ადამიანების სიყვარულით. როგორ მინდა, ისევე შემეძლოს მისი ქადაგებების შესრულება, როგორც ვუსმენდი.

მდინარე იორდანია

არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ სახელს გაიგებს და თვალწინ არ დაუდგება ქრისტეს ნათლობა იოანე ნათლისმცემლის მიერ. ვერ ავღწერ, რა შეიძლება ეწოდოს გრძნობას, როდესაც იმ მდინარეში განიბანები (თან მამაოს ხელითა და ლოცვა-კურთხევით), სადაც საუკუნეების წინ მაცხოვარი მოინათლა.

ნებოს მთა, აღთქმული მიწა.
ეს ის ადგილია, საიდანაც მოსე წინასწარმეტყველმა გადმოხედა აღთქმულ მიწას და იქვე აღესრულა, რადგან ღვთისგან იცოდა, რომ თვითონ ვერ შეძლებდა ამ მიწაზე შესვლას. მთას ამშვენებს მოსეს ღვთაებრივი კვერთხის გამოსახულება.

ვადი-რუმი

უდაბნო, ბედუინები, კარვები, კოცონი, აქლემები... შეუძლებელია აქ მოხვედრისას თავი რომელიმე არაბული ზღაპრის ან ფილმის გმირად არ წარმოიდგინო. მით უმეტეს, როცა გაიგებ, რომ ისეთი საოცარი ფილმები, როგორიცაა "მარსიანელი", "ვარსკვლაური ომები" და "ტრანსფორმერები" სწორედ ამ უდაბნოშია გადაღებული. ოქროსფერი ქვიშა და უზარმაზარი, ფერადი კლდეები. ყველა მათგანი რაღაცას ჰგავს, ზოგს სოკოს ფორმა აქვს, ზოგს - რაიმე ქანდაკების. კლდეებს შორის გადებულია უზარმაზარი ქვები... ამ ყველაფრის ავტორი ბუნებაა...

მზის ჩასვლისა და ამოსვლის ულამაზეს სანახაობაზე აღარფერს ვამბობ. ცა რაღარც უცნაური ფერებით ნათდებოდა მაშინ, როცა მზე უკვე დიდი ხნის ჩასული იყო. მერე ნელ-ნელა, ერთმანეთის მიყოლებით ქრებოდა ფერები და უკუნი სიბნელე ისადგურებდა. სიბნელე და სიცივე. დღისით ქვიშაში ფეხშიშველი სიარული მიჭირდა ისეთი ცხელი იყო, ღამით კი - გაყინული. და რამდენადაც დღე საოცარია იქ, იმდენადაა ღამე საშიში. ღამით თითქოს ღელავს უდაბნო.


მოკლედ, დავანთეთ კოცონი, გამოვიძახეთ მოცეკვავე (ე.წ. მუცლის ცეკვის შემსრულებელი) დავიკავეთ ადგილები და მოუთმენლად დაველოდეთ (განსაკუთრებით მამაკაცები, უფრო განსაკუთრებით - ჩემი ქმარი, ბედუინივით გამოეწყო და წამოწვა კიდეც შეიხივით თავქვეშხელამოდებული).

ჯერ მუსიკოსი მოვიდა, მოამზადა აპარატურა და რაღაც უცნაურ საკრავზე დაიწყო დაკვრა. ჩვენც მხიარულად ავყევით ჰანგებს, მაგრამ თვალები მაინც მოცეკვავის მოლოდინში გაგვირბოდა. თუმცა, ბოლოს გაირკვა, რომ მთელი ბენდი ეს მუსიკოსი ყოფილა, ხოლო მოცეკვავეს არ ეცალა... და დარჩნენ კაცები პირშიჩალაგამოვლებულები.

მეორე დილით გამოვემშვიდობეთ საოცარ უდაბნოს და ჩვენ მასპინძელ კეთილ ბედუინებს. გზას ჯიპებით დავადექით ჩვენს ავტობუსამდე. კიდევ უფრო საოცარი სურათები იშლებოდა წინ და გული მწყდებოდა, რომ ვტოვებდი ამ ულამაზეს ადგილებს.

მადაბა - "მოზაიკების ქალაქი"

ეს უძველესი ქალაქი ძალიან ლამაზი და განსხვავებულია. ფილაქნებიანი გზები, ვიწრო ქუჩები და უამრავი მოზაიკური სურათი. ისე მოხდა, რომ მე და ერთ-ერთი ჩვენი თანამგზავრი - ქალბატონი მაია, ჯგუფს ჩამოვრჩით. თავიდან ძალიან მხიარულად და სიცილით მივიკვლევდით გზას. ჩემი საიდუმლოც გავუმხილე ქალბატონ მაიკოს - სულ მინდოდა, რომ სადმე უცხო ქალაქში დავკარგულიყავი (ეს ოცნებაც ჩემს პატარა ფურცელზე მეწერა).

მაგრამ მერე შევამჩნიე, რომ ძალიან ანერვიულდა ჩემი თანამგზავრი და მის შემყურე,მეც ამიტანა შიშმა. უცებ უამრავი რამ წარმოვიდგინე,თუმცა კარგი არაფერი. ჰოდა სადაცაა რომ ტირილი უნდა დამეწყო, დავინახე ჩემი ქმარი გაფითრებული მორბოდა ზემოდან (ჰო არ დაგაცდიან დაკარგვას).

მადაბას მთავარი ხიბლი წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში არსებული მე-6 საუკუნის ბიზანტიური მოზაიკური რუკაა, რომელზეც აღწერილია მთელი რეგიონი, ასევე, იორდანია, ჩრდილოეთ პალესტინა და სამხრეთ ეგვიპტე. რუკაზე დატანილია იერუსალიმისა და ზოგადად, წმინდა მიწის მთელი რუკა. ეს ჩვენს დრომდე შემონახული წმინდა მიწის უძველესი რუკაა. ასევე გვხვდება უამრავი მოზაიკური ხატი და სხვადასხვა ნამუშევრები ღვთისმშობლის და სხვა მოციქულების ტაძრებსა და არქოლოგიურ მუზეუმებში. საოცარი სანახავია ამ პატარ-პატარა, უწვრილესი ფიგურებით აწყობილი უზარმაზარი ნამუშევრები, რომლებიც საუკუნეების ისტორიას ინახავს.

უკან - ამანი-ლარნაკა-კიკოსი

მიუხედავად იმისა, რომ ტურში არ შედიოდა, მამაომ გვთხოვა, რომ კიკოსის მონასტერი გვენახა და მოგველოცა, კვიპროსის მონასტრებს შორის ყველაზე დიდი და ცნობილი.
აქ არის დაბრძანებული ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე - კიკოსის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც წმინდა ლუკა მოციქულის მიერ თვით ღვთისმშობლის სახიდან არის გადმოღებული მისი მიწიერი ცხოვრების დროს.

ჩვენი მიკროავტობუსის მძღოლი ებრაელი ქართველი აღმოჩნდა. სახელად პავლე. 17 წელი გაეტარებინა საქართველოში და ქართულად გვესაუბრებოდა. გაგვიმხილა, რომ როცა ქართულად საუბრობდა, ტანში ჟრუანტელი უვლიდა სიამოვნებისგან. კიკოსამდე დიდი და საკმაოდ მიხვეულ-მოხვეული გზა იყო. პავლე მთელი გზა გვიყვებოდა და გვაცნობდა აქაურ კულტურას, კლიმატს, მცენარეებს.
მოგვიყვა ერთ მცენარეზე, რომელსაც "ფენიქსი" ჰქვია. 30 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დროს ამ მცენარეს ცეცხლი ეკიდება და იწვება, თუმცა შემდეგ თავისივე ფერფლიდან იწყებს გაციცხლებას, ფენიქსის მსგავსად. ძალიან მინდოდა ამ მცენარის ნახვა. პავლემ გააჩერა მანქანა და მაჩვენა "ფენიქსი", როგორც ხედავთ ულამაზესია. ერთი ძირი წამოვიღეთ საქართველოში, რამდენად გაიხარებს არ ვიცი, მაგრამ ჩვენს ეზოში ზაფხულობით ალს თუ დაინახავთ, არ შეგეშინდეთ.

კიკოსის მონასტერი განმაცვიფრებელი სილამაზისაა. დიდებული არქიტექტურა, მრავალრიცხოვანი ფრესკა და მოზაიკა. სხვადასხვა წმინდანის წმინდა ნაწილები. შემოწირულობები. აქ ასევე საქართველოს მეფე-მთავრების მიერ შეწირულ უამრავ ნივთს ნახავთ. მათ შორის გამოირჩევა კიკოსის ხატისთვის ერეკლე II-ის მიერ შეწირული საბურველი.
ბერძენმა მამაომ დიდი პატივისცემით მიგვიღო და გულუხვად დაგვასაჩუქრა. გვთხოვა, რამდენიმე ქართული სიტყვა გვესწავლებინა, ჩაიწერა და შეგვპირდა, მომავალ წელს ქართულად მოგვესალმებითო.

გადაღლის მიუხედავად, ძალიან ნასიამოვნები და კმაყოფილები დავბრუნდით ლარნაკაში. სასტუმრო ძალიან ახლოს იყო ლაზარეს ტაძართან. ამიტომ მეორე დღეს თავისუფლად მოვასწარით ტაძრის მოლოცვაც და სანაპიროზე გასეირნებაც. ამინდიც მშვენიერი იყო. მლაშე ტბისა და ფლამინგოების ნახვა, სამწუხაროდ, ვერ შევძელი (დროის არქონის გამო), თუმცა გული დავიმშვიდე, რომ ერთხელ უკვე მქონდა ნანახი (ხო, პავლემ გვითხრა, რომ ამ ტბაზე გადამფრენი ფლამინგოები თეთრები მოფრინავენ და ცოტა ხანში ვარდისფერები ხდებიან).

ლარნაკა-ქუთაისი

ჩვენი მოგზაურობა სრულდებოდა. ყველა და ყველაფერი მიყვარდა, რადგან ვიცოდი, რომ ეს დღეებიც და ადამიანებიც ყოველთვის მომენატრებოდა და საუკეთესოდ გამახსენდებოდა, თუნდაც თავიანთი უცნაური ჩვევებითა და საქციელებით. ვაკვირდებოდი ამ ადამიანებს, ვისთან ერთადაც გავატარე ერთი კვირა და სულ მამაოს სიტყვები მიტრიალებდა თავში. მართლაც, არ არსებობენ ცუდი ადამიანები. არსებობ შენ, შენი შინაგანი ხედვით და როგორც გინდა, რომ დაინახო, ისე დაინახავ სამყაროსაც და ადამიანსაც.
სიცოცხლე არც ისე მოკლეა, თუ მას უამრავი ბედნიერი წუთითა და სიყვარულით გაავსებ და ღირს, ნამდვილად ღირს ყველაფრად, ყველა ფასად და შესაძლებლობად ეს გაოცებით სავსე დღეები.

ნინო ჩიტაშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები