სივრცე, სადაც „პოეტების მეფემ“ სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა

ათი კაციდან რვა მაინც, მას თავის საყვარელ პოეტად ასახელებს; ყველანაირი ეპითეტი თითქოს ზედმეტია, მხოლოდ სახელიც საკმარისია – გალაკტიონი, და უზარმაზარი მასშტაბის ხელოვანი „იშლება“ თვალწინ – უკიდეგანო ნიჭითა და მრავალფეროვანი, როგორც მხატვრის პალიტრა... შეიძლება იფიქრო, რომ მის შესახებ ყველაფერი უკვე ითქვა და დაიწერა, ბევრი ლექსი თუ წერილი ზეპირადაც იცი, გინახავს მისი ნახატები, ფოტოები და აქედან გამომდინარე, თითქოს ამოწურულია, თუმცა, ცდები. დაფიქრებულხარ იმაზე, რომ პოეტი სევდაჩამდგარი დიდი თვალებითა და უსწორმასწორო წვერით, თითქოს არც ერთ ფოტოზე არ იღიმის და სურვილი გიჩნდება შეიტყო, რა
სტკიოდა იმ დროს და რა აწუხებდა. მის პირად ნივთებსაც მარტივად ცნობ: კოსტიუმს, პორტფელს, ხელჯოხს, უბის წიგნაკსა თუ კალამს. ასანთი და უკანასკნელი სიგარეტის ნამწვი – განსაკუთრებით ინტიმური და ყველაზე „ცოცხალი“ ნივთია თითქოს. მიუხედავად ამისა, სახლში, სადაც ის ცხოვრობდა, ცოტა თუ იქნება ნამყოფი. ალბათ ყველას თავისებურად წარმოუდგენია ის სივრცე, სადაც გალაკტიონი დროს ატარებდა – აქ მის დღეს ღამე ცვლიდა და პირიქით.


ნინი სანადირაძე

გალაკტიონი თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩა #4-ში მდებარე სახლის ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობდა. პოეტმა აქ სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. მას შემდეგ ეს ბინა რამდენჯერმე გაიყიდა. სივრცემ ახალი სიცოცხლე ახლახან დაიწყო და ეს გახლავთ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამუზეუმო და საგანმანათლებლო ადგილი.

ბინა-მუზეუმის ოთხი ოთახის მთელი ინტერიერი გალაკტიონითაა შთაგონებული – მისი ფრაზებით, ნახატებით, გამოცემებით, ინსტალაციებით, ისმის გალაკტიონის ხმაც. მემორიალური ნივთებისა და ბიბლიოთეკის გარდა, აქ დაცულია ფოტომასალა, ხელნაწერები და სხვა დოკუმენტები. მისი სამუშაო ოთახი და საცხოვრებელი გარემო თითქმის უცვლელადაა აღდგენილი, თუმცა, ვინაიდან ბინა-მუზეუმის ორიენტირი დამთვალიერებელია, თანამედროვე რეალობას მორგებული სივრცე, სხვადასხვა ტექნიკური საშუალების დახმარებით, ყველა თაობის სტუმრისთვისაა საინტერესო. გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი, თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში 9 მუზეუმთაგან ერთ-ერთია. სწორედ ამიტომ, განახლებულ სივრცეში მასპინძლობა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების გენერალურ დირექტორს ნინი სანადირაძეს ვთხოვეთ:



- გალაკტიონის ბინა-მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესში ორი უმნიშვნელოვანესი მიზანი არსებობდა: პირველი - უნდა ყოფილიყო თანამედროვე კონცეფციის შესაბამისი, საგანმანათლებლო სივრცე, შეენახა ტიპოლოგიური და ეპოქალური სახე და მეორე – შეძლებისდაგვარად აღდგენილიყო ავთენტურობა. ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიმართლა, რადგან გალაკტიონის შესახებ არსებობს ბევრი წერილი, მოგონება და არსებობს ვახტანგ ჯავახაძე, რომელიც ფაქტობრივად მხარდამხარ მოგვყვებოდა და ეპოქალურ მასალაზე თვითმხილველის თვალით გვიყვებოდა. რეაბილიტაციის პროცესში კონცეფციაზე ფიქრის დროს, ხშირად ვცდილობდით, ყველაფრისთვის გალაკტიონის თვალით შეგვეხედა, თუ რა შეიძლებოდა სდომებოდა თავად მას. წერილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გალაკტიონი თავის სურვილებში არ იყო მოკრძალებული. ამიტომ მაქსიმალურად ვეცადეთ, მოგვეცვა მისი შემოქმედების ყველა მხარე: პოეზია, დღიურები, ნახატები, უნიკალური ხმა და ასევე, რამდენადაც მოგვცა სივრცემ ამის საშუალება, შევეცადეთ ოთხივე ხედი გამოგვეყენებინა: ჭერი, იატაკი, კედლები, ნიშები. თანამედროვე ტექნოლოგიებმა საშუალება მოგვცა, მასალა ისე გადმოგვეცა, რომ თანამედროვე ადამიანთან ახლოს ყოფილიყო. ძალიან დიდია გალაკტიონი, ასეთივეა მისი შემოქმედება, რთულია ის ოთხ ოთახში ჩაატიო, მაქსიმალურად ვეცადეთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც შეუძლებელია ის ბოლომდე ამოწურო.



- მუზეუმში არსებულ რამდენიმე დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას. პირველია კაბინეტი, გალაკტიონის ბიბლიოთეკით, საწერი მაგიდითა და სხვა პირადი ნივთებით, მეორეში ინახება გალაკტიონის სიკვდილის შემდეგ შექმნილი ნიღაბი, მესამეში კედელზე დატანილი გალაკტიონის ლექსებია, რომლებსაც პოეტი ნახატებითა და კარიკატურებით თავადვე აფორმებდა და საზოგადოების ნაწილისთვის ესეც სიახლე იქნება. ხოლო ყველაზე ბოლო, ასე ვთქვათ, განაპირა ოთახში, რომელიც, ჩემი აზრით, ყველა ზე იდუმალია, ისმის გალაკტიონის ხმა და ერთ-ერთ კედელთან ჰაერში კიდია ძველი ფანჯარა. რას წარმოადგენს ეს ჩანაფიქრი?



- მიუხედავად იმისა, რომ ფანჯარა ხშირად ასოცირდება გალაკტიონის დასასრულთან, ჩვენთვის ეს ასე არ იყო. მე ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ეს მხოლოდ თვითმკვლელობის ფანჯარაა. ეს ზუსტად ის ადგილია, საიდანაც გალაკტიონი ჭერზე გამოსახულ თავისივე ნახატს - მთვარის დაბნელებას უყურებდა და სიმბოლურად ეს მარადიულობის ნიშანია. ნებისმიერ დროსა და სივრცეში იარსებებს გალაკტიონი. ის უცვლელია, სამუდამოდ მარადიულობაში გადასული.



გალაკტიონს ოთხ ეპოქაში, ანუ ოთხ სხვადასხვა რეჟიმში ცხოვრებამ მოუწია და ეს ყველაფერი მის შემოქმედებასთან ერთად, ცხოვრებაზეც აისახა. ცენზურა ცვლიდა, ან იძულებულს ხდიდა შეეცვალა ლექსში ისეთი სიტყვები, როგორიც იყო: ქრისტე, ჯვარი და ა.შ. შემოქმედს მუდმივად დაჰყვებოდა შიში და თავისუფლების შეზღუდვას ტრაგიზმამდე მიჰყავდა. პოეტის ამგვარი განწყობა მის ნაწერებში ნათლად ჩანს, მუზეუმის სტუმარს არ სჭირდება დაკვირვებული თვალი და არც გამორჩეულად განვითარებული აღქმის უნარი, რომ ეს ყველაფერი ექსპოზიციიდან შეიგრძნოს.



მუზეუმში განსაკუთრებით შთამბეჭდავი ჭერია. აქ ყელმოღერებულმა უნდა იარო, რომ არაფერი გამოგრჩეს და გალაქტიკაში გაჭრილ პოეტს „ცაში“ უყურო.

ერთ-ერთი ოთახის ჭერზე, სხვადასხვა გამოცემის გარეკანებია თავმოყრილი - გალაკტიონის სიცოცხლეშივე დაბეჭდილი. ასევე „სავსეა“ კაბინეტის ჭერი – ის კრებულის „არტისტული ყვავილები“ 81 ლექსს უკავია. გალაკტიონის რიგით მეორე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს წიგნი, რომელიც უკვე საუკუნისაა, იმ დროს 2000 ტირაჟით დაისტამბა და კრებულმა გამოსვლისთანავე მიიქცია ყურდღება. ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ რეცენზიებში პოეტი უკვე ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა, ყველაზე მეტად მაინც გალაკტიონისთვის გენიის დამფასებელი დრო და ისტორია გამოდგა.



ანა კალანდაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები