"გული მიწუხს, ისეთია ქართული სოფელი..." - მეგი კავთუაშვილის ბლოგი

უმუშევრობა, სოფელი და შესაძლებლობები

გული მიწუხს, ისეთია ქართული სოფელი.
სახურავგადახუნებული, მეორე სართულ გაულესავი სახლებით; ადგილ-ადგილ მოხრეშილი ორღობეებით; უწესრიგო, ოღრო-ჩოღრო ღობეებით, ღამით მთვარის ანაბარად მიტოვებული ქუჩებით; მეორადი ტანსაცმლისა და ლილოდან ჩატანილი საჩუქრების მაღაზიებით, ნისიებით რომ არსებობენ; ტალახიან ნაკელში ამოზელილი რეზინის “კალოშებით”; დაძველებული საოჯახო ნივთებით; ნაადრევად დაბერებული, კბილებგამოცლილი, დარდისგან სახე შეცვლილი ადამიანებით; შრომისგან კანგაუხეშებული ქალებით; მძიმე საქმისგან იძულებით დაკუნთული კაცებით, უმეტესად ბირჟაზე გაზრდილი შვილებით, სამსახური რომ საჩუქარი გონიათ და ისე ოჯახდებიან, მრავლდებიან ხვალინდელ დღეზე ფიქრი საიდან უნდა დაიწყონ, არც იციან.
სტუმრად მივედი.
მიწაზე მუშაობა არ უნდაო – შემომჩივლა ბავშვობის მეგობრის დედამ. არ ეხმარებაო მამას. დაცვაში მუშაობს, 250 ლარი აქვს ხელფასი – გზაში და სიგარეტში არა ჰყოფნისო. შეყვარებული ყავსო, 30 წლისაა, მაშ რა ქნასო. მეც ხო მინდა შვილიშვილიო. მერე 250 ლარით როგორ უნდა იცხოვროს-მეთქი. აგე, მაგისი ბიძაშვილი გამგეობაში მუშაობს, რა ხანია პირდება სამსახურს, მაგრამ არაფერიო. “გამგეობა” ყველაზე პრესტიჟული და პერსპექტიული სამსახურია სოფელში. მოვიდა ისიც. კარგია რო გამოგვიარეო, გხედავ ხოლმე ხანდახან ტელევიზორში, ისე მიხარია შენი დანახვა, რაზე ლაპარაკობ აღარ მესმისო – შემომღიმა. რას საქმიანობ მეთქი – სამ დღეში ერთხელ ერთი “სუტკა” ვმუშაობ, დანარჩენი მძინავს ან ვქეიფობ, ჩვენი ამბავი ხო იციო. სამ დღეში ერთხელ რა გაქეიფებს, პროფსასწავლებელში მაინც ისწავლე, ვენახი გაქვს, საფერავი გიდგას, მასწავლებელი სახლში გყავს, მარკეტინგის წიგნიც რო გადაშალო, აღარც 250 ლარზე მოცდები, აღარც სუბსიდიაზე იფიქრებ, უფრო ძვირად გაყიდი მეთქი ღვინოს. ვინ იყიდის ჩალის ფასი ააქვსო. იმოდონა მოვლა უნდაო ვაა.. შენ რა იციო, შორიდან თქმა ადვილიაო! – შემეკამათა- ჩემ ადგილას ვერც შენ იზამდი ვერაფერსო! შენ ადგილას რომ ვიყო, მოვძებნიდი პროფსასწავლებელს, სადაც ღვინის ტექნოლოგია ისწავლება, ვისწავლიდი მარკეტინგს, მოვიფიქრებდი საფირმო სახელს მამაშენის დაყენებული ღვინისთვის, მივიდოდი დიდ ქარხნებთან, მოველაპარაკებოდი ჩამოსხმაზე, ჩავაწყობდი ჩანთებში და დავივლიდი ბარ-რესტორნებს მეთქი. გაეცინა. რას დაარქმევდიო? პატარ-პატარა ქვევრებში ჩამოვასხამდი და “განსხვავებულს” დავარქმევდი მეთქი – ნაუცბათევად ენაზე მომდგარი ვუთხარი. კარგია ისე, ხო იციო, – გაიღიმა. მარა ეგეთი ადვილი მაინც არ არისო.

ვერ შევძელი, ვერ დავიყოლიე..

გული მიწუხს ისეთია ქართული სოფელი. სავსე უიმედო და უპერსპექტივო ახალგაზრდებით, იშვიათად თუ გამოერევა მშრომელი და მოტივირებული გოგო/ბიჭი. სხედან და ელოდებიან სამსახურს. არადა ყავთ რამდენიმე სული ძროხა, ათობით ქათამი, ცხვარი ან ღორი. აქვთ ყანა, ვენახი, ხშირად თავისუფალი მიწაც. მე რომ სოფელში ვცხოვრობდე და ახალგაზრდა ვიყო ოჯახის ერთი წლის მოსავლით მარკეტინგთან ერთად ვისწავლიდი მეცხოველეობას, ვეტერინარიას, აგრონომიას, სასურსათო საქმეს ან მეღვინეობას. ნაბიჯ-ნაბიჯ მოვაწყობდი ჩემ საქმეს და ჩემ ცხოვრებას სუფთა ჰაერზე.
მე მაინც მიყვარს სოფელი, დაღლილი და ლაღი ადამიანებით. ფიანდაზების მოლოდინში სამ დღეში ერთხელ რომ ქეიფობენ და ხელფასის ოდენობით არ ზომავენ ბედნიერებას.
მეგი კავთუაშვილი

კომენტარები

მიწათმოქმედს??? 2017-08-23 14:21
გეორგია დაერქვა იმიტომ რომ წმ. გიორგი იყო ყველაზე პოპულარული წმინდანი. მე კი არა შენც არ გცოდნია ისტორია :)
დათას 2017-08-23 13:49
მაპატიე ჩემო დათა, ისტორიის სწავლა მე-5 კლასში იყება და მე კიდე მეორე კლასის არითმეტიკით ვხელმძღვანელობ: შეგიძლია წახვიდე ნავთლუღის ბაზარში, იკითხო პომიდვრის, კიტრის, კარტოფილის ფასები გადამყიდველებთან. მერე მაგას გამოაკელი გადამყიდველის მოგება, თბილისამდე ჩამოტანის ხარჯი, ადგილზე მიწის დამუშავებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯები და დათვალე რამდენი ასეული ტონა უნდა მოიყვანოს გლეხმა, რომ საარსებოდ ეყოს მისგან მიღებული ამონაგები. რაც არ უნდა მოიყვანოს გლეხმა, დამატებით თუ სადმე არ იმუშავა იცხოვრებს სიღატაკეში. სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებულება ნიშნავს სიღატაკეს და "გეორგია" მაგას ვერ უშველის. ყველას ვისაც აქვს რაიმე შანსი სოფლიდან გამოქცევის, უნდა გამოიქცეს და საქმეს მიხედოს. შენ კი, მიწები სოფლად კაპიკები ღირს და წარმატებებს გისურვებ სოფლის მეურნეობაში.
დათა 2017-08-23 10:38
ძალიან კარგი სტატიაა, ნამდვილად მომეწონა იმიტომ, რომ ქართული სოფლის გულშემატკივრის დაწერილია. დიახ, ჩვენ თვითონ უნდა ვეცადოთ როგორმე ამოვიდეთ ჭაობიდან და გულზე ხელების დაკრეფვა და მხოლოდ მთავრობის შემყურენი არ უნდა ვიყოთ. გაკეთებული კომენტარები კი აბსოლიტურად მცდარია, დიახ საქართველო ყოველთვის იყო აგრალური გვეყანა თუ არ იცით, რომ "გეორგია" მიწადმოქმედს ნიშნავს ისტორიაც არ გცოდნიათ ან მიწების გაყიდვით დიდი ინვესტიციები, რომ არ შემოდის და იგი ბიუჯეტის შემოსავლების 0,7 %-ს უდრის ყველაზე კარგ შემთხვევაში. ასე, რომ დავანებოთ თავი სხვის ხელებში ყურებას და მივხედოთ საქმეს.
jaba 2017-08-22 23:47
rac chamotvale avtor yvelaferi vici , magram xalxs fuli ar aqvs produqcia ro iyidos, soflis agweras chinovnikebis mada agwero is jobia , gvacale isec gachirvebuli cxovreba
აპო 2017-08-22 13:23
ინგა, ჟურნალისტისგან ზოგადად არ უნდა გაგვიკვირდეს "ახალი" სიტყვები, როგორც თქვენ უწოდებთ პროფსასწავლებელს. მათი შექმნის აუცილებლობაზე ილია ჭავჭავაძე 1893 წელს წერდა. ასე რომ, ეს "ახალი" სიტყვა, ჩემზე ნამდვილად და ალბათ თქვენზეც ხანდაზმულია :)

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები