"ჩემი ბაღი მივუძღვენი ჩემს ქალიშვილს, რომელიც ტრაგიკულად დავკარგე..." - დედა, რომელმაც გარდაცვლილ შვილს ზღაპრული ბაღი აჩუქა

ეს ის შემთხვევაა, როცა ინტერვიუს დროს კითხვებს ვერ ვსვამ. ეს ის შემთხვევაა, როცა შესავლისთვის სიტყვებს ვერ ვპოულობ. უბრალოდ, ეს სტატია უნდა წაიკითხო, რომ გაიგო, რა სევდიანი ისტორია იმალება ულამაზესი, ზღაპრული ბაღის უკან, რომელიც ქალბატონმა ნინო თორდიამ ზუგდიდის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში გააშენა.

- პროფესიით ინჟინერი ვარ, ვცხოვრობ ზუგდიდში ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში, სადაც საშუალება მაქვს ვაკეთო ის, რაც მე მიყვარს და მაბედნიერებს. ჩემი მეუღლე, ფრიდონ ჭაჭუა, პროფესიით იურისტია, უკვე პენსიაზე გავიდა და მეხმარება საყვარელ საქმიანობაში. მხარში მიდგას ყველანაირად, რადგან მასაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს

ყვავილებთან და მიწასთან ურთიერთობა. მყავს შვილი, რეზო, ძალიან მამაცი და ერთგული, ის მსახურობს ერთ-ერთ ძალოვან სისტემაში...

- როდის დაიბადა იდეა, რომ ულამაზესი ბაღი გაგეშენებინათ?
- წლების წინ ჩვენი ბაღი იყო ჩვეულებრივი ბაღი, სტანდარტული ყვავილებით. შემდეგ კი ჩემი ბაღი, ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. მას აქვს სული და გრძნობა, მას სტკივა ჩემთან ერთად და უხარია არანაკლებ, ვიდრე მე. ის ცოცხალი არსებაა და მასში მე ვპოულობ შველას. შველას ყოველდღიური პრობლემებისგან, შველას ჩემი ცხოვრების ტრაგედიისგან, შველას ჩემი დარდისგან.


- თუ ძალიან მტკივნეული არ არის თქვენთვის, იქნებ მოგვიყვეთ რა ტრაგედიაზე გვესაუბრებით...
- ჩემი ბაღი მივუძღვენი ჩემს ქალიშვილს, რომელიც ტრაგიკულად დავკარგე. მაიკო იყო ცხოვრების განმანათებელი და პოზიტივით სავსე ადამიანი,რომელსაც ძალიან უყვარდა ყვავილები. მისთვის დავიწყე ეს საქმიანობა. მე მჯერა, როდესაც შიშველი ხელებით ვმუშაობ მიწასთან, მის სულს ვეხები, როცა ველაპარაკები, ჩემი მაკო მისმენს და მაძლიერებს, როცა ყვავილების სურნელს ვგრძნობ, მისი სუნია. რომ გაიგოთ, როგორ შევქმენი ეს ბაღი, უნდა გაიგოთ, როგორი იყო ის, ვის სახელსაც ატარებს და ვის გამო ვცდილობ და ვიგონებ ამ კომპოზიციებს.


ჩემი მაკო იყო ულამაზესი ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე გოგონა. მას უნდოდა მოესწრო ამ ცხოვრებაში ყველაფერი, როცა მიდიოდა დადებით მუხტს გადასცემდა ყველას. მაშინ როდესაც დავკარგე ჩემი ანგელოზი, მივხვდი თუ რამდენ ადამიანს დაწყდა გული, რამდენ ადამიანს ეხმარებოდა და აბედნიერება, რამდენს დღემდე აკლია... მას უყვარდა სილამაზე. განსაკუთრებით ცხოვრების სილამაზე, მაიკო საოცრად უვლიდა ყვავილებს და ახარებდა იმათ, რომლებიც უკვე მომაკვდავი იყო. ჯერ კიდევ სულ პატარამ მამიდას სახლიდან, ადლერიდან, ჩამოიტანა პასიფლორას ნერგი და გაახარა. მოწონებულ ყვავილს სახლში მოარბენინებდა... ახლა კი მე და ჩემი მეუღლე ვუვლით, ვარჩევთ დიზაინს და ვაახლებთ ბაღს. ჩვენი დილა იწყება და დღე მთავრდება მასზე ზრუნვით. ბაღის შემოვლა - ეს რიტუალია, მცენარეებთან ურთიერთობით ვგრნობთ მაიკოსთან სიახლოვეს, ეს სრულიად სხვა სამყაროა, რომლის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია... ეს არის სივრცე ხილულსა და უხილავს შორის... ვერ გადმოგცემთ იმ გრძნობას, რომელიც მეუფლება თითოეული თესლის გაღვივების, აღმოცენების თუ ზრდის პროცესში. ყვავილიც თოთო ბავშვივითაა, თუ რამე დააკლდა მოიწყენს, ფოთლებს ძირს ჩამოუშვებს, საშველად გიხმობს.


ცხოვრება გრძელდება... გულის ერთი მხარე გატეხილია, მაგრამ მეორე მხარეს არის ბიჭი, რომელსაც თავისი წილი სიყვარული და თანადგომა სჭირდება მშობლებისგან. ცოლ-ქმარი ერთმანეთს მხარში ვუდგავართ და ორივენი ვართ ჩართული ბაღის მოვლა-გაფორმებაში. ეს დიდ შრომასთან არის დაკავშირებული - დარგვა, სარეველებისგან გაწმენდა, ნიადაგის გაფხვიერება, შეწამვლა. ამასწინათ შეშად მოჭრილ ხის მორს რაღაც სხვა თვალით შევხედე. მეუღლეს ვუთხარი, ნახე, რა ლამაზი ფორმის მორია, მხოლოდ ქუდი აკლია-მეთქი, მან შემომხედა უსიტყვოდ და გაიარა. რამდენიმე საათის შემდეგ კი ბაღში უკვე გამზადებული ფიგურა იყო. ასე შეიქმნა რობი, შემდეგ კი პარასკევა. რობი და პარასკევა ბაღის საპატიო წევრები არიან (იღიმის) ეს ნაფეხურები იცით ვისია? პატარა ალექსანდრა გვყავდა სტუმრად, ჩვენთან აიდგა ფეხი, ლამაზი დღეები გვაჩუქა და ნაკვალევიც დაგვიტოვა. მოკლედ ბაღში თითოეულ მცენარესა თუ ფიგურას თავისი დატვირთვა აქვს.


- ამ ტაპზე რომელი მცნარეები ალამზებენ თქვენს ეზოს?
- ამჟამად მაქვს მრავალი სახეობის როგორც ერთწლიანი, ასე მრავალწლიანი მცენარეები: სალვიები, გეორგინები, ამარანტები, ასტრები, სათითურა, ლუპინი, ალსტრომერია, ბუდლეა, გრაკლა, ირმის რქა, ფაცია, ჰიბისკუსები, ვარდები... ასევე მაქვს ოთახის მცენარეები: პილეა, ჰემანტუსი, გერანები, გვიმრა,კალათეა, არმა, რუელია, სანსევიერა...

თითოეული მცენარე თავისებურ ყურადღებას მოითხოვს. დიდი მნიშვნელობა აქვს სისუფთავეს. ფოთლები აუცილებლად მტვრისგან უნდა გაიწმინდოს, დამჭკნარი ფოთლები და ყვავილები უნდა მოვაშოროთ. არასწორი მორწყვა მცენარის დაღუპვის ყველაზე ხშირი მიზეზია. ზედმეტმა წყალმა შეიძლება მცენარე დაალპოს ან პირიქით, ნაკლებმა კი გაახმოს. გამწვანებული და ლამაზი გარემო ამაღლებს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ამიტომ დამწყებებს ვურჩევდი, არ შეუშინდნენ სიძნელეებს, მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოგივათ! დაიწყეთ ნებისმიერი მცენარით, გაილამაზეთ გარემო. მიანიჭეთ ადამიანებს ბედნიერება!

მერი ბლიაძე

კომენტარები

Ლეილა 2020-06-05 22:49
Უფალმა გაანათლოს მისი სული თქვენ დიდხანს იცოცხლეთ მის მოსაგონებლად
ქეთინო 2019-03-01 15:55
ნათელში ამყოფოს თქვენი შვილის სული ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ
ქეთინო 2019-03-01 15:53
საოცრებაა ამას ხომ ნიჭი უნდა ასეთი ბაღი იშვიათია ულამაზესია
მედეა 2019-02-27 15:02
ძალიან მომეწოა,ისეთი დაწერილია ქ–ნო მერი,უცრემლოდ ვერ წავიკითხე.
Magdu 2018-07-14 13:35
Gmerto,ramdenjer gadavikitxe !ra silamazea da rogori gulshichamcvdomi gulmokluli dedis titoeuli sityva!gmerto,mieci dzala da mxneoba am lamazi gogonas mshoblebs!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები