როგორ მოვაწყოთ ცოცხალი ღობე და საჩრდილობელი ეზოში - მირანდა ბრეგვაძის რჩევები

ბუჩქებს და ცოცხალ ღობეებს ქალაქში ჰაერის გაწმენდა ხეებზე უკეთ შეუძლიათ, თუმცა რატომღაც ეს ტენდენცია საქართველოში ვერ დამკვიდრდა. ეზოს და ბაღის მეპატრონეები უპირატესობას რამდენიმემეტრიან ბეტონის კედლებს ანიჭებენ და არა ცოცხალ, მცენარეებით გარშემორტყმულ ღობეს. თუმცა უდავოა, რომ ცოცხალი ღობე ეკოლოგიური და ვიზუალური თვალსაზრისით განსაკუთრებულ ეფექტს ქმნის. ცოცხალი ღობის მოსაწყობად რომელი ბუჩქი, ხვიარა მცენარე და ხე გამოდგება, როგორ უნდა ჩავრგოთ და მოვუაროთ მათ, ამის შესახებ ცნობილი მევარდე მირანდა ბრეგვაძე მოგვითხრობს.

- ყველას მოსწონს ლამაზი, ათასფერი ყვავილებით, მცენარეებით გალამაზებული ბაღი. თუმცა ცოტამ იცის, რამხელა
ძალისხმევა, შრომა, ცოდნა სჭირდება ბაღის გაშენებას. როცა ბაღის დაგეგმვას ვიწყებთ, პირველ რიგში ვკითხულობთ, სად უნდა გავაშენოთ ბაღი, როგორი რელიეფია იმ ადგილას. როცა ამას ვეკითხები, ცოტა უცნაურად ეჩვენებათ ხოლმე. არადა, რეალურად აუცილებელია, ეზოში მცენარეები კლიმატის და ნიადაგის მიხედვით შეირჩეს.



ბაღის გაშენებამდე აუცილებლად უნდა მომზადდეს ნიადაგი, შეფასდეს მისი სტრუქტურა, რამდენად ნაყოფიერია, მიმდინარეობდა თუ არა აქ სარემონტო სამუშაოები. აუცილებელია, ეზოში ყველანაირი შავი სამუშაო იყოს დასრულებული. სწორედ ამის შემდეგ უნდა განაშენიანდეს ბაღი. თუ ნიადაგი გაფუჭებულია, საჭიროა ნოყიერი ნიადაგის შეტანა. ამის შემდეგ ვიწყებთ ბაღის გაშენებას.

- ყველა ვერ ახერხებს სპეციალისტის მომსახურებით ისარგებლოს და თავად იწყებს ბაღის განაშენიანებას. რა ზიანი შეიძლება მიადგეს არასწორად დარგულ მცენარეებს, დაგეგმილ ბაღს?



- როცა ადამიანი ვერ განსაზღვრავს ნიადაგის სტრუქტურას, ვერ შეარჩევს შესაბამის მცენარეებს, საბოლოო ჯამში ის თავად რჩება დაზარალებული. ძნელია მოყვარულის დონეზე, სერიოზული დანაკარგის გარეშე ბაღის გაშენება. შესაძლოა ნიადაგი კარგი იყოს, მაგრამ უნდა იცოდე, რომ აღმოსავლეთ საქართველოში სხვა მცენარეები ირგვება, დასავლეთ საქართველოში სხვა, მაღალმთიან რაიონებში კი სხვა. მცენარეების ყიდვა ხარჯებთან არის დაკავშირებული და თუ სწორად არ დაგეგმავ, წყალში ჩაიყრება ეს შრომა.

- მინდა ეზოს საჩრდილობლებზე, ხვიარა მცენარეებზე ვისაუბროთ. რომელია ღობის მცენარეები?



- არის ასეთი ჯგუფი - ლიანები, რომელიც ითვლება ღობის მცენარეებად. ლიანათა ჯგუფს მიეკუთვნება სუროები, ტეკომები, კლემატისები, ხვიარა ვარდები, გლიცინიები და ა.შ.

- რა დროს ირგვება ლიანები და როგორი პირობები უნდა შევურჩიოთ?

- დარგვა აღარ არის რთული, ყველა მებაღე ცდილობს, მცენარეები კონტეინერში გამოიყვანოს. ასე ბევრად მარტივია და წლის ნებისმიერ სეზონზე შეიძლება მათი ჩარგვა. ლიანები ადვილი მოსავლელია. აქ მთავარია ფორმირება. არის შემთხვევა, მავნებლებიც ეხვევიან და ამ შემთხვევაში შეწამვლას საჭიროებს. ზოგადად ლიანები ბევრად ადვილი მოსავლელი მცენარეებია, ვიდრე ბუჩქოვანი და ხე მცენარეები.

- როგორ ებრძვით მავნებლებს და რა პრეპარატებით წამლავთ ლიანებს?

- არის პრეპარატების ასეთი ჯგუფი - ისტერაქციდები. შესაწამლად ამ პრეპარატებს ვიყენებთ, რა თქმა უნდა, მონაცვლეობით.

- შესაძლოა გადაჭარბებულმა დოზამ ავნოს მცენარეებს?

- რა თქმა უნდა, კი. სავსებით შესაძლებელია დაუწვას მცენარეს ფოთლები და ყვავილობას შეუშალოს ხელი.



- ლიანების შემთხვევაში, ჩარგვიდან რამდენ ხანში ვიღებთ სასურველ შედეგს?

- დავიწყებ იმით, რომ უმჯობესია ჩავრგოთ ახალგაზრდა მცენარეები. რატომღაც ხანდახან სულსწრაფები ვართ, გვინდა ჩარგვისთანავე მივიღოთ სასურველი შედეგი და ეფექტი. არის ტენდენცია, რომ რგავენ 5-10 წლის მცენარეებს. ამას სჯობს ჩავრგოთ პატარა მცენარე, რადგან გახარებაც უფრო მარტივია, ფესვთა სისტემა პატარა აქვს და უფრო მარტივად ეგუება გარემო პირობებს. მაქსიმუმ სამი წლის მცენარეს თუ გადავიტანთ ნიადაგში, კარგი მოვლით უკვე ორ წელიწადში მოგვცემს ეფექტს.

- რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ხვიარა ვარდის გასხვლას და მის ფორმირებას?

- ვარდი ძალიან უპრობლემო მცენარეა, მაგრამ გასხვლას რაც შეეხება, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა ეს პროფესიონალურ ცოდნას არ საჭიროებს და მოყვარულსაც შეუძლია ვარდის გასხვლა.

- როგორი ადგილი უყვარს ხვიარა ვარდს?



- აქაც ჯიშებს აქვს მნიშვნელობა, არის ვარდების ჯიშები, რომლებიც მზის მოყვარულია, არის ჯიშები, რომლებსაც ჩრდილი უყვარს. როცა ვარდს ვრგავთ, უნდა ვიცოდეთ, რა დამახასიათებელი თვისებები აქვს, ვინ არის მისი გამომყვანი, საიდან მოდის მისი წარმომავლობა. მაგალითად, ინგლისური ვარდი ინგლისიდან მოდის და იქაურ კლიმატს არის შეგუებული. შესაძლოა საქართველოში გამოიყვანო ეს ვარდი, მაგრამ მასში მაინც დევს ის გენი, რაც ინგლისის პირობებისთვის არის დამახასიათებელი. ვინაიდან ინგლისში ძირითადად წვიმიანი, გრილი ამინდები იცის, უმჯობესია ინგლისური ვარდი ჩავრგოთ ჩრდილიან ადგილას. აი, გერმანული, ფრანგული ვარდები კი - მზიან ადგილას უნდა ჩავრგოთ.

- ბაღში, სადაც ახლა ვიმყოფებით, ჭარბობს ვარდები და საოცარ ელფერს მატებს აქაურობას. რამდენი წლის შედეგია ეს ყველაფერი?

- ეს ბაღი შვიდი წლისაა და ყველაფერი, რასაც ამ ბაღში ხედავთ, დიდი შრომის შედეგად იქმნებოდა. თავდაპირველად სულ ერთი წლის ნერგები ჩავრგეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბაღის განაშენიანება ჯერ დასრულებული არ არის, ხედავთ, როგორი შედეგი გვაქვს. ხეივნები დასაფარია, ეს რგოლები მთლიანად უნდა შეივსოს. დაახლოებით კიდევ შვიდი წელი სჭირდება, რომ ბაღმა დასრულებული სახე მიიღოს.



ბაღის მოვლა არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. სისტემატურად სჭირდება ხელის შევლება და სეზონურად გარკვეული სამუშაოების ჩატარება. აუცილებელია მცენარეების ფორმირება, გასხვლა, შეწამვლა, გასუფთავება... საკმაოდ რთული და შრომატევადია ბაღის მოვლა, თუმცა შედეგი იმდენად სასიამოვნოა, რომ ამად ღირს. შეუძლებელია ეს სილამაზე ბედნიერებას არ განიჭებდეს და საოცარ განწყობაზე არ გაყენებდეს.

- საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე გაქვთ ბალახი დათესილი. ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ბალახი. განსაკუთრებული სახეობაა?

- ეზოში დავთესეთ იტალიური ჯიშის ბალახი, რომელიც სპეციალურად ჩამოიტანეს იტალიიდან. ეს ბალახი ითესება საფეხბურთო მოედნებზე, ძლიერია და ადვილად არ ზიანდება. როცა ეს ბალახი დაითესა, მაშინ ამ თესლის საქართველოში შეძენა არ იყო შესაძლებელი, ახლა უკვე აქაც ხელმისაწვდომია. თვეში ერთხელ ნიადაგში შეგვაქვს სპეციალური სასუქი და ამით ბალახს ვუნარჩუნებთ სასურველ ფერს, ვებრძვით სარეველას. ისეთი ტიპის სასუქი შეგვაქვს, რომელიც კულტურულ ბალახს არ აზიანებს და მხოლოდ სარეველას სპობს.



- ეზოში ჩემი ყურადღება მიიქცია ე.წ. ცოცხალმა ღობემ, რაც საქართველოში ძალიან იშვიათია.

- სამწუხაროდ, ჩვენთან ხუთ და ექვსმეტრიან ბეტონის ღობეებს აშენებენ, რომ მათ ეზოში ჩიტიც ვერ გადაფრინდეს, ვიღაცამ არ გადაიხედოს. ეს ეზო სწორედ ამიტომ მიყვარს გამორჩეულად, რომ აქ ცოცხალი ღობეა, ტუიებით არის შემოსაზღვრული. თავდაპირველად სულ ვარდებით იყო გარშემორტყმული, მაგრამ გამვლელები გლეჯდნენ, აზიანებდნენ და ამოვიღეთ. ოთხი წელია ტუიები ჩავრგეთ და ვფიქრობ, ეს განსაკუთრებულ ელფერს სძენს ბაღს. იმედი მაქვს, როდისმე შეიცვლება საქართველოში ეს ტენდენცია და ცოცხალ ღობეს მიანიჭებენ უპირატესობას.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები