მცენარეების გასხვლის სწორი და იოლი ხერხები - გამოცდილი მებაღის რჩევები

გასხვლა-ფორმირება მცენარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროცესია. გასხვლა სხვადასხვა ხერხით შეიძლება, თითოეულ მეთოდს კი თავისი დანიშნულება აქვს. რამდენად მნიშვნელოვანია მცენარის გასხვლა, რა არის გასხვლის მიზანი და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს არასწორად გასხვლამ მცენარეს, ამის შესახებ მებაღე ზურა ჩალათაშვილი გვესაუბრა.

- მცენარის ვარჯის ფორმირება, ხშირი და დაზიანებული ტოტების მორიდება აუმჯობესებს არა მხოლოდ ვიზუალურ მხარეს, არამედ მის ვეგეტაციურ, სანაყოფე-გენერაციული ორგანოების ჩასახვასა და განვითარებას. უფრო მარტივად რომ ვთქვა, ტოტები არის ჯანმრთელი და მასზე განვითარებული ფოთოლი თუ ყვავილი სრულყოფილია. აქედან გამომდინარე, გასხვლა მცენარისთვის მნიშვნელოვანია.



გასხვლის მიზანია მცენარის გახარება. გახარება კი ნიშნავს ჯანმრთელ ტოტს, სრულყოფილ ფოთოლს, ყვავილობას და მისგან მიღებულ დაუზიანებელ ნაყოფს. გასხვლით ხელს ვუწყობთ მცენარის აერაციას. კარგად განიავებულ ვარჯში ნაკლები მავნე დაავადება ბუდობს, რაც ამარტივებს და ამცირებს წლის მანძილზე ჩასატარებელ აგროტექნიკურ სამუშაოებს.

- წლის რომელ სეზონზე სხლავთ მცენარეებს?

- სხვლა-ფორმირება შესაძლებელია ფოთოლცვენიდან 25-30 დღის შემდეგ, კვირტების დაბერვამდე. ეს ნიშნავს შემოდგომიდან გაზაფხულამდე პერიოდს, რა დროსაც მცენარე მოსვენების მდგომარეობაშია. ამ დროს მცენარეში არ მოძრაობს წყალი და მასში გახსნილი ნივთიერებები.



- გასხვლის რა მეთოდები არსებობს?

- გასხვლის სამი მეთოდი არსებობს. ესენია: ძლიერი სხვლა - რა დროსაც ტოტის ორი მესამედი იჭრება; საშუალო სხვლა - იჭრება ტოტის ნახევარი; მსუბუქი სხვლა - იჭრება ტოტის ერთი მესამედი.

- სხვადასხვა მცენარეს განსხვავებული გასხვლა სჭირდება?

- რა თქმა უნდა - სხვლა-ფორმირების მეთოდი სხვადასხვა მცენარეზე განსხვავებულია. რაც დამოკიდებულია მის ჯიშზე, ფორმაზე, მდგომარეობაზე, ადგილმდებარეობაზე და იმის ცოდნაზე, თუ რა ფუნქცია აქვს. არის ასეთი მცენარე - ირმის რქა, მისი სახელი და გასხლული ხის ვარჯი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. მებაღემ ისე უნდა გააკეთოს აგროტექნიკური სამუშაო, რომ ვარჯი ნამდვილი რქებივით გამოიყურებოდეს, ეს მის სილამაზეს ერთიორად აუმჯობესებს.



მაგრამ თუ წყავს ისე გავსხლავთ, როგორც ირმის რქას, ჯობია, სულ არ გვედგას ასეთი ფორმის მცენარე, რადგან მას სხვადასხვა გეომეტრიული ფორმებით სჭირდება ფორმირება.

- გასხვლისას რა უმთავრესი ფაქტორებია გასათვალისწინებელი? რა არის ის ზოგადი წესები, რომლებიც გასხვლის პროცესში უნდა გვახსოვდეს?

- შევეცდები, გასწავლოთ გასხვლის მარტივი გზები:



პირველ რიგში მოაჭერით გამხმარი და დაზიანებული ტოტები. მოაცილეთ ისეთი ტოტები, რომლებიც ხელს უშლიან ერთმანეთსა და მიმართულია მცენარის გულისკენ. მოაჭერით სუსტი და მოუმწიფებელი ტოტები. შეეცადეთ, მცენარეს ვარჯის სიღრმიდან ამოაჭრათ ის ტოტები, რომლებიც მას აერაციაში ხელს უშლის. და ბოლოს, დაამოკლეთ დარჩენილი ტოტები.

- რა ზიანი შეიძლება მიაყენოს არასწორად გასხვლამ მცენარეს?

- არასწორად სხვლა-ფორმირებამ შეიძლება მცენარეს დაუკარგოს სილამაზე, ნაყოფიერება, დააზიანოს სხვა მცენარე და, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, გამოიწვიოს მისი ხმობა.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები