პლანეტის ყველაზე ძველი სასტუმრო, რომელიც 1300 წლისაა და დღემდე მუშაობს


ადამიანებმა ძალიან დიდი ხნის წინ მოიფიქრეს ერთმანეთისთვის საცხოვრებელი ადგილის დროებით შეთავაზება, რაც თანამედროვე სამყაროში სასტუმროების ბიზნესში გადაიზარდა. საინტერესოა, როგორ ვითარდებოდა ეს ინდუსტრია. ამის გაგება მხოლოდ ისტორიული ფაქტების მიხედვით არის შესაძლებელი, თუმცა იაპონიაში დღემდე წარმატებით მუშაობს სასტუმრო, რომელიც, გაგიკვირდებათ, და, ადრეულ შუა საუკუნეებში გაიხსნა და იმ დროიდან მოყოლებულ არსებობა არასდროს შეუწყვეტია. ის დღემდე სარგებლობს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასტუმროს სტატუსით.

ამ ადგილის ისტორია შორეულ 705 წელს დაიწყო, როდესაც ერთ-ერთ იაპონელს, ფუძივარა მახიტოს თავში სასტუმროს გახსნის იდეა მოუვიდა. ჰოდა, მაშინდელი გახსნილი სასტუმრო
დღემდე ემსახურება ადამიანებს. უფრო მეტიც, 2011 წელს ეს სასტუმრო გინესის რეკორდების წიგნშიც კი შევიდა როგორც პლანეტის ყველაზე ხანდაზმული სასტუმრო.

ხანდაზმულობის საიდუმლო გახლავთ ის, რომ ფუძივარა მახიტოს გარდაცვალების შემდეგ მისი საქმე მემკვიდრეობით მის ვაჟს გადაეცა. ასე იქცა იდეა ოჯახურ ბიზნესად, რომელსაც ერთი და იგივე გვარი მართავს, დღესდღეობით სასტუმროს სათავეში ამ გვარის 52-ე წარმომადგენელი უდგას. სხვათა შორის, მმართველთა სიაში შედიან არა მხოლოდ სისხლით ნათესავები, არამედ შვილად აყვანილი მემკვიდრეებიც.

სასტუმრო კუნძულ ხონსიუზე მდებარეობს, იამანაშის პრეფექტურაში. თანამედროვე ტურისტულ მარშუტების თვალსაზრისით, სასტუმროს ადგილმდებარეობა არცთუ წარმატებულია, რამეთუ ახლომახლო არც ზღვის სანაპიროა, არ ცნობილი მთისკენ, ფუძიამასკენ მიმავალი გზა, მთამდე ასვლას სასტუმროდან რამდენიმე საათი სჭირდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, სასტუმრო ხალხის ნაკლებობას არასდროს უჩიოდა. სასტუმროს სიახლოვეს თერმული წყლებია, სადაც მუდმივად სტუმრობენ ჯანმრთელობის პრობლემების გამო როგორც ტურისტები, ისე ადგილობრივი მოსახლეობა.

გარდა ამისა, თავად სასტუმროშიც სწორედ ეს ცხელი თერმული წყალი შედის და სასტუმროს ნომრებში ონკანიდანაც მოედინება. ამ ფაქტმა და სასტუმროს პირველი მეპატრონის მიმართ იმპერატორის პირადმა მფარველობამაც განაპირობა მაშინდელი სასტუმროს პოპულარობა. ძველად სასტუმრო განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა მეომრებში, რომლებიც ომიდან დაბრუნებულები სტუმრობდნენ მას იარების მოსაშუშებლად და აღსადგენად. 

რაც შეეხება თავად შენობას, ასწლეულების განმავლობაში ის არაერთხელ გადაკეთებულა და გადაწყობილა, თუმცა ადგილმდებარეობა არასდროს შეუცვლია.

დღესდღეობით სასტუმროში არის 40 აპარტამენტი და თერმული წყლის აუზები, რომელთაგან ზოგი შენობაშია განთავსებული, ზოგიც პირდაპირ ღია ცის ქვეშ. მომსახურების დროს შენარჩუნებულია ძველი იაპონური ტრადიციები, სტუმრები ტრაპეზობენ არა მაგიდასთან, არამედ ტატამებზე, გარდა ამისა, აქ სტუმრებს ტრადიციული იაპონური სამოსის ტარებას სთავაზობენ.
სწორედ ამ მიზეზით სასტუმროში არ არის არც ინტერნეტი და არც ტელევიზია. ეს სასტუმროს მთავარი პოლიტიკა გახლავთ, რამეთუ ის დამსვენებლებს თანამედროვე ცივილური სამყაროსგან გათიშვას და ნამდვილს დასვენებას სთავაზობს, ანუ არა მხოლოდ სხეულის, არამედ სულის განკურნებას. ზოგი წესი დროთა განმავლობაში გამკაცრდა კიდეც, ადრე წყლის აუზები საერთო თუ იყო, ახლა დამსვენებლებს ინდივიდუალურ აუზებს სთავაზობენ. აღსანიშნავია, რომ ამ ძველმოდური წესების გამო სასტუმროს პოპულარობა არც ერთი წუთით არ დაცემულა, პირიქით, ის სულ უფრო და უფრო დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

კომენტარები

nn 2023-02-10 17:41
მჯერა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები