მცენარე, რომელსაც ცოცხალ ღობედ იყენებენ, საქართველოშიც გავრცელებულია: "5 მეტრამდეც იზრდება და დიდ ფართობს ფარავს"

ეზოსა და ბაღებში სულ უფრო აქტუალური ხდება დეკორატიული მცენარეები. ამჯერად ქვამოკლიტის შესახებ მოგითხრობთ, რომლის სამშობლო მექსიკაა, თუმცა დღეს ფართოდ არის გავრცელებული საქართველოშიც. ეზოებში მას ცოცხალ ღობედაც იყენებენ. უფრო ვრცლად, როგორი მრავლდება, როგორი პირობები მოსწონს, ამ და სხვა საინტერესო საკითხზე მებაღე მაია ბიძინაშვილი გვესაუბრა.

- როგორ მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება ქვამოკლიტი?
- ქვამოკლიტი ერთწლიანი, დეკორატიული ლიანა მცენარეა. მისი სამშობლო მექსიკაა. საქართველოში დიდი ხნის წინ გამოჩდა. ის სწრაფად იზრდება, ეხვევა საყრდენს და ძალიან ეფექტურია ბაღების, აივნების, ეზოების გასალამაზებლად. ბუმბულისმაგვარი ფოთლები და ვარსკვლავისებური ყვავილები
ამშვენებს. საქართველოში ძირითადად შეხვდებით წითელ ყვავილიანს, თუმცა ვარდისფერი და თეთრი სახეობებიც არსებობს.

- როგორ ხდება მისი გამრავლება?
- გამრავლება ხდება თესლით. ყოველ წელს ახლიდან ითესება სასურველ ადგილზე.

- წლის რომელ პერიოდში ხდება მისი დათესვა და რამდენ ხანში ამოდის?
- ითესება გვიან გაზაფხულზე, როცა უკვე კარგად დათბება. სჯობს დაითესოს პირდაპირ, ღია გრუნტში, რადგან გადარგვას ცუდად იტანს. მალე ამოდის და კარგი მოვლის პირობებში სწრაფადაც იზრდება.

- როგორი პირობები უყვარს და როგორ მოვლას მოითხოვს?
- სხვათაშორის არ არის რთული მოსავლელი. უყვარს კარგად განათებული ადგილი. იტანს მზეს. წლის ცხელ პერიოდში საჭიროებს თითქმის ყოველდღიურ მორწყვას. ზრდის და ყვავილობის გასაუმჯობესებლად სასურველია ნოყიერი ნიადაგი და კვება ორ კვირაში ერთხელ კომპლექსური მინერალური საკვებით.

- რამხელა შეიძლება გაიზარდოს და შესაძლებელია თუ არა ამ მცენარით ცოცხალი კედელი გაკეთდეს?
- ზრდასრული ქვამოკლიტი 5 მეტრს აღწევს. მას შეუძლია დიდი ფართობის დაფარვა, კედლების, ღობეების, აივნების გაყოლებაზე. მას ასევე თესავენ წრეზე და საყრდენს აკეთებენ ცენტრში სიმაღლეზე. ამგვარად იღებენ ძალიან ეფექტურ მწვანე მოყვავილე კონუსებს.

- როდის ხდება მისი თესლის აღება და როგორ უნდა შევინახოთ?
- სასურველია მებაღე ყურადღებით იყოს, ყვავილობის პერიოდში შეაგროვოს კარგად მომწიფებული თესლი და შეინახოს მშრალ ადგილას, მომავალ გაზაფხულამდე.
მერი ბლიაძე
ფოტოებისთვის მადლობას ვუხდით სოფო გიორგაიას და ხათუნა ქინქლაძეს.

კომენტარები

კუკუნა 2021-08-30 12:44
მეტრო ისანთან, სკვერში შაბათობით არის ყვავილების ბაზრობა და რასაც მოიცურვებთ თითქმის ყველაფერი არის
და-დი 2021-08-30 11:21
მეც მინდა ამის თესლი სად იყიდებააა
მარი 2021-08-29 17:35
აუ რამდენი ხანია ვეძენ ამ ყვავილის თესლს, ძალინა მინდა იქნებ მითხრათ სად იყიდება

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები