თელავი. სოფელი შალაური, - გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ სოფელში ჩვენი ქვეყნის მეყვავილეთა პირველი დინასტია ცხოვრობს. "დინასტია" შემთხვევით არ მიხსენებია, - როცა ერთი ოჯახის სამ სხვადასხვა თაობას ერთი და იგივე საქმე თავდავიწყებით უყვარს და ავითარებს, სხვანაირად ვერც დაარქმევ. ისინი დედა-შვილი ეთერ და ეკა მამალაშვილები და ეკას შვილები - თამარი, მარიამი და ნიკოლოზი არიან. ყვავილების სიყვარული და მათი მოვლის ნიჭი მემკვიდრეობით ერგო მშობლებისგან. მამას ხეხილის დარგვა და მოვლა უყვარს, დე
ეკა მამალაშვილი:
- ყვავილებზე ლაპარაკი ისე მიჭირს, როგორც საკუთარ თავზე. რადგან ისინიც ისევე იზრდებოდნენ და მკვიდრდებოდნენ ჩემს ცნობიერებაში, როგორც თავად მე ცხოვრებაში. ახლა უბრალოდ ერთ რამეს ვხვდები, - ყვავილების სილამაზეს ადამიანის გადარჩენა შეუძლია ჩვენი არცთუ მარტივი ყოფიდან; თუმცა სილამაზეს ყველა როდი ამჩნევს, მისი აღქმა ბავშვობიდან უნდა ასწავლო ადამიანს. მე ამას მასწავლიდნენ. უფრო სწორად, ჩემი მშობლები უსიტყვოდ ჰფენდნენ სილამაზეს ყველაფერს, რაც გარშემო გვქონდა და მე ამას ვუცქერდი. ადრე სოფელ წინანდალში ვცხოვრობდით, მაშინდელი ბაღის წითელი ტიტების ბრიალი ახლაც თან დამყვება. ძალიან პატარა სახლი გვედგა და ძალიან დიდი ეზო გვქონდა. ტიტები დედამ დარგო და ცხოვრება გაგვილამაზა. მამა ბაღში მუდამ ხეხილს რგავდა და უვლიდა, დედა - ტიტებსა და სხვა ყვავილებს, და როცა ჩვენი პატარა სახლის ფანჯარას გავაღებდი, მახსოვს, ბაღიდან ატმების ბრდღვიალი მეგებებოდა, ეზოდან კი - წითელი ტიტების.
ბუტია მიმოზებიც გვქონდა, - მიმოზები ადამიანის ხელის შეხებაზე ფოთლებს ერთმანეთზე იწებებენ, თითქოს გებუტებიანო. მე კი ვფიქრობდი, რომ მისი ფოთლები მეთამაშებოდნენ. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლაც ასე ვფიქრობ, ამიტომაც მგონია, რომ ყვავილები, რომლებსაც სხვადასხვა მოქმედებაზე სხვადასხვა "რეაქცია" აქვთ, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ, რადგან ფანტაზიას ავითარებს... მოკლედ, დედისერთა ვიყავი და ეს მიმოზები იყვნენ ჩემი მოთამაშე მეგობრები, - ხელს შევახებდი და გაიბუტებოდნენ, ფოთლებს ერთმანეთზე აიკრავდნენ. ეს ძალიან მიხაროდა. ერთხელაც იმდენი ვეთამაშე, რომ სამუდამოდ გამებუტნენ და გახმნენ. ძალიან განვიცადე, ისე ძლიერ, რომ ეს განცდა ახლაც არ დამვიწყებია. თუმცა, ალბათ ამ შემთხვევამ ისიც დამანახვა, რომ ყვავილიც ცოცხალია და როგორც ყველა ცოცხალს, ზედმეტი შეწუხება მასაც ვნებს. ეს ცოდნა ყვავილების მოვლაში გამომადგა. ახლა სიცხეშიც მიხდება ყვავილების დარგვა და ნარგავები პაპანაქება მზისგან რომ არ შეწუხდნენ, ბამბუკის ღეროებს 20-სანტიმეტრიან ნაჭრებად ვჭრი, ნარგავების ოთხივე კუთხეში ვასობ და ზედ მუყაოს ყუთებს ვაფარებ, მზემ რომ არ შეაწუხოს. საღამოობით ყუთებს ვიღებ, ნარგავებს "ჰაერს ვაყლაპებ" და პაპანაქება მზისგან დასიცხულებს ფრთხილად ვრწყავ. ასე თუ იზრუნებ, თუნდაც ივლისში ან აგვისტოში დარგულ ყვავილს გაახარებ. ოღონდ, სანამ მომაგრდება, მასზე ჩვილი ბავშვივით უნდა იზრუნო.
ყვავილებს მისტიკური ძალა აქვთ, როცა ოჯახში მათ ერთი ადამიანი უვლის, მას სხვებიც ნელ-ნელა ბაძავენ. თუმცა ჩემს ოჯახში მიბაძვა საჭირო არც გამხდარა, - ყვავილები ჩემს მეუღლესა და დედამთილ-მამამთილსაც უყვართ. როცა შვილები ჩვილები მყავდა და ჩაძინებულებს მარტო ვერ ვტოვებდი, ჩემი მეუღლე ადგებოდა და მთელ ბაღს რწყავდა. ახლაც ასეა. ოღონდ ახლა მხოლოდ მორწყვით აღარ შემოიფარგლება, - უკვე ხვდება, სად როგორი დეკორაციის მოწყობაა საჭირო და თავისი ხელით და გემოვნებით აწყობს. მე მომწონს მისი ნაკეთები, - წლების განმავლობაში ყვავილებთან სიახლოვე "მესამე თვალს" ხსნის, ინტუიციურად გაკეთებინებს იმას, რაც იმ ადგილზე, იქ მყოფი მცენარეებისთვის აუცილებელი და ჰარმონიულია.
- დეკორაციების გარეშე ყვავილების ბაღი მართლაც წარმოუდგენელია...
- ყვავილების დეკორაციები და კომპოზიციები გულში სხავადასხვა გრძნობას ბადებს. გააჩნია, სხავადასხვა დეკორაციას შეუძლია ადამიანი დააიმედოს, ან დაანაღვლიანოს, ვინმე მოანატროს და გაახაროს, მაგრამ სილამაზე ბოროტ გრძნობებს არასოდეს გააჩენს. როცა მუშაობა დავიწყე, დიზაინზე ბევრი რამ წავიკითხე, - ბოლო დროს სახლისა და ეზოს დიზაინს ერთმანეთს უხამებენ - ეზოში ისეთი ფერის ყვავილებს აშენებენ, რომლებიც ბუნებრივად აგრძელებს სახლის ფერებს, მაგრამ ეს ჩვენთან რთულია, რადგან ტრადიცული სახლები გვიდგას... მე ვცდილობ, დიზაინისა და დეკორაციებისთვის ის საშუალებები გამოვიყენო, რაც ჩვენი გარემოსთვის ბუნებრივია. მაგალითად, სამსახურის ეზოში გამხმარი თხმელა მოვაჭრევინე, მორებად დავხერხე, შუაგული ამოვუღე და შიგ ყვავილები ჩავრგე. ძალიან ლამაზია. ერთადერთი, რითაც "მორის" საყვავილე "დაიწუნება", ის არის, რომ წვიმამ შეიძლებ დაასველოს და დაალპოს; მშვენიერი გამოდის ბამბუკის საყვავილეებიც, - სამსახურში დაჭრილ ბამბუკში სხვადასხვა ფერის ყვავილები ჩავრგე. იქაურობა ზღაპრულად ააფერადა. მდინარის ქვებიც ულამაზესია დეკორაციებად, მით უფრო, რომ ჩვენი ჭალის ქვები სულ სხვადასხვა ფერისაა, - ყვითელი, მწვანე, ვარდისფერი, რუხი. მცირე წებოცემენტია საკმარისი იმისთვის, რომ ეს ქვები რაიმე ჭურჭელზე, მაგალითად, ძველ დაჟანგულ ვარცლზე მიაწებო და პატარა აუზი მოაწყო. ასე გაკეთებული დუმფარების აუზი შინაც მაქვს და სამსახურშიც. ამ აუზებს თავად ყოველდღე ვუვლი, მაგრამ მაინც სხვა რომ გაივლის და დუმფარებს მოხიბლული დააცქერდება, მეც მასთან ერთად ვჩერდები და დავყურებ, - მატყვევებს მათი სილამაზე. არანაკლებ ლამაზია ხვიარა მცენარეების დეკორაციები, - რუხ, ერთგვაროვან ცემენტის კედელზე რომ ხვიარა მცენარეები გადაუშვა, ამ კედლის შიგნით მდებარე ეზოზე აუცილებლად გაიფიქრებ, - იქ მყუდროება და სიმშვიდე იქნებაო.
- ამბობენ, რომ ქოთნის ყვავილებიც ასევე ანიჭებს სიმშვიდეს ადამიანს...
- რა თქმა უნდა. თანაც ქოთანი ძალიან მოსახერხებელია ყვავილის გასახარებელად. შეგიძლია, აქეთ-იქით ატარო და იქ დააბინავო, სადაც ამ ქოთანში ჩარგული მცენარე მშვიდად იგრძნობს თავს. თუ ამ ქოთნებს სახლზე ჩამოკიდებ და იქიდან ხვიარა ყვავილებს ჩამოუშვებ, ეს სახლის იერ-სახეს შეცვლის. საკუთარ ეზოში ყვავილების ბაღს ძალიან უხდება ფანჩატურიც, - ფანჩატური ზაფხულში ოაზისია ოჯახისა თუ სტუმრისათვის. ზიხარ, ყვავილებს უყურებ, საუბრობ ან ყავას სვამ და ტკბები ამ სილამაზით.
ეთერ ერაძე
კომენტარები