სამცხე-ჯავახეთის მადლიანი მიწა-წყლის ხილვისას ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს გარდასულ დროში გადაინაცვლე. აქედან სულ ახლოსაა ტაო-კლარჯეთი - მხოლოდ რუკაზე შემორჩენილი საქართველო...
ახალციხიდან გეზი დედათა მონასტრისკენ ავიღე... ზემო ვარძიის ნასოფლარი ასპინძის რაიონში, ვარძიის გამოქვაბულთა კომპლექსის, „ზემო ვარძიის“ ხევში მდებარეობს. სოფლის ყველაზე მაღალ ადგილას, კლდის ძირში ხელოვნურად მოსწორებულ და გამაგრებულ კლდოვან ადგილზე აგებულია ზემო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია.
ზემო ვარძიის ეკლესიის შესახებ ცნობებს ქართულ მატიანეში ვხვდებით: „ამისთვის ხელ-ყო აღშენებად საყოფელსა გამმარჯუებელსა მისსა ზეშთაკურთხეულისა ვარძიისა ღმრთისმშობელსა, ზემო ვარძიისა ქვემო ვარძიითა მიცვალებითა, რომელ კლდისაგან
მემატიანის ზემოთ მოყვანილი ცნობა, გამოქვაბულის ნაშთები, კლდეში აქა-იქ მიშენებული სამალავები და თვით ეკლესიის აგების თარიღი (X-XI სს.-ის მიჯნა) მიგვითითებს, რომ ეს ხევი XI საუკუნეში უკვე დასახლებული და დამოუკიდებელი მნიშვნელობის სამოსახლო ყოფილა. სოფელს სხვა დატვირთვაც ჰქონია, მასზე გადიოდა საქარავნო გზა, რომელიც სოფელ გიორგიწმინდაზე გავლით აგარას, ნიალას და სხვა მეზობელ სოფლებს ერთმანეთთან აკავშირებდა. 1828 წლიდან სოფელ ზემო ვარძიაში, გენერალ პასკევიჩის მიერ ჩასახლებული 35 კომლი ქურთი იწყებს ცხოვრებას. ეროვნებითა და სარწმუნოებით უცხო მოსახლეობა ტაძარს საქონლის საკვების შესანახად და ზოგჯერ პირუტყვის დასაყენებლადაც იყენებდა, რამაც ამ ხნის განმავლობაში, ატმოსფერულ ნალექებთან ერთად, საგრძნობლად დააზიანა ძეგლი. 1891 წლიდან ზემო ვარძიის ეკლესიის შესახებ ცნობები აღარ მოიპოვება.
ზემო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი XX ს-ის 90-იან წლებში ამოქმედდა. 1998 წლის დეკემბრიდან ზემო ვარძიის მონასტრის წინამძღვრად, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს ლოცვა-კურთხევით არქიმანდრიტი ანტონი (მაჭარაშვილი) წინამძღვრობს. მონასტერში ამჟამად 22 მონაზონი მოღვაწეობს.
ვარძიაში მისული სტუმარი მცირე ხნით მონასტრული წეს-განგებულების მიხედვით რომ იცხოვრებს, მაშინ შეიგრძნობს იქაურობის სიკარგეს. ცისკრის ლოცვის მოახლოებას პატარა ზარის წკრიალი გვამცნობს. რამდენიმე წუთში მონასტრის წევრი ტაძრის ზარს რეკავს. ეს უკვე ლოცვის დაწყებას ნიშნავს. ვარძიაში მართლაც ულამაზესია ცისკარი. აქ თითქოს უფრო ადრე თენდება და მწუხრიც მალევე დგება. შრომასა და ლოცვაში დრო სწრაფად გადის. მონასტრის გემრიელი ტრაპეზის შემდეგ მორჩილების დრო დგება. ზოგი ქარგავს, ზოგი სანთელს ქნის, ზოგიც ფიზიკურად შრომობს. დედები ტრადიციული ორნამენტებით ასრულებენ ნაქარგობებს. ირგვლივ მიმოფანტული გამოქვაბულები იმაზე მეტყველებენ, რომ ამ ადგილებში ერთ დროს ღვთისთვის თავშეწირული ადამიანები იღვწოდნენ.
- მონასტერი, წმინდა მამების მიერ დადგენილი წესით, ლოცვითა და შრომით ცხოვრობს. მონასტრის წევრებს ლოცვის პირადი კანონი აქვთ, რომელსაც სენაკებში აღასრულებენ. ცისკრის ლოცვა დილის 6 საათზე იწყება და 8 საათამდე გრძელდება, - გვესაუბრება მონაზონი თამარი. - მომლოცველთა შემოწირულობის გარდა, მონასტრის შემოსავლის წყაროა სოფლის მეურნეობა, მეფუტკრეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, ხელსაქმე, ხატწერა, ქარგვა, კერვა, თექა, ხეზე კვეთა. ადგილმდებარეობიდან და მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, დიდ შრომას მოითხოვს ეზოს გამშვენება. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავე დროს ყველაზე სასიამოვნო მორჩილებაა - ყვავილების გამოყვანა, გამრავლება და გახარება, რომელიც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს როგორც მონასტრის წევრებს, ასევე მომლოცველებსა და ტურისტებს. მომლოცველთა ჯგუფები და ტურისტები საქართველოდან და უცხოეთიდანაც მოდიან. მონასტერში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოქრომკედით ქარგვას ძველქართული ტექნიკით. ამ ტექნიკით მოქარგულია გარდამოხსნა, დაფარნები და მიტრა მონასტრისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ოქრომკედით, წყლით და ჯვრული ქარგვის ტექნიკით ვქარგავთ არა მარტო ჩვენი მონასტრისთვის, არამედ შეკვეთითაც” შეკვეთით მზადდება აგრეთვე თექის სამღვდელმთავრო არწივები, იწერება ხატები. ტაძრის მნიშვნელოვანი სიწმინდეებია: ვარძიის ღვთისმშობლის და წმინდა ნიკოლოზის ხატები.
ვარძიის ღვთისმშობელი - „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ მიხედვით, ეს არის ის ხატი, რომელსაც წმინდა მეფე თამარმა ბასიანის ბრძოლის წინ საქართველო შეავედრა. ამ ხატს გამმარჯვებელსაც უწოდებენ, რადგან ქართველთა ლაშქარმა, ღვთისმშობლის მეოხებით, თურქთა მრავალრიცხოვან ჯარს სძლია. ხატის ორიგინალის ადგილსამყოფელი უცნობია, რადგან იგი დაიკარგა შაჰ-თამაზის შემოსევის შემდეგ. დაახლობით XIX საუკუნეში შეიქმნა ხატის ასლი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების ეროვნულ მუზეუმშია დაბრძანებული.
ზემო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ვარძიის ღვთისმშობლის ხატის შემდგომ წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედ - მირონმდინარე ხატს გამოვყოფთ. ხატი სამკარედია. ზედა რეგისტრში დაბრძანებულია ყოვლადწნინდა ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინისმცემელი“, მესამე რეგისტრში წმინდა ნიკოლოზი. ეს სასწაულმოქმედი ხატი ზესტაფონში ერთ-ერთი ოჯახის კუთვნილება იყო. როგორც ხელოვნების ნიმუში, ბაზრობაზე ისე შეუძენიათ. რადგან ოჯახში ხატმა მირონდენა დაიწყო, გადაწყვიტეს, ერთ-ერთი მონასტრისთვის შეეწირათ. არჩევანი ვარძიის დედათა მონასტერზე შეაჩერეს. ხატი 12 წელია ტაძარშია დაბრძანებული და რწმენით მისულ მომლოცველებს კურნებას და შვილიერებას მიჰმადლებს.