ყველაფერი საზამთროზე

ზაფხულში, როცა ორგანიზმი გამუდმებით ითხოვს სითხეს, შესანიშნავი გამოსავალია საზამთრო. სწორედ ახლა შეგიძლიათ დატკბეთ მწიფე, დაშაქრული ნაყოფით, რომელშიც არ არის სტიმულატორები, ხელოვნური საღებავები, ნიტრატები. საზამთრო 100%-ით დიეტური პროდუქტია. ჯერ ერთი, დაბალკალორიულია - 100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება სულ 30 კილოკალორიას უდრის. არც არის გასაკვირი - საზამთროს 98% ხომ წყალია. გარდა ამისა, ეს ბაღჩეული შეიცავს ფრუქტოზას, B1, B2, PP, ჩ ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, კაროტინს, პიქტინურ ნივთიერებებს, უჯრედისს.

საზამთრო - ერთწლიანი სითბოსმოყვარული, ხვიარა მცენარეა, რომელიც სიგრძით 5 მეტრამდე იზრდება. საზამთროს სამშობლოდ სამხრეთ აფრიკა მიიჩნევა,

სადაც კალახარის უდაბნოს მიდამოებში იზრდება, როგორც ველური მცენარე. საზამთრომ მიაღწია ეგვიპტის საზღვრებსაც. ფარაონებს, მათივე ანდერძის თანახმად, სიკვდილის მერე განსასვენებელში საზამთროს ატანდნენ "იმ ქვეყნად პირის ჩასაკოკლოზინებლად".

ეგვიპტიდან კი ესტაფეტა ებრაელებმა მიიღეს და საზამთროს კულტურა მეტად პოპულარული გახდა. ისრაელში დღემდე შემორჩა საზამთროსა და მარილიანი ყველის ერთად დაგემოვნების ტრადიცია. ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში რომაელებმა დაიწყეს ამ ბაღჩეული კულტურის ფართოდ გამოყენება როგორც ახალი, ასევე დამარილებული სახით. მისგან მზადდებოდა ცუკატები, წვენის გადადუღების შედეგად კი ხარშავდნენ საზამთროს თაფლსა და ბადაგს.

VIII საუკუნეში ამ "ზოლიანმა, გიგანტურმა კენკრამ" აზიაც დაიპყრო, XIII საუკუნიდან კი ევროპაშიც შეაღწია. სავარაუდოა, რომ საზამთრო საქართველოში სწორედ აზიიდან შემოვიდა. ამაზე მიანიშნებს მისი კუთხური, კერძოდ კი კახური სახელწოდება "ყარფუზი" რომელიც სპარსული წარმოშობისაა.

რაც შეეხება უშუალოდ სახელწოდებას "საზამთრო", ერთ-ერთი ვერსიით მას უწოდებენ იმის გამო, რომ საზამთროს შენახვა ზამთრამდეც შეიძლებოდა. როგორც ცნობილია, საზამთროს რბილობი 80-95% სითხისგან შედგება და აქედან გამომდინარე ძლიერ შარდმდენ საშუალებას წარმოადგენს. იგი უნიკალური საშუალებაა ინტოქსიკაციის დროს, ამასთანავე, მდიდარია A, C, B, PP ვიტამინებით, შეიცავს ფრუქტოზას, ეთეროვან ზეთებს, ვაშლმჟავასა და ტუტოვან ნივთიერებებს. საზამთროს თესლში 35% ცხიმია. ყოველივე ამის გამო საზამთრო რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა და თირკმლების დაავადებების დროს. საზამთრო ერთადერთი პროდუქტია, რომელიც რკინის რაოდენობით სალათის ფოთლებსა და ისპანახს არ ჩამორჩება.

საზამთროს სიმწიფის დასადგენად უამრავი ხალხური მეთოდი არსებობს, თუმცა, როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, ამისი ზუსტი პროგნოზი შეუძლებელია, ვინაიდან არ არსებობს სიმწიფის დადგენის კრიტერიუმი.

საზამთრო 100%-ით დიეტური პროდუქტია. ის დაბალკალორიულია - 100 გრამში მხოლოდ 30 კილოკალორიაა. შეიცავს უჯრედისს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. საზამთროს 98% წყალია. მასში ბევრია მინერალური ნივთიერება. შეიცავს ბეტა-კაროტინსაც. დროის მოკლე მონაკვეთში საზამთროს დიეტის მეშვეობით შეგიძლიათ შესამჩნევად გახდეთ და გაჯანსაღდეთ. საზამთროს დიეტა ადვილი გადასატანია. ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება ხდება სითხის ინტენსიური გამოდევნის ხარჯზე, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ცხიმის ფენების შემცირებას და წმენდს ორგანიზმს ტოქსიკური ნივთიერებებისგან. ამასთანავე, საზამთროს დიეტა არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. სასარგებლოა განტვირთვის დღის მოწყობა, რომლის განმავლობაშიც მიირთმევთ მხოლოდ საზამთროს და ერთ ნაჭერ შავ პურს. გამოიყენეთ შემდეგი ფორმულა: 1 კილოგრამი საზამთროს რბილობი თქვენი წონის 10 კგ-ზე. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი დიეტა 5 დღეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. თუ ყველაფერი რიგზეა, 6-დღიანი შესვენების შემდეგ დიეტა შეგიძლიათ გაიმეოროთ, ოღონდ რაციონში ჩართოთ ყველი, დაუშაქრავი შვრიის ფაფა, უცხიმო თევზი და ბოსტნეული.



საზამთრომ რომ არ მოგწამლოთ

ზაფხულობით საზამთროსგან გამოწვეული ინტოქსიკაციები ხშირია. განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს მოწამვლა ბავშვებში, რაც ზოგჯერ მომატებულ ალერგიულ მგრძნობელობას წლების განმავლობაში ტოვებს. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს უსიამოვნება და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ საზამთრომ არ მოგვწამლოს.

საზამთრო ორი მიზეზის გამო იწვევს პრობლემებს:

1. მის დასამწიფებლად და გასამსხვილებლად დიდი რაოდენობით ნიტრატს იყენებენ, რაც მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

2. საზამთროდან ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ბაქტერიები ნაწლავურ ინფექციებს იწვევენ.

პირველი მიზეზის გამო უნდა ეცადოთ, რომ უზარმაზარი საზამთრო არ შეიძინოთ - მასში ნიტრატების შემცველობა ბევრად მაღალია. საშუალო და პატარა ზომის საზამთროები, ამ თვალსაზრისით, შედარებით უვნებელია. უპირატესობა მიანიჭეთ იმ სავაჭრო ადგილებს, სადაც იცით, რომ პროდუქტს შესაფერის პირობებში ინახავენ.

რაც შეეხება მეორე მიზეზს - გაითვალისწინეთ, რომ საზამთროს შიგთავსი ყველანაირი ბაქტერიების გამრავლებისთვის იდეალური გარემოა. სიტკბო და სისველე ბევრ ინფექციის გამომწევ მიკრობს ამრავლებს. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ გაჭრილი ან სხვა მიზეზით ზედაპირზე გადახსნილი საზამთრო. ერთი ბაქტერიაც რომ მოხვდეს შიგნით, ის ძალიან სწრაფად გამრავლდება და ჯანმრთელობისთვის საშიში გახდება.

არავითარ შემთხვევაში არ გაჭრათ გაურეცხავი საზამთრო - ის მიწის ზედაპირზე იზრდება, ნიადაგთან შეხების გამო კი მის ზედაპირზე ბევრი მიკროორგანიზმი სახლობს, რაც ასევე საშიშია ჯანმრთელობისთვის. უმჯობესია, თუ საზამთროს გამდინარე წყალში საპნითაც გარეცხავთ.

თუ ძალიან მსხვილი და ოდნავ მოყვითალო კურკები აქვს, ეს იგი ქიმიურად არის გამდიდრებული. შეგიძლიათ მარტივი ტესტიც ჩაატაროთ - საზამთროს რბილობი ერთი წუთით წყლით სავსე ჭიქაში მოათავსეთ. თუ წყალმა ფერი შეიცვალა, ესე იგი ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს. თუ წყალი მხოლოდ აიმღვრა, - "სუფთაა".

თუ თავს ცუდად იგრძნობთ, საზამთროს მირთმევის შემდეგ, ზომები მალევე მიიღეთ - სოდიანი წყალი, ნახშირი საუკეთესო საშუალებებია. და, რა თქმა უნდა, ექიმის კონსულტაცია.

 

მკურნალი საზამთრო

* საზამთროს ქერქი (თეთრი რბილობითურთ) კარგად გარეცხეთ, გამოაშრეთ, დააქუცმაცეთ, 2 სუფრის კოვზს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და ერთი საათით დადგით. ეს ნაყენი რეცხავს სანაღვლე გზებს და აქრობს ანთებას. მკურნალობის კურსი 2-3 კვირაა, მერე რამდენიმე თვე დაისვენეთ. ყოველ შემოდგომაზე და გაზაფხულზე თითო კურსი უნდა ჩატარდეს. გამომშრალი საზამთროს ქერქი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში ქაღალდის პარკით.

* ასეთივე სამკურნალო თვისებები აქვს საზამთროს კურკას. გარეცხეთ, გააშრეთ და შეინახეთ, როცა დაგჭირდებათ, დაფქვით. ორ სუფრის კოვზ დაფქულ თესლს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააგრილეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ.

* საოჯახო პრაქტიკა: სქელქერქიანი საზამთროს ქერქი გათალეთ, დაჭერით, დაასხით იმდენი წყალი, რომ დაიფაროს. ცოტა ხანს ხარშეთ, ოდნავ დარბილდება თუ არა, წყალი ცალკე ჭურჭელში გადაწურეთ, დაუმატეთ იმდენი შაქარი, რომ გასქელდეს, ჩააწურეთ 2 ცალი ლიმონის წვენი და დაასხით საზამთროს ქერქს. მიიყვანეთ ადუღებამდე, გამორთეთ, ორი-სამი წუთი გააჩერეთ, შემდეგ (ცხელივე) ჩაასხით ქილაში, მოხუფეთ და სიგრილეში შეინახეთ. ასეთი მურაბა ჩაისთან ძალზე სასარგებლოა _ თქვენი ოჯახის წევრებს არასოდეს შეაწუხებთ სანაღვლე გზები.



საზამთრო ჟელეთი

საზამთრო ორ თანაბარ ნაწილად გაჭერით. რბილობი ამოაცალეთ და სიამოვნებით მიირთვით. ან კიდევ, რბილობისგან მომზადებული წვენითა და ჟელატინით მოამზადეთ ჟელე და ნელ-ნელა ჩაასხით დაცარიელებულ რბილობში (ჟელესთვის შეგიძლიათ წყალში გახსნათ ხილის ჟელეს ფხვნილიც). როცა საზამთრო შეივსება ჟელეთი, შედგით ცოტა ხანს მაცივარში, რომ შესქელდეს. მერე კი გამოიღეთ და ჩვეულებრივ დაჭერით.

კომენტარები

giorgi.ukraina 2017-01-18 01:23
kievshi da saertod ukrainashi iyideba damarinadebuli sazamtro.
samwuxarod ar gamisinjavs.
gtxovt moikvliet es tecepti

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები