"მიხარია, ბავშვებისგან რომ მესმის, ზურა პაპას პაღში მივდივართო" – კაცი, რომელმაც გლდანში საოცარი სკვერი მოაწყო

"არასოდეს მიფიქრია, ბევრი ფული მქონოდა. ფული დღეს არის და ხვალ არ არის. კაცმა რაღაც უნდა გააკეთო და დატოვო, როცა აღარ იქნები, ვინმემ გაგიგხსენოს! გვერდითა კორპუსებიდან რამდენჯერ მსმენია, ბავშვები ამბობენ - ზურა პაპას ბაღში წავიდეთო... როგორც გავიღვიძებ, ჩვევად მაქვს ბაღში გადავიხედო და დავრწმუნდე, ხომ არაფერია დაზიანებული. ყველა ხე და ბუჩქი მიყვარს"... - ამბობს ზურა ოზაშვილი, რომელმაც გლდანში სააოცარი სკვერი მოაწყო...

- მყავს მეუღლე, სამი შვილი და ხუთი შვილიშვილი. ჩვენი გვარის წარმოშობა ოზაანიდან მოდის - დედოფოლისწყაროდან. პროფესიით შალის დარგის სპეციალისტი ვარ და ამ

მიმართულებით ძალიან დიდხანს ვმუშაობდი. ადრე მაუდის კომბინატი იყო, ახლა სახელწოდება შეცვლილი აქვს... ამჯერად სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახურში ვმუშაობ. 67 წლის ვხდები, მაგრამ ისეთი ენერგიული ვარ, ბევრ პატარა ბიჭს ვჯობივარ!


- რატომ გაგიჩნდათ იდეა, ლამაზი სკვერი მოგეწყოთ?
- გლდანში საცხოვრებლად 1995 წელს გადმოვედით. 2000 წლიდან ბინის ამხანაგობის თავმჯდომარედ ამირჩიეს. რაც კი რამ არსებობს მერიის მიერ დაფინანსება კორპუსებისთვის, არ არსებობს პროგრამა, რომელიც ათვისებული არ მქონდეს. მე ასე მიმაჩნია, რომ თუ ცხოვრობ კორპუსში, კიდევაც უნდა იზრუნო მასზე!
რაც შეეხება ბაღს, დეტალურად გიამბობთ: როდესაც წითელი ზოლები გავაფართოვეთ, ჩვენი კორპუსის კუთვნილი ტერიტორია გადიდდა. რამდენიმე წელი რომ გავიდა, იქაურობა სამანქანე გზად იქცა... მოვიწვიე კრება და წამოვაყენე იდეა, პატარა სკვერი მოგვეწყო... კარგი და ცუდი ყველგან არის, მაგრამ აქ უმეტესად კარგი ადამიანები არიან და გვერდში მიდგანან. ყოფილა შემთხვევა, რამეს რომ ვიყიდი, გამოვლენ და მეუბნებიან, შენ რატომ დაიხარჯე, ფული ყველამ თანაბრად გავინაწილოთ გადასახდელადო... აღნიშნულ ტერიტორიაზე დავიწყეთ ხეების დარგვა, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. ხეებს ზოგს იპარავდნენ და ზოგზეც ისევ მანქანებით გადადიოდნენ... შემდეგ პატარა ღობე გავაკეთე, არმატურებით. ღობე უფრო ლამაზი რომ ყოფილიყო, ზედ ვარდები გავუშვი. 7 წლის წინ დავიწყეთ ბაღის მოწყობა და ახლა უკვე სულ სხვა სურათია! აღარავინ არაფერს იპარავს. პატარა ბავშვებიც სულ ასე ამბობენ, ეს ბაღი ზურა პაპამ ჩვენთვის გააკეთაო. მეც ვუხსნი, თქვენია და უნდა მოუაროთ და გაუფრთხილდეთ-მეთქი... 60 ძირი მხოლოდ დეკორატიული ხე მიდგას. ქალაქში რამე ლოდი თუ მომეწონებოდა, მიმყავდა მანქანა და ლოდი ბაღში მომქონდა. თავდაპირველად ჩემი ხელით გაკეთებული სკამები ჩავდგი, მერე უკეთესებიც მივამატეთ, წყალი მივიყვანეთ, ბევრი ჯიშის ყვავილები დავრგეთ, რამაც თავისებური სილამაზე მისცა ბაღს!.. ყვავილები ზოგი ახლა ყვავის, ზოგიც შემოდგომაზე. ახლა ძალიან ბევრი ვარდია გაშლილი. ეზოში სადარბაზოებთან დიდი ქოთნები მიდგას, საგანგებოდ დავამზადებინე საკუთარი ხარჯებით, თითო ასი დოლარი დამიჯდა... ამ ქოთნებში მარადმწვანე ხეები მაქვს დარგული...
ბაღში მერიის დახმარებით კიბე გავაკეთეთ, ასევე განათება... კედელზეც მაქვს მოწყობილი სენსორული განათება... იმდენად მოსწონს ხალხს ჩვენი ბაღი, ყოფილა შემთხვევა, სრულიად უცნობ გამვლელ ადამიანებს რაღაც ნერგები მოუტანიათ ბაღისთვის. ბაღს დიდი ფინანსები არა, მაგრამ დიდი შრომა ნამდვილად სჭირდება! ხეს რომ დარგავ, ბავშვივით მოვლა უნდა. ღამის პირველ საათზეც რომ დავბრუნებულვარ სამსახურიდან, ჩავსულვარ და ხეებს ვუვლიდი. ყველა მეუბნებოდა, ნამეტანი ნუ მოიკლავ თავსო... გსიამოვნებს, შენ გახარებულ ხეებს რომ ხედავ და გენანება, არ გახმეს და გაფუჭდეს.
ყველა ხე და ბუჩქი მიყვარს. მეზობელმა მოიტანა ნამყენები და გავახარეთ - გარგარი, ვაშლი, გოგრა ბალი... რამდენიმე წელიწადში ნაყოფს მოისხამენ!


- ბაღში პატარა ქანდაკებებიც გაქვთ...
- დიახ... ჩარლი ჩაპლინის ქანდაკებაა, ქალბატონი ჩირაღდნით ხელში, არწივი და რადგან მე კახელი გახლავართ, ახლახან ჩოჩორიც ჩავდგი... ჩოჩორი ბავშვებს განსაკუთრებულად უყვართ, ხშირად მოდიან, ზედ სხდებიან და სურათებს იღებენ.
არავის იმედად არ უნდა იყო და რისი გაკეთებაც შეგვიძლია, თვითონ უნდა გავაკეთოთ! მე მთელი ცხოვრება ასე გავატარე! ჩვენთან შორიახლოს მერიამ პატარა სკვერი გააკეთა და სკამები დადგა. ბალახი მოცელეს და შემდეგ ისე გაიზარდა, სკამების ძელებს შორის ამოვიდა. რომ გავიარე, სკამებზე ქალები იხდნენ და ვუთხარი, ეგ ბალახები ხომ შეგიძლიათ, სკამებს მოაშოროთ-მეთქი... გადაირივნენ, რას ქვია ჩვენ გავაკეთეთო, მერიას ევალებაო...


- სახლშიც გაქვთ მცენარეები?
- სამწუხაროდ, არა... ისეთ სახლში ვცხოვრობთ, კარკასული სისტემაა და აივანი არ გვაქვს. ყველა ფანჯარა ჩაკეტილია. ეზოში პატარა მიწა გვაქვს და იქ ვაზი მაქვს გაშენებული. ყვავილებიც არის დარგული და სამოვალოდ კიდევ ბევრი გეგმა მაქვს!
მანანა გაბრიჭიძე

კომენტარები

ოზაშვილი 2020-08-12 18:16
სასიამოვნოა,არც ვიცოდი ასეთი ბაღი თუ გქონდა ბიძაშვილო
pio pio 2017-08-09 09:51
mewinia magic ar dacvan qartvelebs wno arafelwi gvaq
mnn 2017-06-12 15:03
mesame mikroshi,xidis cin,
ირინა 2017-05-31 06:35
სად მდებარეობს ზურა პაპას ბაღი რომელ მიკროში?
sofo 2017-05-29 20:02
დიდი მადლობა ზურა ძია ესეთი ეზოსთვის. მარტო ბავშვებს კიარა უფროსებსაც გვიხარიათ ბაღში ყოფნა. გვეამაყებით

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები