ალბათ ვინც ქალბატონი ქეთი ზედგინიძის ულამაზეს ეზოს ნახავს, მიხვდება, რამხელა შრომა და სიყვარულია ჩადებული ამ პატარა ბაღში. ყვავილების გარდა ქალბატონმა ქეთიმ სამშობლოს სიყვარულით ჰოლანდიაში, საკუთარ ეზოში ვაზი გააშენა, რომელმაც წელს პირველი ნაყოფი გამოიღო.
- ორი წელია ჰოლანდიაში ვცხოვრობ. მანამდე ერთი წლით ადრე სხვადასხვა დროს ვიყავი აქ ჩამოსული. პროფესიით ექთანი ვარ. აქ გამომგზავრებამდე ვმუშაობდი თბილისის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში.
- ჰოლანდია განთქმულია ულამაზესი ყვავილებით. მოგვიყევით ამ კულტურის შესახებ.
- დიახ, მოგეხსენებათ, ჰოლანდია განთქმულია ულამაზესი ყვავილებით და ამიტომ იშვიათია ადგილი, სადაც ყვავილს ვერ
- რომელი ყვავილებით იწყებენ ეზოების გაშენებას?
- თითქმის ყველა ეზოში თუ ტერასაზე შეხვდებით ჰორტენზიებს და მარადმწვანე დეკორატიულ ბუჩქებს, დანარჩენი უკვე მეპატრონის გემოვნებაზეა დამოკიდებული. უმეტესად მრავალფეროვანი ყვავილებით გაფორმებული სახლები, აივნები და ტერსები აქვთ.
- რა მდგომარეობაში იყო თქვენი ეზო, როცა ბაღის გაშენება დაიწყეთ?
- ჩემი ბაღის გაშენება 2 წლის წინ დავიწყე. აქ დამხვდა სუროს "ჯუნგლები". მოდებული იყო როგორც ღობეებზე, ისე ჰორიზონტალურად, მთელ ეზოში, სათავსოს კედლებზე, რომელიც ეზოში გვაქვს. დამხვდა აგრეთვე 18 წლის (18 წლის წინ დასახლდა ჩემი მეუღლე ამ სახლში) ვარდი, და ამავე ასაკის თეთრი და იასამნისფერი იასამანი, იაპონური ჟოლოს ბუჩქები. პირველი, რაც გავაკეთე, გავკაფე ჰორიზონტალურად მოდებული სურო და ვცადე მიწის ამოთხრა ყვავილის ჩასარგავად, მაგრამ სად ვარ თურმე?! წინ მელოდა საკმაოდ რთული სამუშაო. ეს იყო ფესვებთან დაკავშირებული პრობლემა. ფესვები ძალიან ღრმად იყო გამჯდარი მიწაში. წარმოიდგინეთ, 18 წელი თავის ნებაზე იზრდებოდა. ის წელი ფესვების ამოძირკვას მოვანდომეთ მე და ჩემმა მეუღლემ. შარშან უკვე დავიწყე ყვავილების გრუნტში ჩარგვა. სახლის წინ გვაქვს კიდევ პატარა ბაღი, სადაც უკეთესი მდგომარეობა დამხვდა. რამდენიმე წლის წინ, ჩემს მეუღლეს თვითონ გაუშენებია ჰორტენზიები, მაგრამ იქაც ხელის შევლება იყო საჭირო.
პირველი ეზოს ყვავილი, რომლითაც ეზოს განაშენიანება დავიწყე, იყო ია-ჟუჟუნა (ივან და მარიები), რომლებიც საჩუქრად მომართვეს. იმის მერე გაზაფხული ჩემს ეზოში ამ ყვავილით იწყება. შარშან გავიგე, რომ თურმე ყინვაგამძლე ია-ჟუჟუნებიც არსებობს, გვიან შემოდგომით იყიდება, მეც შევიძინე. მთელი ზამთარი მეჩხერად ყვავილობდა, მაგრამ ადრე გაზაფხულზე წამოიღო ყვავილები, ზამთარშიც რომ სიმწვანეს უყურებ ეზოში, ისიც სასიამოვნოა. ია-ჟუჟუნების გარდა გაზაფხულზე კროკუსები, ტიტები, ნარცისები და სუმბულები ამოდის. ამის მერე ჩემზეა დამოკიდებული, თუ რომელ ყვავილს შევიძენ და რომელი ყვავილები გააგრძელებენ ჩემს ეზოში ყვავილობას. დიზაინით დიდად არ გამოირჩევა ჩემი ეზო, მაგრამ რაც არის და როგორც არის ამჟამად, ჩემი დამსახურებით და გემოვნებით არის შერჩეული და გაკეთებული.
- რის მიხედვით შეარჩიეთ ყვავილები?
- ყვავილები ფერების და ვიზუალის მიხედვით ვარჩევ, თუმცა ბევრი ყვავილი თუ მცენარე ჩემი მეუღლის შერჩეული და მოტანილია. ამჟამად 15 ჯიშის მცენარე მყავს ეზოში - ბეგონიები, ბალზამინები, პეტუნიები, მათ შორის მინი-პეტუნიები, ვერბენები, პლატიკოდონები, კამპანულები, გერანიუმები, აზალია, ჰორტენზიები და ა.შ. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მაქვს აგრეთვე ჟოლოც, რომელიც ყოველ წელს მოსავალს მაძლევს. მაქვს ორი ძირი ვაზი, რომელიც 3 წლის წინ მეუღლის მეგობარმა გვაჩუქა, როცა გაიგო, რომ საქართველო ვაზის და ღვინის ქვეყანაა. წელს ნიშანი მოგვცა, სამი მტევანი ასხია. ვაზის ფოთლის ტოლმაც გავაკეთე წელს.
- დღის განმავლობაში რა დროს უთმობთ მცენარეებს?
- ყვავილების სასიკეთოდ, ჯერ არ ვარ დასაქმებული (იღიმის), ამიტომ რამდენ დროსაც მოითხოვენ, იმდენ დროს ვუთმობ მათ მოვლას. ხანდახან მეუღლე მეხმარება მათ მორწყვაში. ეზოს გარდა მაქვს სახლის ყვავილები და მცენარეებიც. ჩემი ფავორიტი სახლის ყვავილებში ორქიდეაა, სულ 19 ძირი ორქიდეა მაქვს. მათი მორწყვა კი მართლაც შრომატევადი საქმეა, მოგეხსენებათ, ორქიდეები ჩვეულებრივი ყვავილივით ზემოდან არ ირწყვება. მაქვს 5 ძირი კლივია, ფიკუსი, ქლოროფიტუმი, ალოე, იები.
- ყვავილების მოვლა ჰოლანდიაში ისწავლეთ თუ საქართველოშიც იყავით დაინტერესებული მცენარეებით და მათი მოვლა აქამდეც იცოდით?
- საქართველოშიც მქონდა რამდენიმე მცენარე, მაგრამ დროის უქონლობის გამო დედაჩემს უწევდა მათი მოვლა. ჰოლანდიაში რომ წამოვედი, ბიცოლაჩემს ვაჩუქე. ადრე სპეციფიკური მოვლის წესები არ ვიცოდი, ინტერნეტთანაც იშვიათად მქონდა წვდომა. ახლა თუ იცი ყვავილის ან მცენარის სახელი, ინტერნეტით ნებისმიერ ინფორმაციას მოიპოვებ მათი მოვლის შესახებ. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა, ახლა რადგან დროც მაქვს და ყვავილებიც დამიგროვდა, უფრო მეტ ინფორმაციას მოვიპოვებ მათი სპეციპიკური მოვლის შესახებ.
- ქართველი მეგობრები რამდენად ხშირად გსტუმრობენ ამ ულამაზეს ეზოში?
- ბოლო რამდენიმე თვეა ბევრი ქართველი მეგობარი და ნაცნობი შევიძინე ჰოლანდიაში დაარსებული ქართული კულტურის ცენტრის მეშვეობით. კვირაში ერთხელ ვხვდებით ცანტრში ერთმანეთს, დავდივართ სხვადასხვა ღონისძიებაზე, კონცერტებზე, დაბადების დღეებზე. სამწუხაროდ, ამ მოკლე დროის განმავლობაში ჯერ ვერ დავგეგმეთ ჩემთან სტუმრობა. მაგრამ ყველაფერი წინ გვაქვს.
- ქართული ჯიშის მცენარე თუ გაქვთ რამე ჩარგული?
- ვაზის გარდა სხვა ქართული მცენარე არ მაქვს. იასამანი და მისი სურნელი მიყვარს და მაგონებს საქართველოს, ის კი მაქვს ეზოში.
- რა განსხვავებაა საქართველოს და ჰოლანდიის ბუნებას შორის?
- საქართველოსთან შედარებით ჰოლანდიაში ნესტიანი ჰავაა, ხშირი წვიმები, ამიტომ სულ სიმწვანეშია ჩაფლული ჰოლანდია. ბევრი ტყე-პარკია ქალაქებში გაშენებული, ხალხიც უფრთხილდება გარემოს და მთავრობაც ზრუნავს ეკოლოგიაზე. საქართველოს ბუნებაზე მე რა უნდა გითხრათ ახალი?! გვაქვს ულამაზესი ბუნების ქვეყანა და ვისურვებდი ხალხისგან და მთავრობისგანაც მეტ ძალისხმევას ბუნების მოვლისა და ამ სილამაზის შენარჩუნებისთვის. ვისურვებდი, საქართველოში მეტი სკვერი და პარკი გაშენდეს და არა რკინა-ბეტონის კონსტრუქციები.
მერი ბლიაძე
კომენტარები