16 წლის გოგონა, რომელმაც ოჯახთან ერთად მამაპაპისეული მარანი აღადგინა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერსათში 16 წლის თეკლა გენელიძემ ოჯახის დახმარებით და თანადგომით მამაპაპისეული მარანი აღადგინა, რომელიც მე-18 საუკუნის ოწიწარითა და ქვევრებით არის ცნობილი. პანდემიამდე ოჯახი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს მასპინძლობდა. თეკლა იმედოვნებს, რომ მალე დასრულდება პანდემია და მარანი სტუმრებს ახალი შემართებით და ძალისხმევით უმასპინძლებს. მანამდე პატარა ფერმერი სწავლობს და ამ სფეროში განათლებას იღრმავებს, რომ მომავალში წარმატებით შეძლოს საქმის გაძღოლა.

- მე მოსწავლე ვარ და როგორც ყველა, ამჟამად მეც დისტანციურად ვაგრძელებ სწავლას. თავისუფალ დროს მიყვარს ყვავილებისა და სხვადასხვა მცენარეების მოვლა, გვაქვს ვარდების

ორანჟერეა და ხშირად ვეხმარები დედას ყვავილების მოვლაში.

- როდის და როგორ გაჩნდა მარნის გაკეთების და ბიზნესის წამოწყების იდეა?
- ჩვენი მარანი, რომელიც სოფელ ფერსათშია, გამორჩეულია უძველესი ოწიწარით, რომელიც ერთ საუკუნეზე მეტს ითვლის. სწორედ ამან შთამაგონა ახლი იდეების განხორციელება. დაახლოებით სამი წლის წინ გადავწყვიტეთ ღვინის ეტიკეტირება, რაც ჩემთვის შრომატევადი და ამავდროულად ძალიან სახალისო აღმოჩნდა.

ოწიწარი

- მარანს ტურისტულ სივრცედ იყენებთ თუ უფრო კომერციული დატვირთვა აქვს?

- ტურისტული სივრცეცაა და კომერციული დატვირთვაც აქვს. გადავწყვიტეთ ტურისტულ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელმაც გაგვიმართლა იმედები. მივიღეთ ტურისტები. ისინი აღფრთოვანებული არიან ჩვენი რაიონის ბუნებით და იმ გარემოთი, რაც ჩვენთან ხვდებათ.

- 16 წლის მოზარდისთვის ეს ყველაფერი არ არის მარტივი. ვინ გეხმარებათ, ვინ გაძლევთ მითითებებს?
- დედა დამეხმარა ამ ყველაფრის განხორციელებაში. მოწვეულ სტუმრებს უტარებს მასტერკლასებს, ასწავლის სხვადასხვა კერძის მომზადებას, რაც ყველაზე მეტად საინტერესოა მათთვის.

- რამდენი სახეობის ღვინოს აწარმოებთ?
- ვაწარმოებთ ოთხი სახის ღვინოს: ციცქას, ცოლიკოურს, ოჯალეშს და თაკვერს, რაც მზადდება ტრადიციულად ქვევრში. ყოველთვის მოუთმენლად ველოდებით შემოდგომას, რადგან რთველი ჩვენთვის ყველაზე სახალისო პროცესია.

- რა რაოდენობის ყურძენს იღებთ სეზონურად?
- მოგვყავს დაახლოებით 8-9 ტონა ყურძენი. რთველში მონაწილეობას იღებენ უცხოელი სტუმრებიც. ჟრიამულით განვაგრძობთ შემოდგომის ტრადიციებს.

- ორანჟერეა ახსენეთ. ვინ უვლის და რა სახეობის ვარდები გაქვთ გაშენებული?
- ორანჟერეაში ძირითადად გვაქვს თეთრი და შავი ვარდი, ასევე ასტრომერია. რაც შეეხება მოვლას და ძირითად საქმიანობას, დედა ასრულებს. თითოეულ ძირს დიდი სიყარულით უვლის.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- მომავლისთვის ვგეგმავთ ჩვენი ღვინის იმპორტირებას სხვადასხვა ქვეყანაში. დღევანდელი მსოფლიო მდგომარეობიდან გამომდინარე ჯერჯერობით შეჩერებულები ვართ. იმედი მაქვს, მალე გაიხსნება საზღვრები და დავუბრუნდებით ისევ აქტიურ ცხოვრებას, რომ სხვა ქვეყნებსაც გავაცნო ჩვენი ღვინო.


მერი ბლიაძე

კომენტარები

ნაირა 2021-02-06 20:12
მაკა და თეკლა წარმატებები თქვენს საქმიანობაში ! ნამდვილად დასაფასებელია თქვენი შრომა
eka 2021-01-20 15:14
Carmatebebi maka da tekla ketilo da mshromelo adamianebo
სოფიკო 2021-01-20 14:42
წარმატებები გქონებოდეთ მუდამ...თეკლა შენ სასწაულად კარგი დედიკო გყავს და მასთან ერთად ყველაფერს მიაღწევ რასაც მიზნად დაისახავს...
lela 2021-01-19 23:43
warmatebebi????
მალადეც თეკლა. 2021-01-19 20:09
მაგარი გოგო ხარ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები