"ემიგრაციიდან დავბრუნდი და ჩემი ცარიელი ეზო რომ დავინახე, გული გამიჩერდა... მიზნად დავისახე, აქაურობა სამოთხედ მექცია..." - ბაღნარი ზუგდიდიდან

დარეჯან ხუბუა დიასახლისია. დროის უმეტეს ნაწილს ოჯახს და იმ ულამაზეს ბაღს უთმობს, რომელოც საკუთარი შრომით და დიდი ძალისხმევით გააშენა. წლების განმავლობაში ემიგრაციაში ცხოვრობდა. შინ დაბრუნებულს ძალიან დაწყდა გული, მის ეზოში ყვავილები რომ აღარ ხარობდნენ. ამიტომ მიზნად დაისახა საკუთარი ბაღნარი გაეშენებინა.

- ვიზრდებოდი ოჯახში, სადაც ყველას უყვარდა ბუნება, მცენარეები, ყვავილები. რომ გავთხოვდი, რამდენიმე წელში მეუღლემ მიწა იყიდა, 600კვ.მ და დავიწყეთ სახლის აშენება. მთავარი იყო სახლისთვის მაქსიმალურად დიდი ეზო დაგვეტოვებინა წინ, რადგან მაშინ უკვე მქონდა ოცნებაში, რომ უნდა ამეყვავებინა ეზო. ახლა ჩემი
ბაღი 400კვ.მ-ზეა გაშენებული, სადაც უამრავი სახეობის ყვავილი, ხეხილი და დეკორატიული ბუჩქია.


- რა გაძლევდათ სტიმულს მუშაობის პროცესში?
- ცხრა წლის წინ ჩამოვედი მრავალწლიანი ემიგრაციიდან და თითქოს გული გამიჩერდა, ჩემს ეზოში არაფერი რომ არ ყვავილობდა. მოტივაციაც სწორედ ეს იყო, რომ აქაურობა მექცია სამოთხედ.

- მარტივი არ იქნებოდა ასეთი ლამაზი ბაღის გაშენება.
- რა თქმა უნდა ძალიან რთული, შრომატევადი და დამღლელია ბაღის გაშენება. შემდეგ უფრო რთულია სასურველი იერსახის შენარჩუნება. მაგრამ ისე მიყვარს ჩემი ყვავილები, ისე ვტკბები ამ სილამაზით, რომ ყველანაირ დაღლას მავიწყებს. მოფერება და ალერსი ყველა ყვავილს სჭირდება, სულ ასე ვეძახი: ჩემი ლამაზი გოგონები, ჩემი პრინცესები…

პრეტენზიული ყვავილები არ მიყვარს. პირველ წელს ყვავილი თუ ვერ გავახარე, აღარ ვცდილობ მის გახარებას. ვამბობ, ამას ჩემთან არ მოსწონს-თქო. მიყვარს ისეთი მცენარეები, რომლებიც მთელი ზაფხული ყვავის. ძირითადად მარტის თვიდან დეკემბრის ბოლომდე სულ ეზოში ვარ, სულ ვშრომობ. მიწას სულ სჭირდება მომზადება, გაფხვიერება. თუ კარგად მოუვლი, შედეგიც კარგი გაქვს და ეს არის მთელი სიამოვნება.

- ზაფხულის მცხუნვარე დღეებს როგორ ებრძვით? ალბათ დიდი ძალისხმევა გჭირდებათ, რომ მცენარეებს სასურველი პირობები შეუნარჩუნოთ...
- ზაფხულის ცხელ დღეებში ყვავილებს ყოველდღე უნდათ მორწყვა. ამასთან, მაქვს უამრავი ოთახის ყვავილი, რომლებსაც ასევე განსაკუთრებულად ვუვლი. მცენარე პასუხისმგებლობაა, უნდა იზრუნო. იცოდე, მზე რომელს უყვარს, რომელს - დღის შუქი, რომელს - რამდენი წყალი, რამდენჯერ მორწყვა და სხვა.


- მოვლაში გეხმარებათ ვინმე, თუ თავად უმკლავდებით ყველა სამუშაოს?
- ბაღი ჩემია, შვილივით ვუვლი და ასე მგონია, სხვა რომ შეეხოს რაღაცას ატკენს. მარტო ვუვლი და შედეგი ყველა მნახველს რომ მოსწონს, საოცარი შეგრძნებაა. ოჯახის წევრებს, სტუმრებს, მეზობლებს განსაკუთრებით უყვართ ამ ეზოში, ამ ყვავილების სურნელში ფინჯანი ყავის დალევა. მიხარია, რომ ეს სილამაზე შექმნილია შრომით და სიყვარულით.







მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები