ბროწეულის სამკურნალო თვისებები და როგორ შევარჩიოთ კარგი ნაყოფი

ბროწეული ბუჩქი ან ტანდაბალი ხეა. აქვს ტყავისებრი ფოთლები, რომელთაგან ზოგი დიდია, სურისებრი. ყვავილობს მაის-აგვისტოში. დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს ისხამს ნაყოფს, სრულ მოსავალს მეშვიდე-მერვე წელს იძლევა. კარგი მოვლისას ერთი ხის მოსავალი 50-60 კილოგრამს აღწევს.

ბროწეული ნიადაგისადმი ნაკლებ მომთხოვნია, კარგად ხარობს ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ღრმა თიხნარ ნიადაგებზე. ყინვაგამძლეა, ველურად იზრდება მცირე აზიის, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის, ირანის, ამიერკავკასიის მთიან რაიონებში; საქართველოში - ივრის, ალაზნისა და მტკვრის ნაპირებზე და დასავლეთის ზოგიერთ რაიონში. ბროწეულის ნაყოფს ნედლად იყენებენ. წვენისაგან, რომელიც 8-19% შაქარს, 0,3-9% ლიმონის მჟავას, ტანინსა და ჩ ვიტამინს

შეიცავს, ამზადებენ სიროფს, სასმელებს, სანელებელს.

ბროწეულის ღეროს, ტოტებსა და ფესვებს, ალკალოიდებით მდიდარ გამხმარი ქერქის ნახარშსა და ექსტრატს სამკურნალოდ იყენებენ. ნაყოფის კანით ზოგჯერ კოლიტს მკურნალობენ. ფოთოლი, ფესვისა და ღეროს ქერქი, ნაყოფის კანი დიდი რაოდენობით (32%-მდე) შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, რომლებიც იხმარება ტყავის წარმოებაში და საღებავების დასამზადებლად. წითელი, ყვითელი ან თეთრი ბროწეული გამოყენებულია დეკორატიულ მებაღეობაში.

ბროწეულის ნაყოფში არის C და PP ვიტამინები, ბევრი სასარგებლო მინერალური ნივთიერება და მაკროელემენტი. კალიუმის შემცველობით ბროწეულის წვენი ლიდერია. გარდა ამისა, მასში არის რკინა და კობალტი, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისთვის. ბროწეულს შეუძლია გააუმჯობესოს ხორციდან რკინის ათვისება. სამხრეთის ქვეყნებში, ისევე როგორც ჩვენში, ბროწეულის მარცვლებსა და წვენს კულინარიაში იყენებენ.



როგორ შევარჩიოთ კარგი ნაყოფი?
ბროწეულის კანი უნდა იყოს სუფთა, პრიალა, გლუვი, თანაბრად შეფერილი, მუქი წითელი, ხელის დაჭერისას უნდა იდრიკებოდეს. ნუ შეიძენთ კანდახეთქილ ნაყოფს. სახლში მიტანისას გადაავლეთ წყალი და გაფცქვენით სუფთა დანით, რომ ბაქტერიები შიგნით არ შეიტანოთ. ბროწეულის ნაყოფი ზამთარშიც შეიძლება შევიძინოთ. თუ შენახვის წესებს დავიცავთ, მას არათუ არ მოაკლდება - მოემატება კიდეც სასარგებლო თვისებები, მწკლარტე გემოს დაკარგავს, ხოლო ვიტამინებსა და ყველა სასარგებლო ნივთიერებას შეინარჩუნებს.

სალათა „ბროწეულის სამაჯური“
ეს სალათა უგემრიელესია და თანაც, ძალიან უხდება სადღესასწაულო სუფრას. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამგვარად ნებისმიერი ისეთი სალათის თუ მხლის მორთვა შეგიძლიათ, რომელსაც ბროწეულის მარცვლები უხდება. ასე რომ, ამ რეცეპტით თუ სხვა რეცეპტით, პრინციპი ერთია - შუაში ჩადგმული ბოთლი ან ჭიქა, რომ სიცარიელე დარჩეს "სამაჯურისთვის" და ბოლო აკორდი - ბროწეულის მარცვლებით მორთვა.



დაგჭირდებათ:
300 გ ქათმის ფილე
150 გრამი ხახვი
300 გრამი კარტოფილი
300 გრამი ჭარხალი
50 გრამი ნიგოზი
1 ცალი ბროწეული
მარილი გემოვნებით
100 გრამი მაიონეზი

მომზადება:
ქათმის ფილე, კარტოფილი და ჭარხალი ცალ-ცალკე მოხარშეთ. ხახვი წვრილად დაჭერით. მოხარშული ქათმის ხორცი კუბებად დაჭერით, ჭარხალი და კარტოფილი კი სახეხზე გახეხეთ. ასევე წვრილად დაჭერით (ან ბლენდერში, ან ყავის საფქვავში დაანაკუწეთ) ნიგოზი. შემდეგ ნიგოზი შეურიეთ გახეხილ ჭარხალს და ცოტა მარილი დააყარეთ. მრგვალ თეფშზე ცენტრში მოათავსეთ მაღალი ჭიქა ან ბოთლი. მის გარშემო ფენებად დაალაგეთ ჯერ გახეხილი კარტოფილი, შემდეგ - ქათმის ფილე, ხახვი, ჭარხალი ნიგვზით და თითოეულ ფენას წაუსვით მაიონეზი. ბოლო ზედა ფენას, რომელსაც ასევე გადაუსვამთ მაიონეზს, მორთავთ ბროწეულის მარცვლებით და მხოლოდ შემდეგ, ფრთხილად მოხსნით ჭიქას ან ბოთლს. დატკბით სანახაობით და გემრიელად მიირთვით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები