სალომე ასათიანისა და ზვიად მეფარეს შინაგანი სამყარო მართლა განსხვავებული, ამაღლებული და ცოტა სევდიანია. ახალგაზრდა პოეტისა და ულამაზესი სალომეს სიყვარულზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. მათი ამბები, ერთმანეთისთვის მიძღვნილი შემოქმედება, ორიგინალური ფოტოები ბევრისთვის არის ნაცნობი და უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ სოციალურ ქსელშიც. ორივე ჩვენი ჟურნალის დიდი ქომაგია, ყვავილებისა და ხელმარჯვეობის მოყვარულნი და ამითაც მიიქციეს ჩვენი ყურადღება. მათი სახლიც, უბრალო, თბილი და მყუდრო, სწორედ ისეთია, სადაც ალბათ შემოქმედი ადამიანი უნდა ცხოვრობდეს...
თითქოს ორი ადამიანის სხეულში ერთი სული ჩასახლდა. ორივეს ერთნაირად უყვარს ბუნება, ცხოველები, ადამიანები, პოეზია...
სალომე:
- ბუნების, ყვავილების სიყვარული ბებიებისგან მომყვება, დედულშიც და მამულშიც მშვენიერი ბაღი გვქონდა. მათ შემყურეს სურვილი გამიჩნდა, ყვავილები შემეგროვებინა. ეს საქმე ისეთი აზარტულია, უფრო და უფრო გიზიდავს და ბევრი გინდა გააკეთო. მცენარეების სიყვარული მათი გამრავლებისა და მოვლის დაუძლეველ სურვილს მიჩენს. ვყიდულობ საჭირო ლიტერატურას, ინტერნეტსივრცეში ძალიან მეხმარება ჯგუფი „ყვავილნარი“ გამოცდილების მიღებაში.
ჩემს ეზოში, ყველა კუთხეში ყვავილები ხარობს, ჩემს მეუღლეს უფრო ხეების მოვლა იზიდავს. ჩვენი ბაღი ზამთრის გარდა ყოველთვის აყვავებულია. ჩემი ოცნებაა, უფრო მეტი მცენარე ყვაოდეს ჩემს ბაღში. მინდა, ამ სფეროში განვვითარდე და ერთ დღესაც გამოცდილი ფლორისტი გავხდე.
სახლის უკან დიდი ეზო გვაქვს, ხეხილით და სათესი სავარგულებით. მთელი ოჯახი ჩართული ვართ და გაზაფხულის მოსვლა ამიტომაც გვეჩქარება. ამ დროს ჩვენი ბაღი ბევრ მუშაობას მოითხოვს, საკუთარ მიწაზე, შენი შრომით მოყვანილ პროდუქტს სულ სხვა გემო აქვს.
წელიწადის დროებიდან გამოვყოფდი შემოდგომას, რადგან ამ დროს ბევრი ყვავილი აღარ ყვავის და გარშემო ქრიზანთემების სიფერადე, ჰაერში კი მათი გამაბრუებელი სურნელი იგრძნობა. ყველაზე მეტად შემოდგომა მიყვარს. შემოდგომაზე დავიბადე, წელიწადის ამ დროს ვიპოვე სიყვარულიც.
- თქვენი ბუნებისადმი სიყვარულით ხომ არ მოხიბლეთ პოეტი ქმარი?
- ზვიადს ნათქვამი აქვს, რომ ჩემით დაინტერესების ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. ბუნებაა ყველაზე დიდი პოეზია. ზვიადის თქმით, მასში შთაგონების წყარო ჩქეფს. 2011 წლის ნოემბერში სოციალური ქსელით გავიცანით ერთმანეთი. ზვიადმა მიმიწვია თავისი ლექსების ჯგუფში. მოვინახულე მისი ლექსები და სამუდამოდ დავრჩი იქ.
მისი პოეზიიდან კარგად ჩანდა ზვიადის სულიერი მხარე. მივხვდი, რომ ის იყო ადამიანი, ვისთანაც ჩემს გრძნობებზე თავისუფლად შემეძლო მესაუბრა. ყველასთან ვერ ისაუბრებ იმაზე, რომ დღეს საოცარი სილამაზის შემოდგომისფერი ხე დაინახე და მისი ფოთლების სიფერადემ სული აგიფორიაქა. სწორედ ასეთმა თემებმა აღძრა მასში ჩემ მიმართ ინტერესი. ყოველი დღე საინტერესოდ ვითარდებოდა ინტერნეტმიმოწერით... ჩვენ ბუნებისა და ხელოვნების სიყვარული გვაერთიანებდა. არასოდეს გვისაუბრია მატერიალურ თემებზე, ჩვენი სამყარო სხვა სივრცეში აღმოვაჩინეთ და იქ მხოლოდ ჩვენ ვიყავით. ჩემთვის ყველაზე მთავარი მისი ადამიანობა, უღალატობა და მზრუნველობა იყო, რომელსაც მოქმედებებში ვატყობდი. პირველი შეხვედრაც საოცარ გარემოში მოხდა, ერთმანეთს ქუთაისში, პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის საღამოზე შევხვდით. ის საღამო საინტერესო და მოაზროვნე ადამიანებთან გავატარე. ორ თვეში უკვე ცოლ-ქმარი გვერქვა.
ზვიადი რუსთავიდან არის და ამიტომ დაქორწინებამდე მხოლოდ ოთხჯერ ვნახეთ ერთმანეთი. დაქორწინების შემდეგ ქუთაისში ცხოვრება გადავწყვიტეთ და ცხოვრებაც ნულიდან დავიწყეთ.
თავიდან ერთი დიდი ფინჯანი გვქონდა და იქიდან ერთად ვსვამდით ჩაის. მატერიალური სიმდიდრით დღესაც ვერ დავიკვეხნით და ალბათ ჩვენ სამუდამოდ ასეთებად დავრჩებით. ჩვენი სიმდიდრე ჩვენივე სამყაროა, სადაც ჩვენ ვართ: პოეზიით, მცირედი ქველმოქმედებით, მცენარეებისა და ცხოველების სიყვარულით.
- შეუღლების მერე რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?
- უფრო მეტად გავიცანით ერთმანეთი, ჩვენი საყვარელი გატაცებები გავაერთიანეთ. სამსახურიც საერთო გვაქვს, ვმუშაობთ წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოწერის სამსახურში. ჩვენთვის დრო ძვირფასია და საღამოობით სხვადასხვა საქმეში ვართ ჩართულები, მე ვქსოვ, ვქარგავ და ყვავილებს ვუვლი, ზვიადი თავის პოეზიაშია და ამჟამად მეექვსე წიგნზე მუშაობს. მალე მისი ნათარგმნი შექსპირის სონეტებიც გამოვა, რომელსაც მცირე ტირაჟით უბეჭდავენ. ცოტა ხნის წინ ხატვის შესწავლა დაიწყო, რადგან ძალიან უნდა, დამხატოს. თავისუფალ დროს ვმოგზაურობთ, თუმცა უფრო ზაფხულში გვიყვარს ხეტიალი, ფოტოგადაღებაც ჩემი ერთ-ერთი სისუსტეა, განსაკუთრებით მოგზაურობისას. გვიხეტიალია ნებისმიერ პირობებში - თოვლში, წვიმაში, ტყეებში შუაღამისას, ეს ყველაფერი ადამიანს აძლიერებს თურმე. ამას ჩვენ კარგა ხანია მივხვდით.
როცა მიტოვებულ სოფლებში ნასახლარებს ვხედავთ, ძალიან განვიცდით, ეს უმძიმესი სანახავია და ქართული სოფლის განვითარებაზე ვოცნებობთ. ეს საქართველოს განვითარების აუცილებელ პირობად მიგვაჩნია. ვცდილობთ, ყოველი დღე შთამბეჭდავი იყოს და წინასწარ ვგეგმავთ, რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო დღეს. ბუნების მოტრფიალენი ვართ და ემოციურად აღვიქვამთ ბუნების ნებისმიერ მოვლენას. შეიძლება, ისეთი რამ განვიცადოთ და გვეტკინოს, ცოტა აუხსნელიც იყოს ბევრისთვის. ვუფრთხილდებით ყველა სულიერს. ჩვენთან ორი ძაღლი ცხოვრობს - ბადი და მატილდა, ქუჩაში ვიპოვეთ და შევიფარეთ. ბადი არხში იხრჩობოდა, მატილდა კი შუა გზაზე მანქანიდან ჩამოსვეს.
მცენარეებთანაც ამიტომ ვმეგობრობთ, ცოცხალ არსებებად აღვიქვამთ და ვზრუნავთ მათზე, როგორც მწვანე სიცოცხლეზე. სამყარო არ გვანებივრებს დადებითი მოვლენებით, მაგრამ ვფიქრობთ, თუ ყველანი გავერთიანდებით და ბევრ კარგ საქმეში ჩავერთვებით, ვიღაცების ცხოვრებასაც კი შევცვლით.
ადამიანთა დახმარების სურვილიც ერთად გაგვიჩნდა. მცირედ ქველმოქმედებას ვაკეთებთ. არ ვიმართლებთ თავს იმით, რომ ჩვენი მწირი შემოსავლით ამას ვერ შევძლებთ. ყოველთვის გადავდებთ ხოლმე დანაზოგს გაჭირვებული ადამიანებისთვის. გონება დავძაბეთ და ჩვენი გატაცებებიც ჩავრთეთ ამ საქმეში, მოვაწყვეთ პოეზიის საღამოებიც, სადაც გაიყიდა ზვიადის წიგნები, შემოსული თანხით კი მათ დავეხმარეთ, ვისაც იმ დროს ეს სჭირდებოდა. ყვავილების გამრავლება-გაყიდვაც გადავწყვიტე. ზვიადი მეხმარება ყვავილების მოვლა-გამრავლებაში, აზავებს მიწას, რომელიც საოცრად ზრდის და ალამაზებს ჩემს მცენარეებს. მიმზადებს ორიგინალურ მაგიდებს, თაროებს ყვავილებისთვის, ყველაზე მეტად მაინც მისი ხელნაკეთი საქარგავი მაგიდა მიყვარს.
- ყველა ნიჭთან ერთად, არაჩვეულებრივად გამოგდით ხელსაქმეც...
- ხელსაქმე დედამ შემასწავლა. 90-იან წლებში აქტიურად ვქსოვდით მეც და დედაც. მერე რაღაც პერიოდი მივატოვე. ბოლო დრომდე მხოლოდ ახლობლებისთვის ვქსოვდი, მაგრამ ჩემმა ცხოვრებამ მოითხოვა, რომ შეკვეთებითაც დავსაქმებულიყავი. ქარგვა და ქსოვა ჩემი სამყაროა, ისევე, როგორც ყვავილები. ბევრი ნამუშევარი მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე დიდი მიღწევა ვაჟა-ფშაველას გამოსახულებიანი სვიტერია, რომელიც ზვიადისთვის შევქმენი.
- საოცარი და განსხვავებულია თქვენი საცხოვრებელი სახლი. ალბათ თქვენი გემოვნებით მოაწყვეთ...
- ავეჯი ძალიან ღარიბულია და ჩვენს სახლში სითბოს ასხივებს. თითქმის ყველაფერი ხელნაკეთია. ზვიადი ძველ, დაზიანებულ ნივთებს, ავეჯის ნაწილებს აგროვებს და მერე რაღაცებს მიმზადებს. ახლახან ყვავილებისთვის ულამაზესი თარო მომიხატა. თან ბევრი იარაღი არ აქვს, უფრო სუფთა ნამუშევარი რომ გამოვიდეს. თუმცა, მე სწორედ ასეთი მომწონს, ეტყობა, რომ ბუნებრივია. მაგიდაზე, რომელიც ზვიადმა დაამზადა და მოხატა, ბევრი ლექსი დაწერილა, ბევრი რამ მოქსოვილა, ბევრი ყვავილიც გადარგულა. ჩვენთან ყველა ნივთი საერთოა და ასე შეხმატკბილებულად გადის დღეები, რომლებიც ყოველდღიურად სულს უფრო გვიფაქიზებს და გვითბობს!
- კიდევ რაზე ოცნებობთ?
- ჩემი ოცნება საკუთარი ორანჟერეის გაკეთებაა, რათა მატერიალურად უფრო მოვძლიერდე, დედის საკმაოდ მძიმე დაავადების დამარცხება შევძლო, მეტ ადამიანს დავეხმარო ჩემი შრომით, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი სახსრებით ამას ვერ ვახერხებთ. შეკვეთებს ნაქსოვებზეც ვიღებ და ასე მრავალმხრივი განვითარებისკენ მივდივართ. ყველაფერი უბრალო მაბედნიერებს...
აქვე მინდა, აღვნიშნო თქვენი ჟურნალის შესახებ, ყოველი ახალი ნომრის გამოსვლით გამოწვეულ ემოციას ვერასოდეს გადმოვცემ. ჟურნალი „შინ“ ჩემი ოჯახის წევრია და მოუთმენლად ველოდები თითოეულ ნომერს.
მერი ბლიაძე
კომენტარები