სვანეთის მთებში გაშენებული ბაღი:"ვერაფრით წარმოვიდგენდი, მთებსა და მყინვარებს შორის რომ ამგვარ ოაზისს თუ ვიხილავდი"

იხილეთ დასაწყისი
კალადან მესტიისკენ დავეშვით. გზის იმ მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობდა, წინა ღამისა და დილის წვიმას კი იქაურობა გვარიანად აეტალახებინა და, ცოტა არ იყოს, დავიძაბეთ - მანქანა გზადაგზა "ცურავდა". კარგა ხანს ყველანი დადუმებულები ვიყავით, სახიფათო მონაკვეთს რომ გავცდით, შვებით ამოვისუნთქეთ და კვლავ ავხმაურდით. ლაშა გაბელიამ და ჩვენმა ხალისიანმა ჯგუფმა მესტიის მუზეუმის დათვალიერება გადაწყვიტა. რადგან სვანეთში პირველი მოგზაურობისას მუზეუმი უკვე დათვალიერებული მქონდა, გზიდან ჩემს მონატრებულ ბავშვობის მეგობარს დავურეკე, გოგა დადვანს, რომელიც კარგა ხანია, ფაქტობრივად, ოჯახთან ერთად (მეუღლე და სამი ვაჟი ჰყავს) გადასახლდა
თბილისიდან მესტიაში, ბაბუისეულ სახლში და უკვე ისე იშვიათად ჩამოდის თბილისში, არ მინდოდა, მასთან შეხვედრის შანსი ხელიდან გამეშვა. გამიმართლა და გოგა მართლაც მესტიაში აღმოჩნდა. მესტიაში მისი ახლობელი დამხვდა მანქანით, ჩვენებს ერთი საათით დავემშვიდობე, გოგასთან გავეშურე და... უცებ წალკოტში აღმოვჩნდი. ვერაფრით წარმოვიდგენდი, მთებსა და მყინვარებს შორის მდებარე მესტიის რომელიმე ეზოში ამგვარ ოაზისს თუ ვიხილავდი.

შინ გოგა, მისი უმცროსი ვაჟი - დუდი და გოგას მეგობარი დამხვდნენ. გული დამწყდა, რომ გოგას ულამაზესი მეუღლე და ძალიან საყვარელი ადამიანი მანანა კვიციანი ვერ ვნახე - თბილისში აღმოჩნდა წასული. არადა, იქაურობას შემოქმედი დიასახლისის ხელი აშკარად ეტყობოდა და მანანასთან საქმიანად გასაუბრებაც არ იქნებოდა ურიგო - ლამაზ ეზოებზე და სახლის ინტერიერებზეც შიგადაშიგ სტატიებს ვწერ ხოლმე და, დარწმუნებული ვარ, მანანა კარგი რესპონდენტი იქნებოდა! მოკლედ, ეს ამბავი სხვა სტუმრობისთვის გადავდე და მონატრებულ მეგობართან ათასფერადი ყვავილებით დამშვენებული ეზოსა და სახლის დათვალიერებას შევუდექი.

სვანეთის ცივი კლიმატის პირობებში მართლა არ ველოდი, ამდენი მცენარის გახარება თუ შეიძლებოდა. ეგ კი არა, მწვანილიც კი მოჰყავთ, თანაც საინტერესო სივრცე გამოუყვიათ - დიდი მაგიდა, სადაც ბოსტანი კვალებადაა დაყოფილი.

გოგამ ყურადღება მიმაქცევინა ხეზე მიმაგრებულ და ჩიტებისთვის განკუთვნილ პაწაწკინტელა ფერად სახლებზე, რომლებიც ეზოსაც ძალიან ალამაზებდნენ.

სახლი კი მუზეუმივით იყო - ძველი და ახალი საყოფაცხოვრებო ნივთების ნაზავი, ერთ კედელზე ჰერბარიუმიც კი მოეწყოთ მანანას და გოგას... განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები