როგორ უნდა აირჩიოთ ნამდვილი თაფლი - სპეციალისტის რჩევები

 

შემოდგომის მიწურულს კახეთში, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში თაფლის ამოღების პროცესს დავესწარით და მეფუტკრის რჩევებიც გულდასმით ჩავინიშნეთ. ეს რჩევები ჩვენს მკითხველსაც დააინტერესებს და ვინ იცის, „შინ“-ის ფურცლებზე წაკითხული ამ სტატიის შემდეგ, ზოგიერთმა მეფუტკრეობაც სცადოს.
თუმცა, სანამ კახეთიდან რეპორტაჟს შემოგთავაზებთ, მცირეოდენი ინფორმაცია თაფლის შესახებ. თაფლი ძვირფასი საკვები პროდუქტია, რომელსაც მუშა ფუტკარი ყვავილის ნექტრისგან აგროვებს, გადაამუშავებს და საკვებად იყენებს. სკაში შეტანილი ნექტრიდან ფუტკარი აქტიურ ვენტილაციას ახდენს და ზედმეტი წყალი თანდათან ორთქლდება, ხდება შაქრის რთული ინვერსია. ამ პროცესს თაფლის მომწიფება ეწოდება. საბოლოოდ, თაფლში რჩება

18-22% წყალი, მარტივი შაქრები, მარილები, ვიტამინები, არომატული და მღებავი ნივთიერებები და სხვა, რომელთა შემცველობაზეც დამოკიდებულია თაფლის ფიზიკური და ქიმიური თვისებები. მისი ქიმიური შემადგენლობა დამოკიდებულია მცენარეების სახეობაზე, კლიმატურ პირობებზე და სხვა. თაფლის შემადგენლობაში შედის 13-20% წყალი, 80%-ზე მეტი ნახშირწყლები (გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, მალტოზა), მცირე რაოდენობით ცილა, ნაცარი, ორგანული მჟავები, ფერმენტები, ასკორბინის მჟავა და სხვა. თაფლს გააჩნია მრავალმხრივი სამკურნალო, დამაკონსერვებელი, ობის სოკოების საწინააღმდეგო და სხვა თვისებები.



წარმოშობის მიხედვით, თაფლი შეიძლება იყოს მონო, რომელსაც განეკუთვნება აკაციის, ცაცხვის, წაბლის, მზესუმზირისგან მიღებული თაფლი ან პოლიფლორული - მდელოს მრავალნაირი ყვავილისგან ან ტყის თაფლოვანთა ნექტრისაგან მიღებული. ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ბაქტერიოციდულ, ანთების საწინააღმეგო და მატონიზებელ მოქმედებას, აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას. თუმცა, ეს არ ეხება ხელოვნურ თაფლს, რომელსაც სამკურნალო თვისებები არ გააჩნია. სამწუხაროდ, თაფლის ფალსიფიკაცია საკმაოდ გავრცელებულია, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისი სწორად შერჩევა. შერჩევის წესებს აუცილებლად დავუბრუნდებით.

ახლა კი, დაპირებული რეპორტაჟი: აგვისტოს დასაწყისში, დილაადრიან, ფოტოგრაფთან ერთად კახეთისკენ გავემგზავრე. იმ დღეს ახალსოფელში მეფუტკრე გია შაროვს სკიდან თაფლი უნდა ამოეღო. გარდა იმისა, რომ თაფლის დამზადებამდე გავლილი გზის შესახებ უნდა ეამბნა, მინდოდა, თავადაც მიმეღო ამ პროცესში მონაწილეობა.

ეზოში შესულებს მასპინძელი შემოგვეგება და იქვე, ეზოში მდგარი სკებისკენ გაგვიძღვა. თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებს შორის პროფესიონალი მეფუტკრეებიც დაგვხვდნენ, რომლებიც მეგობრის დასახმარებლად საგანგებოდ ჩამოსულიყვნენ. პირბადეებსა და სპეციალურ სამოსში შეფუთულები სკიდან ფიჭიან ჩარჩოებს ფრთხილად იღებდნენ. გარს ფუტკრები ეხვიათ, გაბრაზებულები იქაურობას ზუზუნით იკლებდნენ. ხუმრობა ხომ არ იყო, მთელი წლის ნაჯაფი ერთი თვალის დახამხამებაში ააცალეს. სახლის ვერანდა, ეზოს დანარჩენი ტერიტორია ფუტკრით სავსე დაგვხვდა. დამხვდურებმა წინასწარ გაგვაფრთხილეს, ფუტკარი რა მანძილზეც უნდა მოგიახლოვდეთ, ხელი არ აუქნიოთ, თორემ გიკბენთო. სრულიად მოუმზადებლები რომ ვიყავით, ამაზე ჩვენი ჩაცმულობაც მეტყველებდა. ფოტოგრაფი შემოსეს და სკებში ისე შეიყვანეს, მე კი შორიდან ცქერას დავყაბულდი.

ამასობაში სკებიდან ფიჭიანი ჩარჩოების ამოღების პროცესი დასრულდა. მეფუტკრეებმა ჩარჩოებითა და თაფლის შესანახი ჭურჭლებით სპეციალურ ოთახში გადაინაცვლეს, სადაც ყველაზე ტკბილი პროცესი - თაფლის გამოწურვა დაიწყო. სპეციალურ მოწყობილობაში, საიდანაც თაფლის გამოწურვა ხდება, ყოველ ჯერზე ოთხ ჩარჩოს ათავსებენ, შემდეგ საწურს ე.წ. „ცენტრაბეშკას“ რომელიმე მოხალისე ხელით ატრიალებს და ნელ-ნელა ტკბილი, წებოვანი სითხე იწურება. პარალელურად, ორი მამაკაცი ე.წ. ფიჭის „ანათალს“ აგროვებს, რომელსაც თაფლის გამოწურვის შემდეგ გადაადნობენ და ჩარჩოზე სიმების სახით განალაგებენ, შემდეგ სკაში ჩადგამენ და ფუტკარი თაფლის მომზადების პროცესს ხელახლა იწყებს... და ასე დაუსრულებლად.

სანამ თაფლის ამოღების პროცესი მიმდინარეობდა, ჩვენი მასპინძლის შვილიშვილმა 3 წლის ელენემ დრო იხელთა და მარანში შეიპარა. უფროსებმა იმ დროს წაასწრეს, როცა თაფლით სავსე ჭურჭელში თითებჩაყოფილი გემრიელ ნუგბარს აგემოვნებდა.
90-იანი წლების მიწურულს, როცა სრულიად საქართველოს მოსახლეობას სიდუხჭირის პერიოდი დაუდგა, პროფესიით ისტორიკოსის, სკოლის მასწავლებლის ახალსოფლელი გია შაროვის ოჯახმა დამატებითი შემოსავლის მიზნით, ფუტკრის სკის მოშენება გადაწყვიტა. წლებთან ერთად ცოდნა და გამოცდილება შეიძინა, 5 სკით დაწყებული მეურნეობა კი 25-მდე ავიდა და დღეს, გარდა იმისა, რომ ოჯახსა და საახლობლოს თაფლით ამარაგებს, ეს საქმე შემოსავლის წყაროდაც აქცია.

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური თაფლი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ნატურალურ თაფლთან? როდის არის საუკეთესო დრო თაფლის ამოსაღებად? როგორ მოვაშენოთ სკა? რა სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს მეფუტკრეობა და შესაძლებელია თუ არა თაფლის მოყვანა ქალაქის პირობებში? ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ, დამწყებ მეფუტკრეებს პრაქტიკულ რჩევებს ჩვენი რესპონდენტი შესთავაზებს.



გია შაროვი:
- ერთი შეხედვით, მეფუტკრეობა შრომატევადი საქმეა. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ეს საქმე ადამიანისგან დიდ ყურადღებასა და ნებისყოფას მოითხოვს. როდესაც ეს საქმე წამოვიწყე, ჩემ გარშემო სკა ბევრს ჰყავდა. ამიტომ, არ გამიჭირდა. რჩევებს ვიღებდი, შემდეგ პრაქტიკაში მოვიდა ცოდნაც და გამოცდილებაც. გაზაფხულზე 5 სკა შევიძინე და საქმესაც შევუდექი. ვერ აგიწერთ პირველი „მოსავლის“ აღებით მიღებულ სიამოვნებასა და სიხარულს. საკუთარი შრომის შედეგს სულ სხვა გემო აქვს. პრაქტიკულად, დღეს მთელი ოჯახი ვართ ამ საქმეში ჩართულები. რა თქმა უნდა, დამწყებისთვის ამ საქმის წამოწყება მარტივი სულაც არ არის. კარგად უნდა გაერკვე, უნდა იცოდე, რა ინვენტარია საჭირო და ა.შ.

- მათ, ვისაც ფუტკარი და სკა სურს ჰყავდეს, რას ურჩევდით? როგორ დაიწყოს ეს საქმე?
- პირველ რიგში, ადამიანი, ვინც მეფუტკრეობას გადაწყვეტს, უნდა დარწმუნდეს, ალერგიული ხომ არ არის. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ფუტკრის ნაკბენზე ადამიანს ისეთი ალერგია აქვს, დროული დახმარება თუ ვერ მიიღო, შეიძლება ყველაფერი ფატალურად დასრულდეს. ის, ვისაც ფუტკართან შეხება აქვს, იმისთვისაც მზად უნდა იყოს, რომ ფუტკარი დაკბენს. ფუტკარს დიდი ყურადღება სჭირდება, წელიწადში ორჯერ სამკურნალო საშუალებები უნდა მივცეთ. ფუტკრის ყველაზე დიდი მტერი ტკიპაა, რომელიც ფუტკრის მასიურ დახოცვას იწვევს. მკურნალობას ადრიან გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე ვიწყებთ. სპეციალურ სამკურნალო ხსნარს პოლიეთილენის პარკში ვათავსებთ და სკაში ვდგამთ.

- როგორ შევარჩიოთ სკა?
- ყველაზე კარგ მასალად ფიჭვი ითვლება. ფიჭვის ხისგან დამზადებული სკა დიდხანს ძლებს, რამდენიმე ათეული წელი. ამასთან, მსუბუქია და გადასაადგილებლად მარტივი. მოგეხსენებათ, ფუტკარს მომთაბარეობა სჭირდება, ადრიან გაზაფხულზე სკები იმ ტერიტორიაზე უნდა ჩაიდგას, სადაც მცენარეები ყვავიან. რაც უფრო მრავალფეროვანია ნექტარი, მისგან დამზადებული თაფლიც უფრო გემრიელი, არომატული და სასარგებლოა. კახეთში ადრიანი გაზაფხული ლაგოდეხში იწყება, ჩვენც სკები იმ ტერიტორიაზე გადაგვაქვს, შემდეგ ნელ-ნელა აქეთკენ მოვუყვებით, ბოლოს კი ტყისკენ მივდივართ. პრაქტიკულად, ზაფხულის დიდ ნაწილს, ფუტკარი სწორედ ტყეში ატარებს. შემოდგომისკენ კი თაფლის ამოსაღებად ვემზადებით.

- ყველასთვის კარგად ცნობილი მაისის თაფლის შესახებ რას გვეტყვით და წელიწადში რამდენჯერ იღებთ თაფლს?
- წლების წინ, თაფლს ორჯერ იღებდნენ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. თუმცა, ბოლო წლებში მეფუტკრეების უმრავლესობა თაფლს წელიწადში ერთხელ იღებს. აქ არის ე.წ. მაისის თაფლიც. იმდენი თაფლი აღარ არის, რომ წელიწადში ორჯერ ამოვიღოთ. როდესაც თაფლი ამოგვაქვს, ფუტკარს იმდენი უნდა ჩაუტოვო, რომ გამოიზამთროს. ბევრი მეფუტკრე სკაში ძალიან მცირე რაოდენობას ტოვებს, რაც საკმარისი არ არის. ამიტომ, ზამთარში სიროფს აძლევენ, რომ ფუტკარმა გამოიზამთროს. ცხადია, ეს თაფლის ხარისხზე უარყოფითად აისახება. პირადად მე, იმდენს ვტოვებ, რომ ფუტკარს ეყოს. თუმცა, ზამთარში გარედან მცირე რაოდენობის საკვებით დახმარება მაინც სჭირდება.


- რაც შეეხება თვითონ სკას, გვიამბეთ მისი სტრუქტურის შესახებ.
- სკაში იდგმება ჩარჩოები, რომლებზეც სანთლისგან დამზადებული ფიჭაა გადაკრული. ეს არის თხელი ფირფიტები, რომლებსაც ფუტკარი მერე თვითონ აშენებს, ბუდეებს აფართოებს და ჩასაკვერცხად ამზადებს. როდესაც ფუტკარი განაყოფიერებისთვის მზად არის, სკას ტოვებს და გარეთ გადის. განაყოფიერებული ფუტკარი უკან, სკაში ბრუნდება. მამალ ფუტკრებს მუშა ფუტკრები შემოდგომამდე ტოვებენ სკაში და უვლიან, შემდეგ კი გარეთ აგდებენ. სკას დედა ფუტკარი განაგებს, რომელსაც დანარჩენი ფუტკრები ემორჩილებიან. ასევე სკაში ჰყავთ მზვერავი ფუტკარი, რომელიც სკიდან გადის, ზვერავს ტერიტორიას, როცა საკვებს შეიგულებს, შინ ბრუნდება და ამის შესახებ დანარჩენებს ატყობინებს. ფუტკარი ამოუხსნელი ფენომენია - მათ შორის ფუნქციები საოცარი სიზუსტით არის განაწილებული. ზოგი წყალს ეზიდება, ზოგი თაფლის დამუშავების პროცესშია ჩართული, ზოგს კი ახალგამოჩეკილი ფუტკრების მოვლა ევალება. ნათქვამია, ფუტკარი ადამიანსაც ემსახურება და ღმერთსაცო. ადამიანს თაფლით ამარაგებს, ხოლო უფალს სანთლით სცემს პატივს.

- ფუტკრის დინდგელზეც გვიამბეთ, როგორც ვიცი, საკმაოდ ძვირი ღირს ეს სიამოვნება, რომელიც ჯანმრთელობისთვის მეტად სასარგებლოა.
- მართალი ხართ, ერთი კილო დინდგელის ფასი 30-40 ლარს შორის მერყეობს, მისი სამკურნალო თვისებები კი განთქმულია, რამდენიმე ათეულ დაავადებას შველის. დინდგელს ფუტკარი სკის შიგნიდან შემოსალესად იყენებს, თუ სკა კარგად დაცულია, მაშინ იქ დინდგელის რაოდენობაც შედარებით მცირეა. ამგვარად, შეიძლება 30 სკა გყავდეს, მაგრამ რამდენიმე კილო დინდგელი ვერ შეაგროვო. რამდენიმე მეფუტკრემ ცდა ჩავატარეთ - თაფლის დამუშავების პროცესი გვაინტერესებდა, გამჭვირვალე ჭურჭელში ფუტკარი მოვათავსეთ, მათ კი იცით, რა გააკეთეს? კედელი დინდგელით ამოლესეს და თაფლის დამუშავება მაინც არ გვაჩვენეს. დინდგელი მიკროკლიმატის შესაქმნელად სჭირდებათ. ზაფხულში სკას ანიავებენ, სკის შესაფრენ ღრიჭოში რამდენიმე ფუტკარი ჯდება და ფრთებით ანიავებენ, ზამთარში პირიქით, ერთ გუნდად იკვრებიან. ამასთან, ზამთარში მეფუტკრეც უნდა მიეხმაროს, სკა გარედან უნდა დაათბუნოს. ფუტკარს სიცივის იმდენად არ ეშინია, რამდენადაც შიმშილის. ზამთრისთვის თაფლის მარაგი თუ არ დაუტოვეთ, შეიძლება გაზაფხულზე ფუტკარი არ დაგხვდეთ, დაიხოცონ.



- როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებულისგან ნატურალური თაფლი? რამდენიმე ხალხური მეთოდი მსმენია, იოდი უნდა დაასხა, თუ ფერი შეიცვალა, ფალსიფიცირებულიაო და ა.შ.
- თაფლის გამოცნობის ეგ ხალხური მეთოდი სიმართლეს არ შეესაბამება. ნატურალური თაფლი, რომელშიც წაბლის ნექტარი დიდი რაოდენობითაა, უფრო მუქია, ხოლო რომელშიც აკაცია და ცაცხვის ყვავილი სჭარბობს - ღია ფერის. მე თუ მკითხავთ, ეს მეფუტკრის სინდისზეა დამოკიდებული. კლიენტი არ უნდა მოატყუო. თაფლს ვიზუალურადაც ეტყობა, კარგი ხარისხის თუ არის.

- დაახლოებით რამდენი ფუტკარია სკაში და ძვირი ჯდება შენახვა?
- სკაში დაახლოებით 60 000-100 000 ფუტკარია. მისი გამრავლება მეფუტკრეზეა დამოკიდებული, რამდენად ყურადღებიანია, როგორ უვლის და სხვა. რა თქმა უნდა, ფუტკრის შენახვა იაფი არ ჯდება, მაგრამ მისგან მიღებული შემოსავალი ხარჯებს ბევრად აღემატება.

- თაფლის სასარგებლო თვისებებზე ბევრი მსმენია, ნექტარზე რას გვეტყვით?
- გაგიკვირდებათ, მაგრამ მეფუტკრეები გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვისაც ფუტკართან შეხება არ აქვს. ფუტკრის ნაკბენიც სასარგებლოა. ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს.

- დაბოლოს, რამდენად შესაძლებელია ქალაქის პირობებში სკის მოშენება?
- თბილისში რამდენიმე ადამიანს უდგას სკები და თაფლიც საკმაოდ აქვთ. თუკი ახლომახლო მცენარეებია, ყვავილები, რაც ფუტკარს ასე სჭირდება, რატომაც არა? ცხადია, იმ რაოდენობის თაფლს ვერ გამოიმუშავებს, როგორც სოფლად, მაგრამ თავისი სამყოფი ოჯახს მაინც ექნება.

სალომე გოგოხია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები