საოცარი ბაღი თბილისში, სადაც ყვავილების წალკოტში ძაღლები, თუთიყუშები, კუ, იხვები და სხვა ფრინველები ცხოვრობენ

საკუთარი თვალით დანახული, რომ მოყოლილს სჯობს ალბათ დამეთანხმებით. არ გეგონოთ ვაზვიადებ, ბაღი, რომელზეც დღეს მოგიყვებით, თბილისში აღმაშენებლის ხეივანში მდებარეობს. გერმანულს ნაგაზს და ინგლისურ კოკერ სპანიელს, კატას თავისი კნუტით, კუს სახელად კუკური, იხვის ჭუჭულებს, ბატს, თავისი პატარა ჭუკით, ციცარს, ხოხობს, ქათამს, მტრედს, მწყერს, სხვადასხვა ჯიშის თუთიყუშებს, ზღვის გოჭს, კურდღლებს, თევზებს ბატონმა მალხაზ მაზანაშვილმა ერთ ეზოში მოუყარა თავი. აქ ასევე ნახავთ სხვადასხვა ჯიშის ულამაზეს და სურნელოვან ყვავილებს, უამრავ ხეხილს. ბატონი მალხაზის ბაღი და საოცარი სამყარო ნამდვილად გაგაოცებთ.


- ყვავილებთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან

სასიამოვნო საქმიანობაა, ასე რომ არ იყოს, ალბათ არც იარსებებდა ჩემი ლამაზი ბაღი. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა მათზე ყოველდღიური ზრუნვა, მოვლა და მოფერება. სულ მინდა, რომ ახალ-ახალი ყვავილის ჯიში შევმატო ბაღს და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადო. როდესაც სტუმარი მოდის ნაცნობი თუ უცნობი, ყველა აღფრთოვანებულია ამ სილამაზით. მაშინვე სურვილი უჩნდებათ, რომ ბევრი და ლამაზი ფოტო გადაიღონ, დატკბნენ ამ სილამაზით და სურნელით. ეზოში ჟასმინის და ვარდის ხეივნების სასიამოვნო სურნელი ტრიალებს.


- მამაკაცები ნაკლებად ინტერესდებიან ხოლმე ყვავილებით. რამ განაპირობა თქვენი ყვავილების მიმართ ასეთი სიყვარული?
- ბავშვობიდან მხიბლავდა ყვავილები, მქონდა კაქტუსების კოლექცია და სხვა ოთახის მცენარეები. ძალიან დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის მათზე ზრუნვა და ყოველდღიური დაკვირვება. მყავდა ასევე ფერადი თუთიყუშები და ეზოს ძაღლი. ახლაც მყავს გერმანული ნაგაზი, ძალიან ჭკვიანია - ბუთა. სხვა ცხოველებიც გვყავს, ჩემი შვილვიშვილის მაქსიმეს დიდი სურვილით და ინიციატივით. მაქსიმეს სულ პატარაობიდან შევაყვარე ბუნება. ჩვენს ეზოში ბევრი ფრინველი და ცხოველი ბინადრობს, ესენია: ორი ძაღლი, გერმანული ნაგაზი და ინგლისური კოკერსპანიელი, კატა თავისი კნუტით, კუ სახელად კუკური, იხვის ჭუჭულები, ბატი, თავისი პატარა ჭუკით. ასევე, გვყავს ციცარი, ხოხობი, ქათამი, მტრედი, მწყრები, სხვადასხვა ჯიშის თუთიყუშები, ზღვის გოჭი, კურდღლები და თევზები. მათზე პატარა მაქსიმე ზრუნავს.
2005 წელს შევიძინე ნაკვეთი, იქ იყო ცარიელი მინდორი. ავაშენე სახლი, შემდეგ ეზო მოვაპირკეთე და ყვავილების ჯერიც მოვიდა. ვერ წარმომიდგენია ლამაზი სახლი და ეზო მშვენიერი ხეების და ყვავილების გარეშე. ჩემთვის ლამაზი სახლი ეზოდან იწყება, ჩემს სახლს ყოველთვის ასეთს წარმოვიდგენდი, ბევრი მცენარით, ლამაზი ყვავილებით და ერთგული მეგობრებით. მხოლოდ სახლის მოწყობა არ მიმაჩნია სწორად. როდესაც კორპუსში ვცხოვრობდი, სადარბაზო დავასუფთავეთ და მწვანედ შევღებე, იმდენად მინდოდა მწვანეში, მცენარეებში და ხეებში ჩაფლული სახლი.


- ალბათ მარტივი არ იყო ამ ყველაფერის გაკეთება...
- რა თქმა უნდა, მარტივი არ იყო. ჩემს ბაღს დასრულებულად ვერ ჩავთვლი, რადგან ყოველდღიურად რაღაცას მაინც ვცვლი. სხვადასხვა იდეა და სურვილები მიჩნდება, ხან ბაღის დიზაინს, ხან განათებას, ხან აუზს, ზოგჯერ ყვავილებსაც უწევთ ადგილების გაცვლა ერთმანეთისთვის, ასე გრძელდება ყოველდღიურად. მინდა უფრო კრეატიული და სრულყოფილ გავხადო ჩემი ბაღი. მახარებს, როდესაც ბაღი კომპლიმენტებს იმსახურეს.


- ეს ყველაფერი თქვენი ძალებით გააკეთეთ, თუ დიზაინერი, ან მებაღე დაიხმარეთ?
- ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე. ეზოში ხელოვნური წვიმა, ხელნაკეთი ლიფტიც და ჭიშკარიც, რომელიც დისტანციურად იმართება, ჩემი გაკეთებულია. დიზაინერიც თვითონ გახლავართ, მშენებელიც და მებაღეც. არის შემთხვევა, როდესაც ეზოსთნ გაუვლიათ და უკითხავთ - „უკაცრავად, ეს ყვავილების მაღაზიაა?“.

- ბაღის გაშენება და შემდეგ მისი მოვლა მარტივი საქმე არ არის, როგორ ისწავლეთ თითოეული მცენარის მოვლა?
- რასაკვირველია, საჭირო იყო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შევძლებდი მათ სწორად მოვლას, მაგრამ საუკეთესო გამოცდილება, ვფიქრობ, მაინც მათთან ყოველდღიური ურთიერთობით და დაკვირვებით შევიძინე.


- ძირითადად რა მცენარეებია თავმოყრილი თქვენს ბაღში?
- ძირითადად ბუჩქოვანი მცენარეებია, დაახლოებით ოცდახუთი ძირი. ორმოცდახუთი ძირი ვარდი, ასევე ნაძვები, ხეხილი, ცაცხვი, სხვადასხვა ჯიშის ვაზი, ქოთნის მცენარეები. ჟასმინის და ვარდის ხეივანი დაახლოებით 20 კვ. მეტრზეა გაშენებული. ყოველ დილას ახალ ვარდებს ვკრეფ ჩემი მეუღლისთვის, როდესაც ის იღვიძებს, სულ სხვადასხვა ფერის ყვავილები ხვდება ლარნაკში. მას ეს ძალიან მოსწონს და მეც არ მეზარება მისთვის ეს სიხარული.


- არის მცენარე, რომელზეც ოცნებობთ და ჯერ არ გაქვთ?
- დიახ, უამრავი საოცნებო მცენარეა, ზოგიერთი უბრალოდ თბილისში ვერ ხარობს, რადგან ტროპიკულია და კლიმატს ვერ უძლებს. ბევრი მცენარე წამომიღია დასავლეთიდან, მაგრამ დაჭკნა, ან გადასხვაფერდა.

- ხეხილიც გაქვთ ბაღში?
- დიახ, ხეხილი გვაქვს. ჩემს ბაღში ხარობს დეკორატიული უნაბი, გარგარი, ატამი, ვაშლი, თუთა, ზღმარტლი, ბალი, კომში, ალუჩა, ქლიავი, ალუბალი, ვაშლატამა, კაკალი, ჟოლო. ხშირად ახლობლებსაც ვუნაწილებთ. საკუთარ ბაღში მოყვანილ და დაკრეფილ ხეხილს გემოც სხვანაირი აქვს და ეკოლოგიურადაც სუფთაა. სამურაბე ვარდიც გვაქვს, მურაბას ვაკეთებთ მისგან, ასევე ჟოლოს, ბლის მურაბას, ატმის ჯემს და ყურძნის კომპოტს.

- არის ეს თქვენი საოცნებო ბაღი?
- ვოცნებობ უფრო დიდ ტერიტორიაზე, რათა გავაშენო კიდევ უფრო მშვენიერი და მრავალფეროვანი ბაღი, ვიყოლიოთ ის ცხოველები და ფრინველები, რომლებზეც ჩემი მაქსიმე ოცნებობს, მაგრამ ჯერჯერობით ტერიტორიის სიმცირის გამო ამ სურვილებს ვერ ვუსრულებ.
დიდ მადლობას ვუხდი „შინს“, რომ დაინტერესდით ჩვენი ბაღით, მე ეს ძალიან მახარებს და სტიმულს მმატებს.

იხილეთ ვიდეო

მერი ბლიაძე

კომენტარები

თეონა 2017-06-08 12:49
მინდა გამოვთქვა ჩემი აღფრთოვანება ამ მასალის გამო! ბრავო ჟურნალისტს, პროფესიონალურ დონეზე მოგვაწოდა ყველაფერი ამ საინტერესო ფაქტის შესახებ- აქ ყველაფერია- ამბავიც და ემოციაც.. ტან ამდენი საინტერესო ფოტო მასალა ახლავს! ბრავო ქალბატონ მერის!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები