"ვისაც უყურადღებოდ აქვს სოფლებში სახლები, ჭიშკარს და ღობეს აღვუდგენთ, სახურავს შევუკეთებთ" - ლექსო ჩარკვიანის ახალი გეგმები მიტოვებული სახლებისთვის

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლექსო ჩარკვიანი საკუთარი ინიციატივით დადის რაჭა- ლეჩხუმში და მიტოვებული სახლების ბედზე ზრუნავს. ის ათვალიერებს სახლებს, რომელთაგან ზოგის მეპატრონე ემიგრაციაშია, ზოგიერთი ფიზიკურად ვერ ახერხებს ჩასვლას და სახლის მიხედვას, ზოგს - არც აინტერესებს იქაურობა. შემდეგ იგი უკავშირდება სახლების მფლობელებს და მათ გაყიდვას შეღავათიან ფასებში სთავაზობს.

''2 500 ლარში იყიდით სახლს, სადაც არ დაგაწვიმთ, არ შეგცივდებათ და გექნებათ გემრიელი თავშესაფარი მთაში" - ლექსოს ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ერთი წლის წინ ათასობით ადამიანი გამოეხმაურა.
ლექსო მყიდველსა და გამყიდველს
შორის შუამავალი კი არის, მაგრამ ის მაკლერი არაა. როგორ წარიმართა მისი საქმიანობა ამ ხმაურიანი განცხადების შემდეგ, რამდენ სახლს უპოვა ახალი მფლობელი, რას ითხოვენ მისგან სახლის შეძენის მსურველები და რა ბედი ელის ამ წამოწყებას მომავალში. ამის შესახებ ლექსო ჩარკვიანი shin.ge-სთან საუბრობს.

- ხალხს ყველაზე მეტად, რომელი რეგიონი აინტერესებს?
- სხვადასხვა კუთხეს ითხოვენ, მაგრამ ჩემი რესურსით ამდენს ვერ გავწვდები. მაგალითად, ერთს კახეთი უნდოდა, მეორეს თუშეთი...მეორეს რომ ვკითხე, სად ცხოვრობდა, თბილისშიო - მიპასუხა. იმას თბილისიდან წასვლა ეზარება და მე, ქუთაისიდან თუშეთში როგორ ვიარო?

- შარშანდელთან შედარებით სახლების ფასმა აიწია? ყველაზე დაბალი ფასი რა არის?
- სოფლებში ბევრი ცნობს ჩემს თეთრ პიკაპს. ვინც ვერ მცნობს და ვინაობას ვეუბნები, მთავაზობენ ფასის მომატებას იმ მოტივით, რომ შენს გვერდით სახლები მზესუმზირასავით იყიდებაო. ძალიან ვბრაზდები და ამ სახლებზე ინფორმაციას აღარ ვაქვეყნებ. ამასწინათ სოფლები მოვიარე და ყველაზე დაბალი ფასი 15 000 დოლარი იყო. შეკითხვაზე - რატომ? ადგილობრივები ასე მპასუხობენ - საკურორტო ზონაა და იმიტომ.

- ბოლოს სად იყავით და როგორი სახლები დაგხვდათ?
- ბევრ თბილისელს რაჭა აინტერესებს და რაჭის ცხრა სოფელი მოვიარე. ზოგი ისეთი სახლ- კარი მხვდება, ჭიშკარს ვერ გააღებ. გაყიდვაზე ყველა თანახმაა. რაჭაში ამგვარი შემთხვევა მქონდა. მეზობლებმა მითხრეს, სახლი იყიდებაო. შევაწუხეთ ქალაქი, სოფელი, სოციალური ქსელი, ყველა და როგორც იქნა, გავიგეთ ტელეფონი. დაველაპარაკე გოდერძის. გაუკვირდა, რა სოფელზე მეუბნები, არაფერი მაქვსო. მერე მეუღლეს დაუძახა, რომელმაც უთხრა: არ გახსოვს? მამაშენმა ხომ რაღაცა დაგიტოვაო. ე.ი. კაცი თურმე 28 წელი, საერთოდ არ გაკარებია სოფელს. კარგი, ნახევარ საათში დაგირეკავო, მითხრა და 15 წუთის შემდეგ მირეკავს - სახლი 20000 დოლარად შეაფასა. არ იცის არც ის ადგილი, არც სახლი და მეკითხება: სად ხარო? შენი სახლის ეზოსთან ვარ-მეთქი (იცინის). ამ ტიპის ვარიანტებიც მქონდა.



- მყიდველს ძირითადად დაბალი ფასი ხიბლავს. გარდა ამისა, ისინი გეუბნებიან როგორი ტიპის სახლები უნდათ?
- ვიცი, რომ ხალხი იაფიანს ეძებს, ამიტომ ძვირიანი სახლების მონაცემები, ვცდილობ არც გამოვაქვეყნო. რაჭა-ლეჩხუმში დავიწყე კამპანია და მთლიანად, 32 სახლი გაიყიდა. მყიდველებს ძირითადად, ხის სახლები უნდათ.

- გაყიდული სახლების ახალ მეპატრონეებს, თქვენს მიმართ რაიმე პრეტენზია ჰქონიათ?
- პრეტენზია არა, მაგრამ ერთხელ პირდაპირი ლაივის დროს, ფოტოების მიხედვით სახლი მაშინვე იყიდეს. ხუთი დღის მერე, ის სახლი ისევ გაიყიდა უფრო ძვირად, 3500 ლარი მოიგეს. ასე არ შეიძლება.
მქონდა ასეთი შემთხვევა. ერთმა ქალმა შარშან ნოემბერში იყიდა სახლი და პირველად, წელს მაისში მოინახულა. მირეკავს და მეუბნება, რომ უკანა ღობე დაზიანებულია და შენ უნდა გამიკეთოო. ეგ ძველ მეპატრონეს მოსთხოვეთ- მეთქი. მოკლედ, თვენახევარი რეკავდა: ის მეპატრონე ამერიკაშია და ეს შენი ბრალიაო. შარზე იყო, რა მექნა? ვიყიდე "სეტკა" და წავედი. იქაურმა ბიჭებმა მითხრეს, არ უნდა გეყიდაო. მე რომ არ მეწვალა, იქ მცხოვრებმა ორმა ბიჭმა გაჭიმა მავთულის ღობე. ახლა, ის ქალი სახლს ყიდის, როგორც ვიცი გაცილებით ძვირად. იმ სოფელში სახლებს აღარ გადავიღებ.

- მადლიერება არავის გამოუხატავს?
- ერთ სოფელში შევედი, ლაივს ვაკეთებ და ფაქტობრივად, სახლი გაიყიდა. დაწერეს, რომ ყიდულობენ. მეპატრონეც მირეკავს, უკვე გავყიდეო. სახლის გვერდით მცხოვრებ ბებოს ვუთხარი, რომ მალე ახალი მეზობელი ეყოლებოდა. ასე უცებ საიდან, ჯერ არც კი ჩაგიკარტოჩკებიაო? გაოცებულმა თქვა. მერე სახლის ძველმა მეპატრონემ დაურეკა ბებოს და იგივე უთხრა. წამოვედი და უცებ, ბებო ქათმით ხელში დამეწია, საჩუქრად მაძლევს. ძალიან გახარებული იყო, მეზობელი მომიყვანე და მარტო აღარ ვიქნებიო. ქათამი მანქანაში შემომიგდო, მაგრამ მის ეზოში დავაბრუნე.
სოფელში ხალხს უნდა დაუჯდე და ესაუბრო, კარგიც უნდა უთხრა და ცუდიც. ვისაც ლაპარაკი უყვარს, იმასაც უნდა მოუსმინო. დიდხანს ვრჩები თითო სოფელში, ამიტომ მაგვიანდება ხოლმე. დღეში თუ ორი სოფელი შემოვიარე, ეგეც დიდი საქმეა. თუ სოფელი დაცლილია და დავუშვათ, ასი კომლიდან 3- 4 ოჯახი ცხოვრობს, იქ რთულდება კონტაქტების მოძიება. თუ ნახევრად სავსეა, მაშინ უფრო ადვილია ტელეფონების გაგება.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- მინდა დავიწყო კამპანია, რომელიც ითვალისწინებს ემიგრაციაში წასული ქართველების სახლების მიხედვას, მათ სოფლის კარ- მიდამო უფუჭდებათ. ახლა დავპოსტავ, და ვისაც უყურადღებოდ აქვს სოფლებში სახლები, მათი თანხმობით სახლის ჭიშკარს და ღობეს აღვადგენთ, სახურავს შევაკეთებთ და ა.შ. შევკრიბავ სამ ხელოსანს და ისინი იმუშავებენ გარკვეული ანაზღაურების ფასად. ამათაც დავასაქმებ და მეპატრონეები როცა ჩამოვლენ, სახლებიც სავალალო მდგომარეობაში აღარ დახვდებათ.

- ყველაფერს ენთუზიაზმით აკეთებდით და წელსაც ასეა?
- ჩემ ფულს ვხარჯავდი, მაგრამ მაინც ზოგი მლანძღავდა და რას არ მეძახდნენ, მათ შორის, მოღალატესა და გამყიდველს...ერთი წლის თავზე დავპოსტე, რომ ჩემი გადაღებული ფოტოების და ინფორმაციის შედეგად გაყიდულ სახლზე 150 ლარს ავიღებ. მაგალითად, რაჭაში როცა წავედი, საწვავსა და საჭმელზე 80 ლარი დავხარჯე. დამიღამდა და უკან ვეღარ დავბრუნდი, ღამე ტყეში გავათიე. არავის ვამადლი, მაგრამ 150 ლარი არაფერია. ფინანსური დაინტერესება არ მაქვს. ეს არის ის თანხა, რომელიც ისევ ამ საქმისთვის მჭირდება, რომ შემდეგი სოფლები მოვიარო.
ემიგრანტები მეუბნებიან ხოლმე, სახლი ამა და ამ კუთხეში გვინდაო. მერე რჩევას მაძლევენ, შენ თუ ვერ ახერხებ წასვლას, ჯგუფები შექმენი, რომ ყველა რეგიონში იარონო. კი ბატონო, მაგრამ ის ჯგუფი ენთუზიაზმით არ ივლის. იმათ რომ ფული გადავუხადო, მაშინ გამოდის, სახლების გაყიდვიდან მოგება უნდა ვნახო. ასეთი რამ არ მჭირდება. კარგი ის იქნება, თუკი ყველა თავის კუთხეს მიხედავს. არ ვიცი, ამას რატომ არ აკეთებენ? ისევ მე მირეკავენ. ყვარელში მცხოვრები კაცი მე არ უნდა მეკითხებოდეს, აქვე სადმე კარგი ადგილი მანახეო. სამსახური მაქვს და ხშირად ვერ გავდივარ სახლების დასათვალიერებლად. დრო როცა გამომიჩნდება, მაშინვე გავრბივარ სოფლებში...

ნანული ზოტიკიშვილი

კომენტარები

მაკა 2023-08-28 23:24
ბატონ ლექსის თუ შეუძლია დახმარება ძველი სახლი რომ ვიყიდო
მაკა 2023-08-28 23:19
რაჭაში ვეძებ სახლს ნიკორწმინდაში ან ნაკვეთს კოლეჯის ასაშენებლად შემეხმიანეთ გთხოვთ
mari 2020-05-08 17:10
tu vinmem icit batoni leqsos nomeri momweret tu sheizleba





tu vinmem icit batoni leqsos nomeri momweret tu ar shewuxdebit. gmadlobt
Inga 2020-05-08 01:39
Rogor daukavshirde baton leqsos.
nina 2019-11-11 12:54
როგორ დაუკავშირდე ბატონ ლექსოს იქნებ დამეხმაროთ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები