თამუნა დუმბაძე მოყვარული მებაღეა. დიდ და ლამაზ ბაღზე ბავშვობიდან ოცნებობდა. ოცნების განხორციელებას ფრთები მაშინ შეესხა, როცა თამუნა ზუგდიდში გადავიდა საცხოვრებლად. იქ ძალიან დიდი ეზო დახვდა და ფანტაზიასაც გზა მიეცა. თამუნა მუშაობს, პარალელურად უვლის ორი შვილს, ოჯახს. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ბაღის მოვლას და კიდევ უფრო გალამაზებას ყოველთვის ახერხებს. ამბობს, რომ სულ ახლახანს გაიღვიძეს ყვავილებმა მის ბაღში, მაგრამ ფიქრობს, ცოტა ხანში იქ საოცრება მოხდება.
- წარმოშობით ბათუმიდან ვარ. ვმუშაობდი ტელევიზიაში და ადგილობრივ რადიოში მუსიკალურ წამყვანად. ბოლო 7 წელია დავოჯახდი და ვცხოვრობ ზუგდიდში, მყავს
- როდის დაიწყეთ ბაღის გაშენება?
- სურვილი გაჩნდა მას შემდეგ, რაც საცხოვრებლად ზუგდიდში გადმოვედი. ძალიან დიდი ეზო დამხვდა და იდეებიც წამოვიდა, როგორი უნდა ყოფილიყო სამომავლოდ ჩემი ბაღი. ბათუმში ცხოვრების დროს ყოველთვის ვოცნებობდი დიდ ეზოიან სახლზე. ბაღის გაშენება დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყე, თუმცა მანამდე ქოთნის ყვავილებით ვიყავი გატაცებული (ახლაც ვარ), დაახლოებით 200 ქოთანს ვუვლი.
- გეხმარებოდათ ვინმე, თუ თავად გაართვით თავი?
- ძირითადად მე ვარ დიზაინერიც და ხორცის შემსხმელიც, თუმცა მამამთილი ყველა ჩემს წამოწყებაში გერდში მიდგას და მეხმარება.
- მართალია მამამთილი გეხმარებათ, მაგრამ ქალისთვის ეს რთული არ იყო?
- არა, რთული არ იყო. ამაში დამეთანხმება ყველა, ვისაც ბაღი და ყვავილები უყვარს. ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია, ერთხელ თუ დაიწყებ, ბოლო არ უჩანს. სულ გინდა რაღაც გააკეთო ან შეცვალო. ამის მთავარი მოტივატორი სიყვარულია.
- ბაღის გაშენება არც ისე მარტივია. ბევრი ნუანსია გასათვალისწინებელი, ნიადაგი, ბალახი, ჩრდილის და მზის მყვარული მცენარეების დაჯგუფება და ა.შ. ეს ყველაფერი როგორ შეისწავლეთ?
- გეთანხმებით, მარტივი არ არის. საბედნიეროდ, ძალიან დიდი ინფორმაციაა ინტერნეტში, სადაც ვპოულობდი ნებისმიერ კითხვაზე პასუხს. ვითვალისწინებდი იმ ადამიანების რჩევებს, რომლებსაც უკვე აქვთ გაშენებული ბაღი და ამის დიდი გამოცდილება აქვთ. ვიზრდებოდი ბინაში და ყოველთვის მქონდა სივრცის და სიმწვანის ნაკლებობის შეგრძნება, მინდოდა რაღაცის გაკეთება და ამის შესაძლებლობა არ მქონდა. ის, რაც მე მინდოდა მქონოდა, მხოლოდ აივანზე არ დაეტეოდა.
დავიწყე 3 წლის წინ, დავიწყე და დავიწყე. ვერ ვიტყვი, რომ დასასრულთან ახლოს ვარ. ჯერ ძალიან ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, ბევრი იდეა მაქვს განსახორციელებელი. ჩემი ბაღი პატარა სამოთხედ უნდა ვაქციო.
დავიკვეხნი იმით, რომ მცენარეების უმრავლესობა ჩემით გავამრავლე. სადაც მივდივარ, ტოტები მომაქვს და ვამრავლებ. ისეთ აზარტში ვარ, არა მგონია, ოდესმე დასრულდეს.
- რა ყვავილებს შევხვდებით თქვენს ეზოში?
- ეზოში უამრავი ყავავილი და ნაძვის ნაირსახეობა მაქვს: გვირილები, ტიტები, ვარდები, იასამანი, შროშანი, ჰორტენზია, გლადიოლუსი, ევონიმუსი, ყვითელი ყვავილი, ზამბახი, კესანე და ა.შ.
- ყვავილების გარდა ხეხილიც გაქვთ?
- ხეხილიც მაქვს, მაგრამ ვამაყობ ჩემი გაშენებული მარწყვის პლანტაციით. მაქვს, როგორც რიგებში, ისე ქოთნებში და პეტებში. მე ვუვლი და ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებ.
- დიდ დროს მოითხოვს ბაღის მოვლა. გაქვთ სამსახური, გყავთ ორი შვილი. ამ ყველაფერს ერთად როგორ ართმევთ თავს?
- რადგან ვმუშაობ და 2 შვილს ვუვლი, ამ ყველაფერს მარტო ვერ გავუმკლავდები. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მამამთილი მეხმარება. დღეში დაახლოებით 2-3 საათი სჭირდება.
- დიზაინი, დეკორაციები თქვენ გეკუთვნით?
- დიზაინი მთლიანად ჩემს თავზე ავიღე, თითოეული დეტალი მე მეკუთვნის.
- ამბობენ, რომ ლამაზი ბაღის გაშენება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. თქვენს შემთხვევაშიც ასე იყო?
- თავიდანვე, როდესაც ბაღის გაშენებას შევუდექი, მთავარი გზავნილი იყო ის, რომ სულაც არ არის ფული საჭირო, რათა ლამაზი ეზო გვქონდეს.
უამრავი გამოუსადეგარი ნივთი გვაქვს სახლში, რომელსაც შეიძლება მეორე სიცოცხლე ვაჩუქოთ და შეუცვლელ დეკორაციად ვაქციოთ. ჩემი ბაღი ამის ნათელი მაგალითია. მაქსიმალური სილამაზე, მინიმალური დანახარჯით. ყველაზე სასიხარულო იცით, რა არის? ეს გადამდებია. მიხარია და მაბედნიერებს, რომ ჩემთან მოსული ადამიანები იმხელა სიამოვნებას განიცდიან, რომ სახლში დაბრუნებულები თვითონაც იწყებენ რაღაცეების შექმნას.
- რას ურჩევთ ახალბედა, დამწყებ მებაღეებს?
- რაც შეიძლება მეტი ტერიტორია გავამწვანოთ და წალკოტდ ვაქციოთ. შევიქმნათ ლამაზი და ჯანსაღი გარემო. ეს სასარგებლო და სასიამოვნო პროცესია. ჩართეთ ოჯახის წევრები და ბავშვები ამ ყველაფერში. რაც მთავარია ბევრი მიმდევარი გაჩნდება და რაც უფრო ბევრნი ვიქნებით, მით უფრო ჯანსაღ და სუფთა გარემოში ვიცხოვრებთ.
მერი ბლიაძე
კომენტარები