8 შვილის დედის საოცარი ბაღი და იშვიათი ვარდები - ნამდვილად გაოცდებით!

ნინო მანწკავა რვა შვილის დედაა. შვილებთან ერთად საკუთარ ეზოში 38 სახეობის ვარდს უვლის. მის ეზოში თავბრუდამხვევი სურნელება და სილამაზე ტრიალებს. ბაღი არის ერთდროულად დახვეწილიც და რომანტიკულიც. ვარდებისგან შექმნილია ულამაზესი კომპოზიციები, სახლის ექსტერიერი, საზღვარი, ცოცხალი ღობე... თითოეულ ვარდს აქ თავისი ისტორია და წარმომავლობა აქვს.

- ბავშვობიდან მიყვარს ყველაფერი, რაც მიწასთან არის დაკავშირებული. მშობლებს ძალიან უყვარდათ მცენარეები და ვფიქრობ, ყვავილების მიმართ ჩემს სიყვარულზეც ამან იქონია გავლენა. თბილისში დაბადებული და გაზრდილი ვარ, მაგრამ დედაჩემი დასავლეთიდან იყო. ბავშვობაში, მთელ ზაფხულს დედულეთში ვატარებდი. ბავშვობის დროინდელი მოგონებები

ძალიან ტკბილია. ერთ დღესაც მამაჩემმა სამსახურიდან მიწის ნაკვეთი მიიღო ასურეთში. დავდიოდით იქ და ამ მიწის ნაკვეთს ვამუშავებდით. 10-15 წლის ასაკში შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი მშობლებს. ასე ჩამომიყალიბდა მიწის და მცენარის მიმართ სიყვარული. დაოჯახების შემდეგ ღმერთმა მომცა ასეთი საჩუქარი -მაქვს კერძო სახლი. 2011 წელს დავსახლდით ამ სახლში. მას შემდეგ, რაც კერძო სახლი შევიძინეთ, მომეცა საშუალება, ჩემი ოცნებები რეალურად განმეხორციელებინა.

 

- როცა სახლი შეიძინეთ ეზო რა მდგომარეობაში დაგხვდათ?

- 2009 წელს ვიყიდეთ ცარიელი მიწის ნაკვეთი. სახლი ჩვენ თვითონ ავაშენეთ, რასაც ორი წელი დასჭირდა. სანამ სახლის მშენებლობას დავიწყებდით, მანამდე დავიწყეთ ხეხილის ჩაყრა. ხოლო რაც შეეხება ყვავილებს, პირველად ეზოში ვარდი ჩავრგეთ.

- იმიტომ, რომ გიყვართ, გამძლე მცენარეა თუ რა მიზეზით გამოარჩიეთ, რატომ ჩარგეთ პირველად ვარდი?
- რომ ვთქვა, ვარდები გამორჩეულად მიყვარდა მოგატყუებთ. პირიქითაც შემიძლია ვთქვა. მცენარეები ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ვარდები არ მიყვარდა. ვარდები ძირითადად ნანახი მქონდა ბაზრებში, მეტრიანი ბუკეტები, რომ უჭირავთ ხოლმე ხელში. ჩემში იგი ამოტრიალებული ცოცხის ასოციაციას იწვევდა და არასდროს არ მომწონდა. დასასვენებლად ვიყავით ახალდაბაში, როგორც გითხარით დედაჩემსაც ძალიან უყვარს მცენარეები და მას აჩუქეს ვარდის კალმები. ჩამოვიტანეთ თბილისში ეს კალმები, ჩავრგეთ და ყველამ გაიხარა. ასე აღმოჩნდა ჩემს ეზოში პირველი ყვავილი, ვარდი.

 

- თქვენი შეხედულებები ვარდების მიმართ შეიცვალა იმის მერე,რაც ეს ვარდები გაიშალა?
- ძალიან სასიამოვნო პროცესია, როცა უყურებ, როგორ იფურჩქნება ყვავილი. მცენარე ხომ ცოცხალი ორგანიზმია. თუმცა, ჩემი ვარდებით გატაცება და დიდი დოზით სიყვარული დაიწყო დეკორატიული მცენარეების სანერგე იელიდან. გავიცანი იელის ვარდების დიასახლისი, ქალბატონი მარინა ფალავანდიშვილი. ფაქტიურად მან გამაცნო და შემაყვარავარდები. დღეს ვარდის 300 000-ზე მეტი ჯიშია დარეგისტრირებული. თითოეული ვარდი არის ფაქტიურად პიროვნება. მათ აქვთ თავისი წარმოშობის ისტორია, ყავთ მშობლები, თავისი სელექციონერი, აქვთ თავისი სახელი, ძალიან ბევრს გულის ამაჩუყებელი, ზოგ შემთხვევაში სულის შემძვრელი ისტორიაც კი აქვს. როცა ეს ყველაფერი გამაცნო ქალბატონმა მარინამ, სულ სხვა თვალით დავინახე ვარდი.

 

- როცა მსოფლიოში ამდენი ათასი სახეობა არსებობს, აქედან თქვენს პატარა ბაღში, რამდენი სახეობაა თავმოყრილი?
- ჩემს ეზოში 38 სახეობის ვარდია თავმოყრილი. დამიჯერეთ ეს ნამდვილად არ არის ბევრი. ძალიან გვიყვარს მე და ჩემს ვარდებს ერთმანეთი და ძალიან ვახარებთ ერთმანეთს.


- ამბობთ, რომ ბევრი არ არის, თუმცა დარწმუნებული ვარ, არც ისე მარტივი იყო ამდენი სახეობის ვარდის შეგროვება.
- ძალიან საინტერესოა ყველაფერი ის რაც უკავშირდება ვარდს: შერჩევა, შეძენა, შემდეგ მათი მოვლა. რა შედეგებსაც მაძლევენ ვარდები, ეს არის ენით აღუწერელი ბედნიერება.

- აღნიშნეთ, რომ თითოეულ ვარდს თავისი ისტორია აქვს. თქვენი ბაღიდან რომელ ვარდს გამოყოფდით თავისი საოცარი ისტორიით?
- ნამდვილად გამოვყოფდი ვარდს, რომელიც სულ ახლახან შევიძინე, ეს არის ოსტინის ულამაზესი ვარდი KathrynMorley. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ამ ვარდის სახელის მინიჭების უფლება გაიყიდა აუქციონზე. მას დაარქვეს გარდაცვლილი, ახალგაზრდა გოგონას სახელი. სწორედ მისმა მშობლებმა იყიდეს ეს უფლება და ამით უკვდავყვეს საყვარელი შვილის სახელი. მართლა ულამაზესი ვარდია ვარდებს შორის. თავისთავად ძალიან მიყვარს თითოეული ვარდი, მაგრამ ეს ამბავი რომ გავიგე, ათმაგად შემიყვარდა ეს ვარდი. ისტორია უფრო ცოცხალს და საყვარელს ხდის ამა თუ იმ მცენარეს.  

- ვარდმა რომ უხვად იყვავილოს, ყველა სეზონზე განსხვავებული მოვლა სჭირდება. თქვენით ისწავლეთ ეს ყველაფერი?
- ყველაფერი ეტაპობრივად ვისწავლე. მაქვს ერთი თვისება, თუმცა არ ვიცი დადებითია თუ უარყოფითი ეს თვისება, სანამ რაღაცას სიღრმისეულად არ შევისწავლი, მეშინია თუ რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ამ საქმეს ხელს არ ვკიდებ. როდესაც სერიოზულად დავინტერესდი და გამიჩნდა სურვილი ვარდების შეგროვების, პირველი რაც გავაკეთე იყო ის, რომ შევისწავლე საფუძვლიანად მათი მოვლა. მინდოდა რაც შეიძლება უკეთესი შედეგი მიმეღო. ყველაფერი ვისწავლე ინტერნეტით და ქალბატონი მარინას რჩევებით. ვთვლი, რომ ექვს წლიანი გამოცდილება არაფერს არ ნიშნავს, თუმცა საფუძველი მაქვს, რომელსაც ნაყოფიერად ვიყენებ.

 

- გყავთ მრავალრიცხოვანი ოჯახი. როგორ უთავსებთ ოჯახის და ყვავილების მოვლას ერთმანეთს?
- პირველ რიგში რა თქმა უნდა ვთვლი, რომ ჩემი როგორც დიასახლისის უმთავრესი მოვალეობაა ოჯახის, შვილების მოვლა და შემდეგ უკვე ჩემი გატაცება. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ შესაძლოა მთელი კვირა გარეთ ვერ გავიდე, ზოგჯერ შემიძლია მთელი დღე ვარდებთან გავატარო.

- რამდენი შვილი გყავთ?
- რვა შვილი მყავს, შესაბამისად საქმეც ბევრია. თუმცა იმდენად დიდია მისწრაფება, რომ დაჯდომას და დასვენებას მირჩევნია ბაღში ჩავიდე , იქ ვიმუშაო და ბოლომდე დავიღალო. თუმცა დროის დეფიციტს მწვავედ განვიცდი. დღის განმავლობაში არ მყოფნის დრო ყველაფრისთვის. ვარდებს ტყუილად არ ეძახიან ყვავილების დედოფალს, მას მართლაც დიდებული, მეფური მოვლა და მოფერება სჭირდებათ.

 - თქვენი შვილები რამდენად არიან ჩართული ყვავილების მოვლის პროცესში?

- ჩემს ყვავილებს არ ვაკარებ არავის. თვითონ ხშირად იჩენენ ინტერესს, განსაკუთრებით პატარები მთავაზობენ დახმარებას. არ არსებობს, რომ დედის ემოცია შვილებზეც არ გადავიდეს. რა თქმა უნდა უყვართ, აფასებენ ამ ყველაფერს და მოხიბლულები არიან. ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს სილამაზე ვერ დაინახოს.

- ვარდების მორწყვასაც არ ანდობთ პატარებს?
- მორწყვასაც კი ვერ ვანდობ, რადგან ფოთლების ხშირი დასველება სოკოვან დაავადებებს იწვევს. მეუღლემ გამიკეთა პატარა მექანიკური სარწყავი მოწყობილობა, იმას ვაერთებ მილზე და თანაბრად ირწყვება ყველა ვარდი. ხელით არ ვრწყავ, რომ მხოლოდ ძირებში მიუვიდეთ წყალი.

- არსებობს ვარდის ჯიში, რომელიც არ გაქვთ და ოცნებობთ, რომ თქვენს ბაღს ამშვენებდეს?
- დიახ, ასეთი ვარდი უამრავია, თუმცა ყველაფერი წინაა.


მერი ბლიაძე

კომენტარები

ideodub 2024-10-19 03:43
A natural cycle was defined as a cycle occurring without artificial ovulation induction, including a gonadotropin releasing hormone GnRH antagonist or agonist buy priligy 60
nino 2017-07-14 20:44
gamravlot gmertma
ეთერი 2017-06-26 13:19
ჩემი მეზობელი შიო და მისი ოჯახი....... როგორ გაზრდილა შიო, კაცი გამხდარა......როგორ მენატრებით....... ნინო , სანიმუშო ქალი ხარ ძვირფასო.....
irmas3 2017-06-25 22:57
nino gamarjoba. ra lamazi bagi gqonia. gamixarda sheni danaxva
დავით უგულავა 2017-06-23 21:09
დაგლოცოთ და გადღგრძელოთ მამაზეციერმა თქვენს მრავალრიცხოვან და ლამაზ ოჯახთან ერთად! სილამაზისა და სიკეთის მომშენებელი ადამიანი ღვთივსათნოა და უფლისაგან კურთხეული. ღმერთმა გიმრავლოთ სიკეთე და სიხარული გულში, ოჯახსა და თქვენს გარშემო არსებულ სამყაროში!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები