"ჯანსაღად იკვებებიან ჩვენი იხვებიც და ბატებიც. ვცდილობთ, ყოველთვის გვქონდეს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია"... - ზურა მანჯავაძის გზა მომღერლობიდან მეურნემდე

"თევზებს ჯანსაღი საკვები აქვთ - ბალახს, მცენარეებს, მწერებს, ყველაფერს ბიოლოგიურად სუფთას ვახმართ. მათ გამოსაკვებად სიმინდიც დავთესეთ. ჯანსაღად იკვებებიან ჩვენი იხვებიც და ბატებიც. ვეცდებით ყოველთვის გვქონდეს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია", - გვეუბნება მომღერალი ზურა მანჯავიძე, რომელსაც ახლა არც სიმღერაზე ველაპარაკებით და არც მის საყვარელ ჯგუფ "ფორტეზე". ის საკუთარ მეურნეობასა და იქ მის საქმიანობაზე მოგვითხრობს. როგორც ამბობს, ამ საქმეში მისი პარტნიორები ირაკლი რამიშვილი და თემურ ბოჭორიშვილი არიან. მათი მეურნეობა კახეთში, სოფელ მანავშია. აქ რამდენიმე ხელოვნური ტბა შექმნეს, სადაც სხვადასხვა სახეობის თევზი გაამრავლეს. გეგმებიც
საინტერესო აქვთ.

ზურა მანჯავიძე:

- დიდი ხნის განმავლობაში მსურდა სოფლის მეურნეობაში ჩავრთულიყავი. ნაკვეთიც მქონდა, მეგობართან ერთად დიდი ხნის წინ კახეთში მიწის ნაკვეთი შევიძინე, სადაც ჩანდლერის კაკლის ბაღია გაშენებული. სულ ვფიქრობდი მის გაფართოებაზე. ცოტა სხვაგვარ ნაკვეთებს ვეძებდი, მეგობრებიც მინდოდა დამეინტერესებინა, მაგრამ პანდემიამდე ყური არავინ შეიბერტყა. პანდემიის შემდეგ ამ ყველაფერს სხვანაირი დატვირთვა მიეცა. კახეთში ერთ-ერთი ძიებისას მეგობარმა ნათესავთან, თემურ ბოჭორიშვილთან დამაკავშირა და მანავში აღმოვჩნდი... იქ ორი ტბა დამხვდა, ირაკლი რამიშვილთან ერთად საქმე უკვე დაწყებული ჰქონდათ. პერსპექტივა დავინახე და საქმეს ერთად შევუდექით. ახლა სამი დიდი ტბა გვაქვს.


- რას ემსახურება თქვენი ტბები, აგროტურიზმის მიმართულებით ხომ არ მიდიხართ?

- წყლის სტიქია მიზიდავდა, საკუთარი ტბა მინდოდა და ეს ყველაფერი რომ დავინახე, მომეწონა. ერთი ტბა დიდი იყო, მეორე - პატარა. წყლით შენაკადის, ღელეს საშუალებითაც შეგვიძლია მოვამარაგოთ, მაგრამ იქვე ანკარა წყაროც ამოდის. ასე ეკოლოგიურად უფრო სუფთაა, სადაც თევზი თავს კარგად გრძნობს. ეს ყველაფერი მოემსახურება როგორც სპორტულ, ისე არასპორტულ თევზჭერას. სპორტული თევზჭერისას ერთმანეთს ეჯიბრებიან, დაჭერილ თევზს კი ტბაში აბრუნებენ. არის მეორე ვარიანტიც - დაჭერილი თევზი აიწონება, შესაბამის თანხას გადაიხდიან და წაიღებენ. გავაკეთეთ ორი დიდი ტბაც და თევზიც გავუშვით. იქ უკვე ყველანაირი ტბის თევზი იზრდება (სარკისებრი კობრი, თეთრი ამური, ბრტყელშუბლა, ლოქო, შამაია, ჭანარი, მურწა), რომელსაც ვერ გამოლევ. რამდენიმე ჩემპიონატი ჩავატარეთ, პროფესიონალები თევზაობდნენ და ძალიან კმაყოფილი დარჩნენ. ლოქოც კი დაიჭირეს. მოკლედ, გვინდა ამ ამბავს ტურისტული ელფერიც მივცეთ.

- სახლიც ჩანს ტერიტორიაზე, სტუმრებს იღებთ?

- ჩვენთვის ავაშენეთ, კარგი გამოვიდა და, ალბათ, სასტუმროდ ვაქცევთ... შევიძინეთ სამი კანოე (ორკაციანი), სწრაფმავალი ნავებია, თუ კორპორაციული საღამოებისთვის ჩამოვლენ, შეჯიბრებაც შეუძლიათ.

- ანუ თქვენს ტბებში ეკოლოგიურად სუფთა თევზი იზრდება?

- კი, ასეა. იხვების მეურნეობაც გავაკეთეთ. ბევრი იხვი გვყავს, ისეთი ლამაზები არიან, დასაკლავად ვერ ვიმეტებთ. გვყავს ციცრებიც, მომავალში ქათმებსაც მოვამრავლებთ. სულ ვმუშაობთ, მაგრამ საქმე ბევრია. ახლა შემოვიერთეთ ტერიტორია, რომელიც უნდა გავამწვანოთ. დავრგეთ ბევრი ხილი, პავლოვნიებიც საჩრდილობლად, მაგრამ მათ გაზრდას დრო სჭირდება. ისეთი ტერიტორიაც შემოვიერთეთ, სადაც უკვე არის დიდი ხეები და ამ ჩვენს ტბებზე ორჯერ დიდი ტბაც გაკეთდება, თუმცა წლეულს მაგას ვეღარ გავწვდებით. ამ ტერიტორიას ქვემოთ ძალიან ლამაზი მდინარეც ჩამოუდის და იქ წალკოტის გაშენება შეიძლება. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები