კაცი, რომელმაც თბილისში კარგად აწყობილი ცხოვრება მიატოვა და მშობლიურ სოფელში დაბრუნდა ვენახის გასაშენებლად

მერაბ კიკვაძე პროფესიით ეკონომისტია. წლების განმავლობაში დედაქალაქში, საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობდა, გარკვეული პერიოდი საზღვარგარეთაც ცხოვრობდა და საქმიანობდა. თუმცა გასულ წელს ჯერ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, მერე კი - მშობლიურ, მამაპაპისეულ სოფელში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, როხში დასახლდა და მეურნეობას მიჰყო ხელი. გააშენა ვენახი, მოჰყავს ბოსტნეული და ხეხილი, ჰყავს პირუტყვი და ფრინველები. ამ შრომატევად საქმეს კი ოჯახის დახმარებით და თანადგომით ართმევს თავს.

- რამდენიმე წელი ვმუშაობდი თბილისში ორ სხვადასხვა სამსახურში, სახელწიფო შესყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე. შემდეგ რამდენიმე წელი ვცხოვრობდი და ვმუშაობდი სლოვაკეთის რესპუბლიკაში. ამჟამად კი
ჩემს მშობლიურ სოფელში ვცხოვრობ და აქტიურად ვარ ჩაბმული სოფლის მეურნეობაში, ვეწევი მევენახეობას და პარალელურად ოჯახისთვის მოგვყავს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტი - სიმინდი, კიტრი, პომიდორი, ნესვი, საზამთრო და სხვა. ასევე გვყავს შინაური ცხოველები და ფრინველები (ღორი, საქონელი, ქათამი, ინდაური).

- როდის და რატომ გადაწყვიტეთ სოფლად მეურნეობისთვის მიგეყოთ ხელი?
- შეიძლება ითქვას, რომ სოფლის მეურნეობას ბავშვობიდან მივდევ, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, რამდენიმე წელი ჯერ დედაქალაქში და შემდეგ ევროპაში მომიწია ყოფნა. მშობლიურ სოფელში ერთი წლის წინ დავბრუნდი. ჩვენმა საოჯახო მეურნეობამ გაცილებით სერიოზული სახე ამ 2 წლის წინ მიიღო, როდესაც ჩვენს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი შევიძინეთ და საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ვაზის გაშენება გადავწყვიტეთ. აღსანიშნავია ასევე, რომ ჩვენს ოჯახს აქვს მევენახეობის საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიცია და გამოცდილება, რაც დამატებითი მოტივატორი და სტიმულის მომცემი იყო ჩვენთვის ამ სფეროში საქმიანობის დასაწყებად.

- როგორი იყო პირველი ნაბიჯები ამ სფეროში და დღეს რა შედეგამდე მიხვედით?
- უნდა აღინიშნოს, რომ ვაზის გაშენება ძალიან დიდ ძალისხმევას და შრომას მოითხოვს. თავდაპირველად ჩვენი ძალებით, სპეც. ტექნიკითა და დაქირავებული მუშახელის დახმარებით გავწმინდეთ სავენახე ტერიტორია და მოვამზადეთ დასამუშავებლად. მიწის დამუშავების შემდეგ კი ეტაპობრივად დავრგეთ ვაზი - ერთი ნაწილი იანვარში, ხოლო მეორე ნაწილი ივნისში. მიწის ფართობი, რომელზეც ვაზია გაშენებული, დაახლოებით 2 ჰექტარს შეადგენს, ვაზის ნარგაობის საერთო რაოდენობა კი 6 000 ძირამდეა. ამას გარდა გვაქვს კიდევ დაახლოებით 1000 ძირამდე ვაზი (ძველი გაშენებული), რომლისგანაც მიღებული ყურძნის დიდ ნაწილს ვწურავთ საოჯახო მოხმარებისათვის, ხოლო შედარებით მცირე ნაწილის რეალიზაციას ვახდენთ. ამჟამად გვაქვს სამი ჯიშის ვაზი - ალადასტური, ცოლიკოური და ძელშავი. სამომავლოდ ვგეგმავთ სხვა ჯიშების გაშენებასაც.

- ალბათ არც ისე მარტივი იყო გზა, რომელიც დეღემდე გაიარეთ. სოფლადაც ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც შორიდან ჩანს. რა სირთულეებს აწყდებოდით ძირითადად?
- მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი საქმის წამოწყებას თან ახლავს უამრავი სირთულე და დაბრკოლება. ჩვენს შემთხვევაში მთავარი დაბრკოლება ფინანსური რესურსების სიმწირე იყო, რის გამოც თითქმის ყველა სახის ფიზიკური სამუშაო, რაც ამ საქმესთან იყო დაკავშირებული, ჩვენ თვითონ გავწიეთ. შეიძლება ითქვას, რომ საწყისი ეტაპიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით კოლოსალური შრომა იქნა გაწეული, ამ პროცესში აღსანიშნავია მეგობრების და ახლობელი ადამიანების აქტიური მხარდაჭერა და დახმარება.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, რომ ამ საქმიანობის წამოწყებასა და განხორციელებაში ძალიან დაგვეხმარა ის გარემოება, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი პროგრამის - „დანერგე მომავალი“-ს ბენეფიციარები გავხდით და მიღებული გრანტის შედეგად შესაძლებელი გახდა ვაზის ნერგის ღირებულების დაახლოებით 65%-ის დაფარვა.

- ამ ყველაფერს მარტო ართმევთ თავს თუ ოჯახიც გეხმარებათ?
- ამ საქმეში მთელი ოჯახი ვართ ჩართული და ერთმანეთის დახმარებით, მართალია დიდი შრომის ხარჯზე, მაგრამ მაინც ვახერხებთ საქმისათვის თავის გართმევას.

- რამდენად საინტერესოა ვაზთან ურთიერთობა?
- უპირველეს ყოვლისა ნებისმიერი საქმის კეთებისას აუცილებელია სიყვარული და შემოქმედებითი მიდგომა ამ საქმისადმი. ჩემი აზრით აუცილებელია ვაზის სიყვარული და მისი როლისა და საკრალური მნიშვნელობის გააზრება ქართველი ერის კულტურაში. იგი აბსოლიტურად გამორჩეული სასოფლო-სამეურნეო კულტურაა (განსაკუთრებით ქართველი ადამიანისთვის) მას არა აქვს მხოლოდ და მხოლოდ კომერციული დანიშნულება.
მოგეხსენებათ ვაზისა და ღვინის კულტურა ქართველი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია. ვაზთან და ღვინოსთან ქართველი კაცის მრავალათასწლოვანი ურთიერთობა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. ვაზის მოვლა-მოყვანა და ღვინის დაყენება უძველესი ქართული ტრადიციაა. იგი მჭიდროდაა ასევე დაკავშირებული ჩვენს რელიგიურ მრწამსთან, მართლმადიდებლობასთან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ ვაზის მოვლა სულაც არ არის მარტივი, ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა, იმიტომ რომ ვაზის მოვლისას, თითოეული სამუშაოს შესრულებისას იაზრებ იმას, რომ შენი წინაპრების საქმეს აგრძელებ და ამით ხელს უწყობ ამ უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი ტრადიციის შენარჩუნებას, გაძლიერებას და მომავალი თაობებისათვის გადაცემას, ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, უნდა ითქვას, რომ ვაზის მოვლა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა.

- ხეხილიც გაქვთ?
- დიახ, გვაქვს სხვადასხვა სახის ხეხილის ნარგაობები, რომელსაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე რამდენიმე სხვადასხვა სახის ახალი ნერგები შევმატეთ. მოგეხსენებათ რამდენად მნიშვნელოვანია ნატურალური და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოხმარება, ამ თვალსაზრისით ჩვენი სამომავლო მიზანია, რომ მოვიყვანოთ რაც შეიძლება მრავალფეროვანი ხილი და ბოსტნეული კულტურები.

- როგორ ფიქრობთ, ამ სეფროში წარმატების მისაღწევად რა არის საჭირო?
- როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ და სხვა ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად საჭიროა საქმის სიყვარული და შემოქმედებითობა, ამას გარდა აუცილებელია სფეროს თავისებურებებისა და სპეციფიკის ზედმიწევნით ცოდნა. მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული ვაზის მოვლა-მოყვანის, როგორც ტრადიციული, ასევე თანამედროვე მიდგომები, ვაზის სამუშაოების შესრულება უნდა მოხდეს შესაბამისი ტექნიკით, რაც უზრუნველყოფს შესაბამისი სამუშაოების მაღალხარისხოვან ჩატარებას, და ასე შემდეგ.
გარდა ამისა მიმაჩნია, რომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის (ამ შეთხვევაში ღვინის) წარმოება არის ის, რაც წარმატების საწინდარი და გარანტია უნდა იყოს და ჩვენც სწორედ ამ მიმართულებით ვაპირებთ ჩვენი საქმიანობის წარმართვას.

- სამომავლოდ რა საიხლეებს გეგმავთ?
- სამომავლოდ ძალიან კარგი გეგმები გვაქვს: ვაპირებთ იმერული ჯიშის ვაზის საკოლექციო ნარგაობების გაშენებას, რომლისგანაც მიღებული მოსავლით საკოლექციო ღვინოებს ჩამოვასხამთ. გვინდა მოვაწყოთ მარანი შესაბამისი აღჭურვილობით, მცირე მოცულობის ენოთეკა, ასევე ვგეგმავთ აგროტურიზმით (და არამარტო) დაინტერესებული პირების მისაღებად შესაბამისი სივრცის მოწყობას და სხვა. ამასთან გვაქვს სხვა იდეებიც, რომლებიც დამუშავებისა და დახვეწის პროცესშია.
ჩვენ რა თქმა უნდა გვესმის, რომ ამ ყველაფრის განხორციელება სხვადასხვა სახის სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ გვჯერა, რომ საერთო ძალისხმევითა და დაუღალავი შრომით წარმატებას მივაღწევთ.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ხატია 2021-07-19 16:14
თქვენ გაგახარათ ღმერთმა!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები