7 შვილის დედის მიერ მოწყობილი მშვენიერი ბაღი და ყვავილები, რომლებსაც შვილებივით ესაუბრება

მარეხ ბენდელიანი ლენტეხში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ჰყავს 7 შვილი. გარდა იმისა, რომ მრავალშვილიანი დედაა, ასევე ასწრებს მუშაობას -  "სახალხო აფთიაქის" მენეჯერია ლენტეხის ფილიალში და კიდევ უფრო გაგაოცებთ ის, რომ მებაღეობაც გამოსდის და ეხერხება და მშვენიერი ბაღი მოაწყო ეზოში.

- ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, მაგრამ არანაკლებად მიყვარს მებაღეობა ეზოში მოწყობილი მაქვს პატარა ბაღი. 5 წელზე მეტია ამ ბაღს ვუვლით მე და ჩემი მული, რომელსაც ასევე ძალიან უყვარს ყვავილები, თუმცა დარგვა, მოვლა ძირითადად ჩემი საქმეა. ზოგადად ძალიან მაინტერესებს დეკორატიული მებაღეობა, დიზაინი და მცენარეები.
ვცდილობ დავხვეწო ჩემი პატარა ბაღი და ახალი მცენარეებით გავამდიდრო.
ჩემს ბაღში იზრდება ზამბახები, სხვადასხვა ფერის შროშანები, ჰოლანდიური ტიტები, დრაცენა, ფიკუსის პალმა, ჯუჯა ბროწეული, პრიმულა, სამფერა ია, იორდასალამი, ჰორტენზია, ქრიზანთემა, ვარდები და ა.შ.

- როგორ პოულობთ დროს ბაღისთვის, შვილების აღზრდის და მუშაობის პარალელურად?
- ბაღის მოწყობა ძალიან შრომატევადია და ბევრ ენერგიას დროსა და სიყვარულს მოითხოვს. ჩემთვის ეს განტვირთვაა, ვმშვიდდები ბაღის მოვლისას და მავიწყდება დრო როგორ გადის. ველაპარაკები და ვეფერები მცენარეებს. ჩემი შვილები დამცინიან კიდევაც: ნახე, შვილებს ელაპარაკებაო. ბაღს ვუვლი ძირითადად სამსახურის შემდეგ, როგორც კი დროს ვიხელთებ ყოველთვის.

- შვილების აღზრდაზეც გვესაუბრეთ - თან 7 შვილის. რა სირთულეები ახლავს ყველაზე მეტად?
- შვილების აღზრდა მართლა რთულია. ზოგჯერ მარტო ფიქრი გღლის, შრომაზე რომ არაფერი ვთქვა, მაგრამ ღვთის ნებით სიყვარული ყველა დაბრკოლებას გაძლევინებს. მე ასე ვთლი, თუ კი უფალი შვილებს გჩუქნის, მაშინ მათი გაზრდისა და აღზრდისთვის საკმარის დროს, ენერგიასა და საშუალებასაც გაძლევს. უბრალოდ ეს უნდა დააფასო და გამოიყენო სწორად.
მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ სწორად აღვზარდოთ შვილები, მივცეთ განათლება. არჩევანში გეგმაზომიერად თავისუფლებას ვანიჭებთ მათ. შრომასაც ვაჩვევთ. ხან გამოგვდის, ხან არა, მაგრამ იმედი მაქვს, კარგი ადამიანები გაიზრდებიან.

დროის განაწილება თანაბრად არ გამოდის. შეიძლება სიყვარული თანაბრად გაუნაწილო, მაგრამ დრო - არა. პატარები მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვენ. უფროსები უკვე დამოუკიდებლად ცხოვრობენ და თუ დრო აქვთ, მეც მეხმარებიან. ახალი თაობა ცოტა რთული, ჯიუტი და ჰიპერაქტიურია, ამიტომ მათ მეტი დრო და ნერვებიც სჭირდებათ. მადლობა ღმერთს, მშვიდი ვარ და დიდხანს მოთმენაც შემიძლია, მაგრამ თუ გავგიჟდი (იცინის), ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე. ჩემი აზრით, არ უნდა აშინებდეთ მშობლებს მრავალშვილიანობა. როგორც უკვე გითხარით, უფალი გვაძლევს ყველაფერს, რაც ბავშვის გაზრდასა და აღზრდას სჭირდება. ცოტათი ჩვენც უნდა დავიტვირთოთ თავი და ყველაფერი კარგად იქნება.

კომენტარები

Shorena 2020-06-11 02:07
Gia da marexi xmertma mogcet sul bednieri dxeebi mixaria aseti kargi shvilebis mshoblebi ro xart.miqvarxart.
melano 2020-06-07 00:47
marexi da gia----miyvarxart sruli shemadgenlobit ojaxshiiii
ჟანა 2020-06-05 11:17
წარმატებები მარეხ და გია თქვენ და თქვენს საუკეთესო შვილებს.
მაკა 2020-06-05 10:33
ბავშვობიდან რეჟიმიანი და სწავლას მოწყურებული , შრომის მოყვარე გოგონა იყავი მარეხ, შესაბამისად ოჯახიც შესაფერისად შექმენი , შენ საუკეთესო ხარ და ძალიან მიყვარხარ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები