სოფო ბურძენიძე სამტრედიაში მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ხელოვანია, პატარებს მუსიკის სიყვარულს აზიარებს. დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს მისი საქმიანობა, თუმცა დამღლელი დღის მერე ყვავილებისთვის და თავისი ულამაზესი ბაღისთვის დრო ყოველთვის რჩება. მარადმწვანე მცენარეებით, ჭრელაჭრულა ყვავილებით, მწვანედ მოფენილი ბალახით დამშვენებულ ეზოს მნახველები სამოთხის ბაღსაც ადარებენ.
- როდის და როგორ დაიწყო თქვენი ყვავილებით გატაცება?
- ყვავილებით გატაცება ბავშვობიდან დაიწყო, ჩემ ირგვლივ ყველას უყვარდა ყვავილები: ბებოს, დედას, დეიდაშვილებს. მახსოვს, სოფელში როგორი ლამაზი ბაღი ჰქონდა ბებოს, განსაკუთრებით ფერად-ფერადი ცინიები დამრჩა მეხსიერებაში და ცინიების უზომო სიყვარული
- თქვენი ეზო დღეს თვალწარმტაცი და მშვენიერია, გაიხსენეთ როგორი იყო, სანამ მის გაშენებას შეუდგებოდით.
- ჩვენი ეზო თავიდან ჩვეულებრივი ხეხილის ბაღი იყო, თანდათან ეს ყველაფერი მარადმწვანე მცენარეებით ჩავანაცვლეთ, დავრგეთ სხვადასხვა სახეობის ციტრუსები, ფეიხოა და ეზო ზამთარშიც კი მწვანეა.
- ალბათ ძალიან ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესები გაიარეთ.
- ეს ყველაფერი დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო, თავიდან მეხმარებოდნენ მშობლებიც. პირველად მახსოვს, პალმები ჩავრგე, შემდეგ ყოველ წელს ემატებოდა სხვადასხვა სახეობის ყვავილი და თანდათან ლამაზდებოდა ჩვენი ბაღიც.
- დღეს რამდენი სახეობის ყვავილი, ხე, მცენარე ამშვენებს თქვენს ეზოს?
- ახლა უკვე უამრავი სახეობის ყვავილი და ხე გვაქვს. განსაკუთრებით ტირიფის ხეს გამოვარჩევ, რომელიც 10 წლის წინ დავრგე და ვთვლი, რომ ჩვენი ეზოს მთავარი ღირსებაა. კიდევ გვაქვს - იაპონური კომში, მაგნოლია, ნეკერჩხალი, ხვიარა ვარდები, აგავები, სხვადასხვა ფერის ზამბახები, კანადაა. შ. ზაფხულობით ვთესავ ცინიებს, პორტულაკებს, ეზოს ბალზამინებს და ვცდილობ ჩემი მწვანე ეზო როგორმე გავაფერადო. ასევე ძალიან მიყვარს ქოთნის ყვავილები, მაქვს კაქტუსები, პელარგონიები, ბეგონიები, ახლა სუკულენტების და ადენიუმების შეგროვებით ვარ გატაცებული.
- ულამაზესი მინდორი გაქვთ თქვენი დათესილია?
- ჩვენი მწვანე მინდორი ბუნებრივია.
- მინდორს განსხვავებული მოვლა სჭირდება, მასაც თქვენ უვლით?
- მინდორს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, დასავლეთის ჰავა უწყობს ხელს, რომ სიმწვანე დიდხანს შეინარჩუნოს. მხოლოდ ვკრეჭთ თვეში ერთხელ და ამაზე მამა და ძმა ზრუნავენ.
- თვლით, რომ ეს თქვენი ოცნების ეზოა?
- ჩემი ეზო მუდმივად განახლებადია, ჯერ კიდევ ვფიქრობ, უამრავი რამ შევცვალო. ოცნებებიც მაქვს, ყველაზე მთავარი ლამაზი ორანჟერეას აშენებაა. იმედია, ამისრულდება.
- როგორც ვიცი, ყვავილების გარდა სხვა გატაცებაც გაქვთ...
- დიახ, ფერადი ქაღალდებით დეკორაციებს ვაკეთებ. საბავშვო ბაღში ვმუშაობ, ყველაზე რთული რაც კი გამიკეთებია, ჩემს პატარებს მივუძღვენი. სულ მარტომ გამოვჭერი თითოეული ფურცელი, ორი თვე მოვანდომე, დღე და ღამე ვჭრიდი. ჩემს პატარებს ძალიან მოეწონათ, მეტი ხალისი და სტიმული მიეცათ.
მერი ბლიაძე
კომენტარები