"მინდოდა, ტრადიციული თუშური მეთოდით ამეშენებინა სახლი" - სტუმრად ომალოში მცხოვრებ ოჯახთან

„შინ“ სულ ცდილობს, გაანებივროს მკითხველი საინტერესო ადამიანებით და ისტორიებით. ამჯერად დავით მოზაიძეს გაგაცნობთ, რომელიც ომალოს მკვიდრია და დაუღალავად შრომობს იმისათვის, რომ მოიზიდოს უცხოელი ტურისტები, მოაწონოს საკუთარი კუთხე, სოფელი, მოხიბლოს მშობლიური ეზოთი, თუშური ტრადიციებით და სტუმართმოყვარეობით. მოკლედ რომ ვთქვათ, თუშეთის ტურისტულ განვითარებაში საკუთარი წვილი შეაქვს.

- მთასთან დიდი სიყვარული მაკავშირებს. როგორ შეიძლება მთა არ გიყვარდეს? ის ძალიან ძვირფასია ჩემთვის და აქ თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ.

- მოგვიყევით სახლის ისტორია, რომელიც ომალოში გაქვთ და ულამაზეს წალკოტად, დასასვენებელ ადგილად აქციეთ.
- როცა სახლის
აშენება გადავწყვიტე, მინდოდა, ტრადიციული თუშური მეთოდით ამეშენებინა. სახლის მშენებლობა ყველა საჭირო წესის დაცვით მიმდინარეობდა. მშენებლობისას გამოვიყენე სიპი ქვა, რომელსაც ვამზადებდით სოფლის მიმდებარე კარიერზე. ასევე, სამშენებლო მასალად გამოვიყენე ხე. რაც შეეხება ინტერიერს, ის ძველი სტილით მოვაწყე, და ასე შეიქმნა თუშური ტრადიციული სახლი. მინდა ეს სახლი აქ მოსულ თითოეულ ადამიანს ბედნიერებას და სიხარულს ანიჭებდეს. მოგეხსენებათ, განწყობის შესაქმნელად რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს.

- არაერთი ლამაზი მცენარე ხარობს თქვენს ეზოში. მათ ვინ უვლის?
- ჩვენს ეზოში თუ რაიმე მცენარე და ყვავილი ხარობს, ჩემი მეუღლის, თამუნას დამსახურებაა. დიდი სიყვარულით და რუდუნებით უვლის თითოეულ ყვავილს, მცენარეს და ნერგს.

- ალბათ სტუმრებს კერძებსაც ტრადიციულს სთავაზობთ...
- ნებისმიერ სტუმარს სიყვარულით და პატივისცემით ვხვდებით. გვინდა მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ, დატკბნენ ჩვენი ბუნების სილამაზით, ახლოს გაიცნონ ჩვენი ტრადიციები. რასაკვირველია, ვთავაზობთ უგემრიელეს თუშურ ტრადიციულ კერძებს.

- ამ საქმიანობაში მთელი ოჯახი ხართ ჩართული?
- დიახ, მთელი ოჯახი ვიღებთ მონაწილეობას და ვინაწილებთ საქმეს. ქალებს დიასახლისის ფუნქცია აქვთ შეთავსებული, სტუმრებს უმასპინძლდებიან, ხოლო კაცებს მომარაგების და ზედამხედველობის საკითხი გვაბარია.

- როგორც ვიცი ჯირითი გიყვართ. რა გრძნობა გეუფლებათ ამ დროს?
- კი, ჯირითი ძალიან მიყვარს. ბავშობიდან ცხენზე ვზივარ და დიდ სიამოვნებას მიანიჭებს. ენით აუწერელი გრძნობაა. ალბათ ვისაც ერთხელ მაინც უჯირითია, დამეთანხმება ამაში.

- რით არის ომალო გამორჩეული, რისი ნახვა შეუძლია ტურისტს, რა აუცილებელი ადგილებია სანახავი?
- ომალო ცნობილია საუცხოო კოშკებით და თავისი ისტორიით, რაც დიდ აღფრთოვანებას იწვევს. სწორედ ამის წყალობით სოფელი ომალო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული. შეუძლია ულამაზესი ბუნების ნახვა, ცად აწვდენილი კოშკების. თუშეთში აღდგომიდან მესამე დღეს იწყება დღეობები, ტრადიციული კერძებით, თითოეული მათგანი განსხვავებული და გემრიელია.

- ალბათ ბევრ ტურისტთან გაქვთ ურთიერთობა, საუბრები. რა მოსწონთ, ან რა არ მოსწონთ საქართველოში?
- ქართველ თუ არაქართველ სტუმარს რომ ვეკითხები, რა მოეწონა თუშეთში, უმეტესობა ამბობს, რომ თუში ხალხის უბრალოება მოეწონათ, სტუმართმოყვარეობა, სითბო და ამის შემდეგ ასახელებენ ბუნების სილამაზეს. მგონია, რომ რაც უფრო დიდხანს შევინარჩუნებთ იმის უნარს, რომ ტურისტს ხელგაშლილი შევხვდეთ, გულითადად ვუმასპინძლოთ და მხოლოდ ფული არ იყოს გადამწყვეტი, მით მეტად მოვიპოვებთ მათ სიყვარულს და ტურისტებიც რაოდენობაც დაიზრდება.

- თქვენ რის გამოსწორებას ისურვებდით, ყველაზე მეტად რა პრობლემა გაწუხებთ?
- მე პირველ რიგში გზის გაკეთებას ვისურვებდი, რაც ხშირი პრობლემაა მაღლმთიან რეგიონებში. რაც უკეთესი გზა იქნება, მით მეტი ვიზიტორი გვეყოლება. ვფიქრობ მეტი ყურადღება გზას უნდა დაეთმოს, დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ.

- თავისუფლება მთაშია?..
- კი, რა თქმა უნდა. მე თუ მკითხავ მხოლოდ მთაშია თავის უფლება...


მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები