მხატვარ ირმა კუსიანის შემოქმედებითი გარემო და მშვენიერი ბაღი, რომელიც თავად მოაწყო

ამბობენ, რაც უფრო რთულია დრო, მით უფრო საინტერესოა ხელოვანისთვის არსებობა. ასე იყო მხატვარ ირმა კუსიანის შემთხვევაშიც. სტუდენტობა რთულ და მძიმე 90-იან წლებში გაატარა - ომიანობის, უშუქობის, სიდუხჭირის დროს. თუმცა ამბობს, რომ ეს წლები შემოქმედებითი თვალსაზრისით ერთ-ერთი საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მოგვიანებით მის შემოქმედებაში სხვადასხვა ერის, კულტურის, ეპოქისა და სულისკვეთების პერსონაჟები გამოჩნდნენ. ეს იყო მხატვრის თავისებური მცდელობა, რომ თანამედროვეობასა და წარსულთან გარკვეული პარალელები გაევლო. განსხვავებული ტექნიკა, ფერების საოცარი სინთეზი, იდუმალება - ეს მისი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელი ელემენტებია და სხვებისგან ცალსახად გამოარჩევს.

-
ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, არავისგან გამორჩეული. უბრალოდ სხვებისგან განსხვავებით ბევრს ვხატავდი. ბიძაჩემი იყო ხატვის მასწავლებელი და ისიც ამჩნევდა, რომ ხატვის ნიჭი მქონდა. მომაქცია ყურადღება. მიხსნიდა რაღაც დეტალებს, მასწავლიდა და ამასობაში ხატვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ბავშვობიდანვე მინდოდა, რომ მხატვარი ვყოფილიყავი. ეს მაშინვე ზუსტად ვიცოდი და სხვა პროფესიაზე არასოდეს მიფიქრია.


- სტუდენტობის წლებს როგორ გაიხსენებდით? რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს წლები თქვენს ცხოვრებაში?

- სხვათა შორის, სტუდენტობისთვის მომზადების პერიოდი უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ვიდრე სტუდენტობა. სტუდენტობის პერიოდი ომიანობას დაემთხვა. მოგეხსენებათ, საკმაოდ რთული დრო იყო. არც საღებავები იშოვებოდა, არც გათბობა იყო, თითქმის გაყინულ აუდიტორიაში გვიწევდა ლექციებზე დასწრება. მაგრამ ამის მიუხედავად, მინდა აღვნიშნო, რომ სტუდენტები მაინც ვპოულობდით მხიარულების, ბედნიერების მიზეზს. ვცდილობდით, დადებითი ემოციებით ვყოფილიყავით დამუხტული. მიუხედავად ასეთი რთული პერიოდისა, მაშინ ძალიან საინტერესო რაღაცები კეთდებოდა. იწერებოდა კარგი სიმღერები, იდგმებოდა ფანტასტიკური სპექტაკლები, ეწყობოდა საინტერესო გამოფენები.

- იმ სირთულეების გამო, რომელიც დღემდე შეგხვდათ, როდისმე დანებება გიფიქრიათ?

- ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ხატვისთვის თავი დამენებებინა და სხვა სფეროში მეცადა ძალები.



- შემოქმედებითი პაუზაც არ გქონიათ?

- როცა ჩემი შვილები პატარები იყვნენ, რამდენიმე წელიწადი ვერ ვხატავდი, რადგან მთელი დრო და ენერგია შვილებს მიჰქონდათ. რა თქმა უნდა, ეს პაუზა აისახა ჩემზე. წლები კი არა, ერთი თვე რომ არ დავხატო, ისიც კი მოქმედებს ჩემზე. აბსოლუტურად ვვარდები ფორმიდან და თავიდან მჭირდება ძალისხმევა, რომ ჩვეულ კალაპოტში ჩავდგე.

- თქვენი მეუღლე, მერაბ გაგილაძე ასევე მხატვარია. როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- თოიძეში გავიცანით და შეგვიყვარდა ერთმანეთი. 16 წლისანი ვიყავით. რაიმე განსაკუთრებული, სხვებისგან გამორჩეული ამბავი არ გვქონია. ვიყავით ჯგუფელები და ჩვენი გემოვნება, შეხედულებები ემთხვეოდა ერთმანეთს.

- დღეს როგორია ორი ხელოვანის თანაცხოვრება?

- ხომ იცით, ყველაფერს აქვს ორი მხარე - დადებითი და უარყოფითი. ორი შემოქმედი ადამიანის ერთ სივრცეში ცხოვრება არც ისე ადვილია, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესოცაა. ბევრ რამეს ვეკითხებით ერთმანეთს, ვუზიარებთ აზრებს, რჩევებს, გამოცდილებას.

- როგორია თქვენი სამუშაო სივრცე, გარემო?



- რაც მთავარია, კომფორტული და მყუდრო. დილით ძალიან ადრე ვდგებით. რვა საათზე უკვე სახელოსნოში ვართ. ვასუფთავებთ იქაურობას, ვწმენდთ პალიტრას. ძალების მოსაკრებად მივირთმევთ ყავას და ვრთავთ მუსიკას. სხვათა შორის, მუსიკის შერჩევის დროს ზოგჯერ კამათი მოგვდის (იღიმის). საბოლოო ჯამში მაინც ვთანხმდებით, ხან მე ვთმობ, ხან - მერაბი. ვრთავთ მუსიკას და ვიწყებთ ხატვას. 10, ზოგჯერ 12 საათიც გვიწევს ხატვა. ბევრს ხატვა მარტივი ჰგონია. მე ასე არ ვფიქრობ. ხატვა საკმაოდ რთულია და მას დიდი ძალისხმევა სჭირდება.

- თქვენი პერსონაჟები არ არიან თანამედროვე სამყაროს წარმომადგენლები. რომელიმე კონკრეტულ ეპოქას ეკუთვნიან?



- მეც და ჩემი მეუღლეც ვცდილობთ, რომ არ გვყავდეს ნატურა. პორტრეტი არის ჩვენი ხელწერა. ისინი არც რომელიმე ეპოქის, არც რომელიმე განშტოების წარმომადგენლები არ არიან. ჩემი აზრით, ისინი ყველა დროსა და სივრცეში მისაღები, არც ზედმეტად თანამედროვე და არც ზედმეტად ძველი პერსონაჟები არიან. ყველა ქვეყნის, კულტურის, რელიგიის ნაზავია მათში. ყველა ერში რაღაც მომწონს, ამიტომ ვიღებ მათგან ამ დეტალებს და ასე იქმნებიან ჩემი პერსონაჟები.

ბოლო დროს დავიწყე ჩემი გოგონას ნატურად გამოყენება. ამ მხრივ ცოტა ცვლილებები მაქვს. სიახლის ძიების პროცესში ვარ და ეს ეტაპი ძალიან საინტერესოა ჩემთვის. რამდენი წლისაც უნდა იყოს მხატვარი, რამხელა გამოცდილებაც უნდა ჰქონდეს, ყოველთვის სიახლის ძიებაში უნდა იყოს. არ უნდა გაიყინო ერთ ადგილზე. ეს დამღუპველია ხელოვანისთვის. ადამიანები შენგან ყოველ ჯერზე ელოდებიან მეტს, შენ თუ ერთ წრეზე ტრიალებ, ეს ძალიან უინტერესო ხდება.



- ბევრ ქვეყანაში იყიდება თქვენი ნამუშევრები. როგორ გაგიცნოთ მსოფლიომ?

- ასე დაგეგმილად არ მომხდარა, ყველაფერი თავისთავად მოხდა. საქართველოში ჩამოდიოდა ხალხი, რომელსაც აინტერესებდა ჩვენი ნამუშევრები. იყო პერიოდი, როცა ჩემს მეუღლეს მშრალ ხიდზე გაჰქონდა თავისი ნახატები. მისი ნამუშევრით დაინტერესდა ერთი უცხოელი, შემდეგ - სხვა და ასე გავედით უცხო ასპარეზზე. დღეს ინტერნეტის ეპოქაში შედარებით მარტივად შეგიძლია, შენი ნამუშევრები გააცნო ფართო საზოგადოებას, მაშინ ეს ძალიან რთული იყო, თუმცა ჩვენ ეს შევძელით.

- არაერთ ქვეყანაში გქონდათ გამოფენა. როგორ გაიხსენებდით ამ პერიოდს?

- რა თქმა უნდა, დადებითად. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში გვქონდა მე და მერაბს გამოფენა. ირლანდიაში ძალიან დიდხანს იყო გამოფენილი ჩემი ნამუშევრები, ინგლისში, ამერიკაში, ჰოლანდიაში და სხვა. ყველგან განსხვავებული ემოციით გვხვდებოდნენ ორგანიზატორები, დამთვალიერებლები და განსხვავებული შთაბეჭდილებებით ვბრუნდებოდით. ჩემს მეუღლეს ჰოლანდიაში ჰქონდა გამოფენა, სადაც სხვა ქვეყნიდან სპეციალურად ჩამოვიდა ადამიანი იმისთვის, რომ კონკრეტული ნახატი, რომელიც ამ გამოფენაზე იყიდებოდა, პირადად ეყიდა. ძალიან ბედნიერი იყო, რომ ეს ნახატი გაყიდული არ დახვდა. ერთ წელს, ინგლისში გამართულ ერთ-ერთ დახურულ აუქციონზე ჩემი ნახატი გახდა აუქციონის სახე. ბანერებზე, მოსაწვევებზე, ყველგან ჩემი ნახატები დაიბეჭდა. ეს ძალიან დიდი პატივი იყო. ამ აუქციონზე ყოველ წელს თითო მხატვრის ნახატს ირჩევენ და ხდება აუქციონის სახე. საქართველოში მხოლოდ ერთხელ მქონდა პერსონალური გამოფენა. გაზაფხულზე კვლავ ვგეგმავ. იმედია წარმატებით განვახორციელებ ჩანაფიქრს.



- ალბათ არაერთი ცნობილი კოლექციონერის კედლებს ამშვენებს თქვენი ნახატები...

- იცით, ბევრს საიდუმლოდ უნდა დარჩენა, ბევრის ვინაობაც არ ვიცით. ჩვენ გვქონია გამოფენები, როდესაც ყველა ნახატი გაყიდულა ჩვენ გარეშე და ვინ იყიდა, ბევრის სახელი დღესაც უცნობია ჩვენთვის. არის ნახატები, რომლებსაც ინტერნეტშიც არ ვდებ, რადგან დამკვეთს არ სურს, რომ მისი ნახატი მოხვდეს სოციალურ ქსელში და ვინმემ ნახოს. არის ისეთი ნახატებიც, რომელიც უნდა დამკვეთს, რომ არასოდეს გავიმეორო. არსებობს საავტორო ანალოგი, რომელსაც შეცვლილი აქვს გარკვეული დეტალები, მაგრამ მთლიანობაში მაინც იმ პირველი ნახატის ანალოგია. ზოგიერთი დამკვეთი ითხოვს, რომ მისი ნახატის ანალოგი აღარასოდეს შევქმნათ და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვასრულებთ.



- საკმაოდ ძვირად ღირებულია თქვენი ნახატები, საქართველოში რამდენად ხშირად ყიდულობენ?

- მაქსიმალურად ვცდილობ, საქართველოში შედარებით იაფად გავყიდო. სხვა ქვეყნებში, რა თქმა უნდა, სხვა ფასი აქვს. ძალიან მინდა, რომ საქრთველოშიც ჰქონდეთ ადამიანებს ჩემი ნახატები.

- ულამაზესი ბაღი გაქვთ. როგორც ჩანს, ხატვასთან ერთად ბაღის მოვლაც კარგად გამოგდით.


- ძალიან მიყვარს ბუნება, ცხოველები, თევზები. მიწასთან ურთიერთობა ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა. ბულაჩაურში გვაქვს აგარაკი, რომლის ბაღიც მე და ჩემმა მუღლემ საკუთარი ხელით გავაშენეთ. თავიდანვე სახლს არ მივაქციეთ იმდენი ყურადღება, რაც ეზოს, რადგან ვთვლიდით, რომ ძირითადი დრო უნდა გაგვეტარებინა გარეთ. მთელი ჩვენი ყურადღება, რესურსი, ფინანსები დავუთმეთ ეზოს გაშენებას. ეს არის დაახლოებით 15 წლის შედეგი. ჩვენი ხელით დავრგეთ ყვავილები, დავთესეთ ბალახი და დღემდე თავად ვუვლით ყველაფერს. ბაღში მძიმე სამუშაოებს ჩემი მეუღლე ასრულებს. შედარებით მარტივი სამუშაო მე მაბარია. ეზოში გვაქვს მარადმწვანე მცენარეები, რომელთა დახმარებითაც ბაღი ზამთარშიც ინარჩუნებს სილამაზეს და სასიამოვნო ელფერს. ახლო მომავალში ვგეგმავთ თბილისიდან საერთოდ გადავიდეთ იქ საცხოვრებლად. ამიტომ დავიწყეთ ეზოს განახლება, თავიდან დაგეგმარება. მალე სულ სხვა დიზაინის ბაღი დაამშვენებს ჩვენს სახლს.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები