როგორი ბაღებია ახლა ტრენდული და რა უნდა იცოდეთ ბაღის მოვლაზე - ლანდშაფტის დიზაინერის რჩევები

რა სამუშაოები უნდა ჩავატაროთ ბაღში, რომ ჩვენმა მცენარეებმა კარგად გაიხარონ, რომელი მცენარეების დარგვა ჯობს ამ დროს და როგორი ტიპის ბაღებია ახლა ყველაზე ტრენდული - გვესაუბრება ლანდშაფტის დიზაინერი, თავადაც საოცარი ბაღისა და ვარდების სანერგის მფლობელი ცირა ოქროპირიძე.

- დამეთანხმებით, რომ შემოდგომაზე ბაღი განსაკუთრებული ელფერითა და ფერწერით გამოირჩევა. მახარებს ის ფაქტი, რომ ადამიანები უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარი ეზოების გამწვანებას. როცა სათანადოდ ვზრუნავთ მცენარეებზე, ისინი ნორმალურად ვითარდებიან, იზრდებიან და გვასაჩუქრებენ უხვი ყვავილობით. წელიწადის ყველა დროს ბაღს თავისებური მიდგომა სჭირდება. შემოდგომაზე
შეგვაქვს კალიუმიანი სასუქები, შემოვბარავთ, რათა ჰაერაცია ჰქონდეთ ფესვებს, ბაღს ვასუფთავებთ სარეველებისგან, ვაცილებთ ხმელ ფოთლებს, რათა მავნებლებმა არ დაიბუდონ, ასევე ვწამლავთ და ვსხლავთ მსუბუქი სანიტარიული მეთოდებით. სასურველია, მცენარეები ნოემბრის შუა რიცხვებამდე დაირგოს. ეს ძალიან კარგი დროა ყველა ტიპის მცენარისთვის. მთავარია, სწორი ადგილი შევარჩიოთ ნერგებისთვის, რადგან ზოგი ჩრდილის მოყვარულია, ზოგი - ნახევრად ჩრდილის, ზოგს კი მზე უყვარს. თავი უნდა შევიკავოთ ისეთი მცენარეების დარგვისგან, რომელიც ჩვენი კლიმატური ზონისთვის შეუფერებელია. თუ ამას არ გავითვალისწინებთ, შედეგი გულდასაწყვეტი აღმოჩნდება. ამიტომ თუ დავუჯერებთ სპეციალისტის რჩევებს და სწორად შევარჩევთ შემოდგომაზე მცენარეებს, ჩვენც გავიხარებთ და ისინიც. მე, როგორც ვარდებზე შეყვარებული ადამიანი, ყველას ვურჩევ, რომ არჩევანი გააკეთონ ყვავილების დედოფალზე და ეზოში სავარდეები მოაწყონ. ვარდი ერთ-ერთი ყველაზე ამტანი მცენარეა, თოვლშიც მინახავს აყვავებული და უდაბნოშიც.





- სხვადასხვა ტიპის ბაღებიდან, ბოლო პერიოდში რომელი სტილია ყველაზე აქტუალური?

- ლანდშაფტის დიზაინი ხელოვნების სხვადასხვა დარგსა და მეცნიერებას აერთიანებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ლანდშაფტური სივრცე ერთ მთლიანობაში უნდა განვიხილოთ. როგორი მხატვრული ღირებულებების მქონე ბაღიც უნდა შევქმნათ და რა მასალებიც უნდა გამოვიყენოთ, მთავარია გავითვალისწინოთ ეკოლოგიური პრინციპები, სტილს თავად ადგილი გვკარნახობს. სწორი ზონირებისა და გეგმარების პროცესში იხსნება ახალი ფანტაზიები და ჰორიზონტები. ყურადსაღებია ასევე ის ფაქტი, რომ წელიწადის ოთხივე სეზონზე ბაღი უნდა იყოს ცოცხალი და მიმზიდველი. მუშაობის პროცესში ჩართეთ ინსპირაცია „უწყვეტი ყვავილობის ბაღი“. დღეს ძალიან მოდურია „ნატურ გარდენს“ სტილი, პრერიების ბაღები, სახურავის გამწვანება, ვერტიკალური ბაღები და ა.შ. მსოფლიოში ცნობილი ლანდშაფტის არქიტექტორი პიტ უდოლფი, რომელიც ბევრი საინტერესო კომპოზიციის ავტორია, მრავალწლოვან კულტურებსა და მცენარეებს ახამებს დიდ ფართობებზე. ვფიქრობ, ქალაქგარეთ რომ გამოიყოს ამისთვის ტერიტორია, ნამდვილად დაამშვენებდა ჩვენს რეალობას. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა იაპონური ლანდშაფტის კულტურაც, სწორედ ამ თემას მივუძღვენი საგურამოში ჩემი ყოველწლიური ფესტივალი „ვარდების წვიმა“. იაპონური ლანდშაფტის კულტურა ამოუწურავი თემაა და მას ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. ერთნაირად საინტერესო და ფილოსოფიურია, როგორც მშრალი, ასევე ტბის ბაღი. საინტერესოა შერეულ კომპოზიციებზე მუშაობაც, სადაც ქვა და მცენარე ერთმანეთთან საოცარ ჰარმონიას ქმნის. ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია პერსპექტივა, ფერის შეგრძნება.





- თქვენი ბაღი რომელ სტილშია და თუ აპირებთ ცვლილებების შეტანას?

- ჩემს ბაღზე ალბათ უფრო სხვებმა უნდა ისაუბრონ, მაგრამ რადგან მეკითხებით, გეტყვით, რომ ჩემი ბაღი მე მგავს. ჩემსავით გაწეწილი და თავისუფალია. ძირითადად აქ არის მარადმწვანე ხერხემალი და ვარდები ქვებთან ჰარმონიაში. ვიტყოდი, რომ ჩემი ბაღი უფრო ეკლექტიკურია, ანუ ბევრი სხვადასხვა სტილია შერეული. წელს ვგეგმავ ცვლილებების შეტანას, როგორც უკვე ვთქვი, ჩემი ბაღი მე მგავს და ჩემთან ერთად იცვლება.

- რამდენი ხნის შრომის შედეგია ეს ბაღი?

- პატარა რომ ვიყავი, ვოცნებობდი ვარდების ბაღზე, სადაც უამრავი ადამიანი მოვიდოდა და დატკბებოდა განსაკუთრებული სილამაზითა და სურნელით. ახლა ჩემი ბაღი უკვე 8 წლისაა და ის ძალიან ბევრი შრომის, მოთმინებისა და სიყვარულის შედეგია. ჩემი ბავშვობის ახდენილი ოცნებაა, რომელიც ისე განხორციელდა, გააზრებაც ვერ მოვასწარი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი აქ გაწეული შრომით სიყვარულსა და პოზიტივს გავცემ ადამიანებისთვის, რადგან ჩემი გზავნილია სამყაროსთვის „აავსე დედამიწა ვარდის სურნელით“. მიხარია, რომ ბევრი მიმდევარი მყავს. ამ ბაღით აღფრთოვანებულებმა, ჩემი დახმარებით, თავადაც გააშენეს საკუთარი ბაღები.





- რას ურჩევთ დამწყებ მებაღეებს - როგორ დაიწყონ ბაღის მოწყობა და სანამ გაიწაფებიან, რომელ მცენარეებზე შეაჩერონ არჩევანი?

- ლანდშაფტის დიზაინის შექმნა იოლი საქმე არ არის, თუმცა უდიდესი სიამოვნებაა. დამწყებ მებაღე-დიზაინერებს ვურჩევ, რომ პირველ რიგში დიდი სიყვარულითა და ინტერესით მიუდგნენ საქმეს. ნუ შეგეშინდებთ სიახლეების, გაბედული და კრეატიული იდეები გზადაგზა მოვა. ამ საქმეში, ისევე როგორც ნებისმიერ საქმეში, თავს მაშინ იპოვი, როდესაც მიხვდები, რომ მის გარეშე არსებობა არ შეგიძლია. სწორედ მაშინ ეზიარები ნამდვილ ბედნიერებას.





გარდა ამისა, მუშაობის პროცესი თვითონაა საუკეთესო მასწავლებელი. ის გასწავლის მოთმინებას, სიფხიზლეს, გამძლეობას, განვითარებასა და თავდადებას. უპირველეს ყოველისა კი, გასწავლის ნდობასა და სიყვარულს.

საუბარი ბრიტანელი ლანდშაფტის დიზაინერის, გერტრუდ ჯეკილის სიტყვებით მინდა დავასრულო: „დედამიწაზე არ არის ისეთი ადგილი, რომელსაც ვერ მიიყვან ისეთ კონდიციამდე, რომ ადამიანებში აღფრთოვანება არ გამოიწვიოს“.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები