როგორ დავიცვათ თავი მატყუარა ხელოსნებისგან - მრავალგზის მოტყუებული ბიჭის გულახდილი ინტერვიუ და ამბავი იმისა, თავად როგორ აშენებს სახლს

32 წლის გიორგი ჩალიგავამ თბილისის ზღვაზე ორი პატარა სახლის აშენება გადაწყვიტა, თუმცა, ხელოსნებმა ეს საქმე „ძალიან ცუდ სიზმრად“ უქციეს და ახლა რომ ყველაფერი დასრულებული უნდა ჰქონოდა, საქმე შუაში აქვს გაჩერებული. ბევრი ტყუილისა და იმედგაცრუების მიუხედავად, გიორგი არ დანებდა, ნულოვანი გამოცდილებით შეეჭიდა სამშენებლო სამუშაოებს და ახლა თავად, საკუთარი ხელით აშენებს და აპირკეთებს სახლს.
ამასთან ერთად, მან ვლოგერობაც შეითავსა, სოციალურ ქსელში უზიარებს საზოგადოებას ინფორმაციას საკუთარი გამოცდილების შესახებ და აძლევს მინიშნებებს, როგორ დაიცვან თავი მატყუარა ხელოსნებისგან, როგორ შეასრულონ საკუთარი ხელით ესა თუ ის
საქმე და ა.შ. ამის გამო ონლაინ სივრცეში ხშირად ხელოსნების თავდასხმის ობიექტი ხდება, რაც რეალურად იმის ნიშანია, რომ სწორ გზაზე დგას და ამხელს მათ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას.

გიორგი საკუთარ ისტორიას თავად გიამბობთ და იმ პროექტზეც გესაუბრებათ, რომლის განხორციელებაც სამშენებლო კომპანიებთან ერთად სურს.

- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი დავამთავრე, პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მაქვს სხვადასხვა სფეროში მუშაობის გამოცდილება, ბოლო 4 წელი ვმუშაობდი IT ტრენერად და ამ მიმართულებაზე ვიყავი მთლიანად ორიენტირებული. სექტემბერში გადავედი სხვა კომპანიაში, რომელმაც გარკვეული დროის შემდეგ ხელშეკრულება არ გამიგრძელა. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და დავრჩი სამსახურის გარეშე, მაშინ როცა უკვე მშენებლობა დაწყებული მქონდა.
მოგეხსენებათ, დღევანდელ დღეს სესხის გარეშე მსგავსი საქმეების წამოწყება თითქმის შეუძლებელია, მეც არ ვარ ამ მხრივ გამონაკლისი, ჰოდა, დავრჩი სამსახურის გარეშე დიდი ფინანსური ვალდებულებებით და დაწყებული მშენებლობით.

- სად აშენებთ სახლს?
- 2019 წელს მიწა შევიძინე თბილისის ზღვაზე, 3 წლის განმავლობაში ვიბრძოდი ნებართვაზე, როგორც იქნა ნებართვა მოვიპოვე, რის შემდეგაც ჩემს არქიტექტორს ვთხოვდი, რომ სადაც ერთი, იქნებ მეორე სახლის მშენებლობის ნებართვაც მოგვცენ და ამ თემაზეც იმუშავე-თქო, გაგიკვირდებათ და, 1 კვირაში მოგვცეს მეორე სახლის მშენებლობის ნებართვაც. ვიფიქრე, ერთი დიდი სახლის აშენებას, ჯობს ორი პატარა ავაშენო და მეორე დამატებითი შემოსავლის წყაროდ ვაქციო-თქო. ამ ძლივს მოპოვებული ნებართვის შემდეგ, საქმე დავიჭირე მშენებლების ჯგუფთან, ვისაც შეთანხმების თანახმად, ჩემი სახლი უნდა აეშენებინა ზუსტად 100 დღეში, ამ დროში შავი კარკასი უნდა ჩამბარებოდა, მაგრამ 9 თვე გამიწელეს, გამაწამეს, ფინანსურად მაზარალეს, ნერვები დამაწყვიტეს... ბოლოს გადავწყვიტე, რომ მე თვითონ შემესწავლა და ჩემი ხელით გამეკეთებინა ყველაფერი, რასაც შევძლებდი. ნერვების წყვეტისა შემდეგ, გავუშვი ის ხელოსნები და დავრჩი აუშენებელი სახლით და ფინანსური ზარალით.
დავიწყე ინფორმაციების მოძიება, სწავლა და აღმოვაჩინე, რომ ღობე, რომელზეც ხელოსანი მეუბნებოდა ასე არ გამოვაო, მშვენივრად გამოვიდა, კიბეზეც ანალოგიურად უარს მეუბნებოდნენ, არ გამოვა ასეო, ესეც მოვიყვანე სისრულეში და მშვენივრად ასრულებს თავის მოვალეობას.

მივხვდი, რომ ჩემი ფიზიკური შესაძლებლობებით, ბევრად უფრო ნაკლები დანახარჯი მექნებოდა და გავაკეთებდი იმას, რაც მაქვს ჩაფიქრებული და რაც მე მინდა. ვერ ვიტყვი, რომ შავი კარკასის მონოლითურ კონსტრუქციულ წყობას ვაკეთებ თავიდან ბოლომდე, მაგრამ მაგალითად, ბეტონის, არმატურის დასათვლელი ფორმულები ვიპოვე ინტერნეტში და უკვე ჩემით ვსაზღვრავ რა რაოდენობის ბეტონი, თუ არმატურა მჭირდება კონკრეტული ფართის ასაშენებლად. ადრე, თუ ცდილობდნენ ჩემს მოტყუებას, რომ ამ კონკრეტულ სამუშაოს ეს რაოდენობა სჭირდება და ვენდობოდი ბრმად, ახლა ასე არაა, მე თვითონ ვთვლი საჭიროებებს და ფინანსურადაც არ ვზარალობ ამ კუთხით. ისეთ საქმეს ხელს არ ვკიდებ, რასაც გამოცდილება სჭირდება, მაგალითად გათბობის სისტემის, ელექტროობის, სანტექნიკის გაკეთება და.ა.შ.
ნულოვანი გამოცდილებით შევეჭიდე ამ საქმეს, მაგრამ ორჯერ-სამჯერ რომ შემეშალოს და არა მიზნობრივად გავხარჯო მასალა, მაინც უფრო იაფი მიჯდება იმ საქმის გაკეთება, ვიდრე ხელოსნის დაქირავება.

- თუ შეგიძლიათ, ჩვენს მკითხველს მიეცით რჩევა, როგორ აირიდონ თავიდან თქვენნაირი გამოცდილება?
- პირველი, რაც მთავარია, გამიჯნეთ ხელოსანსა და თქვენს შორის ურთიერთობები, თქვენ არ ხართ მისი მეგობარი, ნათესავი, ახლობელი. სულ რომ ახლობელი იყოთ, თქვენ ხართ დამკვეთი და ეს უნდა იყოს ნათლად განმარტებული.
გარდა ამისა, არასდროს გადაუხადოთ ფული წინასწარ. ნებისმიერი ჩვენგანი როცა იღებს რაიმე ტიპის შეკვეთას, სანამ კეთილსინდისიერად არ შეასრულებს სამუშაოს, არ უხდიან ანაზღაურებას და ეს ნორმალურია,. ასე უნდა იყოს ხელოსნების შემთხვევაშიც. პოტენციური საფრთხის პირველი მომასწავებელი ნიშანი არის ის, რომ ხელოსანი გეუბნებათ, გზის ფული სჭირდება და წინასწარ უნდა გადაუხადოთ თანხა, ეს უკვე ტყუილია. ადამიანი რომელიც არის მაღალანაზღაურებადი და გეუბნებათ, რომ გზის ფული არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ იწყება მისი მხრიდან მანიპულაციები - ხან ნათესავი დაეღუპება, ხან ვიღაც გაუხდება ცუდად... მოკლედ, ესაა დასაწყისი იმისა, რომ ან შუა გზაში მიგიტოვებთ საქმეს, ან შეასრულებს 70 ან თუნდაც 100%-ით, მაგრამ უხარისხოდ.
ბოლო ორი ხელოსნისგან, ვინც შეასრულა წინა ხელოსნების დაუმთავრებელი საქმეები და მიიყვანეს ჩემი სახლი თეთრი კარაკასის კონდიციამდე, არასდროს არ მქონია ფულის წინასწარ თხოვნის შემთხვევა, არ უთქვამთ, რომ მასალებს თავად მოიტანდნენ, უბრალოდ მეუბნებოდნენ, რომ გვჭირდება ამ და ამ ბრენდის მასალა, (რამდენიმეს მისახელებდნენ და არა მაინცდამაინც ერთს) რომ კარგი ხარისხით გავაკეთოთ საქმე, არჩევანი დიდია, რომელ მაღაზიაშიც უკეთეს ფასად ნახავ, იქიდან მოიტანე.
ასევე მინდა გაითვალისწინოთ, რომ ყველაზე დიდი თანხები მიაქვს მასალის ტრანსპორტირებას და თუ ამ ყველაფერს საკუთარი მანქანით გააკეთებთ, სერიოზულ თანხებს დაზოგავთ.
ასევე, ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ თავიდანვე არ დავაყენე ვიდეოთვალი მშენებლობაზე, თურმე, ყველაფერი ამით უნდა დაიწყო, თუ გინდა რომ არ მოგატყუონ, მასალა არ მოგპარონ და.ა.შ. მქონდა შემთხვევა, როცა ხელოსანს დავურეკე ამბის მოსაკითხად, ვაშენებთ, ბლოკს ვალაგებთო - მეუბნებოდა, არადა მე ადგილზე ვიყავი და იქ არავინ იყო. მე რომ კამერა მქონოდა ყოველთვის გავაკონტროლებდი.
ალბათ გაჩნდება კითხვა, ინტერნეტი და ელექტრო ენერგია თუ არაა მიყვანილი და გამართული, კამერა როგორ უნდა დავაყენოთო?! იყიდება, მზის ენერგიაზე მომუშავე კამერები, რომელშიც თავსდება სიმ ბარათი და ყოველთვიურად ინტერნეტის მეგაბაიტების ჩატვირთვით მუშაობს, გაძლევს წვდომას შენს ობიექტზე. ჯობს ერთხელ 200 ლარი გადაიხადოთ კამერაში და ყოველ თვე 10 ლარი ინტერნეტში, ვიდრე მუდმივად გატყუებდნენ და გაზარალებდნენ.

- ძალიან კარგი რჩევებია მათთვის, ვინც ახლა დგება ამ მნიშვნელოვან გზაზე. გამოუცდელმა რომ შეისწავლეთ ამდენი ახალი საქმე, გვითხარით, ყველაზე საინტერესო რომელი აღმოჩნდა თქვენთვის?
- ღობეები, ფასადის დამუშავება, შედუღება, გალამაზება - ძირითად ისეთ საქმეს ვაკეთებ, რაც მოპირკეთებასთანაა დაკავშირებული. თავიდან შედუღება ძალიან რთული მეგონა, მაგრამ რჩევებისა და პრაქტიკის შემდეგ, მივხვდი ასე არ იყო, პირიქით საყვარელი საქმიანობა გახდა ამ მიმართულებაში. მინდა გითხრათ, რომ თავადაც შეგიძლიათ რკინის კარის და სხვა ნაკეთობების გაკეთება, მთავარია დაიცვათ რამდენიმე პრინციპი, სისწორე, შედუღების ტემპერატურა და რკინის დამუშავება. ჩემთვის გამოწვევა იყო თუნუქით გადახურვა, რომლის შესრულებისთვისაც ხელოსნები შეუსაბამო თანხას მთხოვდნენ, ამიტომ ვნახე ბევრი ვიდეო, მოვიძიე ინფორმაციები სხვადასხვა წყაროებიდან და მე თვითონ გავაკეთე.

- გარდა იმისა, რომ აშენებთ და აპირკეთებთ თქვენს სახლს, ასევე სოციალურ ქსელში უზიარებთ საზოგადოებას თქვენს გამოცდილებას ვლოგების სახით და აჩვენებთ, რას და როგორ აკეთებთ.. როგორი გამოხმაურება მოჰყვა ამ ყველაფერს?
- პირველ ვიდეოს ჰქონდა დიდი გამოხმაურება, 270 000 ნახვა და მივხვდი, რომ ხალხს ეს თემები ძალიან აინტერესებს, იღებს რჩევებს და ითვალისწინებს. სწორედ ეს იყო ინსპირაცია, რომ გამეგრძელებინა ამ მიმართულებით ხალხისთვის იმ რჩევების გაზიარება, რითაც შეიმცირებდნენ ხარჯებს და საკუთარი ხელით გააკეთებდნენ ბევრ რამეს. ხელოსნები მივარდებიან ხოლმე კომენტარები, „შენ ჩვენს შრომას რატომ არ აფასებო“ - მიწერენ, მაგრამ, ასე არაა ძალიან კარგად ვხვდები და ვაფასებ ამ შრომას.

- ახლა რა ეტაპზე თქვენი სახლი?
- ამ ეტაპზე ფასადი სრულიად დასრულებულია, გვერდითა და წინა მხარე მაქვს შემოსაღობი, იატაკი მაქვს მოსახვეწი და შემდეგ უკვე კედლების გათეთრება იქნება საჭირო. უბრალოდ ახლა უკვე ფინანსური სირთულეები მაქვს, უმუშევარი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, კომპანიებს შევთავაზო ჩემი თავი როგორც პროდუქტი, მათგან მივიღო საჭირო სამშენებლო მასალები და მე საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, მივცე რჩევები და რეალური შეფასებები მათ შესახებ.
კონტენტი რომ მრავალფეროვანი და საინტერესო იყოს, ჩემი გამომწერებისთვის ვაკეთებ ხოლმე გათამაშებებს, მაგალითად, ვათამაშებ კამერას, რომელიც ასე მნიშვნელოვანია მშენებლობის დროს და ვეხმარები ინსტალაციაში. საკმაოდ დიდი აუდიტორია მყავს და მუდმივად კომუნიკაციაში ვარ მათთან.
მოკლედ, ღია ვარ შემოთავაზებებისთვის, ვაკეთებ ნამდვილად საინტერესო კონტენტს და დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი სხვადასხვა კომპანიებთან. მივაწვდიდი ინფორმაციას ფართო საზოგადოებას, გავაცნობდი მათი პროდუქტების შეფასებებს, რაც რა თქმა უნდა, გაზრდის ინტერესს და გაყიდვებს.

ციცი ომანიძე


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები