"წვრილმანებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ... მთავარია, ინტერიერი სადა და კომფორტული იყოს" - ირინა ონაშვილის ბინა


მოდელი ირინა ონაშვილი მეუღლესთან, ლადო ვარძელაშვილთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ირინას, როგორც ცხოვრებაში, ისე კარიერაში, არაერთი წარმატება ჰქონდა, თუმცა ყველაზე დიდ მონაპოვრად ოჯახს მიიჩნევს. მისთვის სახლი თბილ კერასთან, ბედნიერებასა და სიმშვიდესთან ასოცირდება. ირინას ფანჯიკიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ ბინაში ვესტუმრეთ. ეზოში პოზირების შემდეგ შინ გადავინაცვლეთ, სადაც დიასახლისმა გულითადად გვიმასპინძლა.
-  თითქმის ორი წელია აქ ვცხოვრობთ. რადგანაც მყავს შვილები, ჩემთვის პრიორიტეტი იყო ეზო. გარდა იმისა, რომ ეს უბანი მიყვარს, აქ დავიბადე და ჩემი ოჯახის წევრებიც ახლომახლო ცხოვრობენ, ეს კორპუსი ავარჩიე იმის გამო,
რომ არაჩვეულებრივი ეზო აქვს. სამწუხაროდ, ახალი კორპუსები ამ უპირატესობით არ გამოირჩევიან. ძალიან ბევრი კარგი და ძვირად ღირებული კორპუსია, მაგრამ არ იციან, სად გაასეირნონ ბავშვები. უნდა ჩასვა მანქანაში, წაიყვანო კუს ტბაზე ან სადმე გარეუბანში, რაც დამატებით დროს და ძალისხმევას მოთხოვს. მე ნებისმიერ დროს ჩამყავს ბავშვები ეზოში. ძალიან მყუდრო და ლამაზი ეზო გვაქვს, ყველანაირი პირობაა ბავშვებისთვის შექმნილი. პატარა ეტლით დამყავს, უფროსი ველოსიპედით სეირნობს და ა.შ.

- რემონტის საკითხში რამდენად აქტიურად იყავით ჩართული? დიზაინერის მომსახურებით ისარგებლეთ თუ ყველაფერს თავად გაართვით თავი?
- მყავს მეგობრები, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, როგორი ჭაღი იქნება ოთახში. რა თქმა უნდა, მომწონს, მაგრამ მე ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ჩემთვის მთავარია, ინტერიერი იყოს სადა, კომფორტული და ფუნქციური. ის, რომ დავდგა თეთრი ქათქათა სავარძელი და მერე იმაზე ვინერვიულო, ბავშვებმა არ დასვარონ, ჩემთვის ცოტა მიუღებელია. ვფიქრობ, ადამიანმა თავისი ბინის ინტერიერი არსებულ სიტუაციას უნდა მოარგოს. ჩემი სიტუაცია არის ასეთი _ მყავს პატარა, რომელიც ყველა კუთხე-კუნჭულში ახევს შპალერს, აფუჭებს და ანადგურებს სახლში ყველაფერს.
რაც შეეხება დიზაინერის მომსახურებას, ამ სერვისით არ მისარგებლია, ყველაფერს თავად გავართვი თავი. ხშირად ვამბობ, რომ შესაძლოა წინა ცხოვრებაში მღებავი ვიყავი, რადგან მიყვარს ეს პროცესი. რაც კი ოდესმე სარემონტო ყოფილა, ყველაფერმა ჩემს ხელში გაიარა და ყველაფერს დიდი მონდომებით ვაკეთებდი.
ინტერვიუ სრულად და ფოტორეპორტაჟი ირინას სახლიდან იხილეთ ჟურნალ "შინის" ზამთრის ნომერში

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები