"ვარდი საკმაოდ პრეტენზიული, მაგრამ მადლიერი მცენარეა. კარგი მოვლის პირობებში საოცრად ყვავილობს..." - რჩევები ქალბატონისგან, რომელმაც 300-ზე მეტი ჯიშის ვარდი გაახარა

დღეს ვარდებზე უზომოდ შეყვარებულ ქალბატონს, ლელა კაჭარავას გაგაცნობთ. მისი ვარდების კოლექცია 300-მდე სახეობას მოიცავს და ნამდვილად შთამბეჭდავი სანახავია. გარდა იმისა, რომ ქალბატონმა ლელამ საკუთარი გატაცების შესახებ გვიამბო, პრაქტიკული რჩევებიც გაგვიზიარა.

- თბილისში ვცხოვრობ. პროფესიით სტომატოლოგი გახლავართ და 23 წელია აქტიურად ვმუშაობ ამ დარგში. ჩემი გატაცება კი ულამაზესი ვარდებია, რომლებმაც მთლიანად შეცვალეს ჩემი ცხოვრება.


- ყვავილების სიყვარული როდის და რატომ „შეგეყარათ“?
- ყვავილების სიყვარული იებით დაიწყო, დაახლოებით 9 წლის წინ. 60 ჯიშის ია მქონდა. სწორედ იების ყიდვის დროს გავიგე ნუცუბიძის პლატოზე
ვარდების სათბურის შესახებ და ასე აღმოვჩნდი მირანდას ვარდებში. არასდროს დამავიწყდება ის პირველი ემოცია, რაც იქ განვიცადე. ამდენი ფერის, ჯიშის ერთად აყვავებული ვარდი არსად მენახა. სწორედ მაშინ დავიწყე მეუღლის ეზოში, დაბა ჟინვალში ვარდების მოშენება. მანამდე ვარდი მხოლოდ თეთრი და წითელი მეგონა. 2015 წელს დავიწყე და დღემდე ბაღის კეთების პროცესში ვარ.

- რატომ ვარდები?
- ვარდი საკმაოდ პრეტენზიული, მაგრამ მადლიერი მცენარეა. კარგი მოვლის პირობებში საოცრად ყვავილობს. უყვარს მზე, წყალი, კარგი კვება და წამლობა.

- კონკრეტულად როგორი მოვლა სჭირდება ვარდს?
- ვარდს კარგი ზრდა-განვითარებისთვის აუცილებლად სჭირდება წამლობა. ადრე გაზაფხულიდან ვიწყებთ პროფილაქტიკურ შეწამვლას, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადებების გავრცელება, რადგან თუ დაავადდა, მცენარე შემდეგ მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და შეიძლება სეზონი ისე დამთავრდეს, ვერ ვნახოთ ყვავილობა.

- რამდენი სახეობის ვარდი ბინადრობს თქვენს ბაღში?
- ჩემს ეზოში სამასამდე ჯიშის ვარდია. არის ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იაპონური სელექციის ვარდები. ფლორიბუნდები, ხვიარები, შრაბები. პირადად ჩემი ფავორიტი დევიდ ოსტინის ინგლისური საკოლექციო ვარდებია. მათგან განსაკუთრებით მიყვარს საოცრად სურნელოვანი ჯუდი ობსქური და ულამაზესი შვედეთის დედოფალი. ასეთი ჯანმრთელი, უხვად მოყვავილე და სურნელოვანი ვარდები იშვიათია.

- მავნებლებს, დაავადებებს როგორ და რა პრეპარატებით ებრძვით?
- 3-4 კვირაში ერთხელ ვწამლავთ დაავადებების და მავნებლების წინააღმდეგ, ფუნგიციდებით და ინსექტიციდებით. შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ბიო, ასევე ქიმიური პრეპარატები. წამლობის გარდა ვარდს აუცილებლად სჭირდება კვება, როგორც მინერალური, ასევე ორგანული საკვებით და სტიმულატორებით. კვებას ვაძლევთ როგორც ფესვიდან, ასევე ფოთლიდან. ეს ჩემი საყვარელი თემაა და უსასრულოდ შემიძლია საუბარი... ორგანული კვებიდან მინდა ორი სიტყვით ვახსენო ბალახის ნაყენი. რომელსაც რომ დააყენებთ, საშინელი სუნი აქვს, თუმცა საუკეთესო საკვებია... რაც უფრო პატივს ვცემთ ვარდებს, უფრო მეტად პატივს გვცემენ აქეთაც და გვახარებენ საოცარი ყვავილობით. დიდ შრომას მოითხოვს ვარდების ბაღი, ამიტომ ძალიან უნდა გიყვარდეს მცენარე, რომ ეს ყველაფერი შეძლო. გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით მთლიანად მიაქვს ჩემი თავისუფალი დრო.

- როგორი ნიადაგი მოსწონთ და მორწყვა რა სიხშირით სჭირდებათ?
- უყვართ ნოყიერი და კარგი დრენაჟის მქონე ნიადაგი, მზე და წყალი. მორწყვა კვირაში ორჯერ ან სამჯერ და ზაფხულის ძალიან ცხელ დღეებში თითქმის ყოველდღე.

- შეგიძლიათ ჩვენს მკითხველს ასწავლოთ, როგორ ხდება ვარდის სწორად გასხვლა და გვითხრათ, რატომ არის გასხვლა აუცილებელი?
- ვარდების გასხვლა ხდება ან გვიან შემოდგომაზე, ან ადრე გაზაფხულზე. მე ვინაიდან ძალიან დიდი რაოდენობა მაქვს და თან გაზაფხულზე უამრავი საქმეა ბაღში, ამიტომ შემოდგომაზე ვსხლავ. გასხვლის პრინციპი ჯიშზეა დამოკიდებული. ხვიარა ვარდებს, გადაყვავილებულ ყვავილებს და 3-4 წლიან, უკვე გამერქნებულ ტოტებს ვაჭრით. ვტოვებთ რამდენიმე ახალ ჯანმრთელ ტოტს, რათა მომავალ წელს ამ ტოტებზე აყვავილდნენ. რაც შეეხება ჩაის ჰიბრიდებს, ფლორიბუნდებს, შრაბებს, მე ყველას ერთი პრინციპით ვსხლავ - მაქსიმუმ 3-4 კვირტზე და 3-4 ძირითად ტოტს ვტოვებ.

- ხეივნისთვის რომელი ვარდია უკეთესი, დიდხანს რომ ყვავილობდეს, გარემო პირობების მიმართ ამტანობით გამოირჩეოდეს და უხვად მოყვავილეც იყოს?
- ხვიარა ვარდებიდან ჩემი უკონკურენტო ფავორიტებია ფრანგული სელექციის ედენ როუზი, იგივე პიერ დე რონსარი და კორდესის წითელი ვარდი ფლორენტინა. პირველად გაშლილი რომ ვნახე ედენი, მაშინ მივხვდი, რომ ვარდი არ მქონდა ნანახი ცხოვრებაში. საერთოდ, ვარდები ძალიან ვრცელი თემაა, უამრავი ჯიშია და ასე გამორჩევა რთულია. ძალიან კარგი ჯიშებია პოლკა, სეზარი, იმპრესიონისტი, კრიმსონ გლორი, სიმპათია, დი დი ბროუჯვოთერი და ასე შემდეგ. ჩვენს კლიმატში ხვიარებად კარგად იზრდებიან ოსტინის შრაბები: აბრაჰამ დერბი, გოლდენ სელებრეიშენი, პრინცესა მარგარიტას გვირგვინი, შექსპირი.

- ვარდების გარდა რა მცენარეები გაქვთ?
- ვარდების გარდა ეზოში მაქვს მარადმწვანეები, კლემატისები, ნეკერჩხლები. ბოლო გატაცება კი წიწვოვანი მარადმწვანეებია. ძალიან მომწონს პენდულა ნაძვები და რამოდენიმე ჯიში შევიძინე კიდეც. საერთოდ ბაღი არის მარადმწვანეების, მწვანე მოლისა და ფერადი ყვავილების ერთობლიობა, რაც ჰარმონიას ქმნის ბაღში.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ნატო ჯოჯუა 2023-05-20 19:13
მართლა ძალიან სათნო ჭკვიანი და თბილი ქალბატონია ლელა ძალიან მიყვარს მან შემაყვარა ვარდები
მაგული კირჩხელი 2023-05-20 07:05
ლელა მართლაც საოცარი ქალბატონი ბრძანდებით, თქვენი ბაღივით ლამაზი და ფერადი ცხოვრება გქონოდეთ.
ზოია რუაძე 2023-05-19 21:09
გისურვებ წარმატებებს დასახული მიზნის შესრულებაში გისურვებ შენი ბაღივით ფერად ლამაზ , ფერადოვან ცხოვრებას????????
sofo uznadze 2023-05-19 20:00
როგორ მიყვარს ???? საუკეთესო პიროვნება ✨✨ ასობით ათასობით ადამიანს დაუზარლად გვაძლევს რჩევებს???? უფალმა დაუბრუნოს სიკეთე რასაც მოყვარუკებისთვის აკეთებს????
ეკა ელბაქიძე 2023-05-19 18:48
საუკეთესო მებაღე ,რომელიც მაზად არის ყველა კითხვას უპასუხოს და რჩევს მოგვცეს, ვაფასებ და მიყვარს ეს გოგო

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები