სამი ნიჭიერი დის განსხვავებული ნამუშევრები, რომლებიც ყველას ხიბლავს

სამ დას, სამივე საკმაოდ ნიჭიერ ხელოვანს, ნამდვილად უნდა იცნობდეს ჩვენი მკითხველი. ნინო, ხატია და მარიამ ძიძიკაშვილები ოჯახურ ტრადიციებს აგრძელებენ და ხელოვნების სფეროში თავიანთ სათქმელს ამბობენ. სამივე დის სტილი, სამუშაო მასალა და ხანდახან მიმართულებაც განსხვავებულია, თუმცა მათ შემოქმედებას მაინც აქვს ბევრი საერთო - სიფაქიზე, გემოვნება, სასიამოვნო ფერები...

რაკი ჩვენ პირველი ნინო გავიცანით და თანაც ამ ეტაპზეც ის ყველაზე მეტი აქტიურობით გამოირჩევა შემოქმედებითი თვალსაზრისით, სწორედ ის დაიწყებს საკუთარ თავსა და საქმიანობაზე საუბარს.

ნინო ძიძიკაშვილი - მხატვარ-დიზაინერი:

- 2016 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. სწავლის
პერიოდი საკმაოდ მრავალფეროვანი მქონდა. ვსწავლობდი როგორც ტექსტილის დიზაინს, ასევე სარეკლამო გრაფიკას. პროფესიული მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ჩემი სამუშაო სივრცეც საკმაოდ ფერადია. ვქმნი ფერწერულ ნამუშევრებს, ასევე ვმუშაობ სხვადასხვა მასალაში როგრებიცაა, ბატიკა, აბრეშუმის ქაღალდი. ჩემი ნამუშევრები მონაწილეა არაერთი გამოფენისა, მათ შორისაა ჩინეთის ბიენალე. ვარ მხატვართა კავშირის წევრი.

- როდის შემოვიდა ხელოვნება თქვენს ცხოვრებაში, ვინ მოახდინა გავლენა, როგორ დაინტერესდით ამ სფეროთი და როგორ გამოიხატებოდა ადრეულ წლებში ეს ინტერესი?
- ხელოვნება როგორცასეთი ღრმა ბავშვობიდან შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. დავიბადე მხატვრების ოჯახში, შესაბამისად ამან დიდი გავლენა იქონია ჩემს პროფესიულ არჩევანზე. ჩვენს შორის არიან უფროსი თაობის წარმომადგენლები, ჩვენი მამიდები - მანანა ძიძიკაშვილი და ინგა ძიძიკაშვილი, ვისგანაც დაიწყო ეს თავგადასავალი ჩვენს დიდ ოჯახში. ორივე სამხატვრო აკადემიის ლექტორია და დღესდღეობით საკმაოდ წარმატებული მხატვრები, რომელთა შემოქმედებაც ქვეყნის საზღვრებს სცდება.

- კონკრეტულად თქვენი საქმიანობის სფეროზე გვიამბეთ... 
ჩემი საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია, როგორც მასალა ასევე ტექნიკაც. ვიყენებ ტექსტილის დამუშავების ტექნიკას, კონკრეტულად კი ვამზადებ აბრეშუმის ქაღალდს, რომელიც გახლავთ არა მხოლოდ მასალა როგორც ქაღალდი, არამედ უკვე ხელოვნების ნიმუში თავისივე ფერადოვნებით და მასზე არსებული კომპოზიციით, რაზეც შემდგომ უკვე ვხატავ. სწორედ ასე იქმნება ჩემი მინიატურები და არამხოლოდ მინიატურები. ასევე ვქმნი ფერწერულ ტილოებს, ბატიკას, სამკაულებს სხვადასხვა მასალის სინნთეზით.

იქიდან გამომდინარე რომ მაქვს ჩემეული მიგნებები აბრეშუმის ქაღალდთან მუშაობის, რომელსაც ანალოგი არ აქვს, საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს ხოლმე ყოველთვის, როგორც უცხოელების მხრიდან ასევე ადგილობრივებისგან. შესაბამისად ძალიან ბევრი უცხოელი თუ ქართველი ინტერესდება შეძენით.


- როგორ მოდის მუზა, როგორ იქმნება ახალი ნამუშევარი - სჭირდება განწყობა, განსაკუთრებული ინსპირაცია? თუ გაქვთ საყვარელი თემები, ფერები...
- ჩემს შემთხვევაში მუზები მუშაობის დროს მოდიანხოლმე მეტწილად. ინსპირაცია ხშირ შემთხვევაში არისხოლმე გარემო. მიყვარს როდესაც განსხვავებულ პერსონაჟებს ვქმნი, ასევე რელიგიურ თემებზეც ვმუშაობ. განსაკუტრებით მიყვარს მყვირალა და აქტიური ფერები.


- ხატვის გარდა, სამკაულებსაც ამზადებთ. ამაზეც გვიამბეთ.
- დიახ ვაკეთებ ყელსაბამებს, რომელიც ძალიან საინტერესოა როგორც მასალით, ასევე ფორმით. ვიყენებ სხვადასხვა მასალას სინთეზურად, როგორებიცაა, ხე, ლითონი, მხატვრულად დამუშავებული მინა, რიყის ქვა და ქსოვილსაც კი. საბოლოო ჯამში კი საკმაოდ საინტერესო და ორიგინალურ აქსესუარს ვიღებ შედეგად.


- როდესაც ოჯახის სამი წევრი, სამი და მხატვარია. ალბათ განსაკუთრებულად გულშემატკივრობთ ერთმანეთს... თუ აკრიტიკებთ ერთმანეთის ნამუშევრებს, რჩევებს თუ აძლევთ ერთმანეთს? ან ოჯახის სხვა ხელოვანი წევრები თუ გაძლევენ რჩევებს?
- მიუხედავად იმისა, რომ ერთ სფეროში ვართ, ყველას გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა და ხელწერა. შესაბამისად მათი ხედვაც ძალიან საინტერესოა ხოლმე, როდესაც ვქმნი რაიმეს, ყოველთვის ვცდილობ მოვუსმინო მათ კრიტიკას, აზრს თუ რჩევას.


- ამ ეტაპზე რით ხართ დაკავებული, თუ ამზადებთ რაიმე პროექტს ან გამოფენისთვის ხომ არ ემზადებით?
- ამ ეტაპზე ვმუშაობ მინიატურული ნამუშევრების სერიაზე. პარალელურად - ფერწერულ ნამუშევრებზე. ვემზადები გამოფენისთვის ახლო მომავალში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ.



ხატია ძიძიკაშვილი - მხატვარ-დიზაინერი:

- მოგეხსენებათ, დავიბადე და გავიზარდე ხელოვათა ოჯახში და ბავშვობიდან ვეზიარე ამ სფეროს. დავამთავე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი. ხელოვნება ბავშვობიდან იყო ჩვენი ყოველი ნაბიჯის თანმდევი, რა ასაკიდანაც მეხსიერების უნარი მაქვს, მას შემდეგ მხოლოდ ამ სფეროში ვტრიალებდი. ყველაზე დიდი გავლენა ჩემმა ოჯახის წევრებმა და უფროსმა კოლეგებმა - მამიდაჩემებმა იქონიეს ჩვენზე. ბავშვი ვიყავი, როდესაც ისინი სტუდენტები იყვნენ და ძალიან ხშირად დავყავდით სამხატრო აკადემიაში და ვიყავით ბუმბერაზი ხელოვანების გარემოცვაში, როგორებიც იყვნენ გივი ყანდარელი, თამაზ ნუცუბიძე და ა.შ. რაც დღესდღეობით ძალიან მეამაყება და უდიდესი სკოლა გვაიარე მათთან კომუნიკაციით.

აკადემიაში დავამთავრე დიზაინის ფაკულტეტი, კერძოდ ტექსტილის დიზაინი და ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობდი. ძირითად ვიყენებდი ტექსტილის დამუშავების ტექნიკას და ამ ტექნოლოგიით ვქმნიდი პანოებს, როგორიც არის გობელენი, ბატიკა, აბრეშუმის ქაღალდი. ამ მასალასთან ერთად ხშირად ვიყენებდი ლითონის კონსტრუქციებს სინთეზში. უამრავ საერთაშორისო გამოფენაში და ბიენალეზე მაქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შირის წილად მხვდა საპრიზო ადგილებიც. ბოლო პერიოდში ტანსაცმლის დიზაინის მიმართულებით ვმუშაობ. შევქმენი ჩემი ბრენდი "ხატია ძიძიკაშვილი“.

მიყვარს ხოლოვნება სადაც შეზღუდვები არ არსებობს და დამეთანხმებით, რომ ხელოვნებაც ზუსტად ეს არის - შეზღუდვების და სტანდატების გარეშე. როდესდაც კოლექციებს ვქმნი, ჩემი ინსპირაციის წყარო ამ მიმართულებით არის თანამედროვე არქიტექტურა. ძალიან მიყვარს არქიტექტურა და ხშირად მიფიქრია ახლიდან რომ ვირჩევდე პროფესიას ალბათ არქიტექტურას ავირჩევდი. ამ მხრივ გამიმართლა, მეუღლე მყავს არქიტექტორი. ის ძალიან წარმატებული არქიტექტორი ლევან ძაგნიძეა. ხშირად მისი შემოქმედება ხდება ჩემთვის ინსპირაციის წყარო, მით უფრო როდესაც ჩემს თვალწინ იქმნება მისი პროეტები და რეალურად ვხედავ მას გახორციელებულს, რომელიც ძალიან მომწონს. როდესაც აქტიურად ვმუშაობდი და ვხატავდი შემეძლო ერთი ფერწერა ერთი ამოსუნთქვით დამეხატა და გამომეყენებინა ყველანაირი მასალა და ტექნიკა. ვგიჟდები ცოცხალ და მსუყე ფერებზე, თუმცა ძალიან ხშირად მომწონებია პასტელური ფერებით შესრულებული ნამუშევარიც. გააჩნია როგორ არის შესრულებული და რამდენად განიჭებს სულიერ და ესთეტიურ სიამოვნებას ესა თუ ის ნამუიშევარი


ძალიან დიდი ძალაა, როცა ოჯახში ამდენი ხელოვანია. ეს არ გაძლევს მოდუნების საშუალებას და მუდმივად განვითარებაზე ხარ ორიენტირებული. ხშირად გვაქვს განხილვა და კრიტიკა ამა თუ იმ ახალ ნამუშევარზე. რაც ჩემი დაკვირვებით მაძლევს იმის საფუძველს თამამდ ვთქვა რომ რეზულატი ყოველთვის ბევრად უკეთესია.



მარიამ ძიძიკაშვილი - მხატვარი-კერამიკოსი:


- მხატვარი კერამიკოსი გახლავართ, თუმცა კერამიკის გარდა ვმუშაობ ტექსტილში, მინაში, ფერწერაში... 2007 წელს დავამთავრე აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, შემდეგ რამდენიმე წელი ვმუშაობდი სამხატვრო აკადემიაში მინის მიმართულებაზე. ამ ეტაპზე მაქვს სამხატვრო სტუდია.

მრავალ გამოფენაში მიმიღია მონაწილეობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, ვარ მხატვართა კავშირის წევრი.

რასაკვირველია, ხელოვნება ბავშვობიდან შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, მახსოვს აკადემიაში რომ მივყავდი ჩვენს მამიდებს და როცა ვხედავდი, როგორ ხატავდნენ სტუდენტები, განსაკუთრებით მინდებოდა ხატვა - მეც ვჯდებოდი და ხატვას ვიწყებდი... ბავშვობაში ხშირად მომიპარავს დედასთვის პომადა და დამიხატავს... შემდეგ სამხატვრო მასალებზე გადავედი და ასე გრძელდეოდა აბიტურიენტობამდე....

კერამიკაზე დიდი ხანია აღარ მიმუშავია, თუმცა მაქვს საკმაოდ სერიოზული ნამუშევრები კერამიკის. ამ ეტაპზე დაკავებული ვარ ფერწერით და ვმუშაობ შერეული ტექნიკით.

ეგვიპტის თემა იყო საყვარელი და ინსპირაციის წყაროც, სწორედ ამ თემაზეა ჩემი კერამიკები შესრულებული...
ახლა გადავედი თავისუფალ თემებზე, ზოგადად ხასიათს და განწყობას გააჩნია, მუზა ხშირად მოდის, მაგრამ ორი პატარას ხელში ხშირად ვერ ვახერხებ აქტიურად მუშაობას. თუმცა როგორცკი თავისუფლებას ვნახავ, მაშინვე ვხატავ და ყელაფერი მავიწყდება.

სამკაულებზეც ვმუშაობ, მინის სამკაულებს ვქმნი და საკმაო პოპულარობით სარგებლობს, უცხოელი ტურისტები ძალიან იხიბლებიან.

დები ერთმანეთს ძალიან ვგულშემატკივრობთ, ნამუშევარს როცა ვქმნით, ვეკითხებით და ვუზიარებთ აზრებს, ერთმანეთს ვაკრიტიკებთ და რჩევებსაც ვიღებთ. მამიდების შეფასება ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა ახლა ჩემი მთავარი შემფასებლები შვილები არიან, რადგან როცა ვხატავ, მოდიან და მეუბნებიან, დედა, ძაან მაგარი ნახტიაო.

- თქვენს ნამუშევრებში დეკორის ელემენტებიც არის. რამდენად აქტუალურია დღეს ხელნაკეთი დეკორი ინტერიერში? 
- დღეს ძალიან მიღებულია და მოთხოვნადი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები, აბსტრაქტული ნამუშევრები და თანამედროვე მოცულობითი ფორმები.

სწორედ ახლა ვიცვლი საცხოვრებელს და ინტერიერი მაქსიმაურად სადა და ღია ფერებში გადავწყვიტე რადგან აქცენტი უნდა გავაკეთო ფერწერებზე და დეკორატიულ თანამედროვე კერამიკაზე, უფრო მეტი სითბოს, სიმყუდროვის, თანამედროვეობის და ესთეტიკის შესაქმნელად.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები