ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას „სამოთახიანი სახლი“ ოქროყანაში და ყველაზე ძვირფასი ნივთები

ერთი წლის წინ დასახლდნენ ოქროყანაში. როგორც ბატონი ლევანი ამბობს, ეს მთლად თავიანთი სურვილით არ მომხდარა და ერთგვარად ტრაგიკული ამბავიცაა - იძულებული გახდნენ, „პლეხანოვზე“ მდებარე წინაპრების ბინა დაეთმოთ და ახალი ნავსაყუდელი მოეძებნათ.
სახლთან განშორება, რომელშიც ცოლ-ქმარმა ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა, განსაკუთრებით რთული ბატონი ლევანისთვის აღმოჩნდა. ძველი სახლის ნოსტალგიაზე, ახალ სახლში ნაპოვნ კომფორტსა და საყვარელ ნივთებზე ჩვენი მასპინძლები თავად ისაუბრებენ.

- ჩვენი აქ დასახლება საკმაოდ ტრაგიკული ამბავია, - თხრობას იწყებს ბატონი ლევანი და თან თავის ძაღლს, ელიკოს, ეფერება, რომელიც ოჯახის სრულუფლებიანი წევრია,
- მოვიდა ინვესტორი და შენობის შესყიდვა გადაწყვიტა. თავიდან კი გავიბრძოლე, არ დავთმობთ-მეთქი, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. ისე გამოვიდა, რომ ზუსტად 100 წლის თავზე ოჯახს ვუღალატე...



ფიქრობდნენ, სად წასულიყვნენ და ოქროყანაზე შეაჩერეს არჩევანი. გადაწყვეტილების მიღებაზე იმანაც იქონია გავლენა, რომ ოქროყანაში მარჯანიშვილის თეატრის ახალი შენობა შენდება და პატარა თეატრალური ქალაქის მოწყობა იგეგმება. ამიტომ იფიქრეს, რომ თეატრთან ახლოს იქნებოდნენ და ოქროყანაში სახლის ძიება დაიწყეს.


არასრული კარკასისგან, სადაც კედლებიც კი არ იყო დასრულებული, ლამაზი და მყუდრო სახლი ააშენეს. მშენებლობასა და რემონტს ცხრა თვე დასჭირდა. ამ ცხრა თვის განმავლობაში ბევრი კამათის გადატანა მოუხდათ. ცოლ-ქმრის გემოვნება და სურვილები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. „იმდენად განსხვავებული აზრი გვქონდა დიზაინთან, ნივთებთან დაკავშირებით, რომ კინაღამ განქორწინებამდე მივედით“, - ხუმრობს ქალბატონი მანანა და კიდევ უფრო აშკარა ხდება, რამდენად დიდი შრომა, ფიქრი და დრო მოითხოვა ამ „სამოთახიანმა სახლმა“, როგორც მას ბატონი ლევანი უწოდებს.



სახლში შესვლისთანავე იგრძნობა, რომ აქ ხელოვანი და გემოვნებიანი ადამიანები ცხოვრობენ. აქ ყველაფერი ორიგინალური და მხოლოდ „მათია“ - ინტერიერი, დეკორი, ავეჯი, ნივთები. ყველაფერში იგრძნობა მასპინძლების ცხოვრების წესი, გემოვნება, პრიორიტეტები.

ინტერიერის დიზაინზე და სივრცის განაწილებაზე ძირითადად დიასახლისმა იზრუნა, რა თქმა უნდა, მეუღლის აზრის გათვალისწინებით: „არ მესმის, რატომ ქირაობენ დიზაინერს და მას მიანდობენ სახლის მოწყობას. ყველაფერი ხომ შენი პირადი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ხდება!“ - ამბობს ქალბატონი მანანა და გვაჩვენებს მისი დიზაინერული ექსპერიმენტების შედეგს, რომელსაც ახლა მათი სახლი ჰქვია.



სხვათა შორის, ის, რომ ხელოვანების სახლში ხართ და რომ აქ „რეტროსა“ და „მოდერნის“, ძველებურისა და თანამედროვეს საინტერესო ტანდემია, ეზოში შესვლამდეც კი შეიმჩნევა - კარზე ორგვარი ზარია - მექანიკური და ელექტრო. ეზოში შესვლისთანავე ყურადღებას იქცევს ნაქსოვ ნაჭერში შემოსილი ხილის ხეები. ესეც ქალბატონი მანანას იდეაა, შთაგონების წყარო ინტერნეტი აღმოჩნდა. ასევე კარსა და ვერანდაზე თვალს სტაცებს მნახველს ორიგინალური რკინის ქოლგები.

ხის დივანი და სავარძელი დიდ ვერანდაზე თავად ლევან წულაძის ნამუშევარია. ხელობა ეხერხება და როგორც ამბობს, მოწყენილობის ჟამს გააკეთა: „ცოტა დიდი და მძიმე გამომივიდა, „მოზვერა“ დავარქვით. ამას ახლა „გავშკურკავ“, შევღებავ და უფრო კარგი შესახედი იქნება“.



ძველი სახლიდან ავეჯისა და ნივთების ნაწილი გადმოიტანეს. თუმცა გადმოსახლების პროცესს უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია და რამდენიმე ნივთთან გამოთხოვებამ მოუწიათ. ამ საკითხშიც ცოლ-ქმრის აზრი განსხვავებულია - ბატონ ლევანს ძველ ნივთებთან განშორება უჭირს, მანანას კი თავისუფლად შეუძლია დათმოს ის, რისი ადგილიც სახლში აღარ არის.

რეჟისორს ყველაზე მეტად როიალთან განშორება გაუჭირდა: „ვარიანტი არ არის, როიალს, რომელიც ბებიაჩემის მამამ გამოიწერა პეტერბურგიდან ორი საუკუნის წინ, სხვა ადამიანებს არ დავუტოვებ-მეთქი, - განვუცხადე მანანას. მერე შემომთავაზა, ამოვატრიალოთ და თაროები გავაკეთოთო. აი, აქ დამთავრდა - ეგ ვანდალიზმია-მეთქი! მოკლედ, იმდენი ვიკამათეთ, რომ ბოლოს მანანამ ქვეყნის ვალი აიღო და ელექტოპიანინო მიყიდა, ამაზე დაუკარიო. მაინც არ შეველიე ჩემს როიალს და თეატრს ვაჩუქე, ახლა ვფიქრობ, რომელ სპექტაკლში გამოვიყენო. მაინც ერთად დავბერდებით“.



კიდევ ერთი ნივთი, რომელსაც ახალ სახლში ვერ გადმოიტანდნენ, ძველი ბუხარი იყო, რომელიც უკვე 120 წელს ითვლის და ოჯახის რელიკვიად ითვლება: „ვერ წარმომედგინა, რომ რთული კონსტრუქციის გამო ამის წამოღება შესაძლებელი იყო, ამიტომ შევეგუე იმ აზრს, რომ მასთან განშორებაც მიწევდა, მაგრამ თეატრის ბიჭებმა სიურპრიზი გამიკეთეს და აქ ამომიტანეს. მართალია, ფუნქცია აღარ აქვს, მაგრამ ჩემთვის ძვირფასია, ძველ დროსა და იმ ამბებს მახსენებს, რომლებსაც დედაჩემი მიყვებოდა, ამ ბუხრის გარშემო იკრიბებოდნენ ნათესავები, მეგობრები და ასე მგონია, ბუხრის გადმოტანით მათი სულებიც ოქროყანაში გადმოვიდნენ“.

მართალია, ძველი ბუხარი ფუნქციის გარეშე დარჩა, მაგრამ ოჯახმა ახალი ბუხარიც შეიძინა, რომელსაც მისაღებ ოთახში მიუჩინეს ადგილი და რომელიც სახლის ინტერიერს უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის.



სახლში ერთიანი სივრცეა შენარჩუნებული, რაც მაღალი ჭერისა და შიდა კიბის დამსახურებაა. შესვლისთანავე ყურადღებას იქცევს მასიური, არაორდინარული ჭაღი, რომელსაც ჯაჭვი კიდევ უფრო დრამატულ და საინტერესო იერს სძენს. მოძრავ მექანიზმზე დამაგრებული ნათურები, თეატრისთვის დამახასიათებელი პროჟექტორები მიგანიშნებთ, რომ იმ ადამიანებთან ხართ სტუმრად, ვისთვისაც თეატრი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

მისაღების კედელს ბოსხის „დაბადება“ ამშვენებს. ამ სახლს კიდევ მიემატება ნახატები და რეჟისორი გეგმავს, მომავალში გამოფენაც კი მოაწყოს, რადგან მისი ყოველი ჩანაფიქრი, სპექტაკლი თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ხშირ შემთხვევაში სწორედ ფერწერულ ტილოებს უკავშირდება.



როგორც აღვნიშნეთ, ავეჯის დიდი ნაწილი აღმაშენებლის ქუჩის სახლიდან გადმოიტანეს. მისაღებ ოთახში ყურადღებას იპყრობს სანათი, რომელიც შლაპას მოგაგონებთ და მარჯანიშვილის თეატრის კოსტიუმებისა და თოჯინების ავტორის, ნინო ნამიჭეიშვილის ნამუშევარია.

სახლში ყველა დეტალი ყურადღებითა და კონკრეტული მიზნით არის შერჩეული, მაგალითად, მისაღები ოთახის ერთ კედელზე საათის მექანიზმი, გარშემო კი ფოტოებია - ქალბატონი მანანას როლები სხვადასხვა სპექტაკლში. მისი თქმით, თითოეული ფოტო პროფესიული ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს ახსენებს.



ვინაიდან ბატონ ლევანს ძველი ნივთებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, გამორჩეული ადგილი მიუჩინეს გურიიდან წამოღებულ ჭურჭელსაც და მისაღები ოთახის ერთ კედელზე, კამოდის თავზე მოათავსეს. ასევე განსაკუთრებით ძვირფასი ნივთია საბერძნეთში თეატრის ქართველი გულშემატკივრებისგან ნაჩუქარი ჭადრაკი.

სამზარეულოს ძველი, ავსტრიული ავეჯი ამშვენებს. სკამები ჯერ გურიაში ჰქონდათ წაღებული, შემდეგ რესტავრაცია ჩაუტარეს და ახალი სული შთაბერეს. ორ კედელზე ძველებური ფარდაგის დიზაინის კაფელია გაკრული და ერთი შეხედვით, მართლაც ნამდვილი ფარდაგები გეგონებათ. სამზარეულოში ყურადღებას იპყრობს მაცივარი, რომელიც თავად შეღებეს, შემდეგ კი მხატვარმა მოხატა.



„ვინ თქვა, რომ საძინებელი მაინცდამაინც თეთრი უნდა იყოს, მე - პირიქით, მუქი ფერის საძინებელში უკეთ მძინავს!“ - ამბობს ქალბატონი მანანა და საძინებელს გვაჩვენებს. ლურჯი კედლები და ავეჯი, საწოლის თავზე - ვან გოგის „საკურა“. აქაც ყველაფერი დიასახლისის გემოვნებით არის მოწყობილი.

ხელმარჯვნივ, ფანჯარასთან, ულამაზესი შირმა დგას, რომლის ჩარჩოც გუგა კოტეტიშვილის ნახელავია, ჭაღის ათასზე მეტი ბროლის დეტალი კი ქალბატონმა მანანამ თავად დაკიდა. ასევე მას ეკუთვნის ქალის სილუეტის იდეა. „ქორწინების 25 წლისთავზე საქორწილო კაბა შევიკერე და სილუეტის შემოსვაც იმ კაბით მინდოდა, მაგრამ ლევანმა მითხრა, ეგ რომ დილით დავინახო, გული გამისკდებაო. ამიტომ, ასეთი თამამი ქალის სილუეტი გამოვიდა და ეს უფრო მოუხდა. ლევანმა „მადამ კოკო“ დაარქვა. სხვათა შორის, ქუდი, რომელიც მას ამშვენებს, ჩემი ერთ-ერთი სპექტაკლიდან არის და თამრიკო კვესიტაძის ნახელავია“. ქალის სილუეტს ორგვარი დატვირთვა აქვს - ერთი მხრივ, ლამაზი და ორიგინალური დეკორაციაა, მეორე მხრივ კი საძინებლისა და გარდერობის სივრცეს ერთმანეთისგან მიჯნავს.



სახლში ორი აბაზანაა - პირველ და მეორე სართულებზე. პირველი სართულის აბაზანაში ყურადღებას იპყრობს უმშვენიერესი სარკე, რომელიც ქალბატონ მანანას ერთ-ერთი მოგზაურობის დროს მექსიკაში უნახავს და ისე მოსწონებია, რომ ზედმეტ ბარგს არ შეუშინდა და მეუღლის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შეიძინა.

აბაზანა ლევან წულაძისთვის განსაკუთრებული ადგილია: „ბავშვობაში ჩემს სახლში ყოველთვის ბევრი ხალხი იყო. აბაზანაში ვიკეტებოდი, წყალს ვუშვებდი და ვფიქრობდი, ჩემი კაბინეტივით იყო. მანანამ გაითვალისწინა ჩემი ეს სენტიმენტალური დამოკიდებულება აბაზანისადმი და მეორე სართულის სააბაზანო დიდი ოთახივით მომიწყო. აქ ტელევიზორიც მექნება, საფერფლეც, ახალი სამუშაო სივრცეც. ჭაღზე თავიდან კი გავუძალიანდი, მაგრამ აბა, დედაშენის ჭაღს ხომ არ გადავაგდებო, - მითხრა და აი, აბაზანაში ჭაღი დავკიდეთ!“



როგორც ოთარ ჭილაძე წერს: „სახლი მხოლოდ იმ ადგილს ნიშნავს, სადაც სხეული ეშვება ხოლმე, ვით სულის ღუზა“. წულაძე-კოზაკოვას ოქროყანის სახლი მათი ოჯახის ახალი ნავსაყუდელია, სადაც განახლებისა და ექსპერიმენტების დრო ჯერ კიდევ არ ამოწურულა. მათ კიდევ ბევრი იდეა აქვთ სახლის სრულყოფილად მოწყობისთვის.

მარიამ ტურძილაძე

კომენტარები

დოდო 2023-07-29 11:18
საცხოვრებელია თუ სპექტაკლის სასცენო დეკორაციებია.
მაგული 2023-07-29 08:44
დიდხანს და დიდხანს იცხოვრეთ ამ მყუდრო და უ ლამაზეს სახლში
თათ 2021-08-09 09:02
ვანო გოგის ,,ნუშის ყვავილობაა" ეგ????საკურა ????
Nana Stambolishvili 2021-01-04 00:45
მე ნამყოფი ვარ წულაძეების სახლში. ქალბატონი თინა ჩემი ლექტორი იყო. იმ დროს მიხაკები იყო ( 70-იან წლებში) მოდაში და 8 მარტთან დაკავშირებით ვესტუმრეთ ოჯახს. ყველა იყო სახლში: ოჯახის უფროსი, ქალბატონო თინა და ერთი თუ ორი მოზარდი ბიჭი ( ერთი
ნამდვილად ბატონი ლევანი იქნებოდა) მინდა აღვნიშნო , რომ ბატონ ლევანის გულისტკივილიც გასაგებია ჩემთვის, რადგან ასეთი რამ მეც განვიცადე.. მაგრამ გული არ დაგწყდეთ. ახალი ბინა ახალი სიცოცხლის დასაწყისია.... ბინაც საუკეთესოა, თანამედროვეა . უფალმა ბედნიერად გაცხოვროთ - ჯანმრთელობა და წარმატებები....
ნინო 2020-07-01 13:39
რა სითბო იგრძნობა ამ სახლიდან,მეც მინდაა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები