„ჩემმა მშობლებმა რამდენიმე ბინა გამოიცვალეს. ისეთ პერიოდში ცხოვრობდნენ, რომ მათ თაობას ბინის პრობლემა მუდმივად ჰქონდა“ - ამბობს მხატვარი და საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი (გოგი) გეგეჭკორი, რომელიც ცნობილი მსახიობის, ,სახალხო არტისტის გოგი გეგეჭკორისა და თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძის ოჯახში დაიბადა. ბავშვობიდან ხელოვანთა წრეში იზრდებოდა და თავადაც ეს სფერო აირჩია პროფესიად. რა მოგონებები აქვს ბავშვობისდროინდელ სახლებთან, იმ ბინასთან, სადაც მისი ბაბუა ლადო გეგეჭკორი ცხოვრობდა, რა მანძილზე ჰქონდა სკოლა სახლიდან, ვინ ასწავლა ხატვა... ამ ამბებს გიორგი გეგეჭკორის ინტერვიუდან გაიგებთ.
- ჩემი მშობლების ახალგაზრდობის დროს ბინის
- ბინაში ინტერიერის მოწყობაზე დედა ზრუნავდა თუ ორივე ერთად?
- პროფესიიდან გამომდინარე, ორივე ძალიან დაკავებული იყო, რთული გრაფიკი ჰქონდათ. მსახიობის ცხოვრება ჩვეულებრივი განრიგით არ მიდის. მამას თუ სპექტაკლი ჰქონდა, საღამოს 6 საათზე უკვე თეატრში მიდიოდა. დილით რეპეტიციები 11-ზე იწყებოდა, მერე იყო გადაღება ან გახმოვანება. ასეთი რეჟიმის გამო, უფრო გარეთ იყვნენ, ვიდრე სახლში. მსახიობობა არასოდეს მინდოდა, მაგრამ როცა რეჟისორმა თენგიზ გოშაძემ გადაიღო სატელევიზიო ფილმი „მოხუცი მემანქანე“, ისე მოხდა, რომ პატარა ეპიზოდში ვითამაშე მამასთან ერთად.
- სახლში როგორ მუშაობდნენ მშობლები - ვთქვათ, მამა თავის ოთახში ამზადებდა როლს? ან როდის წერდა დედა?
-მშობლების გვერდით კარგახანს ვცხოვრობდი, მამას ცალკე ოთახი არ ჰქონია. ძირითადად, აბაზანიდან მესმოდა მისი ხმა... უმაღლესი რანგის პროფესიონალი იყო და ყოველი სპექტაკლის წინ მეტყველების სავარჯიშოებს იმეორებდა, მთელი ცხოვრება ასე იქცეოდა. დედაც სულ მუშაობდა, როგორც კი დროს იპოვიდა - წერდა. სკოლიდან დაბრუნებულს მშობლები სახლში იშვიათად მხვდებოდნენ. ბებიაჩემს, დედის დედას ებარა მთელი ოჯახი და სახლის საქმე. ეს გრძელდებოდა ბებიას გარდაცვალებამდე, 1979 წლამდე. ძირითადად, ბებიამ გამზარდა. გაკვეთილებს არავინ მიმოწმებდა. კარგად ვსწავლობდი და რა საჭირო იყო. სკოლა იქვე მქონდა, სადარბაზოდან ორ ნაბიჯზე. რვა კლასი დავამთავრე და ნიკოლაძის სასწავლებელში ჩავაბარე, ისიც ეზოს გადაღმა მდებარეობდა. მერე, სამხატვრო აკადემიაში ჩავირიცხე, ჩემი სახლიდან იქამდე სულ ორი გაჩერება უნდა გამევლო.
- თუ იყო დღეები, როცა ოჯახი სადილად ახერხებდით ერთად ყოფნას?
- ეს ტრადიცია უფრო ბაბუაჩემს ჰქონდა, მამის მამას. დედასგან ვიცი, როცა ერთი პერიოდი ჩემი მშობლები ბაბუასთან ცხოვრობდნენ, სადილად ყოველთვის ერთად იკრიბებოდნენ. ბაბუა ლადო გეგეჭკორი ძველი ფედერალისტი, საბავშვო მწერალი და მუსიკალური მოღვაწე, 91 წლისა გარდაიცვალა. მისი ორი ძმა, ცნობილი პიროვნებები იყვნენ, ორივე 1937 წელს დახვრიტეს. მძიმე პერიოდი იდგა, ალბათ, ოჯახი არ იყო, ვისაც დაჭერა არ შეხებია.
დედაჩემის მამა ამბერკი ურუშაძეც 1937 წელს დახვრიტეს, ხოლო დედამისი - ანა ჩიტაშვილი 10 წლით გადაასახლეს. მაშინ დედაჩემი 14 წლისა იყო. ის დეიდამ წაიყვანა და ერთად ცხოვრობდნენ გრიბოედოვის ქუჩის დასაწყისში, პირველი სადარბაზოს მესამე სართულზე. იმ სადარბაზოში სარდაფის სართულზე ცხოვრობდა კაცი, ვინც დახვრეტის ბრძანებებს ასრულებდა, ჯალათი იყო, გვარად შულმანი. ბებიას გადასახლებიდან რამდენიმე წელი გავიდა, ოჯახმა არ იცოდა გადასახლების ადგილი, რადგან მიმოწერის უფლება არ ჰქონდათ. ერთ დღესაც ამოვიდა შულმანის მეუღლე ამათთან და ეუბნება: ჩემი ქმარი ძალიან ცუდად არის, კვდება. მითხრა, რომ უნდა სიკვდილის წინ ერთი კეთილი საქმე მაინც გააკეთოს... და მისცა სია, სადაც ეწერა საბჭოთა კავშირის ქალთა ბანაკების მისამართები, 12 თუ 13 ბანაკი ყოფილა და ასე დაარიგა: ყველა ამ მისამართზე წერილი გააგზავნეთ და შიგნით ერთი მანეთი ჩადეთ. საიდანაც წერილი არ დაგიბრუნდებათ, ე.ი. იმ ბანაკშიაო. სისტემა კარგად მუშაობდა, წერილის უკან დაბრუნება ნიშნავდა, რომ პატიმარი იქ არ ზის. ასე გაიგეს, რომ პოტმაში, მოსკოვთან ახლოს გადაასახლეს. დედაჩემი ჩავიდა და ინახულა. ბებიამ თავისუფალ დასახლებაში გაატარა 10 წელი. ამ გზით აპოვნინა დედამ ახლობლები სხვებსაც. ბებია ჩამოვიდა და დედაქალაქიდან 101 კმ-ის მანძილზე უნდა ეცხოვრა. მოკლედ, ნატანჯი ქალი იყო. ყველაფრის მიუხედავად საოცრად ოპტიმისტი ადამიანი გახლდათ. მახსოვს, მასთან ერთად გადასახლებული ხალხი რომ შეიკრიბებოდა პერიოდულად, სულ სიცილ-კისკისი მესმოდა. იმ წლებს არასოდეს იხსენებდნენ, ტაბუ დაადეს.
სხვათა შორის, გრიბოედოვის თეატრში შესანიშნავი სპექტაკლი „ალჟირი“ დადგა ავთო ვარსიმაშვილმა, სადაც ნაჩვენებია ყაზახეთის ბანაკში გადასახლებული ქალების ცხოვრება. ემოციური სპექტაკლია, ცრემლების გარეშე ვერ ნახავ. ალჟირი ასე იშიფრება -„ აკმოლინსკი ლაგერ ჟონ იზმენნიკოვ როდინი“ (აკმოლინსკის ბანაკი სამშობლოს მოღალატეთა ცოლებისთვის). ერთ საინტერესო ეპიზოდს მოგიყვებით. ადგილობრივი მოსახლეობა მაგარ, ქვასავით ყველს ამზადებდა, ფორმითაც ქვას ჰგავდა. ისინი ხშირად, ბანაკის ეზოში ისროდნენ ამ „ქვებს“. ბანაკის ზედამხედველებს ეგონათ, რომ ქალებს ესროდნენ, სინამდვილეში ისინი „ქვებით“ იკვებებოდნენ.
- ბატონ გოგის ხშირად ხატავდით...
- კი, ამბობდა, უფასო ნატურად გამიხადაო. მისი უკანასკნელი პორტრეტი დავხატე სიკვდილამდე ერთი თვით ადრე. ხატვის ეპიზოდი მამას შესახებ დოკუმენტურ ფილმში - „ხელოვნების ქურუმი“ შევიდა. 1993 წელს 70 წელი რომ შეუსრულდა, ბენეფისი გაიმართა რუსთაველის თეატრში, სანდრო მრევლიშვილმა გააკეთა. მაშინ დავხატე მამა სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის როლში და პორტრეტი ბენეფისზე გავიტანე. დიპლომები მამას პორტრეტებით დავიცავი, 15-ზე მეტ როლში დავხატე.
ელენე ახვლედიანი და ნათელა ურუშაძე
- ამჟამად სად ცხოვრობთ?
- ისევ იოსელიანის ქუჩაზე, ე.წ. ჯაბას კორპუსში ვცხოვრობ. სხვათა შორის, ბევრი მოგონება მაკავშირებს ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმთან, იქ გავიზარდე და იქ დავიწყე ხატვა. ჩემი მშობლები მეგობრობდნენ ქალბატონ ელენესთან. მან შემასწავლა ხელობა და მხატვრობა. სამხატვრო ტექნიკუმში რომ ვაბარებდი, საკმაოდ დიდი კონკურსი უნდა გამევლო. მასთან სახელოსნოში, როიალზე დოქი დამიდგა და იმას ვხატავდი. ის როიალი ახლაც იქ, დღეს უკვე ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში დგას. მე როცა დოქის ხატვა დამავალა, ქალბატონი ელენე თვითონ ხატავდა ძველი თბილისის იმ კუთხეს, სადაც ვახტანგ გორგასლის ქანდაკება ჯერ არ იდგა. დამიძახა: მოდი, მოდი, აი აქ, ორი ცხენი ჩამიხატეო. მაშინ რატომღაც ომებით და ცხენებით ვიყავი გატაცებული და ხშირად ვხატავდი, გამომდიოდა კიდეც. მის ნახატში ცხენები ჩემი ჩახატულია და ისევე დატოვა. ეს ნამუშევარი მუზეუმში ჰკიდია. ცოტა ხნის მერე, მეც დავუძახე - დოქს ვერ ვხატავ-მეთქი. მოვიდა, ფუნჯი გამომართვა, რა უნდა დოქის დახატვასო, თქვა და უცებ დახატა. 1:1-ია, ვუთხარი ქალბატონ ელენეს. ის სურათი სახლში მაქვს.
- სახლი თქვენი ნავსაყუდელია?
- რასაკვირველია, აბა როგორ! მოგონებები სახლებთან ერთად, ადამიანებს უკავშირდება... მთელი ბავშვობა ქვიშხეთში, მწერალთა კავშირის ცნობილ სახლში ვისვენებდით. იქ ჩამოდიოდა ბრწყინვალე პიროვნება მაგალი თოდუა, რომელიც იყო ენათმეცნიერი და აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, გელათის აკადემიის პირველი პრეზიდენტი, ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორი. შეგვკრიბავდა ბავშვებს და დაგვატარებდა აღმა-დაღმა, ქართლში ბევრი საინტერესო ადგილია, თან ამბებსაც გვიყვებოდა. მაშინ სხვა ჩამოსხმის ხალხი იყო, სხვანაირი ურთიერთობები არსებობდა. სამწუხაროდ, ის ყველაფერი ნელ-ნელა მიიკარგა.
ნანული ზოტიკიშვილი