წინაპრების მიწაზე აშენებული სახლი რაჭაში, რომელიც ყველას აღაფრთოვანებს

კონფლიქტოლოგ ირმა გოგიაშვილს ბოლო წლების განმავლობაში რემონტის და ინტერიერის დიზაინის სფეროში გარკვეული გამოცდილება აქვს მიღებული, შესაბამისად, როდესაც მის ცხოვრებაში შვილის სურვილით საკუთარი საცხოვრებელი სახლის აშენების და მოწყობის ეტაპი დადგა, საერთოდ არ გასჭირვებია და ამ ამოცანას წარმატებით გაართვა თავი. სახლი, რომელიც რაჭაში მდებარეობს, დღეს ყველას აღაფრთოვანებს და ბევრისთვის მყუდრო დასასვენებელ ადგილად არის ქცეული.

- განათლებით კონფლიქტოლოგი ვარ. მონტერეის საერთაშორისო მეცნიერებების ინსტიტუტში, კალიფორნიაში დავამთავრე მაგისტრატურა. 18 წელი ვიყავი ემიგრაციაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში ვმუშაობდი. საქართველოში 2018 წელს დავბრუნდი და გარდა ჩემი პროფესიისა, სამოქალაქო აქტივისტიც
გავხდი. პარალელურად ყოველთვის მიზიდავდა ხელოვნების სფერო, ოჯახიც და გარემოცვაც ძირითადად ხელოვანების მყავდა. ვხატავ და ყოველთვის მაინტერესებდა არქიტექტურა და დიზაინი. სამი ძველი სახლის პროექტი განვახორციელე. პირველი ბინის დიზაინი სოლოლაკის სახლში შევქმენი, მერე სამი პროექტი გავაკეთე ჩემთვის და უცხოელი დამკვეთისათვის. დიზაინიც და რემონტიც საკუთარი ძალებით განვახორციელე. ძალიან შრომატევადი, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პროცესი აღმოჩნდა ჩემთვის. ეს სახლი კი რაჭაში მდებარეობს. ეს არის ბოლო პროექტი, რომელიც ჩემი შვილის იდეა იყო და სამი წელი ერთობლივი ძალებით ვაშენებდით.

- მოგვიყევით, როგორ აქციეთ ის მყუდრო დასასვენებელ სივრცედ?
- ამ სახლის მიწის ნაკვეთი არის ჩემი შვილის - ბესოს დიდი ბაბუის ნაკვეთი, სადაც ძველი სახლი იდგა. მიწისძვრის შემდეგ დაინგრა და ვინაიდან ბესოს დიდი სიყვარული აკავშირებს რაჭასთან, მისი გადაწყვეტილება იყო წინაპართა მიწაზე სახლის აშენება. მშენებლობა კოვიდის პერიოდში დავიწყეთ. ბესო ძალიან ჩქარობდა, დაგეგმარებაც ნაჩქარევად მოხდა, რითიც არ ვიყავი კმაყოფილი. ნაჩქარევი დაგეგმარების შედეგად ბევრი პრობლემა გამოჩნდა და ამ პრობლემების გადალახვამ ძალიან დიდი ენერგია, დრო და თანხები წაიღო.

- საქართველოში რეგიონები განებივრებული არ არის სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიებით, ფართო არჩევანით, ბაზრობებით. რემონტის დროს ეს დისკომფორტს არ გიქმნიდათ?
- ძალიან რთული აღმოჩნდა ამ პროექტის განხორციელება და ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო. ყველაფერი თბილისიდან უნდა ჩაგვეტანა, როგორც მასალა, ასევე ტექნიკა. პლუს სპეციალისტები და მუშახელიც თბილისიდან წავიყვანეთ, ვინაიდან ონში მუშახელიც კი ვერ ვიპოვეთ, არავინ იყო მსურველი ემუშავა. ეს ძალიან დიდი პრობლემაა რაჭაში განსაკუთრებით. აქ ამ მიზეზებზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, ცალკე თემაა.

ასევე უამრავი სირთულე იყო, მიწის არამდგრადობიდან დაწყებული, სახლის გათბობის სისტემის მოწყობით დამთავრებული. ამასთან, ყოველი დეტალი, ხშირ შემთხვევაში გადაკეთებას საჭიროებდა. ბევრი დეტალი შესაცვლელი ხდებოდა, თუ ყველაფერი წინასწარდ კარგად ნაფიქრი და გააზრებული არ იყო. ნაჩქარევმა დაგეგმარებამ ისიც გამოიწვია, რომ ზედმეტი თანხის გადახდა მოგვიწია სახლის ეზოს გამაგრებისათვის და ძალიან საწვალებელი აღმოჩნდა, ეზოც, სახლის გამაგრებაც და ზოგადად მთელი პროექტი.

- ინტერიერის დიზაინზე გვესაუბრეთ. რა სტილში გადაწყვიტეთ?
- დიზაინზე მე ვიზრუნე. გამოვიყენე მინიმალური და ეკლექტური სტილი, რაც უფრო ჩემი ხელწერაა. ძველისა და თანამედროვეს შერწყმაც ძალიან მიყვარს. ბევრს ვმოგზაურობ და აზიური კულტურების დიდი გავლება მაქვს და ძალიან მომწონს. ასევე მაინტერესებს ფენ-შუი, რომელიც უძველესი მეცნიერებაა (ფენ-შუი ითარგმნება როგორც „ქარი და წყალი“). ეს ფილოსოფია 4.000 წელზე მეტია არსებობს და დაფუძნებულია ბუნებაზე დაკვირვების და მისი ციკლების შესწავლაზე. ფენგ-შუის ინტერიერის დიზაინში ბევრი დიზაინერი იყენებს არამარტო ჩინეთში, არამედ დასავლეთშიც. ფენგ-შუის ცოდნა, შეგრძნება და მისი გამოყენება დიზაინერს აძლევს საშუალებას ჰარმონიული სივრცეები შექმნას.

- ძალიან ნათელი და მყუდრო სახლია. როგორ ფიქრობთ, ინტერიერში რა ქმნის სიმყუდროვის შეგრძნებას, რა არის ამის მიზეზი?
- ინტერიერისთვის აუცილებელია სინათლე, სივრცის შეგრძნება. ენერგიამ და სინათლემ ადვილად უნდა იმოძრაოს. საცხოვრებელ სივრცეშ უნდა იყოს ნაკლები ნივთი, არ უნდა იყოს გადატვირთული, უნდა გვქონდეს სუნთქვის საშუალება. 

- ფერები გემოვნებით ერწყმის ერთმანეთს. როგორ და რატომ შეარჩიეთ ეს ფერები? და, ზოგადად, რას გვეტყვით, რამდენად მნიშვნელოვანია ფერები ინტერიერში და რა როლს თამაშობს ის?
- რა თქმა უნდა ფერები ძალიან მნიშვნელოვანია ინტერიერში. მე ინტუიციით ვიცი რომელ ინტერიერს რა ფერი მოუხდება, ვითვალისწინებ რა გარემოშია სივრცე, რა ფერებია გარეთ, ბუნება როგორია. ჩემი მთავარი ინსპირაცია მაინც ბუნებაა და ფერებსაც მისგან ვიღებ. სახლსა თუ ბინასაც ვაკვირდები, გარეთ რა გერემოა, შიგნით რა ფერები იყო თუ ძველი კედლებია. ამ სახლის შემთხვევაში - გარშემო სიმწვანეა, მთების ხედებია და უბრალოდ ბუნებაზე დაკვირვების შედეგად წარმოიშვა უკვე შიდა დიზაინიც.

- ყველაზე მეტად რა მოგწონთ სახლში და რატომ?
- ტერასები, სიწყნარეში და მდინარის ხმის ფონზე წამოწოლის საშუალება და ულამაზესი ხედებით ტკბობა. მთლიანად სახლი, მისი სიმყუდროვისა და კომფორტის შეგრძნება, მისი სირბილე. 


მერი ბლიაძე

კომენტარები

****** 2022-09-04 18:29
არაფერი ზედმეტი და გადაჭარბებული. შესანიშნავია, როცა შენს ჩანაფიქრს ფრთებს ასხამ. ყველას ვუსურვებ ასეთი სურვილების ასრულებას ზომიერების ფარგლებში!

კომენტარის დამატება