თბილისიდან გადასახლებული მუსიკოსის წალკოტი - ზაზა ხუციშვილის აგარაკი, რომლის ეზოც თავად დაამშვენა

მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი უკვე ორი წელია, თბილისთან ახლოს, ახალდაბაში გადავიდა საცხოვრებლად. სახლი, რომელსაც ოჯახი წლების წინ სააგარაკოდ იყენებდა, ახლა მუდმივი საცხოვრებელია. მომღერალმა მეუღლესთან, ხათუნა დოლიძესთან ერთად ეზო ნამდვილ წალკოტად აქცია. მათ ბაღში 200 სახეობის ვარდს, უამრავ დეკორატიულ, ერთწლიან და მარადმწვანე მცენარეს შეხვდებით. რაც მთავარია, ყველაფერი ის, რასაც აქ ხედავთ, წყვილმა საკუთარი ხელით და შრომით მოაწყო.




ზაზა ხუციშვილი:

- ეს დასახლება 1984 წელს აშენდა. „მთავარსაქწყალმშენის“ საუწყებო აგარაკები იყო, სა
დაც მამაჩემიც მუშაობდა. ამ აგარაკზე ზაფხულში ისვენებდა. დაახლოებით 90-იანი წლების შუალედში მოხდა პრივატიზება და ეს აგარაკები კერძო საკუთრებაში გადავიდა. მაშინ ეზო-კარის მოწყობა დიდად არ მაინტერესებდა. ეს ინტერესი დაოჯახების შემდეგ გამიჩნდა. მე და ჩემმა მეუღლემ ნელ-ნელა დავიწყეთ ეზოს ფორმირება, მოწყობა. სახლის უკან გორაკი იყო, რომელიც პრაქტიკულად სახლში შემოდიოდა და ბუჩქნარი ჩანდა. მოვჭერით ეს მიწა და ჩემი ხელით, მეგობრებთან ერთად ავაშენე საყრდენი კედელი. ჩემი გაკეთებულია მშრალი ქვის წყობა. ეს გახლავთ ნიჩბისის ქვა, რომელიც ძალიან ლამაზი და ეფექტურია, თან არც ძვირი ჯდება. საკმაოდ დიდი საძირკველი აქვს და მყარია. ფაქტობრივად, მთელ გორაკს ეს კედელი აკავებს.



სახლი თავდაპირველად აზბოცემენტის ხიმინჯებზე იდგა და ორი წლის წინ გამოვაცალეთ, მიწაც გამოვიღეთ და თავიდან შემოვაშენეთ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვამთავრებთ. სახლის ასაშენებლად გამოყენებულია რუსული ლარიქსის მასალა, რომელიც გამძლეობითაც გამოირჩევა. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ და პრაქტიკულად გაფუჭებული არ არის.

- ხშირად ამოდიხართ აგარაკზე?

- უკვე ორი წელია, პრაქტიკულად აქ ვცხოვრობ.




- რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

- ბევრი ფაქტორის გამო. სულ სამუშაოა აქ, თან სამი ძაღლი მყავს და მათ ვერ დავტოვებ. ალბათ ასაკსაც მოაქვს, გინდა გაექცე ხმაურს, ხალხმრავლობას. დიდი ქალაქიდან გასვლა გამშვიდებს და ენერგიას გმატებს.

- ქალბატონო ხათუნა, თქვენც ხომ არ გეგმავთ ახლო მომავალში, აქ საცხოვრებლად გადმოსვლას?

ხათუნა დოლიძე:

- პანდემიის პერიოდში სულ აქ ვიყავი. ზაფხულსაც აქ ვატარებ. სიამოვნებით გადმოვიდოდი საცხოვრებლად, მაგრამ სანამ ბავშვი სკოლაშია, ვერ შევძლებ. როცა პროფესიას აირჩევს, უნივერსიტეტში ჩააბარებს, მერე - შეიძლება.

- ეზოს მოწყობის პროცესში რამდენად აქტიურად ხართ ჩართული?

- ამ პროცესში სრულად ვარ ჩართული, რაც დიდი სიამოვნებაა. ჩვენი ეზო არ არის დიდი, ამიტომ ვეცადეთ, ერთმანეთისგან განსხვავებული სივრცეები მოგვეწყო, რომ მრავალფეროვანი გამოსულიყო. ეზო დავყავით ზონებად, ფერებად. მაგალითად, შემოსასვლელი ვარდისფერში, თეთრსა და იასამნისფერში გავაკეთეთ. არ მინდოდა ბაღის ზედმეტად აჭრელება, ამიტომ ზონები გამოვყავი ფერების მიხედვით. მინდოდა, ისეთი ფერები შემეხამებინა ერთმანეთთან, რაც უხდება.




დაახლოებით 200 სახეობის ვარდი გვაქვს ეზოში ფერების მიხედვით დარგული. თავიდან, სანამ ყველაფერში გავერკვეოდით, გვქონდა ჯიშები, რომელსაც გახარება გაუჭირდა ან მაისში ამთავრებდა ყვავილობას და მერე დიდხანს გვიწევდა ლოდინი. ზოგი მეორედ საერთოდ აღარ ყვავილობდა. დროთა განმავლობაში კარგად გავერკვიეთ და ახლა ვიწერ ვარდებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ასე ვალამაზებ ეზოს. ადრე რაც მოგვწონდა, იმას ვყიდულობდით, ახლა უკვე მიზანმიმართულად ვყიდულობთ ყველაფერს. აუცილებელია წინასწარ შეისწავლო დაავადებების მიმართ მედეგობა, სურნელი, ფერი, როგორ უძლებს მზეს, ყინვას და ა.შ. ამ გამოცდილების მიღებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.

- ძალიან ლამაზი მოსასვენებელი სივრცე გაქვთ ეზოში. დიდ დროს ატარებთ აქ?

- დიახ, ეს საზაფხულო სამზარეულო ტყის პირას გავაკეთეთ. აქედან ლამაზი ხედი იშლება, თან ძალიან გრილა. ფაქტობრივად, სახლში მხოლოდ დასაძინებლად შევდივართ. აქაურობა ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ მაინც ძალიან მოგვწონს და გვსიამოვნებს აქ ყოფნა. მშენებლობა გრძელდება სახლშიც. პირველ სართულს ვაკეთებთ, სადაც იქნება მისაღები და სამზარეულო, ზემოთ მხოლოდ საძინებლები განთავსდება. იმედია, სახლს მალე ექნება დასრულებული სახე.

- როცა ბაღის გაშენებას იწყებდით, წარმოიდგენდით, რომ ამ შედეგამდე მიხვიდოდით?

- მე ბევრად უკეთესი შედეგი მაქვს წრმოდგენილი, მაგრამ ეს დროის საკითხია. ბაღი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ გვაქვს.




ზაზა:

- მოგეხსენებათ, უკვე გაზრდილი მცენარეები ძვირი ღირს, ამიტომ გვიწევს პატარა ნერგების ყიდვა და გახარება, რასაც დრო სჭირდება. წლების შემდეგ ბევრად ლამაზი იქნება ჩვენი ბაღი, ამაში დარწმუნებული ვარ.

- თქვენ რა ფუნქციები გაქვთ შეთავსებული ბაღში მუშაობის დროს?

- მე ძირითადად მძიმე სამუშაოებს ვასრულებ. მცენარეებს დიდი ორმოები სჭირდება, რომელსაც მე ვიღებ, ან თუ რაიმეა გადასატანი, ასაშენებელი. დანარჩენი: გასხვლა, საკვების მიცემა, შეწამვლა, მკურნალობა, ძირითადად ხათუნას მისიაა.

ხათუნა:

- პანდემიის დროს განსაკუთრებით მოვიცალე ეზოსა და მცენარეებისთვის, დიდი დრო გამომიჩნდა და დაეტყო კიდეც ბაღს.

- ალბათ მკაცრი კლიმატია ზამთარში. როგორ ეგუებიან მცენარეები ყინვებს?




ზაზა:

- თბილისთან შედარებით დიდი სხვაობა არ არის. ვარდები მარტივად ეგუებიან. ერთადერთი შემთხვევა იყო 10-12 წლის წინ, მინუს 17 გრადუსამდე დაეცა ტემპერატურა. მაშინ მხოლოდ ბროწეული გაიყინა, ოღონდ მერე ისევ ამოიყარა, დანარჩენი უძლებს ისე, რომ შეფუთვაც არ სჭირდება.

- ძალიან ლამაზი გუბურა გაქვთ. ისიც თქვენი ხელით გააკეთეთ?

- დიახ, თავიდან ბოლომდე ჩემი ხელით არის გაკეთებული. გერმანიაში ყოფნის დროს მომივიდა იდეა. მე და ხათუნა ერთად ვიყავით და ჩვენს მასპინძლებს ულამაზესი გუბურა ჰქონდათ. ეზოში ძალიან ეფექტურია და თან დამამშვიდებელი ხმა აქვს წყალს.

- თევზიც ხომ არ გყავთ გაშვებული?

- ყინვის გამო ვერ ვუშვებ. ვნახოთ, თუ არსებობს ხელსაწყო, რომელიც წყალში სასურველი ტემპერატურის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს, გავუშვებ.

- როგორი წარმოგიდგენიათ საბოლოოდ თქვენი აგარაკი?

- პატარა მყუდრო სახლი ბაღით. ბაღის შესახებ კი ინგლისელი ბაღის დიზაინერის გერტრუდა ჯეკილის სიტყვებით გიპასუხებთ: „ბაღი უნდა გააშენო არა საჩვენებლად, არამედ გარემოსთან ჰარმონიაში, ამავე გარემოს ენაზე. ის უნდა იყოს ჩუმი სილამაზის ადგილი. ადგილი, რომელიც ამშვიდებს თვალს და გონებას“.

მერი ბლიაძე

კომენტარები

გიორგი 2023-07-23 10:34
იშვიათი კარგი ქართველი, შეარგოს ღმერთმა თავისი ნაშრომი, პატიოსანიკაცია და ჩანს კიდეც საზოგადოებაში რომ ასეა.
sss 2023-03-31 11:12
gaskdit shurit avadmyofebo
მარინა 2023-03-23 05:54
არავითარი ბიძინა, ხაზა არის წესიერი ადამიანი, მოკრძალებული ხის კოტეჯი , ულამაზესი ეზო, თავისი და ხათუნას დაუღალავი მუშაობით შეიქმნა. რომელ წელსაა აშენებული, წერია. ასეთი დეპუტატი ალბათ იშვიათია, რომელსაც დაუმსახურებელი არაფერი აქვს. ვინც არ იცით, ნურაფერს ამბობთ, სურცხვილია. წარმატებები ზაზას, ხათუნას და ნინას.????????????
,,, 2023-03-01 23:28
პანდემიაო
არსად არ გამოცხადებულა და მაინც ჩაჯდა მეტყველებაში
მშვენიერი სახლი კი მშვიდობაში მოიხმარეთ
დავითი 2022-12-18 16:05
ბასენი წყლიანი აქვს, თუ ჩაუსხა ბიძინამ წყალი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები