მიწის ნაკვეთები, რომელსაც მოქალაქე ვერ დაირეგისტრირებს, სახელმწიფოზე ან მუნიციპალიტეტზე დარეგისტრირდება




აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებულმა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა“ მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ჯგუფის წევრებს ინფორმაცია მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში სისტემური რეგისტრაციის პროცესის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ სჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ დავით დევიძემ მიაწოდა.

„ჩვენი მიზანი პირველ რიგში კერძო მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება და მათი რეგისტრაციაა, ხოლო შემდეგ რაც დარჩება, ის ნაკვეთები რეგისტრირდება სახელმწიფოზე ან მუნიციპალიტეტზე. სამუშაოს დასრულების შემდეგ არ დარჩება არცერთი ნაკვეთი, რომელზედაც არ იქნება საკუთრება რეგისტრირებული, არ იქნება აზომილი და განსაზღვრული
მისი ფართობი, მდებარეობა, კოორდინატები და ყველა სხვა მონაცემი, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შემდეგ სახელმწიფომ დაითვალოს კონკრეტულად რა მიწის ნაკვეთები აქვს, რა ფართობებია, როგორი კონფიგურაციაა და სად მდებარეობს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მიზნობრივი პროექტების განხორციელება“, - განაცხადა დავით დევიძემ.

მისი ინფორმაციით, მიწის სისტემური რეგისტრაცია 2022 წლიდან დაიწყო 59 მუნიციპალიტეტში, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან კი თბილისის მერიის მიერ განსაზღვრულ არეალებზე. დღეისათვის აზომილია 524 ათასამდე მიწის ნაკვეთი - 172 ათასი ჰა, საიდანაც უკვე რეგისტრირებულია 426 ათასი ნაკვეთი. რეგისტრაცია 2024 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები