ქართველი ფოტოგრაფის ულამაზესი ეზო, რომელიც თავის ხელითა და გემოვნებით მოაწყო

ეს განსხვავებული, ფერადი და ულამაზესი ბაღი თბილისში მდებარეობს. ფოტოგრაფმა ნუკრი მანძულაშვილმა ძველი სახლის კედლებს ახალი სიცოცხლე შესძინა, ეზო კი ულამაზეს წალკოტად აქცია. ყვავილებით გადაპენტილ ამ საუცხოო ეზოზე ნუკრი თავად ზრუნავს და ყველა სეზონზე განსხვავებულ ელფერს აძლევს. ყვავილების მოყვარულ ფოტოგრაფს შინ ვესტუმრეთ, გვსურს მისი ბაღის სილამაზით თქვენც დატკბეთ და ისიამოვნოთ.

- პროფესიით ფერმწერი ვარ, თუმცა ამჟამად ფოტოგრაფიით ვარ დაკავებული, რომელსაც ძალიან დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. როდესაც სამხატვრო აკადემია დავამთავრე, რაღაც პერიოდი ისევ საკუთარი თავის ძიებაში ვიყავი, დავიწყე ფიქრი სხვა პროფესიაზე.
მხატვრობასთან ყველაზე ახლოს ალბათ ფოტოგრაფიაა და ეს სფერო ავირჩიე. პირველი ფოტოაპარატიც პირველი ხელფასით ვიყიდე. აქტიურად დავიწყე გადაღება, ვიღებდი ყველაფერს. პარალელურად ფოტოგრაფთა საიტზე დავრეგისტრირდი, სადაც გამოცდილი ფოტოგრაფები მიზიარებდნენ ცოდნას და მეც ნელ-ნელა ვსწავლობდი, ბევრ დეტალს ჩემით ვხვდებოდი. ბავშვობიდან მიყვარდა ბუნება და ხატვითაც მხოლოდ ბუნებას ვხატავდი. დავიწყე იგივეს კეთება კამერით. კონცენტრირებული ვიყავი ყველაფერ ფერადზე, ბუნებრივ სილამაზეზე. როცა ველოსიპედით ვსეირნობდი, შემთხვევით „გარდენიამ“ მიიქცია ჩემი ყურადღება, ეს ადგილი ჩემთვის სამოთხე იყო. იქ ბევრი ვისწავლე და შემოქმედებითად გავიზარდე, თანდათან ხალხის შექებაც დავიმსახურე. იქვე დავუახლოვდი მცენარეებს, „დავსნეულდი“ ყვავილების სიყვარულით. ძალიან აზარტული პროფესიაა მებაღეობა. სამწუხაროდ, ამას ის ადამიანი ვერ მიხვდება, ვისაც თავისი ხელით არ დაუთესავს ყვავილი და შემდეგ ის გაფურჩქნილი არ უხილავს. საოცარი გრძნობაა, ერთდროულად ამაყი, მოხიბლული და კმაყოფილი ხარ. ფოტოგადაღებისთვისაც უპირატესობას ყვავილებს ვანიჭებ, ზეპირად ვიცი, რომელ თვეში სად რა ყვავის და ამის მიხედვით დავდივარ გადასაღებად.

- ეზოს გაშენება როდის დაიწყეთ?

- დიდი სურვილი მქონდა, იგივე მცენარეები, რაც ასე მხიბლავდა, ჩემს ბაღში მქონოდა. ორი წელია დავიწყე ჩემს პატარა ეზოში ბაღის გაშენება, ერთი მაგდენი კი ძველი ეზოს დასუფთავებას და მცენარეებისთვის ნიადაგის მომზადებას მოვუნდი. სამ კატეგორიად მაქვს ბაღი დაყოფილი: ვარდები, მინდვრის ყვავილები და ბოლქვოვნები.



- რის მიხედვით არჩევთ და აჯგუფებთ ყვავილებს?

- პირველ რიგში ვარკვევ, ესა თუ ის მცენარე რომელ თვეში ყვავის. მინდა, რომ ყველა სეზონზე რაღაც ყვაოდეს. მაგალითად, ბაია აპრილში და მაისშია, როდესაც მის ბოლქვებს დავრგავ, მწკრივებს შორის ჩავუთესავ მინდვრის ერთწლიან ყვავილებს, რომლებიც ივნისში, ივლისში და აგვისტოშიც ყვავის. მინდა, სულ რაღაც ყვაოდეს, გარდა ამისა, მცენარეს ფონი სჭირდება ან რაიმე საყრდენი. ამ შემთხვევაში აუცილებლად ბუნებრივ მასალას ვიყენებ, ძირითადად ხის მასალას და ტოტებს.

საყვავილედ კი - ქვის ან თიხის ქოთნებს. არ ვიყენებ საბურავისგან გაკეთებულ საყვავილეებს, ბეტონის ან მსგავსი არაჯანსაღი ნივთიერებით დამზადებულ ნივთებს, ასეთ მასალებს ემოცია არ გააჩნიათ.

- დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ფერებს...



- ფერები ძალიან მნიშვნელოვანია. ყვავილებსაც ფერების მიხედვით ვარჩევ. მკვეთრ და აქტიურ ფერებს ვანიჭებ უპირატესობას. მიყვარს სიჭრელე და ისეთი ფერები, რომლებიც უფრო მომგებიანია კადრში. არ მიყვარს შავი ფერი.

- მცენარეების მოვლა იცით?

- მთანდათან ვსწავლობ, ახლაც მაგ პროცესში ვარ. ბევრი ყვავილით აღვფრთოვანებულვარ, მაგრამ რომ დამირგავს, გამხმობია. რა თქმა უნდა, არ ვნებდები და ვიწყებ კითხვას, როგორი პირობები უყვარს. ახლა ჯერ ვკითხულობ და მერე ვყიდულობ ამა თუ იმ მცენარეს, ყველას სახელი ვიცი, რაც მაქვს ბაღში. ვცდილობ, ჩემს პატარა ბაღში მცენარეებს მათთვის სასურველი პირობები შევუქმნა, რაც მგონი, ცუდად არ გამომდის.

- სახლის ექსტერიერიც განსხვავებული გაქვთ - ფერები, სტილი... თქვენი დიზაინით მოაწყვეთ ყველაფერი?



- მე ძველ სახლში ვცხოვრობ. დანგრევას და ახლის აშენებას ვამჯობინე ასე „გამომეპრანჭა“. უპირატესობას სოფლის სტილს ვანიჭებ, რადგან ყვავილებს ეს უფრო უხდება, ვიდრე კორპუსები, ან თანამედროვე სახლები, რაც ნაკლებად მხატვრულია. მომწონს ყველაფერი უბრალო და სადა, ასეთი დიზაინიც ამიტომ შევარჩიე. თავიდანვე წარმოდგენილი მქონდა, როგორი უნდა ყოფილიყო. წარმოვიდგენდი, როგორ დაამშვენებდა ძველი კრამიტის სახურავს ხვიარა ვარდი, ანდა სახლის ლურჯ ფონზე როგორ მოიწონებდა თავს დიდთავა, ულამაზესი რუდბეკია, ექინაცეა, ლავანდა...

- საოცარ ფოტოებს იღებთ, შეუძლებელია, ადამიანი გულგრილი დარჩეს. როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო შთამბეჭდავია, რეალობა თუ კადრი?

- ვფიქრობ, რეალობა უფრო შთამბეჭდავია. ჯერ ვხედავ და შემდეგ ვიღებ, თუმცა უბრალო კადრიც წარმომიჩენია არაჩვეულებრივად ფოტოშოპის დახმარებით. ყოფილა შემთხვევა, ისეთი სილამაზე მიხილავს, გადაღებაც დამვიწყებია, ან ამის სურვილი არ გამჩენია.



- თქვენი ბაღი არსებულ სახეს შეინარჩუნებს თუ აპირებთ რაიმეს შეცვლას?

- იდეა ბევრი მაქვს, თუმცა ადგილი პატარაა, ამიტომ კომპოზიციებს ვშლი და სხვას ვაკეთებ. ძველი ბაღი მხოლოდ კადრებზე შემორჩება ხოლმე. კიდევ ბევრი გეგმა მაქვს და აუცილებლად შევუცვლი სახეს, უფრო დავხვეწ და გავამდიდრებ.

- არის ეს თქვენი საოცნებო ადგილი?

- ჩემს საოცნებო ადგილთან მიახლოებულია, მაგრამ ყველაფერი ჯერ წინ არის.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები