როგორ მოვუაროთ ტუიას, რომელსაც სიცოცხლის ხესაც უწოდებენ

ტუია (ლათ. Thuja) – კვიპაროსისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე, წიწვოვანი მცენარე, რომელიც ბუნებრივ პირობებში სიმაღლით 8-10 მ-ს აღწევს, მაგრამ არსებობს მცენარის ჯუჯა სახეობები, რომლებიც მხოლოდ 50-70 სმ იზრდება და ოთახის პირობებშიც საკმაოდ მარტივად გაახარებთ.

ტუიას სიცოცხლის ხესაც უწოდებენ. ბოლო დროს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს იმის გამოც, რომ ადვილად ეგუება ნებისმიერ გარემოს - მათ შორის ქალაქისასაც.
სხვა წიწვოვანთა მსგავსად, ტუიაც გამოყოფს ფიტონციდებს, რაც, გარდა იმისა, რომ ოთახს სასიამოვნო არომატით ავსებს, ჰაერსაც ადეზინფიცირებს და დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანზე.

ტემპერატურა და განათება

ზაფხულობით ტუია სუფთა ჰაერზე
– ბაღში, ან აივანზე გამოიტანეთ და იქ შემოდგომის ბოლომდე დატოვეთ. ზამთარში მცენარე ნათელ და გრილ ოთახში შეიტანეთ და 5-15 გრადუს ტემპერატურაზე გამოაზამთრეთ.

თუ ზამთარში შესაბამისი პირობები არ გაქვთ და ოთახის ტემპერატურა 15 გრადუსს აჭარბებს, შეგიძლიათ ტუია ზამთრის განმავლობაში აივანზე ან სულაც ბაღშიც დატოვოთ. სიცივეში მცენარეს არაფერი მოუვა, გამათბობლით დამთბარ და გამომშრალ ოთახში კი შეიძლება გახმეს.

ჰაერის ტენიანობა

ტუიას მაღალი ტენიანობის ჰაერი მოსწონს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ტოტებზე დროდადრო ოთახის ტემპერატურის წყალს შეასხურებთ.

მორწყვა

ტუია რეგულარულად, მაგრამ ზომიერად უნდა მორწყათ, ისე, რომ ქოთანში არც წყალი ჩაუდგეს და არც მიწა გამოუშრეს.

გრილ ოთახში გამოზამთრების შემთხვევაში მცენარეს უფრო ნაკლები რაოდენობის წყალი სჭირდება, მაღალი ტემპერატურის პირობებში კი (ცხელ ზაფხულში, ან თბილ ოთახში გამოზამთრების შემთხვევაში) – მცენარე უფრო ხშირად და უხვად მორწყეთ.

ნიადაგი და გადარგვა

ახალგაზრდა ტუია ყოველ წელს უნდა გადარგოთ, მოზრდილ ეგზემპლარებს კი ყოველწლიურად მხოლოდ მიწის ზედა ფენა გამოუცვალეთ.

შეგიძლიათ, ტუია პირდაპირ წიწვოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ნიადაგში ჩარგოთ ან ნიადაგი მას კომპოსტის, ტორფისა და ქვიშისგან (1/3/1) თავად მოუმზადეთ.

გადარგვისას ყურადღება მიაქციეთ, რომ მცენარე ახალ ქოთანშიც მიწიდან იმავე დონეზე დარგოთ, რადგან უფრო ღრმად ან ზედაპირულად დარგვა მცენარის გახმობას გამოიწვევს.

განოყიერება

ტუია მხოლოდ აქტიური ზრდის პერიოდში (მაისიდან სექტემბრის ჩათვლით), თვეში 1-ხელ გაანოყიერეთ.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ სასუქის კონცენტრაცია ძალიან სუსტი იყოს, რადგან მაღალი კონცენტრაციის სასუქი მცენარის სწრაფად ზრდას გამოიწვევს.

გამრავლება

ტუია ტოტის დაფესვიანებით უნდა გაამრავლოთ.
ამისთვის საჭიროა: გაზაფხულის დადგომისთანავე მოაჭრათ მცენარეს ნახევრად გახევებული, 10 სმ-ის სიგრძის ტოტი, რომელიც ჯერ რომელიმე სტიმულატორით უნდა დაამუშაოთ, შემდეგ კი დასაფესვიანებლად ტორფისა და ქვიშის ნაზავში მოათავსოთ.
სასურველია, დასაფესვიანებელ ტოტს ზემოდან შუშის ქილა ან პოლიეთილენის პარკი დააფაროთ.
მარინა ვაშაძე

კომენტარები

თემური 2023-07-26 14:14
როდის ჯობია ტუის გასხვლა, გაკრეჭა?
ბელა 2023-03-06 12:50
რა სასუქი გავუკეთო ტუიებს და კვიპაროსებს ეხლაა გაზაფხულზე
სოფიო 2022-05-14 18:25
რით შევწამლოთ ტუია და კვიპაროსი
სოფიო 2022-05-14 18:24
რა სასუქი სჭირდება ტუიას და კვიპაროს
ციცო 2022-02-06 16:12
გამიხმა ტუები რომ გადავჭრა, რით შევწამლო

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები