რა უნდა იცოდეთ, როცა ბუხრის აშენებას გეგმავთ

ცივ ზამთარში არაფერს შეუძლია შეგიქმნათ ისეთი კომფორტი, როგორც ბუხარს. ბუხართან ასოცირდება სითბო, საახალწლო საჩუქრები, ცხელი ჩაი, ფერადი წინდები და საყვარელი წიგნი. ბუხრის კუთხე ნებისმიერი ოჯახის ყველაზე საყვარელი დასასვენებელი ადგილია, ის ხომ გათბობის მყუდრო და თან ეკოლოგიურად სუფთა საშუალებაა. სწორედ ბუხრიდან ელიან ბავშვები სანტა კლაუსს. თუ სახლში თქვენც გაქვთ ეს ფუფუნება, თბილად მოკალათდით და წაიკითხეთ, საიდან მოვიდა ჩვენამდე ბუხარი, როგორი უნდა იყოს ის, რომ თავისი ფუნქციები ზედმიწევნით კარგად შეასრულოს. გთავაზობთ პრაქტიკულ და საინტერესო რჩევებს, რომლებსაც ამ საქმის პროფესიონალები გვიზიარებენ.

ბუხრის წარმოშობის

ისტორია
ბუხრის ისტორია ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, სწორედ მაშინ, როდესაც გაჩნდა მისი პირველი პროტოტიპი "შუაცეცხლი". ცივილიზებური ბუხარი, რომელსაც საცხოვრებლის შუა ადგილას აშენებდნენ, I-III საუკუნეებით თარიღდება. VIII საუკუნეში ბუხარი ფეოდალებისა და საეკლესიო პირების საცხოვრებელი სახლების განუყოფელი ატრიბუტი იყო. დღესდღეობით ბუხრის ძირითადი დანიშნულება სახლში მყუდრო გარემოს შექმნაა, მაგრამ ისტორიულად გათბობის, საკვების დამზადების, წყლის გაცხელებისა და სხვა ტიპის პრაქტიკულ საყოფაცხოვრებო ფუნქციასაც ასრულებდა. ბუხარი მსოფლიოს უმეტეს ნაწილშია გავრცელებული, განსაკუთრებით კავკასიასა და ჩრდილოეთის ქვეყნებში.

როგორ დაიწყო ბუხრების მშენებლობა საქართველოში და როგორი ტიპის ბუხრები გვხვდება ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ამ თემაზე თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის კურატორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნოდარ შოშიტაშვილი გვესაუბრება:



- ქართულ საცხოვრებელში ბუხარი არსებითად იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც შუა სახლში მოთავსებული კერა (შუაცეცხლი). ბუხრის დიდი ღირსებაა ის, რომ იგი ხელს უწყობს შენობის კარგ ვენტილაციას. მისი ნაკლია დიდძალი საწვავის ხარჯვა და გათბობის დაბალუნარიანობა. ბუხარი ქართული ფენომენი არ არის, ის ჩვენთან, სავარაუდოდ, ევროპიდან და თურქეთიდან შემოვიდა. ქართულ სინამდვილეში ბუხრის მშენებლობის ხერხები და ფორმები შემოტანილია გარედან, მაგრამ საქართველოში არსებულმა ქვითხუროობის მდიდარმა ტრადიციებმა განაპირობა მისი გაფორმების ეროვნული სტილი. სანამ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თიხატკეპნილი იატაკები ჰქონდათ, ბუხარი არ არსებობდა. ცეცხლი სახლის შუაგულში ინთებოდა. ევროპაშიც დაახლოებით შუა საუკუნეებში გაჩნდა ბუხარი, რომლითაც ძირითადად წარჩინებულთა ფენა იყო განებივრებული. საქართველოში ბუხარი გვხვდება ოდასახლებში. ასეთ სახლებში იატაკი უკვე ხის არის. როდესაც ოდასახლს აშენებდნენ, ჯერ ქმნიდნენ ბუხრის კონსტრუქციას და მის გარშემო იწყებდნენ სახლის მშენებლობას. ოდასახლში ცენტრალური ნაწილი უკავია ბუხარს. ის სამოთახიანი სახლის ყველა ოთახში შეგხვდებათ. მას ე.წ. სამი თვალი და ერთი საკვამური აქვს. ასეთი სახლები გვხვდებოდა XIX საუკუნეში კოლხეთის დაბლობზე, გურიაში, დასავლეთ საქართველოს ბარის ზონაში.

- რამდენად პოპულარული იყო იმ დროისთვის პროფესია "მებუხრეობა"?
- მებუხრეობა ძალიან პოპულარული და პრესტიჟული იყო. ნამდვილი ოსტატის მოძებნა დიდ სიძნელეს წარმოადგენდა. შეიძლება აეშენებინათ ბუხარი, მაგრამ არ ჰქონოდა საკმარისი სითბოს გამოყოფის უნარი, ოთახში დარჩენილი კვამლი და გამწოვი სისტემაც არ ყოფილიყო სრულყოფილი. იმისთვის, რომ ბუხარმა სრულფასოვნად იმუშაოს, მას პროპორციების ზუსტად დაცვა სჭირდება. მოსაპირკეთებლად, ძირითადად რბილი ქვა გამოიყენებოდა. ნელ-ნელა, ბუხრის მოპირკეთების პროცესში ხალხმა საკუთარი ფანტაზია და მისწრაფებები ჩააქსოვა. ამან საფუძველი დაუდო ორნამენტირებას. საქართველოში ბუხრების მშენებლობაში სრულყოფილად გამოვლინდა ქვითხუროობის უძველესი ტრადიციები და ის მაგიური სიუჟეტები, რომლებიც ადრეულ ქართულ საცხოვრისში გამოხატული იყო კერასა და დედაბოძზე. ქართული ბუხრის შემკულობაში დიდი ადგილი უჭირავს კოსმოგონიურ გამოსახულებებს, ცხოველურ მოტივებსა და მცენარეულ ორნამენტებს - განსაკუთრებით სიცოცხლის ხესა და მარადიულობის სიმბოლოებს.



მებუხრის რჩევები
როგორც ჩანს, მოთხოვნა ამ პროფესიაზე დღესაც საკმაოდ დიდია. მართალია, ბუხარს ძირითადად დეკორატიული მიზნით აკეთებენ, მაგრამ ეს პროფესია დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მებუხრე კახი ოსეფაშვილი მოგვცემს სასარგებლო რჩევებს, რომლებიც ბუხრის შენების პროცესში გამოგვადგება:

განასხვავებენ ოთხი ტიპის ბუხარს: ჩვეულებრივი, ქვის ან აგურისგან დამზადებული ბუხარი; ქარხნული წესით, მეტალის ფირფიტებისგან დამზადებული საცეცხლე კოლოფის ტიპის ბუხარი; თანამედროვე, ელექტროსისტემით აღჭურვილი ბუხარი და ე.წ. ვენტილაციის პირდაპირი სისტემის არმქონე ტიპის ბუხარი. ქვის, აგურის ან საცეცხლე კოლოფის ტიპის ბუხრებში საწვავად გამოიყენება შეშა, ბუნებრივი აირი, ბიომასა ან პროპანი, ელექტრობუხარში - ელექტროენერგია, ხოლო ვენტილაციის პირდაპირი სისტემის არმქონე ბუხრებში - თხევადი პროპანი.

- რა წესები უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ბუხარს ვაშენებთ?
- ბუხარი, რომელიც ბოლავს და სითბოს არ იძლევა, არაპროფესიონალი ხელოსნის გაკეთებულია, ასეთ ბუხარში პროპორციები არ არის ზუსტად დაცული.

ბუხრის მშენებლობას საგანგებო წესები აქვს, რაც გამოიხატება როგორც შენების თავისებურებაში, ასევე საბუხრე მასალის სწორად შერჩევაში. ეს განსაკუთრებით ეხება ბუხრის იმ ნაწილების ქვას, სადაც ცეცხლი ინთება და საამისოდ შერჩეული უნდა იყოს ცეცხლგამძლე ქვა. ბუხრის ავკარგიანობისათვის უმთავრესია წინპირისა და ზურგის დაყენების ოსტატობა: წინპირის საკვამლე მხარე გულამოღებულია, ბუხრის ზურგი კი ოდნავ უკანაა გადაწეული, რაც ხელს უწყობს კვამლის დაუბრკოლებლივ მოძრაობას ქვემოდან ზევით.



ძალიან მნიშვნელოვანია, ბუხრის დიზაინი ორგანულად ჯდებოდეს ინტერიერის საერთო სივრცეში. ბუხარი შესაბამისობაში უნდა იყოს ინტერიერთან როგორც ფერის, ისე მოსაპირკეთებელი მასალისა და დიზაინის სტილის თვალსაზრისით. მინიმალისტური ან სკანდინავიური სტილის ინტერიერებს ახალი თაობის ელექტრობუხრები უხდება, ასევე ძალიან ლამაზია ღია ტიპის ან არატრადიციული დიზაინის მქონე ბუხრებიც. კლასიკური ინტერიერისთვის უმჯობესი ტრადიციული, მარმარილოთი მოპირკეთებული ბუხარია.

ბუხრის აშენება ჯობს კუთხეში, რადგან ნაკლებ სივრცეს იკავებს. ნუ გააკეთებთ ბუხარს კართან ან ფანჯარასთან ახლოს, ბუხრის გაკეთება სასურველია ყრუ კედელთან. მისი მშენებლობის დროს უნდა გაითვალისწინოთ ოთახის მოცულობა კვადრატულობით და იმის მიხედვით განსაზღვროთ ბუხრის ზომა.

მეათე საუკუნემდე ბუხრები მხოლოდ წარჩინებულთა ოჯახებში იყო. XV-XVI საუკუნეებში კი მისი ნახვა ნებისმიერი ფენის წარმომადგენელთა ოჯახში შეიძლებოდა. ამერიკელმა მეცნიერმა, გრაფმა რამფორდმა XVIII საუკუნის დასასრულს შექმნა ბუხრის ახალი დიზაინი - ახლა უკვე კვამლსადენი მილის კედელში ჩაშენება შეიძლებოდა. რუსეთში ბუხრების ბუმი პეტრე I-ის დროს დაიწყო. მან გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყოველი მაღალჩინოსნის სახლში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ბუხარი, ნიშნად ფუფუნებისა, რაც ხაზს უსვამდა სოციალურ სტატუსს საზოგადოებაში.

ევროპული სტილის, ძველებური ბუხრები თბილისის ძველ უბნებში ხშირად გვხვდება. ასეთ ბუხრებს ნახავთ სოლოლაკში, აღმაშენებელზე (პლეხანოვზე), მთაწმინდაზე. თითოეულ ასეთ ბუხარს ოსტატის ხელწერა ამშვენებს. ხშირად გვხვდება პოლონური, გერმანული წარმოშობის ბუხრები, რომელთაც სხვადასხვა ავტორი ჰყავს. მათი ანალოგები ან მსგავსი ტიპის ბუხრები მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმშია დაცული. დავინტერესდით ასეთი ბუხრების ფასებით და ერთ-ერთ საერთაშრისო ონლაინ აუქციონს ვეწვიეთ. ფასები 2000 დოლარიდან იწყება და 50 000 დოლარამდე მერყეობს. გააჩნია ბუხრის სტილს, მის სიძველესა და შესრულებას. ქართულ ვებგვერდებზეც ვნახეთ ბუხრები, რომელთა ფასიც 2000 დოლარიდან იწყება, მაქსიმალური თანხა კი 25 000 დოლარია. ანტიკვარული ბუხრებით ძირითადად უცხოელი კოლექციონერები არიან დაინტერესებულნი. ისინი საქართველოს სპეციალურ ჯგუფთან ერთად სტუმრობენ და დიდი სიფრთხილით, ნაწილებად შლიან ბუხარს. შემდეგ მიაქვთ სასურველ ადგილზე და ისევ თავიდან აწყობენ. ეს, რა თქმა უნდა, დიდ რისკს უკავშირდება, რადგან დემონტაჟის დროს შესაძლებელია ბუხრის დიდი ნაწილი დაზიანდეს, შესაბამისად ამ საქმეს ნამდვილმა პროფესიონალმა უნდა მოკიდოს ხელი...

ვისაც ახლა უნდა ბუხრის დაყენება, მათზეც ვიზრუნეთ და ფასებითაც დავინტერესდით - ჩვეულებრივი ახალი ბუხრის დაყენებაც არ ჯდება იაფი. ფასები 2000 ლარიდან იწყება და მატულობს, მასალის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ერთი სიტყვით, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.
კიდევ უფრო ბევრი საინტერესო ინფორმაცია ბუხარზე, ბუხრის ფასებზე და ასევე ბევრი საინტერესო რამ სახლზე, ინტერიერზე, აგარაკზე, ტრადიციებზე და ა.შ., შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალ "შინის" ზამთრის ნომერში, რომელიც უკვე იყიდება. 


სალომე გორგოშიძე

კომენტარები

h 2020-07-13 13:06
ბუხარი არ ვარგა, ყველაზე კაი არის რუსული ღუმელი, შეგიძლია გამოაცხო კიდევაც, წამოწვე კიდევაც და მთელს სახლსაც ათბობს
imeda 2019-01-19 20:12
otaxi aris sami samze da kavmls mibrynebs.razomis unda gavaketo ro ivargos.
TTTTt 2016-01-13 13:36
ჩვენთვის ფიქრიც არ შეიძლება, რატომ??? 17 წლიდან ვმუშაობ, და ამაზე ოცნების უფლებაც არ მაქვს, აი ჩვენი თავისუფალი ქვეყანა....სად არის სამართალი??? სად???

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები